შემოწმების ახალი მეთოდის წყალობით, მრავალი ობიექტი საგადასახადოს ვალებში ჩაეფლო - კვირის პალიტრა

შემოწმების ახალი მეთოდის წყალობით, მრავალი ობიექტი საგადასახადოს ვალებში ჩაეფლო

ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, სავაჭრო ობიექტის ბრუნვის ქრონომეტრაჟის შედეგები წინა წელზე გაავრცელოს და თუ შემოსავალში სხვაობას აღმოაჩენს, მეწარმე თანხების დამალვის გამო დააჯარიმოს.

ანუ, შემოწმებაზე შესვლისას, საგადასახადოს თანამშრომელი სავაჭრო ობიექტის მიმდინარე შემოსავალს წინა წლის იმავე დროის მონაცემს შეადარებს. ობიექტს ორივე წელს თანაბარი შემოსავალი უნდა აღენუსხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მან შემოსავლის ნაწილი ერთ-ერთ წელს საგადასახადო ორგანოებს დაუმალა...

შემოწმების ახალი მეთოდი საგადასახადომ წარმატებით გამოიყენა ბიუჯეტის შესავსებად. სამაგიეროდ არაერთი სასტუმრო, რესტორანი და სხვა სავაჭრო ობიექტი ვალში ჩაეფლო. მეწარმეების ნაწილმა, მაკონტროლებლებთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდა არჩია, ზოგი სასამართლოში ჩივილსა და ზედმეტ ხარჯს მოერიდა, ხოლო მათ, ვისაც არც ჯარიმის გადასახდელი ფული აღმოაჩნდა და არც ადვოკატის, უკანონო ჯარიმა დავების საბჭოში გაასაჩივრეს. ამჟამად ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში არაერთი ასეთი საქმე იხილება.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის აღმოჩნდა შპს "ბულაჩაური 2009", რომელიც დუშეთის რაიონის სოფ. ბულაჩაურში მდებარეობს. ბულაჩაურის სამწვადე ბევრმა იცის. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მოუწყობელია, დედაქალაქიდან ოცდაათამდე კილომეტრით დაშორებულ ობიექტში კარგი მწვადისა და ხინკლის საჭმელად თბილისელებიც ხშირად მიდიან. კვების ობიექტის მეპატრონეები ამბობენ, რომ კლიენტების სიმცირეს სეზონზე, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, არ უჩივიან. იმ დროს ახლომახლო სოფლებში დამსვენებლებიც არიან და წასახემსებლად გამვლელ-გამომვლელიც შედის. ორი წელია, მუდმივი კლიენტურაც გაუჩნდათ. ამან საგადასახადოს ყურამდე მიაღწია და რევიზიებმაც არ დააყოვნა.

საგადასახადო "ბულაჩაური 2009"-ის შესამოწმებლად შარშან ორჯერ შევიდა. ჯერ ივნისში, შემდეგ განმეორებით სექტემბერში. 2009 წლის ნავაჭრი 2008 წლისას არ დაემთხვა და ამის გამო კვების ობიექტს 417 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს.

ბეჟან ბერიკაშვილი (შპს "ბულაჩაური 2009"-ის თანამფლობელი): "ბულაჩაურში გზის პირას პატარა სასადილო 2001 წელს გავხსენით. ამ ადგილას ჭაობი იყო, ამოვაშრეთ, მიწის პატარა ნაკვეთი მოვასუფთავეთ და იქ ერთი ვაგონი დავდგით, ცოტა ხნის შემდეგ მეორე მივუმატეთ. ასე ნელ-ნელა ვწვალობდით. თან მომხმარებელს ვემსახურებოდით და თან ვაშენებდით. მერე მომიჯნავე ნაკვეთი ვიყიდე 500 დოლარად და ფაცხები გავაკეთეთ. რამდენიმე წლის შემდეგ ხის კოტეჯები ჩავდგით. ცოტა მოგება რომ გაგვიჩნდა, 3-4 კუპე იქით დავამატეთ, მაღლა გავაკეთეთ ღია აივანი. ასე მოვედით 2009 წლამდე. ბოლო ორი წელია, წელში გავიმართეთ. ობიექტზე 28 ადგილობრივი დავასაქმე. წელიწადში დაახლოებით 40-50 ათასი ლარის შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ბიზნესი სეზონურია.

გორის საგადასახადო შესამოწმებლად შარშან სექტემბერში შემოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ 2009 წლის ქრონომეტრაჟის შედეგები გაავრცელეს 2008 წლის 366 დღეზე. იდგნენ სალარო აპარატთან და დღიურ ბრუნვას აღრიცხავდნენ. ერთ დღეს დაახლოებით 3900 ლარი ვივაჭრეთ, მეორე დღეს 4300 ლარი, მესამე დღეს დაახლოებით 2500 ლარი. ერთ დღეს, მათი თანდასწრებით, სულ რაღაც 900 ლარი ვივაჭრეთ. იმიტომ რომ არასტანდარტული წარმოებაა, ხან ბევრი კლიენტი შემოდის, ხან ცოტა. გამოვიდა, რომ 2009 წელში 300 ლარით მეტი მაქვს ნავაჭრი, ვიდრე 2008-ში. შვიდი დღის საშუალო ნავაჭრი რაც გამოგვივიდა, 366 დღეზე გაამრავლეს... არც სეზონურობა გაითვალისწინეს, არც ინფლაცია, არც ფორსმაჟორი, არც სამუშაო რეჟიმის შეცვლა.

სულ 417 ათასი ლარის საგადასახადო ვალდებულება დაგვაკისრეს. ის, რაც ჩვენთვის გადამწყვეტია -სეზონურობა, საერთოდ არ არის გათვალისწინებული. არადა, ზამთარში 5-6-ჯერ ნაკლები ხალხი შემოდის, ვიდრე ზაფხულში.

თანხა ჯერ შემოსავლების სამსახურში გავასაჩივრეთ, მაგრამ უშედეგოდ და მეორე ეტაპზე დავების საბჭოში სარჩელი შევიტანეთ. თვეზე მეტია, საქმეს დავების საბჭო იხილავს, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ყველა საბუთი მივუტანე, რაც მომთხოვეს. იმდენი არგუმენტი მაქვს, თავისუფლად შეუძლიათ გამამართლონ. მეგონა, სამართალს ვიპოვიდი, მაგრამ ამის იმედი აღარ მაქვს.

რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე საწარმოებისთვის საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შეიძლება. იძულებული ვარ, საგადასახადო შეთანხმებას დავთანხმდე. ვიყავი დავების საბჭოში, განცხადებით მივმართე საგადასახადო შეთანხმების თაობაზე, 180 ათას ლარზე. აქედან 100 ათასი ერთბაშად, რამდენიმე დღეში უნდა გადავიხადო, დანარჩენ 80 ათასს კი წლის ბოლომდე გადამინაწილებენ. სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ ის 41-დღიანი ვადა, რაც თანხის დასაფარად მქონდა, გადიოდა და შემეშინდა, ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულიყო. 180 ათასი მე აქ ჩემი მუშაობის ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მიშოვია. ერთი ავტომანქანა უკვე გავყიდე, მეორესაც ვყიდდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვე დაყადაღებული იყო. შეიძლება სხვა რამეც გავყიდო, ან ფული ვისესხო და ჯარიმა ისე გადავიხადო, მაგრამ ამის შემდეგ მექნება კიდევ მუშაობისა და ბიზნესის კეთების სურვილი? ალბათ "ბულაჩაურსაც" მოუწევს გაყიდვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი წილის დათმობა მომიწევს. ჩემზე გადატყდა ეს ჯოხი".

შემოწმების ამ მეთოდით უკმაყოფილებას სხვა მეწარმეებიც გამოთქვამენ და დავების საბჭოშიც ბევრი მომჩივანი დაგროვდა. ქრონომეტრაჟის სამართლიანობის საკითხს პარლამენტშიც მიაქციეს ყურადღება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სასტუმროებისა და კვების ობიექტების დაჯარიმების ამ სქემის გადახედვა დაიწყო. როგორც ამბობენ, დაჯარიმების ეს წესი შესაძლოა შეიცვალოს. ქრონომეტრაჟის ჩატარებისას საგადასახადო სამსახური ობიექტის მიმდინარე შვიდი დღის შემოსავლებს წინა წლის იმავე პერიოდის შვიდი დღის შემოსავლებს შეადარებს და ობიექტს მხოლოდ 10%-იანი სხვაობის აღმოჩენის შემთხვვაში დააჯარიმებს. პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ობიექტის რეალური შემოსავლები გამოჩნდება.

საგადასახადო ინსპექტორებს ამ მეთოდის გამოყენების უფლებას ცხადია, კანონი აძლევს, თუმცა ფინანსთა სამინისტროც კი აღიარებს, რომ შემოწმების ეს მეთოდი არცთუ სამართლიანია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძის თქმით, საგადასახადოს რევიზორებმა ობიექტის ბრუნვის დათვლისას სეზონურობა უნდა გაითვალისწინონ, რაც არ ხდება. მისი თქმით, დავების საბჭო სამინისტროში იმისთვის არსებობს, რომ მეწარმეთა საქმეებს გადახედოს და დაკისრებული თანხა ხელახლა გადაიანგარიშოს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შეთანხმებაზე წასვლა დავების საბჭოში საქმის გაგრძელებას ხელს არ უშლის და მომჩივანს შეუძლია, ბრძოლა იმავდროულად დავების საბჭოშიც განაგრძოს.

უდავოდ სადავო ვითარება

-2009 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 910 საჩივარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. სადავო თანხამ ჯამში 354 მლნ ლარს გადააჭარბა.

-საგადასახადო შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან 10 ათას ლარს ზემოთ საგადასახადო დავალიანების მქონე კომპანიებს შეუძლიათ -ვალის ნაწილს ბიუჯეტში ნებაყოფლობით თუ გადაიხდიან, ნაწილი ჩამოეწერებათ.

-საგადასახადო შეთანხმების შეთავაზება 21 დეკემბრიდან ამოქმედდა. მეწარმეებს მთავრობასთან მოსარიგებლად ერთი წლის ვადა აქვთ.

ნონა ქვლივიძე