როგორ "მოვიგერიოთ" SMS-რეკლამები - კვირის პალიტრა

როგორ "მოვიგერიოთ" SMS-რეკლამები

მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ჩემი მობილური ტელეფონის ნომერზე 20-მდე სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინება ( SMS ) შემოვიდა - ზოგი საბურავების შეძენას მთავაზობდა, ზოგი სესხს ხელსაყრელი პირობებით, ზოგიც პლასტიკური ქირურგის მომსახურებას განვადებით. აღარაფერს ვამბობ ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელებში მოსულ სარეკლამო გზავნილებზე. 1-ლი სექტემბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს და მათ შორის - მეც, შეგვიძლია კომპანიებს სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა მოვთხოვოთ.

1-ელ სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში ცვლილებები ამოქმედდა - მოქალაქეებს უფლება აქვთ, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვონ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისად, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. კანონის თანახმად, კომპანიები ვალდებული არიან, მოქალაქის მიმართვიდან 10 სამუშაო დღეში შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება, აგრეთვე, დანერგონ შეტყობინებებზე უარის თქმის გამარტივებული ფორმა. მაგალითად, მათ მისცენ საშუალება, არასასურველი შეტყობინების მიღებაზე უარი იმავე ფორმით თქვან, რა ფორმითაც მარკეტინგი განხორციელდა, ან შეატყობინონ სხვა ხელმისაწვდომი საშუალების, მაგალითად, სატელეფონო ნომრის თუ ვებგვერდის შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა.

1-ლი ნოემბრიდან კი ყველა მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა, შესაძლებლობა ექნება, განცხადებით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

შMშ-მარკეტინგი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ის პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამის იაფი და ეფექტური საშუალებაა, მაგრამ საქართველოში მას მომხმარებელთა უფლებების დარღვევით იყენებენ. საქართველოში არცთუ მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებელს SMS-მარკეტინგს სთავაზობენ. რეკლამის დამკვეთს შეუძლია აირჩიოს აბონენტების რაოდენობა, აგრეთვე მიზნობრივი ჯგუფი ასაკისა და სქესის მიხედვით. ჩნდება კითხვა:

საიდან აქვთ ამ ფირმებს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა მობილური ოპერატორის აბონენტებზე და რამდენად ლეგალურია მათი ქმედება?

მობილური ოპერატორები უარყოფენ პერსონალური ინფორმაციის გადაცემას სარეკლამო კომპანიებისთვის. თუმცა, ამიერიდან ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კომპანიებს კანონი დაავალდებულებს.

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: "აქამდე ძნელი იყო გარკვევა, ვისთვის უნდა მიგვემართა არასასურველ სმს-რეკლამაზე - რეკლამის დამკვეთისთვის თუ სარეკლამო კომპანიისთვის, შეტყობინებების დაგზავნა ხშირად შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხდებოდა. ახლა კომპანიები ვალდებული არიან, საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითონ. თავად რეკლამის დამკვეთები გახდნენ ვალდებული, უშუალოდ ან შუამავალი კომპანიის მეშვეობით გააკონტროლონ მონაცემთა დამუშავების კანონიერება, შექმნან მოქალაქეთათვის არასასურველ შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმები.

მოქალაქეს ასევე შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული რეკლამის შეტყობინების მიღება. ამით შევეცადეთ კომპანიისა და მომხმარებლის ინტერესებს შორის ბალანსი დაგვეცვა. რეკლამაზე უარის თქმის გარდა, მოქალაქეს იმის უფლებაც აქვს, იცოდეს, საიდან მოხვდა მისი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ამა თუ იმ მონაცემთა ბაზაში, უფლება აქვს იცოდეს, ვინ უგზავნის შეტყობინებას და როგორ მოიპოვა ამ კომპანიამ ინფორმაცია მის შესახებ.

კანონი ადგენს სანქციებსაც და დარღვევების შესაბამისად, კომპანიებისთვის დაწესებული ჯარიმების მოცულობა და სანქციის სიმკაცრე სხვადასხვაგვარია.

კანონში ცალკეა გამოყოფილი პირდაპირი მარკეტინგის (სმს-რეკლამა, ელფოსტაზე დაგზავნა და სხვ.) წესების დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს პირველ შემთხვევაში 3-ათასლარიან ჯარიმას, ხოლო თუ ერთი წლის განმავლობაში დარღვევა განმეორდება, ჯარიმა 10 ათას ლარამდე იზრდება.

კანონი სანქციებს სხვა ტიპის დარღვევებისთვისაც ითვალისწინებს. მაგალითად,

თუ მონაცემთა ბაზა უკანონოდ შეიქმნა, არაპროპორციულად მოხდა მონაცემთა დამუშავება და სხვა, ყოველი ასეთი შემთხვევისთვის ჯარიმა 500-დან 5 ათას ლარამდეა.

ინფორმაციის მოპოვება კომპანიებს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეუძლიათ. მაგრამ კანონი აქაც შეზღუდვას ითვალისწინებს - თუ პირის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, კომპანიას პირდაპირი მარკეტინგისთვის შეუძლია გამოიყენოს სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქსის ნომერი. ინფორმაციის მოპოვების მეორე გზა კი მოქალაქის თანხმობაა. ეს თანხმობა ზემოჩამოთვლილ ინფორმაციაზე შეიძლება იყოს ზეპირი, მაგრამ ნებისმიერი სხვა დამატებითი ცნობებისთვის - შემოსავალი, ინტერესები, ოჯახის წევრების რაოდენობა და სხვა, უკვე წერილობითი თანხმობაც აუცილებელია".