ფულის "საწვავი" ბიზნესი - კვირის პალიტრა

ფულის "საწვავი" ბიზნესი

ბაზარზე ბევრი კომპანია და მცირე არჩევანია

მსხვილმა ნავთობკომპანიებმა გასულ კვირას საწვავი 5-10 თეთრით ერთდროულად გააძვირეს. "სუპერის" ფასი დღეისთვის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლარი და 95 თეთრია, "პრემიუმის" 1,90 ლარის ფარგლებშია, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი "რეგულარის" ფასი 1,70-1,75 ლარის ფარგლებში მერყეობს. მცირე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უცვლელი დარჩა. ბრენდული კომპანიები ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის, დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემასაც.

საკმარისია საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა რამდენიმე დოლარით მოიმატოს, ბენზინი საქართველოშიც მყისიერად ძვირდება. ამის შემდეგ ნავთობის საბითუმო ფასმა გაიაფებაც რომ დაიწყოს, ჩვენთან ფასს აღარ უკლებენ. გაძვირების მიზეზად ყველაზე ხშირად კომპანიები მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას ასახელებენ. ამჯერად გაძვირება ბრენდულმა კომპანიებმა "ვისოლმა", "ლუკოილმა", "რომპეტროლმა", "სოკარმა", "ეკომ", "სენტამ" დოლარის მიმართ ლარის ვარდნით ახსნეს. გულწრფელი არიან თუ არა კომპანიები, ამის გარკვევა ადვილი არ არის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბენზინის ფასი წვრილმა ბენზინგასამართმა სადგურებმა უცვლელად დატოვეს. თანაც ლარი დოლარის მიმართ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სულ რაღაც 1,9%-ით დაეცა, რაც არცთუ მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, მაღალი კურსით შეძენილ საწვავს საქართველომდე ჩამოსასვლელად და ქსელში გასანაწილებლად, სულ ცოტა, ერთი კვირა სჭირდება. რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ფასს, 20 ნოემბერს ბარელი 75,93 დოლარი ღირდა, იანვრის დასაწყისში ფასი მინიმალურ დონეზე დაეცა, ხოლო 23 იანვრისთვის 75,5 დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა. როგორც ჩანს, კომპანიებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ორიოდე თეთრიანი მოსალოდნელი "დანაკლისიც" თავიდან აიცილეს.

ვანო მთვრალაშვილი (ნავთობპროდუქტების მწარმობელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი): "ნებისმიერი ბიზნესკომპანიისთვის საკუთარი პროდუქტის გაძვირება არაპოპულარული ნაბიჯია. ფასის ზრდა მოსახლეობისთვის მტკივნეულია და გაყიდვაზეც უარყოფითად მოქმედებს. ფასები ექვსმა ბრენდულმა კომპანიამ გაზარდა, არაბრენდულებმა კი, რომლებსაც ბაზრის 35-40% უკავიათ, უცვლელად დატოვეს. ბუნებრივია, ბრენდული კომპანიებისთვის ეს კარგი არ არის, მომხმარებლები წვრილი ბენზინგასამართი სადგურებისკენ გადაინაცვლებენ და მათ გაყიდვა შეუმცირდებათ. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ბაზარზე კონკურენციაა. ხშირად ამბობენ, რომ მსხვილ კომპანიებს შორის ფარული გარიგება არსებობს და ბაზარი გადანაწილებული აქვთ, რაც ცრუ ბრალდებაა. ექვს კომპანიას შორის გარიგება ძალიან რთულია.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასს, დეკემბრის ბოლოდან საწვავზე ფასების ზრდა დაიწყო და საქართველოში ეს მოგვიანებით აისახა. ახალი წლის დღეებში კომპანიებმა ტარიფების მომატებისგან თავი შეიკავეს და გაძვირება 7 იანვრიდან დაიწყეს. გეთანხმებით, ფასების ზრდა ბევრად სწრაფად აღწევს ადგილობრივ ბაზარზე, ვიდრე გაიაფება. ეს ლოგიკურია. კომპანიები გაძვირებით ბიზნესსრისკს ამცირებენ. გაძვირება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის, უფრო მეტად ლარის გაუფასურებამ, რაც საწვავის ღირებულებაში 4-5 თეთრის ცვლილებით აისახა. ასევე მოხდა სხვა პროდუქტზე, რასაც დოლარზე ყიდულობენ.

შარშან ნავთობპროდუქტების მოხმარება 7-8%-ით გაიზარდა -იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური კრიზისი იყო, ეკონომიკური ზრდაც უარყოფითი იყო და მშენებლობაც, რომელიც საწვავის მსხვილი მომხმარებელია, გაჩერებული გახლდათ. ფასების ზრდა გაგრძელდება თუ არა, პროგნოზის გაკეთება ძნელია. ფასებზე გავლენას ახდენს სპეკულაციული გარიგებები, მსხვილ მომპოვებელ სახელმწიფოებში პოლიტიკური არასტაბილურობა.

თუ დოლარის კურსი 1,7 ლარის ნიშნულზე გაჩერდება და ბარელის ფასი 70 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება, საცალო ქსელში ფასებმა შეიძლება 5 -10 თეთრით დაიკლოს".

ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე მართლაც არაპროგნოზორებადია. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ნავთობის ფასმა მოულოდნელი აღმასვლა დაიწყო. იმ დროს სპეციალისტები ბარელის 200 დოლარამდე გაძვირებას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 150 დოლარიდან მოულოდნელი ვარდნა დაიწყო და ბარელის ფასი 33 დოლარამდეც დაეცა. მერე კი ისევ გაძირება დაიწყო.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელია გამოცნობა, თუნდაც მომდევნო თვეში, როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი ან ნავთობის საერთაშორისო ფასები. აშშ-ის საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი ნავთობის საშუალო ფასს 2010 წელს 90 დოლარამდე ვარაუდობს, 2011 წლისთვის კი 110 დოლარის დონეზე. I კვარტალში ფასების ზრდას ელოდებიან Morgan Stanley-ის ექსპერტებიც. Brent-ის მარკის საწვავის თებერვლის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე ბარელზე 1,67 დოლარით, 79,3 დოლარამდე დაეცა. ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, ევროპელები ფასების კლებას პროგნოზირებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ფასები I კვარტალში 75 დოლარის ფარგლებში იქნება, წლის ბოლოს კი შესაძლოა 62 დოლარამდეც დაეცეს.

საწვავით მოვაჭრე კომპანიების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში ფართოდ არის დამკვიდრებული აზრი, რომ ისინი მაღალი ფასის დაჭერისთვის შეთანხმებას მაინც ახერხებენ. ამასთან, წვრილ მოვაჭრეებსა და ბრენდებს შორის კონკურენციაც არ არის სრულფასოვანი. საწვავის ხარისხში დიდი განსხვავება არ არის და ისიც შესაძლებელია, რომელიმე არაბრენდულ სადგურზე მომხმარებელს საწვავის მოცულობა, უბრალოდ, დააკლონ. მართალია, მსხვილი თუ წვრილი კომპანიები ბაზარზე მრავლადაა, მაგრამ საწვავის მომხმარებლებს მდიდარი არჩევანი ნამდვილად არ აქვთ.

ნონა ქვლივიძე