სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს
04-08-2014
სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს
ქვეყანაში პრობლემური სესხების საკითხი მწვავედ 2008 წლის კრიზისის შემდეგ დგას. "კრედიტინფო საქართველო" 2005 წლიდან აწარმოებს საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ინფორმაციის რეესტრს და მათი მონაცემებით, ქვეყანაში სხვადასხვა სასესხო პროდუქტით სულ 1 845 799 ფიზიკური და 22 163 იურიდიული პირი სარგებლობს. თუმცა, "კრედიტინფო" ვერ აღრიცხავს, რამდენი მოვალე ჰყავთ ე.წ. მევახშეებს, არადა, ვალში გაყიდული უძრავი ქონების უმეტესი წილი სწორედ კერძო იპოთეკარებზე მოდის.


პრობლემური სესხების მოცულობის გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა"
ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, პრობლემურია ბანკების მიერ ქვეყანაში გაცემული სესხების ერთი მეათედი. აგრეთვე, იზრდება სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები.

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე:
"ბანკების მიერ გაცემული ს
ესხების თითქმის 10% პრობლემურია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ მაჩვენებლით საქართველო 124 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა. ეს საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია. პრობლემური სესხების შედარებით მცირე წილი იმით აიხსნება, რომ რეალური ოდენობა, რომელიც ბევრად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო პირებისგან (მევახშეებისგან) არის აღებული.

პრობლემური სესხების ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სესხის გადაუხდელობის გამო სახლის დაკარგვა და მსესხებლის უსახლკაროდ დარჩენა. ბოლო წლებში გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი, შესაბამისად, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო მეტი მოქალაქეა.
2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის) შემდეგ როგორც კომერციული ბანკების, ისე სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ, სესხების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების გაყიდვა ძალიან გახშირდა.

რადგან პრობლემური სესხების შესახებ სრული მონაცემები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, ხოლო სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები ხშირდება, ამ თემით დავინტერესდით და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო პირების (მევახშეების) მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები შევაგროვეთ. აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონების იძულებითი აღსრულებების ოდენობა 2007-დან 2013 წლამდე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია. ეს პრობლემური სესხების ოდენობის ზრდაზე მიუთითებს, რისი მიზეზიც მრავალი რამ შეიძლება იყოს: მსესხებლების მიერ ფინანსური რესურსის არაეფექტიანი ხარჯვა; ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო კრედიტორების მიერ სესხების მარტივად გაცემა; ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა.

აუქციონის წესით გაყიდული ქონების შესახებ მონაცემებს აღსრულების ეროვნული ბიურო 2011 წლიდან აღრიცხავს, თუმცა, ქონების გაყიდვის მიზეზი არ მიეთითება. ამ მონაცემებში აგრეთვე არ არის ინფორმაცია 2013 წლის ოქტომბრამდე კონკრეტულად კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ აღსრულებულ საქმეებზე. რაც შეეხება მონაცემებს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, სურათი ასეთია: სულ გაიყიდა 952 ერთეული უძრავი ქონება, აქედან ბანკების სასარგებლოდ - 172 (მთლიანი ოდენობის 18,07%), მიკროსაფინანსოების სასარგებლოდ - 157 (16,49%), კერძო პირების, ანუ კერძო მევახშეების სასარგებლოდ კი 623 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა (65,44%).

კერძო მევახშეობის სფერო საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ, ფაქტობრივად, დაურეგულირებელი. 2014 წლიდან ამოქმედდა ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც კერძო იპოთეკარებს შეეხება. ისინი 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ, იპოთეკის ხელშეკრულება ნოტარიულად დაამოწმებინონ; დაუწესდათ სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარიც, თვეში 3,68%. ვფიქრობთ, ეს რეგულაციები საკმარისი არ არის და საკანონმდებლო ბაზის კიდევ უფრო გამკაცრება აუცილებელია. საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზარალებენ კერძო მევახშეები. როგორც ვხედავთ, ბანკებისა და მიკროსაფინანსოების წილი ქონების გაყიდვაში შედარებით მცირეა, ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა მათთვის ვალის ამოღების უკანასკნელი ფორმაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ.

- სად არის გამოსავალი?

- აუცილებელია კერძო მევახშეების სააღრიცხვო სისტემისა და კონტროლის მექანიზმის შემოღება. ასევე აუცილებელია როგორც მსესხებლების, ასევე კრედიტორების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. საჭიროა რისკების მენეჯმენტის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა, ფინანსური კანონმდებლობის მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება და, რა თქმა უნდა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
grigori
24 აგვისტო 2014 14:44
კერძო მევახშეობა უნდა აიკრძალოს! ეს ერთადერთი გამოსავალია შექმნილ ძალიან საშიშ სიტუაციაში.მეორე- ავუხსნად ხალხს, რომ ხელაღებით ვალის აღება არ შეიძლება. თუნდაც დაშვებული 3,68% ძალიან დიდი პროცენტია, წელიწადში ის 43 %-ზე მეტია, როცა ცივილიზებულ ქვეყნებში ის არ აღემატება 10%-ს.
ია
08 აგვისტო 2014 16:53
სახელმწიფომ უნდა გააკეთოს გრძელვადანი სესხები დაბალი პროცენტით,მოახდინოს ჰიპოტეკის გადაფარვა,ხალხი ვერ აუვიდაუზარმაზარ პროცენტებს,რომელსაც ძირი არ აკლდება დამერწმუნეთ ყველა შეძლებს ამას,რადგან ამ ხალხს ბინები გარანტად ჰარიჰალაროზე არ ჩაუდვიათ,ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც,საკმაოდ გამოცდილი პედაგოგი,რეპეტიტორი,ბანკებმა ხელფასი მომთხოვეს,თან 3000 ეგაა საქმე?ხელი ვერ გამინძრევია,ნასტუდენტარების სახელზე მაქვს გამოტანილი და ვიხდი,შემიძლია ქვითრებით დადასტურება.იძულებული ვარ მთავრობამ თუ არ მოგვხედა უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა სახელმწიფოს ჩავბარდე,მიჩივლა იპოთეკარმა,მე პატიოსნად ვაღიარე თუმცა კველა არ მქონდა გაპორმებული ნოტარიუსით,სასამარტლომ დააკმაყოფილა თუ ვერ გადავუხდი რეესტრიდან პირდაპირ იპორმებს .არადა ამ მთავრობის იმედი ჯერ კიდევ მარტის თვიდან მქონდა///

რედაქტორის რჩევით