ფერმერები დახმარებას ითხოვენ
25-08-2014
ფერმერები დახმარებას ითხოვენ
"ასეთი უჩვეულო გვალვა 1962 წლის შემდეგ არ ყოფილა"

წლევანდელმა უჩვეულო გვალვამ ყველაზე მეტად სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები დააზარალა. ზარალს რაიონების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობები ითვლიან. ჯერ უცნობია, გამოცხადდება თუ არა დაზარალებული რაიონები სტიქიის ზონად და მიიღებენ თუ არა უმოსავლოდ დარჩენილი გლეხები და ფერმერები რაიმე სახის კომპენსაციას. ეს მთავრობის გადასაწყვეტია.

ნიკა ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს გამგებელი:
"დედოფლისწყაროში დაახლოებით 30 ათას ჰექტარზე დათესილი იყო ქერი და ხორბალი. გვალვამ თითქმის ყველაფერი გააფუჭა. სავარგულების ნაწილზე მოსავლის 20-25%
მოვიდა, ზოგან კი გლეხებმა და ფერმერებმა მოსავლის ასაღებად ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეიყვანეს. დედოფლისწყაროს რაიონში დაახლოებით 10 ათას ჰექტარზე მზესუმზირა იყო დათესილი. მოსავლის აღება ახლა დაიწყო და დაბალია მოსავლიანობა.

იმ ვენახებში, რომლებიც ირწყვებოდა, მოსავალი გადარჩა და, ვფიქრობთ, ერთ ჰექტარზე საშუალოდ 10-12 ტონა ყურძენს მოვიწევთ. სადაც
ვენახები არ ირწყვება,  ყურძენი ძალიან დაზიანდა, თვით ვაზიც კი გახმობის პირას არის. მოკლედ, რთული წელიწადი დაგვიდგა. არადა, წელს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამის დახმარებით, შირაქის ველზე რეკორდული ფართობის სავარგულები დამუშავდა და დაითესა, მაგრამ ამ გვალვიანმა ზაფხულმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. ახლა  ფერმერების ძირითადი მოთხოვნაა მიწის გადასახადის გაუქმება ან სათესლე ხორბლით დახმარება".

დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის გამგებელი: "სიღნაღში დაახლოებით 30 ათასი ჰექტარი სახნავი ფართობია. აქედან 20 ათას ჰექტარზე გლეხებსა და ფერმერებს საშემოდგომო თავთავიანი კულტურები ჰქონდათ დათესილი, დანარჩენზე კი საგაზაფხულო კულტურები. გვალვების გამო, საშემოდგომო კულტურებიდან დაახლოებით 6 ათას ჰექტარზე მოსავალი საერთოდ არ მოვიდა, დანარჩენ ფართობზე კი ერთ ჰექტარზე 200 კგ-დან ტონამდე მოსავალი მიიღეს. ფაქტობრივად, ყველა ფერმერმა იზარალა, რადგან ერთი ჰექტარი ყანის დამუშავებას დაახლოებით 1,5 ტონა ხორბლის ღირებულების თანხა სჭირდება. გარდა ამისა, საგაზაფხულო კულტურებიდან 4-5 ათას ჰექტარზე მზესუმზირა იყო დათესილი. აქედან 80%-ზე მოსავალი ვერ მოიწიეს. მზესუმზირის ყანების დანარჩენი 20% კი, ძირითადად, სარწყავ ფართობებშია. გვალვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო არა მხოლოდ ფერმერები, არამედ რაიონის ბიუჯეტიც, რადგან მისი შემოსავლების 80%, 2 მილიონი ლარი, მიწის გადასახადიდან უნდა შემოსულიყო. ამ ეტაპზე კი ბიუჯეტში მხოლოდ 150 ათასი ლარია შემოსული. კანონის თანახმად, იმის მიუხედავად, მოიწია თუ არა გლეხმა მოსავალი, მიწის გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადოს. ზარალის გამო ზოგი თუ ვერ შემოიტანს გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში პრობლემები გვექნება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ის ფერმერებიც, ვისაც ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი. კარგი იქნება, თუ მათ სესხების დაფარვას გადაუვადებენ.
მსგავსი მდგომარეობაა ვენახებშიც. განსაზღვრულ ფართობებზე მოსავლის დაახლოებით 20% დაზარალდა ანდა მოსავალი განახევრდა. ეს ფართობები ადრეც ურწყავში იყო, მაგრამ ასეთი უჩვეულო გვალვა 1962 წლის შემდეგ არ ყოფილა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სარწყავი სისტემის ეტაპობრივად აღდგენას გვპირდება, მაგრამ ამას ძალიან დიდი თანხა და დრო სჭირდება. აგროდაზღვევა გვალვას არ ითვალისწინებს და, ძირითადად, წყალდიდობისა და სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს.

დღევანდელი მდგომარეობით, შარშანდელთან შედარებით სავარგულების მხოლოდ 20%-ია მოხნული".
ნოდარ ნანობაშვილი, სოფელ ვაქირის მკვიდრი: "ჩემი ვენახიც ურწყავშია. ეს ყოფილი კოლექტივის ვენახებია და უკვე 22 წელია ვამუშავებთ, მაგრამ ასეთი გვალვა არ გვახსოვს. იქ, სადაც შარშან 10 ტონა ყურძენი მომივიდა, ახლა მხოლოდ ტონას თუ მოვკრეფ. ვერც მარცვლეული კულტურები გადაურჩა გვალვას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდნენ სარწყავი აგრეგატებით, რომლის საშუალებითაც წყალს ალაზნის სარწყავი არხიდან ამოვქაჩავდით.  სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ვითარებას და შემოგვთავაზეს, ჩვენ გვექირავა აგრეგატები და ფულს სახელმწიფო გადაიხდიდა. მოვურიგდით შესაბამის კომპანიას, სამინისტროს წარმომადგენლებსაც შევახვედრეთ, მაგრამ მერე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან უარი მივიღეთ: ფულის გადმოსარიცხად იურიდიულ დეტალებს ვერ ვაგვარებთო".

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა \შეისწავლეს ვაქირში შექმნილი ვითარება და კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია მზად არის, სარწყავი აგრეგატების დაქირავებისთვის საჭირო თანხა გამოყოს. თუმცა საკითხავია, წლეულს რაღას უშველის ეს დახმარება ფერმერებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით