"ყველაზე მეტად დაზარალდება შედარებით იაფფასიანი პროდუქცია"
04-08-2014
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსთან 20 წლის წინ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა შეჩერდეს. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რუსეთისგან ქართული პროდუქციისთვის "ომის გამოცხადება" მოსალოდნელი იყო, თუმცა, ხელისუფლებაში იმედოვნებდნენ, რომ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგით ბევრი პრობლემის თავიდან არიდება მოხერხდებოდა. თუმცა, პროექტი მალე კანონად იქცევა, ქართული პროდუქცია კი რუსეთის ბაზარზე შესასვლელად საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.

რუსეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ჩრდილოელი მეზობლის
გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ საქართველო არ არის ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრი. რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაუქმებაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს საქართველოს ხელისუფლება.
ნოდარ ხადური, საქართველოს ფინანსთა მინისტრი: "ჩვენ რუსეთთან გადავდივართ იმავე სავაჭრო რეჟიმზე, რომლითაც დღეს ვვაჭრობთ ევროკავშირთან, ჩინეთსა და ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩვენი გათვლებით, რუსეთში საბაჟო
გადასახადით ჩვენი პროდუქციის დაბეგვრამ არ უნდა გამოიწვიოს მისი მნიშვნელოვნად გაძვირება და ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირება. წლევანდელი მონაცემებით, რუსეთში ექსპორტის 80% სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ღვინო და გამაგრილებელი სასმელებია, 11% მადნისა და ელექტროენერგიის წილად მოდის. ვფიქრობთ, ზარალი არ იქნება და ამას ისიც დაემატება, რომ რუსეთიდან შემოსული საქონელიც დაიბეგრება საბაჟო გადასახადით. საბოლოოდ, საქართველოს ბიუჯეტი დამატებით დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს მიიღებს".
როგორი ოპტიმისტურიც უნდა იყოს ხელისუფლების წევრების პოლიტიკური განცხადებები, ახალ სავაჭრო ურთიერთობებზე მორგება უპირველესად ექსპორტიორებს მოუწევთ.

ზურაბ ჩხაიძე, "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი: "ვფიქრობთ, რუსეთი აგვისტოს ბოლოს შეაჩერებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამოქმედდება ისეთივე საბაჟო ტარიფები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ღვინის განბაჟებისას დამატებით 20%-ის გადახდა მოგვიწევს, რაც დახლზე ქართულ ღვინოს დაახლოებით 30%-ით გააძვირებს. ასეთი ფასით კი მოგვიწევს ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობის შემცირება. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, ხომ არ მოვახდინოთ ფასის დისკონტირება, თუმცა, ჯერ არ ვიცით, ამისთვის რა რესურსს გამოვიყენებთ.
სანამ მედიით შევიტყობდით ამ პროექტის შესახებ, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი დოკუმენტი მზადდებოდა და ვფიქრობდით, როგორ შეგვენარჩუნებინა ექსპორტის მოცულობა. მისი მოქმედება, ალბათ, მთლიანად სფეროზეც აისახება".

ვახტანგ ბეჟიტაშვილი, შპს "ფრუიტილიას" ხელმძღვანელი: "თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი იმ უპირატესობას გვაძლევდა, რომ დსთ-ის სივრცეში შეგვეძლო მხოლოდ დღგ-ის გადახდით შეგვეტანა პროდუქცია. ახლა დამატებით კიდევ 12%-ის გადახდა მოგვიწევს, რაც პროდუქციის გასაყიდ ფასზე აისახება. ანუ ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული იქნება.

ემბარგოს დროსაც საქართველოდან პროდუქცია რუსეთის ბაზარზე შემოვლითი გზებით შედიოდა, სხვა ქვეყნებშიც ვიხდიდით დღგ-ს და არის მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელიც 12%-იან დაბეგვრას აიტანს. თუმცა, სხვა პროდუქტებისთვის მოგების მარჟა ძალიან დაბალია და შესაბამისად, იმ პროდუქციას საქართველოდან ექსპორტით აღარ გაიტანენ. მაგალითად, ვაშლი ვეღარ გავა რუსეთში, ისედაც ცოტა გადიოდა. ციტრუსზე შესაძლებელია შეიქმნას პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან გვაქვს საკმაოდ მძაფრი კონკურენცია. კომბოსტო გადიოდა და ვეღარ გავა, ანუ ყველაზე მეტად დაზარალდება შედარებით იაფფასიანი პროდუქცია, რომელზეც დაბალია მოგების მარჟა. კონკურენტები საკმაოდ ძლიერი გვყავს - სომხეთი და აზერბაიჯანი. ისინი რჩებიან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, შეექმნებათ შედარებით უკეთესი პირობები და ქართულ პროდუქციას მათთან კონკურენცია გაუჭირდება.
თუმცა, არის პროდუქცია, მაგალითად, ატამი, რომლის ექსპორტი რუსეთში ხელსაყრელია მაშინ, როცა თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოსავალი ნაკლებია. მაგალითად, წლეულს ქართული ატმისთვის რუსეთის ბაზარზე გასატანად საკმაოდ კარგი პირობები იყო და რომ დაბეგრილიყო კიდეც, მაინც შესაძლებელი იყო ექსპორტზე გატანა. ჩამოთვლილ ქვეყნებში ჭარბი მოსავლის შემთხვევაში კი იმ 12%-მა შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს რუსეთის ბაზარზე და ნელ-ნელა ვიბრუნებთ დაკარგულ ნიშას, თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ექსპორტიორებისთვის მტკივნეული იქნება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით