...ჩვენს ნურვინ შეგვეცილება
22-09-2014
...ჩვენს ნურვინ შეგვეცილება
ქართული მიწა უცხოელზე ასე იოლად აღარ გაიყიდება

"დასავლეთის ქვეყნებს დრაკონული შეზღუდვები აქვთ დაწესებული მიწის, მით უმეტეს, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის გაყიდვაზე"


თავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წესების მიხედვით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან ფიზიკური პირი ვეღარ შეისყიდის. ამასთან, უცხოელი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია, თუნდაც საქართველოში იყოს დაფუძნებული, მაინც ვერ იყიდის მიწას, თუ ის ქვეყნის საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში, ან მთავრობის მიერ დადგენილ ზონაში მდებარეობს.

"ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელმაც საქართველოს
მოქალაქეობა დაკარგა, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და დღეს უცხოელად ითვლება, ეს კანონი  შესაძლებლობას მისცემს, წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული მიწა საკუთრებაში მიიღოს", - განმარტავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
შერეული ქორწინების შემთხვევაში, როცა მეუღლეები არიან საქართველოს მოქალაქე და უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია მეუღლეთა საკუთრება იყოს. განქორწინებისას
კი საქართველოს მოქალაქეს უპირატესი უფლება ენიჭება, შეიძინოს ყოფილი უცხოელი მეუღლის სასოფლო-სამეურნეო მიწა. ყოფილ უცხოელ მეუღლეს კი ეკისრება ვალდებულება, გაასხვისოს მიწა, რომელსაც ის ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში ფლობდა.

აგრარულ საკითხებში ექსპერტი და სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებათა ინიციატორი პაატა კოღუაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ის ვერ ხედავს საფრთხეს, რომ ქართული მიწის ყიდვა უცხოელებმა ცრუმაგიერი პირების მეშვეობით შეძლონ.

პაატა კოღუაშვილი (ექსპერტი აგრარულ საკითხებში): - მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის შესაძლებლობას არ ზღუდავდეს. ამ მიწას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც აშშ-შიც კი, რომელიც მიწას ყიდის, გასხვისებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართის მხოლოდ 0,07%, ანუ 1%-ზე ნაკლები.

ცოტა ხნის წინ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო საქართველოს დანიელმა და ავსტრიელმა მოქალაქეებმა უჩივლეს. სასაცილოა მათი მხრიდან უკმაყოფილება მიწით სარგებლობის შეზღუდვაზე, რადგან მათ ქვეყნებში საერთოდ იკრძალება მიწის გაყიდვა. საზოგადოდ, დასავლეთის ქვეყნებში დრაკონული შეზღუდვები არის დაწესებული მიწის, თანაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი, შეზღუდული რესურსი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მცირდება დაუმუშავებელი სავარგულები და, შესაბამისად, მიწის რესურსიც. ამიტომაც მიწის შეუზღუდავად გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას სახელმწიფო ყოველთვის მკაცრად უნდა აკონტროლებდეს.

კანონის მიხედვით, მინიმალური მიწის ნაკვეთი, რომლის შესყიდვის უფლებაც უცხოელს აქვს, 5 ჰექტარია. მე მომხრე ვარ, ეს ზღვარი თუნდაც 15 ჰექტარამდე გაიზარდოს. აჯობებს, რაც მეტი იქნება, რადგან ვეღარ იყიდიან. უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფასის დაწესებისთვის უნდა მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმები, როგორიც აპრობირებული და მიღებულია დასავლურ სამყაროში. უცხოელებისთვის ფასი განსხვავებული უნდა იყოს. ამას მთელი მსოფლიო აკეთებს. მიწა იყიდებოდა და გაიყიდება, მაგრამ უნდა მოქმედებდეს რეგულაციები. განსაკუთრებით ისეთი ბიოგეოკლიმატური პოტენციალის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

- როგორ აფასებთ მთავრობის დამტკიცებულ ცვლილებებს?
- ეს არის კარგი ცვლილებები. ყოჩაღ კომისიას, რომელიც ამ საკითხზე, ამ ცვლილებებზე მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ აიკრძალა მიწის გაყიდვა ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზოლში. ისრაელის სახელმწიფო ნასყიდობის ფურცლებზე შეიქმნა და ჩვენ სასაზღვრო ზოლში მიწა უცხოელისთვის უნდა მიგვეყიდა? ამას მსოფლიოში არავინ აკეთებს. უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დაიწუნა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება შერეულია, და წყვილიდან ერთ-ერთი უცხოეთის მოქალაქეა. თუ ასეთი ოჯახი ფლობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მეუღლეებიდან მიწაზე უპირატესობა საქართველოს მოქალაქეს ენიჭება და მიმაჩნია, რომ ეს სავსებით სწორია.
akaki
27 სექტემბერი 2014 15:39
სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, იქნებ იმ საკითხზე ერთი წიგნი ან ბროშურა მაინც წაიკითხოთ?! ხომ ხედავთ ქვეყანა რას დაამსგავსა უტვინო ვითომ პოლიტიკოსებმა? მიწის ყიდვა-გაყიდვის შეზღუდვა ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილებაა და ასეთი გადაწყვეტილების მიმღებს უკვე ეტყობა რომ ეკონომიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს. მაგრამ თუ შეგნებული აქვთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებით მიწა გაიაფდება. შედეგი: მოსახლეობისგან მიწების იაფად შესყიდვა, ხოლო მომავალში მიხვედრა იმისა რომ ეს შეზღუდვა სისულელეა (მიწას უცხოელი ხომ ვერსად წაიღებს? და თუ საქართველოში დარჩება ისევე გაქართველდება, როგორც ბარნოვები და არავიზე ნაკლები ქართველები არ იქნებიან), ანუ აღდგება უცხოელებზე მიწის გაყიდვა და მიწაც ისევ გაძვირდება. მოკლედ ფულის ხელის გაუნძრევლად შოვნის საშუალებაა
ლომსა
25 სექტემბერი 2014 10:00
აბსოლიტურად მისაღები და სასიხარულო ინიციატივაა... უნდა ვისწავლოთ ქართველებმა გადაწყვეტილებების მიღება ჩვენივე ინტერესების სასარგებლოდ.
*******
24 სექტემბერი 2014 16:18
ეს კანონი რომ მიიღეს ძალიან გამეხარდა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს. თუ წაიკითხავს ის, ვისაც ევალება ამ საკითხის მოგვარება. რა მიწებიც იყიდეს მაინტერესებს ყველა კანონიერად იყიდეს? ანუ საქართველოში ცხოვრების უფლება ჰქონდათ? ან ის მიწები ვინც გაყიდა დაკანონებული ჰქონდა, იყო პრივატიზებული? მე რომ მეხებოდეს ეს საქმე,მოვითხოვდი ხელახლა გადახედვას სათითაოდ. ვისაც ექნებოდა კანონდარღვევით ნაყიდი ჩამოვართმევდი, ჯარიმასაც გადავახდევინებდი და ქვეყნიდანაც გავაძევებდი და იმ გამყიდველ გლეხსაც ჯარიმას გადავახდევინებდი. არცერთი გოჯი უცხოელს. მხოლოდ იჯარით და ისიც შეზღუდული დროით.

რედაქტორის რჩევით