საფერავის დაბალი ფასი "დაისეტყვა"
08-09-2014
საფერავის დაბალი ფასი "დაისეტყვა"
კახეთში რთველი უკვე გახურდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვარაუდობს, რომ წლეულს 126 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი მხოლოდ კახეთშია მოსალოდნელი. აქედან 96 ათას ტონამდე რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავია. გლეხებისგან ყურძენს 30-ზე მეტი კომპანია იბარებს. ბოლო მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ფირმებმა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაიბარეს - 11 ათას ტონაზე მეტი, სულ კი ღვინის კომპანიებმა დაახლოებით 16 ათასი ტონა ყურძენი მიიღეს, მათ შორის რქაწითელი, კახური მწვანე და სხვა. სახელმწიფო სუბსიდია ყურძენზე
მცირედით შემცირდა და 1 კგ კახურ მწვანესა და რქაწითელზე 32 თეთრი, ხოლო საფერავზე - 15 თეთრი შეადგინა. სუბსიდირების 5-10 თეთრით შემცირება ხელისუფლებამ ყურძენზე ჭარბი მოთხოვნით ახსნა. 

აქტიური ფაზის მიუხედავად, კახეთში რთველი რამდენიმე დღით შეწყდა. ამის მიზეზი კი საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასის მკვეთრი ვარდნა გახდა.
რთველის
დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ღვინის კომპანიები გლეხებისგან 1 კგ საფერავს 1,30 ლარად იბარებდნენ, შემდეგ კი ხარისხიანი ყურძნის ფასი მკვეთრად გაიზარდა და კილოგრამზე 2-2,40 ლარი შეადგინა.

ამის მიზეზად საფერავის მწირი მოსავალი სახელდებოდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კახეთში სეტყვამ და გვალვამ დააზიანა. რამდენიმე დღის წინ კი ღვინის კომპანიებმა საფერავის ჩასაბარებელი ფასი ერთდროულად დააგდეს 1,50 ლარამდე, რასაც გლეხების პროტესტი მოჰყვა.
მევენახეები ღვინის კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებდნენ, რაც ყურძნის ჩასაბარებელ ფასზე შეთანხმებას გულისხმობდა.
მეღვინეები, თავის მხრივ, არ უარყოფენ, რომ მათ შორის შეთანხმება ნამდვილად მოხდა და თავისუფალი ბაზრის თამაშის წესებში უხეშ ჩარევას კეთილშობილური მიზნებით ხსნიან, რაც მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდით უნდა გამოვლინდეს.

4 სექტემბრის ღამეს თელავისა და ყვარლის რაიონის სოფლები დაისეტყვა და დაახლოებით 100 ტონა ყურძენი დაზიანდა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა საპროგნოზო მოსავლის მოცულობა. მევენახეების პროტესტი შეწყდა, კომპანიებმაც განაახლეს ყურძნის მიღება, საფერავის ჩასაბარებელი ფასი კი არნახულ ნიშნულამდე გაიზარდა. ღვინის მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1 კგ-ზე შესაძლოა 3 ლარამდეც გაიზარდოს.
გია რაზმაძე, სოფელი ჭიკაანი: "დღეს (5 სექტემბერი - ავტ.) საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი კილოგრამზე უკვე 2,50 ლარამდე გაიზარდა. ამბობენ, ღარიბაშვილი იყო ჩამოსული და მან გადაწყვიტა გლეხების პრობლემაო. რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერებული ვიყავით, რადგან კომპანიებმა პირი შეკრეს და ფასი ერთდროულად მკვეთრად დააგდეს, ყურძენს აღარ ვაბარებდით.  შარშან  ამავე ჯიშის ყურძენს  1,10-1,20 ლარად ვაბარებდით. 10 წლის წინ იყო საფერავზე საკმაოდ მაღალი ფასი და კილოგრამზე მაქსიმუმ 2,20 ლარს აღწევდა, მაგრამ 2,50 ლარი ჯერ არასდროს ყოფილა. ძლიერი გვალვა იყო და ვენახები ]მორწყვით გადავარჩინეთ.  მცირე მოსავალი მოვიდა, მოთხოვნა კი დიდია, ამიტომაც არის ასეთი მაღალი ფასი ყურძენზე".

ვაჟა გუჯაბიძე, კომპანია "თბილღვინოს" წარმომადგენელი: "შეთანხმება, რომელიც კომპანიებს შორის არსებობდა, არ ყოფილა ნაკარნახევი პირადი ინტერესებით, არამედ მიზნად ისახავდა ქართული ღვინის პოზიციების შენარჩუნებას საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი კილოგრამზე 3 ლარს უახლოვდება. ამ ფასად ნაყიდი ყურძნისგან წარმოებული ღვინო ძალიან დაიჩაგრება მსოფლიო ბაზრებზე სხვადასხვა ქვეყნის პროდუქციასთან კონკურენციაში. ამ ყურძენს ხომ კიდევ წარმოება სჭირდება და შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე გატანა, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ვფიქრობთ, ასეთ პირობებში ქართული ღვინის ფასი გაიზრდება და მისი გაყიდვა გაგვიჭირდება. ის ფასი, რომელიც კომპანიებმა გლეხებს შეთანხმების შედეგად შევთავაზეთ, საკმარისი იყო, რომ გაწეული ხარჯებიც დაეფარათ, მოგებაც მიეღოთ და საგაისო მოსავლის მოსავლელი ფულიც დარჩენოდათ. ამჟამინდელი მაღალი ფასი კი სამომავლოდ დარგს დააზარალებს.

ჯერ მხოლოდ ყურძნის 25%-ია დაკრეფილი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რთველის მიმდინარეობისას ფასი კიდევ გაიზრდება, კომპანიების მოთხოვნა ყურძენზე კი, მცირე მოსავლის პირობებში, სრულად ვერ დაკმაყოფილდება".
ბესიკ კევლიშვილი, კომპანია "ასკანელი ძმების" საწარმოს ხელმძღვანელი: "გლეხი კი სარგებლობს ყურძენზე მაღალი ფასით, მაგრამ სამომავლოდ ჩვენი ღვინო არაკონკურენტუნარიანი გახდება იმ ბაზრებზე და შესაბამისად, გაყიდვა დაეცემა. გაისად შესაძლოა არსებული ღვინის კომპანიების ნახევარმაც ვეღარ ჩაიბაროს გლეხებისგან ყურძენი, რადგან არ არის გამორიცხული, ფინანსური პრობლემები შეექმნეთ და გაკოტრდნენ. ამას ისიც ემატება, რა შეიძლება მოხდეს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით რუსეთის ბაზარზე, სადაც ქართული ღვინის დიდი ნაწილი გადის.  წინასწარი პროგნოზით, წლეულს კახეთში 30 ათასი ტონა საფერავი უნდა დაკრეფილიყო, მაგრამ გვალვისა და სეტყვის გათვალისწინებით, ალბათ, 20 ათას ტონამდე შემცირდება". 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით