ხელოვნური თოვლი 25 მილიონად
15-09-2014
ხელოვნური თოვლი 25 მილიონად
ამინდის "უშეცდომო პროგნოზისთვის" დაბანდებული დანახარჯი თავს 6-7 წელიწადში ამოიღებს?!

გუდაურსა და დიდველზე წლეულს ხელოვნური თოვლი მოვა. გუდაურის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ და საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება აღარ იქნება დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე. წინასწარი შეფასებით, გუდაურისა და დიდველის გათოვლიანებისა და ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ გააძვირებს ეს ინვესტიცია დამსვენებლებისთვის საქართველოს ამ კურორტებს?


სანდრო ონოფრიშვილი, გუდაურის
განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი:
- მას შემდეგ, რაც გაჩნდა იდეა, გუდაურსა და დიდველზე გათოვლიანების სისტემა მოწყობილიყო, ეკონომიკის სამინისტრომ ბაზრის შესწავლა დაგვავალა. მოვიძიეთ ინფორმაცია მსოფლიოში ორი უდიდესი კომპანიის შესახებ, რომლებსაც ათასზე მეტ კურორტზე აქვთ შექმნილი ასეთი სისტემა. "დემაკლენკო" და "ტექნოალპინი" ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, მსოფლიო ლიდერები არიან.
ორივე
კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ ჩამოსული საქართველოში, მოაწყვეს პრეზენტაციები.
სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება ტექნიკური ამოცანაა, რამდენიმე კვირის განმავლობაში მათთან ერთად ვაზუსტებდით ყველა დეტალს: გათოვლიანების რამდენი იარაღი გვჭირდება, რა სიგრძისა და დიამეტრის მილი და სხვ.

ამ ორ კომპანიას შორის არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფასი აღმოჩნდა. "დემაკლენკომ" შედარებით ნაკლები თანხა მოითხოვა და თანაც უფრო მოკლე ვადაში ასწრებს სამუშაოების შესრულებას.
ამ ეტაპზე ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოსთან" 2,3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს გუდაურის პირველი ტრასისა და დიდველის კურორტის სრულ გათოვლიანებას და მის აღჭურვას. მეორე ფაზა კი 2015 წელს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ორი წყალსაცავი რეზერვუარის - ხელოვნური ტბების მოწყობა. მთლიანად პროექტის ღირებულება თავდაპირველი გაანგარიშებით 25 მილიონ ლარად შეფასდა, მაგრამ ხარჯი, შესაძლოა, 2-3 მილიონით შემცირდეს.

- ხელოვნური გათოვლიანების შემთხვევაში რამდენი ხნით გახანგრძლივდება საკურორტო სეზონი?
- გათოვლიანების სისტემის დანერგვა, უპირველესად, იმას მოიტანს, რომ ზუსტად გვეცოდინება, როდის გაიხსნება კურორტი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე სასტუმროს მფლობელებისა და მოსახლეობისთვის. სასტუმროში ან სასტუმრო სახლებში ნომრის დაჯავშნა ზაფხულში ან შემოდგომით იქნება შესაძლებელი. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩასცდება, გუდაურსა და დიდველზე კი ასეთი ტემპერატურა უკვე ნოემბერშია, შესაძლებელი იქნება ჩავრთოთ მოწყობილობა და ორ კვირაში ტრასები სრულად გავათოვლიანოთ.

- ფული, რომელიც ამ პროექტისთვის იხარჯება, საბიუჯეტო სახსრებია. როდის იქნება შესაძლებელი ამ ფულის უკან ამოღება?

- ჩვენი გაანგარიშებით, ამ პროექტის შესრულების შემდეგ კურორტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით გაიზრდება. ასევე მოიმატებს ადგილობრივი მოსახლეობის, სასტუმროების შემოსავალი და ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი გადასახადები. ამას ემატება საბაგიროს ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. ვფიქრობთ, სახელმწიფო ამ პროექტში დაბანდებულ თანხას 6-7 წელიწადში ამოიღებს.

- ასეთი მასშტაბური ინვესტიცია არ გააძვირებს საქართველოს სამთო კურორტებს?
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ხელოვნური გათოვლიანების გამო სახელმწიფოს კუთვნილი საბაგიროს ბილეთის ფასი, რაც ქართველ მომხმარებელს აღელვებს, არ გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროებს, მათ ფასებს საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია არეგულირებს.
სხვათა შორის, გუდაურში ახლა შენდება რამდენიმე სასტუმრო და იმედი გვაქვს, ეს კონკურენცია ფასებზე იმოქმედებს. გათოვლიანების სისტემის გამართვა არ ნიშნავს იმას, რომ სერვისი ავტომატურად უნდა გაძვირდეს, თუმცა, გუდაური ისედაც ყველაზე ძვირი კურორტია საქართველოში.

- ხელოვნური თოვლის გარდა ხელოვნური ტბებიც მოეწყობა...
- ეს იქნება გათოვლიანებისთვის საჭირო წყლის რეზერვუარები. წყალი აპარატურას მიეწოდება და ხელოვნური თოვლი წარმოიქმნება. ზაფხულის სეზონზე კი ეს ტბები დამატებით მოიზიდავს დამსვენებელს.

- როდის მოვა ხელოვნური თოვლი გუდაურსა და ბაკურიანში?
- წლეულს, 5 დეკემბერს ჩავრთავთ აპარატურას და ვფიქრობთ, ორივე კურორტს დეკემბრის შუა რიცხვებში გავხსნით.

ვგეგმავთ, რომ საკურორტო სეზონი გუდაურსა და დიდველზე 1-ელ დეკემბერს გაიხსნას და 30 აპრილს დაიხუროს.
ირაკლი გიორგობიანი
16 სექტემბერი 2014 15:19
მოკლედ ძალიან სირცხვილია !!!! მთავრობა ქმნის სოლიდარობის ფონდს და საჯარო მოხელეების ხელფასიდან აგროვებს შემოწირულობას და მილიონებს ჰაერში ისვრიან ... რა გახდა რომ სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფონდი შექმნას ჯანდაცვის სამინისტეროსტან ერთად და გადაუდებელი და ძვირიანი ოპერაციები დაუფინანსონ ბიუჯეტიდან ? წარმოიდგინე ყველა თავისი ხელფასიდან იხდის საშემოსავლოს 20% ხო ? და კიდე "ქველმოქმედების" სახელით ფონდებს ქმნიან წადი ძამო და მიხედე რომ ანიავებ ავტოპარკის განახლებაში და დამისაბუთონ რა ჩემ ფეხად უნდათ სატელეფონო ლიმიტები და ბენზინები თითქმის ყველა სამსახურის უფროსსს???? ისედაც მაღალი ხელფასის ფონზე ყოველტვიული მობილურის და ბენზინის ტალონები ? და რა ფონებს ქმნით არ გრცხვებნიათ ტო ? ფეხით იარონ ყველა ჩინოვნიკებმა და მისცენ ერს მაგალითი რომ დადიან 6.0 კუბატრურიანი მანქანებით ... რა აუცილებელი საჭიროებააა ვირაცა სპეციალისტმა ან ოპერმა საქმის გარდა სახლის საქმეებზე და სამსახურში სახელმწიფო ხარჯზე იაროს ?

რედაქტორის რჩევით