თეთრი ნავთობის უძირო საბადო - კვირის პალიტრა

თეთრი ნავთობის უძირო საბადო

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოს განვითარების არანაკლები ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ვიდრე ნავთობის მწარმოებელ რომელიმე ქვეყანას! კლიმატის გლობალური ცვლილების გამო მსოფლიოს უდიდეს ნაწილში უკვე სასმელი წყლის დეფიციტია. სპეციალისტები პრობლემის დამძიმებას ახლო მომავალში ვარაუდობენ. შესაბამისად, ქვეყნები, რომელთაც წყალი აქვთ, ეკონომიკურად (არა მარტო) მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თუმცა, შესაძლოა, საფრთხეც დაემუქროთ, თუნდაც საქართველოს, რადგან წყლის გამო დიდი იქნება ცდუნება, დაინტერესებულმა ძალებმა ჩვენი ქვეყანა მკაცრი კონტროლისა და გავლენის ქვეშ მოაქციონ.

საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი და მინერალური წყლების უმსხვილესი მარაგები აქვს, თუმცა, არსებული რესურსების 1%-საც არ მოიხმარს. ამასთან, არც წყლის ბიზნესის ეფექტური განვითარების პროექტი არსებობს. რა გვაქვს, როგორ შეიძლება დავაკმაყოფილოთ უპირველესად საკუთარი თავი და რა შეიძლება შევთავაზოთ მსოფლიოს?

XXI საუკუნის დამდეგს, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, მომზადდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომელშიც პრიორიტეტული იყო სასმელი წყლის ბიზნესის განვითარება.

"შორს არ არის ის დრო, როდესაც მტკნარი სასმელი წყალი ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება. შეუქცევადი ცვლილებები, ევროპული მტკნარი წყლის წყალსატევების გამოფიტვა, მოსახლეობისა და, შესაბამისად, წყალზე მოთხოვნის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ნალექების კატასტროფული შემცირება და, თავის მხრივ, სასმელი წყლის დეფიციტი 5 (ცენტრალური ევროპა) - 25 (სამხრეთი ევროპა და ხმელთაშუა ზღვის სარტყელი) პროცენტის ოდენობით, წყლის აპოკალიფსს მოასწავებს. 2025 წლისთვის სასმელი წყლის დეფიციტი მოიცავს მთელ ევროპას, დღესაც კი ევროპის მოსახლეობის 80% მარაგდება ზედაპირული წარმოშობის სასმელი წყლით, რომლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური თვისებები და სისუფთავე არ აკმაყოფილებს სასმელ წყალზე მოთხოვნას. ეს გარემოება კიდევ უფრო რთულდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამრეწველო და ფეკალური წყლითა და სასოფლო-სამეურნეო ნიტრატებით სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად... ახალი ათასწლეულის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ევროკავშირმა შეიმუშავეს სასმელი წყლის სტანდარტები. ევროპული ქვეყნების უმრავლესობას, კერძოდ, სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, არ შეუძლიათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასმელ წყალს კი პირდაპირი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ან კარგი ხარისხის წყლის მდგრადი მიწოდების პრობლემა გადაიჭრება ევროპაში, ან 2020-2025 წლებისთვის ევროპა თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უმწვავესი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, რომ წყლის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი გახდა წინა ხელისუფლების საკუთარ ინტერესებზე ზრუნვა. "ახლა, როცა ვატარებთ მონიტორინგს სრული სურათის შესაქმნელად, თუ რა სიმდიდრე, სასმელი წყლის რა რესურსი აქვს სახელმწიფოს, ვხვდებით ჯგუფებს, რომელთაც სასმელი წყლის ექსპორტის განვითარების ინდივიდუალური ხედვები აქვთ. მათგან ვიგებთ, როგორ გულგრილად ექცეოდა წინა ხელისუფლება წყლის ბიზნესის საკითხს. როგორც კი ექსპორტის თემაზე იწყებოდა საუბარი, თურმე პირველი პირები კითხულობდნენ, ჩვენ რას მივიღებთო? ასეთმა მიდგომამ, სამწუხაროდ, ბევრი პოტენციური პარტნიორი დააფრთხო. სამწუხაროდ, არავის აქვს იურიდიული მტკიცებულება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციულ გარიგებებს ითხოვდნენ.

20 ჭაბურღილზე ბოლოდროინდელმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ჩვენი წყალი არის უმაღლესი ხარისხის, იმდენად მაღალი სტანდარტისა და გემოს მქონე, რომ ბევრ ცნობილ პრემიუმბრენდსაც აჯობებს. წყლის ხარისხი სალაპარაკოც არ არის, ახლა მთავარია ბაზრებზე შესასვლელი დაბრკოლებები გადავლახოთ. ეს იოლი არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს, ფაქტობრივად, მონოპოლიურ ნიშებს.

შექმნილია სახელმწიფო კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც იკვლევს, რა არის გასაკეთებელი ქართული წყლის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად. შარშან ჭაბურღილების მონიტორინგი განახლდა. 3800 ჭაბურღილი დაგვრჩა კომუნისტებისგან. ბოლო 23 წელია, არავის შეუსწავლია მათი მდგომარეობა. თითოეული შემოწმება დიდ თანხებს ითხოვს. 20 ჭაბურღილიდან მიღებული შედეგის მიხედვით, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად ვაყალიბებთ წყლის ექსპორტის სტრატეგიას".

თემურ მურღულია უტოპიურს უწოდებს შევარდნაძის მთავრობის დროინდელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მიხედვით ევროპასთან დამაკავშირებელი სასმელი წყლის მილსადენის მშენებლობას.

მილსადენით შორ მანძილზე გასვლის დროს წყალი ბუნებრივ თვისებებს კარგავს და უკრაინამდეც კი მხოლოდ ტექნიკური წყლის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ამიტომაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მეცნიერსა და სპეციალისტს, წარმოადგინონ გონივრული ხედვები და პროექტები, რის შედეგადაც ბოთლებში ჩამოსხმის გარეშე იქნება შესაძლებელი შორ მანძილზე წყლის ექსპორტირება.

სანამ საექსპორტოდ ყველაზე მომგებიანი გზისთვის მიგვიგნია, გადასაჭრელია ქვეყნის სრულად წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც, მინისტრის მოადგილის აზრით, ძალიან ძვირი ჯდება და უახლოეს წლებში მიუღწეველია. "მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტის ცენტრის წყალმომარაგების რეაბილიტაციას 4 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება, წარმოიდგინეთ, მთელი საქართველოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება რა დაჯდება?!", - ამბობს თემურ მურღულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით, ჭაბურღილებზე მონიტორინგი 1991-დან 2013 წლამდე არ ჩატარებულა:

- მიწისქვეშა წყლების მარაგით უმდიდრესი ქვეყანა ვართ და არ შეიძლება, არ ვიცოდეთ, რა მდგომარეობა გვაქვს, რა რაოდენობას ვფლობთ, როგორ შეგვიძლია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე, რით უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს მოსახლეობა. მტკნარი წყლების შესახებ მოძველებული ინფორმაცია გვაქვს და მას სჭირდება განახლება, რადგან წყალი კი არის განახლებადი რესურსი, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა ბუნებაში, კლიმატის გლობალური ცვლილების გამო ატმოსფერული ნალექები აღარ ხვდება გრუნტში და შესაბამისად, წყლის საჭირო რაოდენობა აღარ გროვდება. პრობლემას ქმნის მყინვარების რეჟიმიდან გადახრა (სწრაფი დნობა) და ადამიანის მავნე ჩარევა ბუნებრივ პროცესებში. ტყის მასივები თუ არ გვექნება, ისედაც ვერ აღწევს წყალი გრუნტში და უარესი მდგომარეობა შეიქმნება, წყლის მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდება. მხოლოდ დიდი ქალაქების მსხვილი წყალმომარაგების სისტემები კონტროლდებოდა. სხვა ასეულობით ჭაბურღილიდან კი არც ლაბორატორიული სინჯები კეთდება და წყალიც თვითდინებით გადმოდის, იღვრება, ვკარგავთ უდიდეს საბადოებს, ჭაობდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვითარდება ეროზია, რაც უარყოფითად მოქმედებს გარემოზე. შარშან ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩავატარეთ რამდენიმე ჭაბურღილის მონიტორინგი, კახეთის ზონაში გამოსაკვლევად შეირჩა კიდევ რამდენიმე ათეული. ხდება ინვენტარიზაცია, ზოგიერთი განადგურებულია, ზოგან კი ქსელის აღდგენა შეიძლება".

საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები აღემატება 6,5 მილიონ მ3-ს დღე-ღამეში, ანუ 2,3 მილიარდ მ3-ს წელიწადში. ეს წყლები ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ლითონებს, ქიმიური თვისებები კი აკმაყოფილებს ევროკავშირისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმკაცრეს მოთხოვნებს. ამ მარაგებიდან, პრაქტიკულად, მხოლოდ ბულაჩაურისა და ნატახტრის აუზებია ნაწილობრივ ექსპლუატაციაში, საქართველოს მტკნარი წყლების მარაგების 92% კი ხელმისაწვდომია ათვისებისთვის. არსებული ინფორმაციით, ევროპას სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის დასაფარად წელიწადში 120 მილიონი მ3 მტკნარი წყალი დასჭირდება, რასაც საქართველოს არსებული მარაგების მხოლოდ 5% ეყოფა.