საგარანტიო ბარათი -ავეჯის შეძენისას დაცული რომ იყოთ
21-07-2014
საგარანტიო ბარათი -ავეჯის შეძენისას დაცული რომ იყოთ
ავეჯის შეძენის მსურველებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უფლებები უფრო მეტად არის დაცული ისეთი ავეჯის შეძენის შემთხვევაში, რომელსაც გარანტია მოჰყვება

ახალი ავეჯის შეძენა და ინტერიერის განახლება ყოველი ჩვენგანისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა, არასწორად შერჩეულმა ავეჯმა და ავეჯის შეძენისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა გუნება-განწყობა მალევე გაგიფუჭოთ.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ფაქტორები, ავეჯის სპეციალისტები გირჩევენ ნებისმიერი ტიპის ავეჯის შეძენისას ყურადღება გაამახვილოთ ისეთ დეტალებზე, როგორიც ავეჯის დროული მიწოდება, შეკვეთის დამზადების ვადა, ავეჯის
აწყობა და რაც ყველაზე მთავარია, მასზე გაცემული საგარანტიო მომსახურებაა.
მიუხედავად ზემოხსენებული ფაქტორების მნიშვნელობისა, საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ამ დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, ანაც მხოლოდ მწარმოებლის მიერ გაცემულ სიტყვიერ გარანტიას სჯერდება. შესაბამისად, ავეჯისთვის ისეთი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც მისი შეძენისას შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა და
მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხდება თვალსაჩინო, ”სიტყვიერი გარანტია” აღარ მოქმედებს, მომხმარებელი კი დაზარალებული რჩება.

”რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ კერძო მწარმოებელს, რომელიც მეგობარმა მირჩია, სამზარეულოსთვის რბილი კუთხე დავამზადებინე. როდესაც ავეჯი ადგილზე მოგვიტანეს, ძალიან კმაყოფილები დავრჩით - ერთი შეხედვით,  ვერანაირი წუნი ვერ შევატყვეთ. თუმცა, ცოტა ხანში რამდენიმე ადგილას ღრუბელი საგრძნობლად დაიპრესა. როდესაც მწარმოებელს ღრუბლის გამოცვლა ვთხოვეთ, გვითხრა, რომ ეს მის ვალდებულებაში არ შედიოდა. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ არ გვქონდა საგარანტიო ბარათი და მწარმოებლის კეთილსინდისიერებას მხოლოდ სიტყვიერად ვენდეთ, იძულებული გავხდით ღრუბლის გამოცვლაში თანხა გადაგვეხადა, - აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი რესპონდენტი.

სწორედ ამიტომ სპეციალისტები მომხმარებელს ურჩევენ, აუცილებლად მოითხოვონ საგარანტიო ბარათი. ავეჯის შეძენის მსურველებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უფლებები უფრო მეტად არის დაცული ისეთი ავეჯის შეძენის შემთხვევაში, რომელსაც გარანტია მოჰყვება.

როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს,  მწარმოებელმა კომპანიამ მაშინვე გაუწია საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, როგორც კი მას მიმართა. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხმარებლის უფლებებს საგარანტიო ბარათი იცავდა.  
- შეძენიდან რამდენიმე თვეში საწოლმა, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მაღაზიაში შევიძინე, ჭრიალი დაიწყო. შესაბამისად, კომპანიას მივმართეთ ამ დეფექტის გამოსასწორებლად. მათ მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რადგან გვქონდა საგარანტიო ბარათი და გარანტია ამ დეტალის გამოსწორებას ითვალისწინებდა, - აცხადებს ჩვენთან საუბარში მომხმარებელი.

სამწუხაროდ, საქართველოში, განსხვავებით უცხოეთის ბევრი ქვეყნისგან, მათ შორის  მეზობელი თურქეთისა და უკრაინისგან, ავეჯზე გარანტიის პირობებს კანონმდებლობა არ არეგულირებს. არადა, ევროპის ქვეყნებში კანონმდებლობა მწარმოებელს ავალდებულებს არანაკლებ 2-წლიანი გარანტიის გაცემას. საქართველოში კი მწარმოებლებსა და რეალიზატორებს სრულებით არ ევალებათ საგარანტიო ბარათის გაცემა. შესაბამისად, ავეჯის შეძენისას მხოლოდ მწარმოებლის, ანაც რეალიზატორის კეთილსინდისიერების იმედად ვრჩებით.
თუმცა, ზოგიერთი კომპანია მომხმარებლის მეტი ნდობის მოპოვების მიზნით, მის მიერ წარმოებულ ნებისმიერ ავეჯზე გასცემს გარანტიას და მათ შორის, რამდენიმეწლიანს.

საგარანტიო ბარათის გადაცემა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ფირმა პასუხისმგებელია საკუთარი პროდუქციის ხარისხზე, რაც მომხმარებლის მხრიდან ნდობას უფრო მეტად ზრდის,- აცხადებს "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში გიორგი დაბრუნდაშვილი.

ავეჯზე გაცემული გარანტია ვრცელდება კონსტრუქციულ ნაწილზე და ითვალისწინებს იმ ქარხნული დეფექტის შეკეთებას, რომლის აღმოჩენაც ვიზუალური დათვალიერებისას შეუძლებელი იყო. გარანტიის ნაწილი ასევე მოიცავს მექანიზმის მოშლას, რბილი ავეჯის ღრუბლის დაპრესვას, უჯრის მექანიზმის მოშლას, სახელურისა და კარის შეკეთებას. გარანტია არ ითვალისწინებს მხოლოდ იმ დეფექტებს, რომელიც ავეჯის ექსპლუატაციის პირობებში მექანიკური დაზიანების შედეგად მოხდა. 

გარანტია ასევე ითვალისწინებს ავეჯის აწყობისას ამწყობის მიერ დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასაც.
თუ ავეჯი გზაში ან გადაზიდვისას დაზიანდა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს აქვს საგარანტიო სერვისი, ის უფრო დაცულია იმავე ამწყობის დაუდევარი ქმედებებისგან. სწორედ ამიტომ ჩვენ მიერ გაცემული გარანტია ითვალისწინებს ამწყობის მიერ დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასაც, - აცხადებს გიორგი დაბრუნდაშვილი.

მნიშვნელოვანია ავეჯის შეძენისას აუცილებლად გამახვილდეს ყურადღება გარანტიის ვადასა და გამოყენების წესებზე. ავეჯის შეძენის მსურველებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება გარანტიაში აღნიშნული ავეჯის ოთახიდან ოთახში გადატანის წესებს.
სპეციალისტები ავეჯის შეძენის მსურველებს  ურჩევენ აუცილებლად მოითხოვონ საგარანტიო ბარათი. მისი არარსებობის შემთხვევაში, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მოტყუებული დარჩეთ. რაოდენ პრესტიჟულ მაღაზიაშიც არ უნდა შეიძინოთ ავეჯი და რაოდენ ხარისხიანიც უნდა იყოს ის, შესაძლოა ავეჯი ტრანსპორტირებისას ან არასწორი აწყობისას დაზიანდეს, საგარანტიო ბარათის არქონის შემთხვევაში  ამ ხარვეზს კომპანია ან კერძო მწარმოებელი ვერ ან სულაც არ აღმოფხვრის. საგარანტიო ბარათი კი გაძლევთ შესაძლებლობას, მწარმოებელ ფირმას პასუხი და გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვოთ.  

მარი ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით