"თბილისის განვითარების ფონდი" "ნაცმოძრაობის" თავშესაფარი იყო" - კვირის პალიტრა

"თბილისის განვითარების ფონდი" "ნაცმოძრაობის" თავშესაფარი იყო"

"ფონდის თანამშრომლებს ყველას დანიშნული ჰქონდა 4.500 ლარზე მეტი პრემია და ორმაგი ხელფასი"

მერიის მიერ დაფუძნებულ 13 შპს-თან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობასაც. ამ ფონდის ხელმძღვანელი 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ბოლო სკანდალი პლასტიკური სახელფასო ბარათებით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას უკავშირდება. ბარათებიდან თანხა რეგულარულად გაჰქონდა თბილისის მერიისა და გამგეობების 30-ზე მეტ თანამშრომელს. ამ გზით ბანკიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირის მიერ განაღდებულმა თანხამ 13,8 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისის მთავრობის შეცვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა თბილისის განვითარების ფონდშიც შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფონდში, ძირითადად, "ნაცმოძრაობის" სახეები იყვნენ დასაქმებული და შთამბეჭდავ ხელფასს, პრემიასა და დანამატთან ერთად, ფაქტობრივად, არაფრისთვის იღებდნენ.

თემურ ხომერიკი, "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი: - "თბილისის განვითარების ფონდი" თბილისის მერიამ 2010 წელს დააფუძნა და მისი ძირითადი საქმიანობა უნდა ყოფილიყო თბილისის განვითარების პროცესში აქტიურად ჩართვა, მშენებლობები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამავე ტიპის ფონდი თბილისის მერიას უკვე ჰქონდა შექმნილი 2005 წელს და პარალელურად მეორე ფონდიც შექმნა. ეს ფონდები დიდ დაფინანსებას იღებდნენ თბილისის ბიუჯეტიდან. ზოგჯერ თანხა ერთი ფონდიდან მეორეში გადადიოდა და ვერავინ იგებდა, რა თანხა შედიოდა რეალურად "თბილისის განვითარების ფონდში".

2010 წლიდან მერიამ დაიწყო ფონდისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, რომელიც ან მის ბალანსზე ირიცხებოდა და მის საკუთრებას წარმოადგენდა, ან ეკონომიკის სამინისტროსგან გადაეცემოდა. შედეგად, ქალაქის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ფონდმა საკუთრებად დაირეგისტრირა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფონდმა საკუთრებად მიღებული ქონების ნაწილი გაასხვისა. ეს ქონება რომ თბილისის მერიას გაესხვისებინა, ღია და გამჭვირვალე აუქციონი უნდა მოეწყო, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და მაღალ ფასს უნდა გაემარჯვა. მაგრამ, როცა ეს ქონება "თბილისის განვითარების ფონდის" მეშვეობით გასხვისდა, მან, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, დამოუკიდებლად შეარჩია მყიდველი.

კომპანიებს, რომლებსაც ესა თუ ის სამუშაო უნდა შეესრულებინათ, ფონდი ხშირად არჩევდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და სასათბურე პირობებს უქმნიდა. მაგალითად, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტს" გაკოტრების წინ ფონდმა 11 მილიონი ლარის შეკვეთა მისცა და თან თანხა წინასწარ, ყოველგვარი გარანტიის გარეშე ჩაურიცხა.

2005 წლიდან დღემდე ფონდს 300 მილიონ ლარზე მეტი აქვს გახარჯული და ასეთ სოლიდურ ორგანიზაციას, არსებობის ათი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ფინანსური ბალანსი - ანუ ფონდში ფული შედიოდა და გადიოდა. ფონდში არ არსებობდა არათუ ქალაქის განვითარების სტრატეგია, არამედ ფონდის შინაგანაწესიც კი.

- ფონდში ახლა რეორგანიზაცია მიმდინარეობს?

- აქ მოსულს რატომღაც ყველა შვებულებაში დამხვდა - ხელმძღვანელით დაწყებული და მრჩევლებით დამთავრებული.  იცით, ვინ დამხვდა თანამშრომლებს შორის? მერიის ცნობილი დაჭერილი შემადგენლობა და თან ყველას დანიშნული ჰქონდა 4.500 ლარზე მეტი პრემია და ორმაგი ხელფასი. ქურდული მენტალიტეტი დამხვდა აქ, ვინც კი დანაჭერი იყო,  სამმაგი ხელფასი ჰქონდათ. აქ რომ მოვედი, ზოგმა სამსახურში მოსვლაც არ იკადრა, მაგალითად, თენგიზ გუნავამ. საინტერესოა, რომ გუნავა ფონდში კონსულტანტად იყო, მაგრამ ვერავინ მითხრა, რა საკითხებში. ფონდში იყო დასაქმებული პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე, მაგრამ ვერავინ გაიხსენა, რამდენჯერ ყოფილა ფონდში. არადა, თვეში 2.000 ლარს იღებდა ხელფასს, თავისი დანამატით და ჯამში 5-6 ათასი ლარი გამოსდიოდა, რასაც ბენზინის ტალონიც ემატებოდა. მოკლედ, ფონდი თავშესაფარი იყო. მაგალითად, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობებიდან გამოყვანილი მოსახლეობისთვის ქირად ფონდი თვეში თუ დაახლოებით 120 ათას ლარს ხარჯავდა, მხოლოდ პრემიებისთვის 150 ლარს ირიგებდნენ. ისინი კი, ვინც ფონდში მართლაც აკეთებდნენ საქმეს, ხელფასს 2 ათას ლარს იღებდნენ.