ცივი სახლების ქვეყანა
21-07-2014
ცივი სახლების ქვეყანა
"არაერთი სახლი სამშენებლო ნარჩენებითა და ნაგვით არის აშენებული!"

ენერგოდამზოგავი მასალებით აშენებულ სახლს 40%-ით ნაკლები ენერგია სჭირდება გასათბობად და გასაგრილებლად, თან ხმაურისგანაც იცავს


მშენებლობისას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ენერგიის დაზოგვა მოწინავე ქვეყნებში ნაცადი ხერხია. მართალია, შედარებით ძვირი ჯდება, მაგრამ ამგვარად აშენებული სახლი უკეთ "სუნთქავს", უფრო უსაფრთხო და კომფორტულია.  ეკონომიკის სამინისტროში შემუშავდა კანონპროექტი "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტი უნდა დაიცვას კომპანიამ ენერგოეფექტური სახლების მშენებლობასა და განახლებადი
ენერგიის გამოყენებაში. გაიცემა ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი პასპორტიც, თუ ესა თუ ის შენობა ნორმებს დააკმაყოფილებს. გვესაუბრება ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე:


- საქართველოში ენერგიის უდიდესი წილი სწორედ საცხოვრებელ სახლებს ხმარდება. შენობების გათბობა-გაგრილებისთვის კოლოსალური თანხა იხარჯება. თბოიზოლაცია დღეს შენობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქცა, რადგან ის ენერგიას
ზოგავს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მხრივ საბჭოთა ეპოქის დონეზე ვართ.
გავიხსენოთ, როგორ აშენებდნენ აქ ადრე: XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩვენს ქალაქებში შენობები ევროპელ არქიტექტორთა პროექტებით შენდებოდა და სავსებით შეესაბამებოდა მაშინდელ ნორმებს. შენიშნავდით, რა სქელი კედლები აქვს ძველ სახლებს, კედლებს ისეთი იზოლაცია ჰქონდა, სითბო გარეთ არ გადიოდა.

- რა მოხდა შემდეგ?
- ძალიან ცუდი რამ: საბჭოთა პერიოდში კედლების სისქე დაახლოებით 3-4-ჯერ შეამცირეს და 24-საათიანი გათბობა ჩართეს. ეს "უწყინარი" ცვლილება ძვირად დაგვიჯდა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და იაფი ენერგორესურსიც გაქრა. მოძველებული საბჭოთა ტექნოლოგიები საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩა: დღემდე მოიხმარენ ე. წ. "მძიმე ბეტონს", რომელსაც "ცივსაც" უწოდებენ იმის გამო, რომ სითბოს ვერ იკავებს. ამგვარი ბეტონით ნაშენებ სახლებში ხშირად ჩნდება ნესტი, ხავსი და სოკო და მისი გათბობაც დიდ დანახარჯს მოითხოვს. უხარისხოდ აშენებენ არა მარტო ადგილობრივი, ქართული ფირმები, არამედ უცხოურიც, მათ შორის ფართოდ რეკლამირებული აზერბაიჯანული კომპანია და კახა ბენდუქიძის სახელთან დაკავშირებული ფირმა, რომელმაც ისეთი უხარისხო საცხოვრებელი სახლები ააშენა, რომ მობინადრენი ჩივიან: თუ წვიმას ქარიც დაერთო, წყალი კედლებში ატანს და პირდაპირ ფანჯრებში ასხამსო. საქართველოში არ ვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, არ ვსარგებლობთ მზის ენერგიით, რომელსაც უკვე ბევრ ქვეყანაში იყენებენ. ზოგიერთ ქვეყანაში აღარც კი მოიხმარენ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას გასათბობად(!)

- რა თანხა დაიზოგება, საქართველოში ენერგოეფექტური სახლები რომ აშენდეს?
- ჩვენი ასოციაციის წევრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი სადაღაშვილმა ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და გამოთვალა:

თბილისში რომ ენერგოეფექტური სახლები იდგეს, იმდენ ენერგიას დავზოგავთ, რამდენსაც ორი ხუდონჰესი გამოიმუშავებს. გამოდის, ასეთი სახლების აშენებით ელექტროენერგიის საჭიროებაზეც დიდ გავლენას მოვახდენთ. ენერგოეფექტური სახლის შეძენა ფულისა და ენერგიის დანახარჯის მინიმუმამდე დაყვანას ნიშნავს. ამ სფეროს წარმომადგენლებმა იციან, რაც უფრო კარგია შენობის კედლების თბოიზოლაცია, მით დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.
ჩვენთან გამოყენებული მასალები კი თბოიზოლაციის თვალსაზრისით სრულიად უსარგებლოა.
მშენებლობაში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ რუსეთი, მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, აღარაფერს ვამბობ ევროპასა და ამერიკაზე, ჩვენ კი კატასტროფულად ჩამოვრჩებით. მით უმეტეს, რომ გვაქვს ბუნებრივი, მსუბუქი და თბოიზოლაციის თვალსაზრისით შეუდარებელი მასალა - პერლიტი. ჩვენ მას ვერ ვიყენებთ, სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებს გააქვთ და სახლებს აშენებენ. პერლიტს დიდი ხანია იყენებენ ამერიკაში, იაპონიაში, ევროპაში, თურქეთში, რუსეთსა და სხვ. მისი საშუალებით საცხოვრებელ ბინებში სითბოს დანაკარგი ნახევრდება. ენერგიის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გარე კედლების დათბობა თბოსაიზოლაციო მასალებით. დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი კარგა ხანს ძლებს, რადგან მაღალი ყინვაგამძლეობა და მდგრადობა ახასიათებს. ამ მასალით აშენებულ სახლს დაახლოებით 40%-ით ნაკლები ენერგია სჭირდება გასათბობად და გასაგრილებლად, თანაც კარგად იცავს ხმაურისგანაც. სამწუხაროდ, ჩვენთან უყურებენ არა ბინის ხარისხს, არამედ 1 კვმ-ის ფასს და არ ითვლიან, რომ მომავალი შენობის გასათბობად ორმაგი ხარჯი მოუწევთ. სამშენებლო ნაგავსა და ნარჩენებს რომ დააქუცმაცებ და ამ "მასალით" სახლს ააშენებ, რა თქმა უნდა, უფრო იაფი დაჯდება.

- ასეთი რამ ხშირად ხდებოდა?
- დაახლოებით ათი წელიწადია, ეს ხდება: შენობებს ანგრევენ, აქუცმაცებენ და ამ მასალით სახლებს აშენებენ. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, არავინ ამოწმებს, როგორ აშენებენ, ან რა პროფესიის ხალხი: გინდ პროქტოლოგი იყავი, გინდ გინეკოლოგი და გინდ მასწავლებელი, თუ სურვილი გაქვს, მშენებელიც გახდები. არც ლაბორატორია გვაქვს და არც ნორმები, რომლებიც ყველა მშენებელმა უნდა დაიცვას. ამიტომ ყველგან ვამბობ: დაუშვებელია, ქვეყანაში არ იყოს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც ამ სფეროს გააკონტროლებს.
გიგი უგულავას დროს რამდენი ობიექტი აშენდა და არც ერთი არ შეუმოწმებიათ სიმტკიცის, სეისმომედეგობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების მხრივ, რომ იტყვიან, ალალბედზე შეასახლეს იქ ხალხი.
მოკლედ, ამ სფეროში ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი. თუ ევროკავშირთან დაახლოება გვინდა, მაშინ იმათი სტანდარტები და მოთხოვნებიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ამ საქმეში კი დიდი როლი უნდა შეასრულოს თბილისის ახალმა მერმა, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით