ახალი გზით უფრო შორს წახვალთ
22-09-2014
ახალი გზით უფრო შორს წახვალთ
"დღეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უფრო აქტიურად შენდება, ვიდრე ოდესმე"

გზების დეპარტამენტსა და ზოგადად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უყენებენ ბრალდებებს, ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილამდე 2014 წლისთვის უნდა დასრულებულიყოო. გზების დეპარტამენტი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ვრცელდება. "დამბრალებლებმა შესანიშნავად იციან, რომ ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, 2014 წლამდე, ჩქაროსნული გზის რიკოთის უღელტეხილთან დამაკავშირებელი ბოლო ორი მონაკვეთის დაპროექტებაც კი არ იყო
დაწყებული. ავტომაგისტრალის თითოეული მონაკვეთის, ლოტის მშენებლობა კი რამდენიმე საფეხურს მოიცავს - ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს, პროექტის დეტალიზაციასა და დონორის მოძიებას.

ამ საფეხურების გავლის შემდეგ იწყება მშენებლობა, რომელიც დონორთან დადებული ხელშეკრულებისა და სამშენებლო ვადის გათვალისწინებით, კონკრეტულ დროში უნდა დასრულდეს. ზოგჯერ გაჭიანურების მიზეზი შეიქნება მშენებლობისას მოულოდნელად
გამოვლენილი სირთულეები, რომელთა გამო აუცილებელი ხდება პროექტში ცვლილებების შეტანა" - განმარტავენ დეპარტამენტში და კატეგორიულად არ ეთანხმებიან ინფორმაციას ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის გეგმის ჩაგდებისა და გამოყოფილი თანხების აუთვისებლობის შესახებ. მიუთითებენ, რომ დღეის მდგომარეობით, მშენებლობის 3 კვარტალის ბიუჯეტიდან (220 მლნ ლარი) გახარჯულია 157 მლნ ლარი - ასათვისებელი თანხის 71%. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ხარჯვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. 2013 წელს 3 კვარტალის ბიუჯეტი (213 მლნ ლარი) 56%-ით შესრულდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, წლეულს დასრულდება რუისი-აგარის 11 კმ-იანი, ქუთაისის შემოვლითი გზის (17,3 კმ-იანი) და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის (14 კმ-იანი) მონაკვეთების მშენებლობა.
2015 წელს დამთავრდება რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთი (სრულად), ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის (10 კმ-იანი) და ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის (15,2 კმ-იანი) ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა.
2016 წლის ბოლოს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი, ქობულეთის შემოვლითი-ჩაქვის 19,2 კმ-იანი და სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძის განცხადებით, 2016 წლამდე, რიკოთის გარდა, ყველა მონაკვეთზე დაიდება კონტრაქტები და მშენებლობაც წარიმართება, ხოლო 2016 წელს დაიწყება რიკოთის შემოვლითი გზის მშენებლობაც.

ვაჟა ფანჩულიძე: "ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხიან შედეგზე და არა პოპულიზმზე. გზას ვაშენებთ იმ დროში, რაც სჭირდება ხარისხიან მშენებლობას და არ ვგეგმავთ საჩვენებელ გახსნას სადღესასწაულო თარიღებისთვის. ავტომაგისტრალის ხარისხიან მშენებლობას გონივრული ვადა სჭირდება.
ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც გზების მშენებლობაზე საერთაშორისო შესყიდვების წესით ფორმდება, 24-27 თვეს გრძელდება. ეს დამოკიდებულია მოცულობაზე, სირთულესა და ღირებულებაზე. ღია ცის ქვეშ მუშაობას გარემო ფაქტორებიც უშლის ხელს - უამინდობა ან მთლიანად სეზონი. ავდარში, აგრეთვე ზამთარში, ბეტონის სამუშაოები არ სრულდება. აქ არ ვგულისხმობ გზის საფარს, მანამდეც ბევრი რამ არის გასაკეთებელი - სახიდე გადასასვლელები, ბურჯები, გამაგრების კომპონენტები. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რაც კრძალავს აჩქარებას, რის მიზეზითაც ცუდ შედეგსა და უხარისხო გზას მივიღებთ. ეს კი 5-10 წელიწადში ძალიან უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

- ბრძანეთ, მშენებლობა შესაბამის ვადაში უნდა მიმდინარეობდესო, მაგრამ ზოგჯერ ვადის გადაცილებაც ხომ ხდება?
- გარემოებებიდან და სირთულეებიდან გამომდინარე, საპროექტო ცვლილებები მეტ-ნაკლებად ყველა მშენებლობას ახლავს. ხშირად მშენებელი კომპანია ცვლილების შეტანას დასაბუთებულად გვთხოვს. ამ პროცედურასაც აქვს თავისი ვადა. დაჩქარება შეიძლება ერთი თვით, მაგრამ ერთი წლით ადრე ვერავინ დაასრულებს. ეს ჩვენი მხრიდან უკანონობა იქნება და თუ უცხოელი კონტრაქტორი გაასაჩივრებს (როგორც ეს ხშირად ხდებოდა ახლო წარსულში), სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება.

- დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი უფრო მოკლე ვადაში ასწრებდნენ იმას, რასაც თქვენ წლებს ანდომებთ.
- ეს სიცრუეა. ყველა მტკიცებულებით, დღეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უფრო აქტიურად შენდება, ვიდრე ოდესმე. ამას პოპულისტური მიზნით არ ვამბობ. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შვიდ მონაკვეთზე (საერთო ჯამში 130 კმ) მიმდინარეობს სამუშაოები.

- როდის ნახავს მოსახლეობა შედეგს?
- ოქტომბერში მოძრაობას აღვადგენთ აგარა-რუისის 5 კმ-იან მონაკვეთზე, ქუთაისის, ანუ დასავლეთის 32 კმ-იან მონაკვეთზე. ეს მთლიანად განტვირთავს ქუთაისს და ტრანზიტით მოძრავი ავტომობილები ქალაქში აღარ მოხვდებიან. წლის ბოლოსთვის, ისევ რუისი-აგარის მონაკვეთზე დამატებით გაიხსნება სავალი ნაწილი და საერთო ჯამში, ახალი გზის სიგრძე ამ მონაკვეთზე 11 კმ-ზე მეტი იქნება. მოქალაქეების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ქარელის შემდეგ მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა არსებულ გზას აღარ ემთხვევა. ანუ იქ მიმდინარე მშენებლობას თვალს ვერ მიადევნებენ და ახალ გზას მხოლოდ გახსნის შემდეგ ნახავენ. ეს არ იქნება ნახევარფაბრიკატი და ორ დღეში არ დაიკეტება. სრულყოფილად გაიხსნება დამცავი ბარიერებითა და ყველა ატრიბუტით, რაც ახალაშენებულ ობიექტს უნდა ახლდეს.

- რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?
- ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მუშავდება, გაზაფხულზე დასკვნა გვექნება. ეს მონაკვეთი ძალიან ძვირი იქნება, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება. ამიტომაც პოპულისტურია განცხადება, რომ რიკოთის მშენებლობა აქამდეც უნდა დასრულებულიყო. ჯერ ამ საკითხზე სასესხო მოლაპარაკებაც კი არ ყოფილა არც ერთ დონორთან. მოლაპარაკებებს ახლა ვიწყებთ, რომ 2015 წლის ბოლოს 1,5-მილიარდიანი სესხი 3-4 წელიწადზე გაიწეროს და პროექტის მშენებლობა დაიწყოს. განიხილება 2-3 ალტერნატივა, მათგან ეკონომიკურად ყველაზე გამართლებული ვარიანტი შეირჩევა.


მხოლოდ ლენტების გაჭრის დრო წავიდა...


2009 წლის 23 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური ავტომაგისტრალის ახალაშენებული მონაკვეთი გახსნეს და აღნიშნეს, თბილისი-გორის მონაკვეთზე ავტობანი ცალმხრივად იმუშავებს და ვიწრო გზაზე ორმხრივი მოძრაობა და სახიფათო მონაკვეთები წარსულს ჩაჰბარდაო. ორიოდე დღეში კი გაირკვა, რომ ავტობანი თბილისიდან გორამდე სრული დატვირთვით მხოლოდ საზეიმოდ გაიხსნა, ექსპლოატაციაში გასაშვებად ის მზად არ იყო და ამიტომ ისევ დაიკეტა. ეს ინფორმაცია იმ დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც დამიდასტურეს, - 23 ნოემბერს გახსნილი ავტობანი სრული დატვირთვით მხოლოდ 2010 წელს ამუშავდება, მანამდე კი ცალკეული მონაკვეთი დროდადრო, სამუშაოების დასრულების მიზნით დაიკეტებაო. ცხადია, დეპარტამენტში მაშინ ვერავინ იტყოდა, - რა გვექნა, გზა არ იყო გასახსნელად მზად, მაგრამ გვაჩქარებდნენო. არადა, დაჩქარების ასეთ ფაქტს მანამდე, ცოტა ხნით ადრე პირადად შევესწარი: იგოეთთან, გრაკლიანის მთის ფერდობის გაჭრისას, უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენის სანახავად მისულმა ჟურნალისტებმა ის-ის იყო, ექსპედიციის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ, რომ მისი ტელეფონი აწკრიალდა. ვიღაც ყვირილით მოითხოვდა ერთ კვირაში არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებას. არქეოლოგის მუდარას, ცოტა ხანი გვაცალეთ, შეუძლებელია ასე მოკლე ხანში ყველაფრის მოსწრებაო, ისევ ყვირილი მოჰყვა, - მე ჩემი გეგმა მაქვს და როგორც გინდათ, ისე ჩაეტიეთ ჩემს დროშიო. ცხადია, იმ სატელეფონო ზარის ავტორი 23 ნოემბრისთვის ზრუნავდა...
gavazeli
23 სექტემბერი 2014 15:18
ლუკა, შე ძალიან ჭკვიანო, 71% შესრულდა 3 კვარტლის მონაცემებით ანუ წლის ბოლომდე სავსებით რეალურია 95-100%-ის შესრულება.
აბა ის იყო კარგი, მიშას ბრძანებით 2 თვეში რომ დააგეს გომბორის გზა და მეორე წელს თავიდან დასაგები გახდა?
Luka
22 სექტემბერი 2014 13:07
ძალიან უცნაური ლოგიკაა. ამტკიცებენ რომ არაინაირი ჩამორჩენა რა არის და პირიქით ზალიან სწაფად და ხარისხიანად მუშაობენ, არადა ისევ მათი თქმით შარშან დაგეგმილის ნახევარზე ცოტა მეტი შესრულდა, წელს კიდევ 70 პროცენტი.

რედაქტორის რჩევით