რამდენად არის მზად ბაზარი გმო-მარკირებისთვის
28-07-2014
რამდენად არის მზად ბაზარი გმო-მარკირებისთვის
"არავის სურს, მიიღოს საკვები, რომელშიც ვირთევზას, კოლორადოს ხოჭოს ან რომელიღაც ცხოველის გენია გამოყენებული"

გენური ინჟინერიის დახმარებით მიღებულ საკვებზე ქართულ პრესაში არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ბევრს კამათობენ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შემცველობა. არავის სურს გამოიყენოს საკვები, რომელშიც მწერის ან თევზის გენეტიკური მასალა ეგულება. ამიტომ დიდი ყურადღება მიიპყრო ცნობამ, რომ 1-ლი აგვისტოდან სავაჭრო ქსელში გამოტანილი გმო პროდუქტები მარკირებას უნდა დაექვემდებაროს. ეს ეხება "ბიო", "ეკო" და ორგანულ პროდუქტებსაც.
ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ქართულ ენაზე უნდა იყოს მითითებული, შეიცავს თუ არა გენმოდიფიცირებულ დანამატებს. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამა თუ იმ ნაწარმის შემადგენლობის შესახებ, რათა არჩევანის გაკეთება შეძლოს და მოტყუებული არ დარჩეს.

კახა სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს
სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი:
"საქართველოში არსებობს სურსათის ეტიკეტირების წესი, რომლის მიხედვით, თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს, ამის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა.
ამ წესის დამრღვევი 400 ლარით ჯარიმდება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე დარღვევისათვის ჯარიმა 1.200 ლარამდე იზრდება. ეს წესები მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეეხება "ეკო", "ბიო" და ორგანული პროდუქციის მწარმოებლებსაც.

ამგვარი სახელწოდების მქონე სურსათი დამზადებული უნდა იყოს ბიოწარმოების მოთხოვნების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესეც მომხმარებლის მოტყუებად და ეტიკეტირების წესების დარღვევად მიიჩნევა, რაც შესაბამისი ჯარიმით დაისჯება. თუ პროდუქტი ბიოწარმოების წესის მიხედვით არ იწარმოება და ყველა პროცედურა არა აქვს გავლილი, ასეთი სახელწოდების გამოყენება დაუშვებელია. ამ პროდუქციას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს, ხოლო ბიოპროდუქტების სერტიფიცირებას უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანო, რომელსაც "კავკასსერტი" ჰქვია. გადაწყდა, რომ ბიოპროდუქტებზე სპეციალური აბრევიატურა იქნება დატანილი, სადაც ქართული ასოებით დაეწერება "გმო", "ბიო", "ეკო", "ორგანული" და სხვა წარწერები... სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე იწყებს გაკონტროლებას".

თემურ მაისურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

"პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია, არის თუ არა ის გენმოდიფიცირებული.
ეტიკეტი უნდა იყოს მკვეთრი ფერის, წარწერა კი კარგად უნდა ჩანდეს.
ამბობენ, ახალი წესი სურსათს გააძვირებსო, მაგრამ არა მგონია, ასე მოხდეს. სამაგიეროდ, შემცირდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის ფასი და ადამიანს ეცოდინება, რას ყიდულობს. შესაძლოა, გმო ორგანიზმების არსებობა საზღვარზეც შემოწმდეს, მაგრამ როცა კანონი ამოქმედდება, თვითონ მომწოდებლებიც ფრთხილად იქნებიან. ეს შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც, რომ იმპორტულმა, გმო ორგანიზმებით სავსე პროდუქციამ ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები არ გადააგვაროს. მწარმოებელიც ვალდებული იქნება, მიუთითოს, რომ პროდუქცია, რომელსაც ყიდის, გენმოდიფიცირებულია".

იმპორტიორთა თქმით, ჯერჯერობით მათ არავინ ეკითხება, არის თუ არა მათ მიერ შესყიდულ პროდუქციაში გმო ორგანიზმები. აი, რა გვიამბო მანანა ნ.-მ: "ირანიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან სხვადასხვა დასახელების ხილი და ბოსტნეული შემომაქვს. საბაჟოზე პროდუქციას ფიტოსანიტარიული სამსახური ამოწმებს. ისიც ვიცი, რომ თუ პროდუქცია გენმოდიფიცრებულია, შესაბამისი მარკირებაც უნდა ჰქონდეს, თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთვის არავის არაფერი მოუთხოვია. თუ გვეცოდინება, რომ ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, ვეცდებით, თვითონაც გავაკონტროლოთ. რასაკვირველია, მინდა, ჩვენი ხალხიც დაცული იყოს საეჭვო ხარისხის პროდუქციისგან".
"ჯორჯიან ბიზნესინსაიტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მეწარმემ თვითონ უნდა მოითხოვოს საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ მის მიერ შეძენილი ან წარმოებული პროდუქცია გმო ორგანიზმებს არ შეიცავს, მაგრამ თუ კანონი არ მოსთხოვს, ასე არ მოიქცევა. ამავე მოსაზრებას გამოთქვამს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე:

"მთლიანი ბაზრის მონიტორინგი საკმაოდ რთული საქმე და მეტად ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, შესაძლებელია შერჩევითი შემოწმებები. ერთი რომ დაისჯება, მერე ყველას ეცოდინება, რომ მოთხოვნა უცილობლად უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, არავის სურს, თავის მცირეწლოვან შვილს აჭამოს საკვები, რომელშიც ვირთევზას, კოლორადოს ხოჭოს ან რომელიღაც ცხოველის გენია გამოყენებული. გენმოდიფიცირებული ნივთიერებების მიღების დროს ადამიანის ორგანიზმი მას ვერც აღიქვამს, ვერც ითვისებს და რასაც ვერ ითვისებს, მერე ყველაფერი სისხლში გადადის ბალასტის სახით. ამიტომ სასიხარულოა, რომ 1-ლი აგვისტოდან მარკირება ძალაში შედის და ეს "ბიო" და "ეკო", ანუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებსაც შეეხება.

ევროკავშირის სტანდარტით, მეწარმემ ეტიკეტზე უნდა მიუთითოს, თუკი მისი ნაწარმი 0,9%-ს ზემოთ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. "ეკო" და ბიოპროდუქტი კი ნიშნავს, რომ ის მოწეულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ნიადაგშიც კი არ არის მავნე ნივთიერებები. თუ აწერია "ეკო" ან "ბიო", ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას წაეყენება - ეს ეხება ნიადაგს, გარემოს, სარწყავ წყალსა და საერთოდ, ყველაფერს.

რამდენიმე თვის წინ თბილისში გაიხსნა ლაბორატორია, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეისწავლის. ერთი ლაბორატორია ამ საქმეს ვერ აუვა, მაგრამ, როდესაც კანონი მოითხოვს, სხვა, კერძო ლაბორატორიებიც დაიწყებენ ამ საკითხზე მუშაობას. ბუნებრივია, ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი რომ არ გაჩნდეს, ყველაფერს ერთბაშად ვერ ავკრძალავთ. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, პრაქტიკულ ნაბიჯებზე თანდათან უნდა გადავიდეთ.

ხშირად მეკითხებიან, როცა მარკირების სისტემა სრულყოფილად ამოქმედდება, იყიდის თუ არა ჩვენი მოსახლეობა გენმოდიფიცირებულ პროდუქციას? - ვფიქრობ, იყიდის. სიგარეტიც მავნებელია, მაგრამ ხალხი ეწევა. ჩიფსებსა და ბურბუშელაზეც არაერთხელ დაიწერა, რომ ისინი გმო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ ვისაც უყვარს, მაინც ყიდულობს. აქამდეც უნდა ყოფილიყო ეს წარწერები, მაგრამ ბაზრის სრულყოფილი კონტროლი ვერ ხერხდება, ეს საკმაოდ შრომატევადი და ძვირი სამუშაოა, საჭიროა აპარატურა, პერსონალი და ლაბორატორიები. ალბათ, ნელ-ნელა ამგვარ ეტიკეტებს ჩვენს ქსელში გამოტანილ ყველა პროდუქტზე დავინახავთ".

როგორც ჩანს, იმპორტიორების ნაწილი ელოდება, როდის მოსთხოვენ გმო-ს არსებობის შესახებ პროდუქციაზე მითითების დატანას, ან საბაჟოზე როდის დაიწყებენ ყველა პროდუქტის შემოწმებას. კანონი უკვე 1-ლი აგვისტოდან მოითხოვს წარწერის გაკეთებას, პროდუქცია კი მხოლოდ შერჩევით შემოწმდება, ყველაფრის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. გმო-ს შემცველობის მითითებას ბიზნესმენებს კანონი ავალდებულებს და მათ არ სჭირდებათ ლაბორატორიული კვლევების დასკვნები - დამამზადებლისგან ან გამყიდველისგან შეუძლიათ შეტყობა, შეიცავს თუ არა შეძენილი სურსათი გმო კომპონენტებს და თუ შეიცავს, ამის ეტიკეტზე მითითება-მიუთითებლობა უკვე არა ბიზნესის, არამედ სინდისის საკითხია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით