ბევრი კომპანია დღეს წესდების გარეშე არსებობს(!) - კვირის პალიტრა

ბევრი კომპანია დღეს წესდების გარეშე არსებობს(!)

ზოგიერთ შპს-ს საწესდებო კაპიტალიც კი არ გააჩნია

მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ფუნქცია რომ საგადასახადო სამსახურიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე გადავიდა, ამაზე "ეკოპალიტრა" უკვე წერდა. ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობისთვის, კომპანიებს წილობრივი მონაწილეობის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს და როგორც გაირკვა, ეს მოთხოვნა მეწარმეებს დათქმული ვადის მიწურულს დაუგზავნეს.

"გასული 31 დეკემბერი მეორედ მოსვლას ჰგავდა ჩვენთვისაც, იურისტებისთვისაც, ვინც კორპორაციულ სამართალში მუშაობს, დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და აუდიტორებისთვისაც. რატომღაც ვადის მიწურულს გაგვაგებინეს, რომ აუცილებელი იყო საჯარო რეესტრისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. არც ის ვიცოდით, რა მოხდებოდა, თუ ამ ინფორმაციას დროულად ვერ წარვადგენდით. წინასაახალწლოდ საჯარო რეესტრში მეწარმეთა კილომეტრიანი რიგი იდგა. საჭირო გახდა სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მოწესრიგება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, ცვლილებები შევიდა კანონში მეწარმეთა შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო ბიზნესზე თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს..." - გვითხრა "ეკოპალიტრის" მკითხველმა ერთ-ერთმა მეწარმემ და მისთვის და მისი კოლეგებისთვის საინტერესო რამდენიმე საკითხში გარკვევა გვთხოვა.

ამირან გიგუაშვილი (იურისტი): "2010 წლიდან ძალაში შევიდა ცვლილებები მეწარმეთა სამართალში, რითაც სახელმწიფო ფაქტობრივად, უკან დაბრუნდა. არადა, 2008 წელს მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებით, მაქსიმალურად შესუსტდა სახელმწიფო ბერკეტები კორპორაციულ სამართალში. როგორც ჩანს, დღევანდელი საბაზრო ეკონომიკა, მეწარმეები არ აღმოჩნდნენ მზად ლიბერალიზაციისა და თავისუფლების იმ მასშტაბებისთვის, რაც მათ სახელმწიფომ შესთავაზა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეწარმეებმა (განსაკუთრებით ამის თქმა მცირე მეწარმეებზე შეიძლება), ვინაიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებისათვის წესდებას აღარ სთხოვდნენ, მიიჩნიეს, რომ ის საერთოდ აღარ იყო საჭირო; რომ კაპიტალი, როგორც ასეთი, საწარმოს დაფუძნებისთვის არ სჭირდებოდა. დღეს ბევრი კომპანია (შპს თუ კოოპერატივი), ყოველგვარი წესდების გარეშე არსებობს. წესდება გარიგებაა, ხელშეკრულებაა მომავალ პარტნიორებს შორის არსებით პირობებზე.

საძირკველია, რაზეც კომპანია უნდა აიგოს. წესდების არქონამ ის გამოიწვია, რომ მეწარმეები, კომპანიონები, როცა ბიზნესის საქმე კარგად აღარ მიდის და უამრავი დავა უჩნდებათ ერთმანეთთან, გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. დავა დაიწყეს და არ ჰქონდათ განსაზღვრული ერთმანეთთან უფლებები, გარდა ზეპირი შეთანხმებისა. ამან პრობლემები შექმნა სასამართლოსა თუ კერძო არბიტრაჟისთვის. დღეს უკვე ფირმის რეგისტრაციისთვის სახელმწიფო მოიხთოვს ყველა დამფუძნებლის ხელმოწერილ და დამოწმებულ წესდებას.

2008 წლის ცვლილებით არ იყო გამიჯნული, რა კაპიტალით შეიძლებოდა დაფუძნებულიყო კომპანია. ეს ისე იქნა გაგებული, რომ საერთოდ კაპიტალის გარეშე აფუძნებდნენ კომპანიებს. არადა, შპს-ის პასუხიმგებლობა კრედიტორების წინაშე სწორედ იმ ქონებით შემოიფარგლება, რაც მას კაპიტალში აქვს...

კომპანიების შესახებ დღეს რეესტრიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება ხელმძღვანელობის, პარტნიორების, საწესდებო კაპიტალის შესახებ, რაც მიუწვდომელი იყო. არსებობდნენ დამოუკიდებელი რეგისტრატორები, რომლებთანაც წესდებები უნდა შენახულიყო. როგორც წესი, ეს მომსახურება ფასიანი იყო. კომპანიები თავს არიდებდნენ ზედმეტ ხარჯს და სადამფუძნებლო დოკუმენტაცია მიბარებული ჰქონდათ დირექტორისთვის ან რომელიმე პარტნიორისთვის. ეს დაცულობის პრობლემას ქმნიდა. თუ დავა წარმოიქმნებოდა და რომელიმე პარტნიორს ხელი მიუწვდებოდა წესდებაზე, მარტივად შეეძლო მასში ცვლილებების შეეტანა. რეესტრის მონაცემებზე კი კანონით, უტყუარობის პრეზუმფცია გავრცელდა.

ინდმეწარმედ რეგისტრაციისათვის მოსაკრებელი არ მოითხოვებოდა, დღეს ეს 20 ლარი ღირს, შპს-ებისა და სხვა სახის ფირმის რეგისტრაციისთვის კი მოსაკრებელი შემცირდა და 100 ლარი გახდა. დაჩქარდა ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც ლამის დაუსრულებელი იყო. საგადასახადოში ახლაც უამრავი ფირმაა რეგისტრირებული, რომლებიც რეალურად აღარ მუშაობენ, მაგრამ აბარებენ ნულოვან დეკლარაციებს ან იმასაც არ აბარებენ.

ცვლილებებია კომპანიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუ ფირმის სხვა ფირმასთან შეერთება ან ერთი კომპანიის რამდენიმედ გაყოფა გსურთ, რეესტრს უნდა წარედგინოს შედარების აქტი საგადასახადოსგან, რომ დავალიანება არ გაქვთ. თუ 30-დღიან ვადაში უნდა გამოგექვეყნებინათ დეტალური ინფორმაცია რეორგანიზაციას შესახებ და ეს ერთი თვის შემდეგ მეორდებოდა, ამჯერად პირდაპირ მიმართავთ საჯარო რეესტრს, რომელიც ინფორმაციას შესაბამის საიტზე აქვეყნებს და მიმართვიდან 90 დღეში რეორგანიზაცია სრულდება.

სახელმწიფოს ყოველი კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია გაუჩნდა. მეწარმეები შიშობენ, ხომ არ შელახავს მათ უფლებებს ღია ინფორმაცია პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხომ არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან რამე ჩარევას, დისკრედიტაციის მცდელობებს დაინტერესებული კომპანიების მხრიდან და სხვ. რა თქმა უნდა, ამგვარი რისკფაქტორი არსებობს, ვინაიდან კომპიუტერის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია რომელიმე კომპანიის პარტნიორებზე, რაც აქამდე მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ იყო შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი უხერხულობა და რისკია ბიზნესმენთა განსაზღვრული კატეგორიისთვის, თუმცა ალბათ კონფიდენციალურობის დარღვევა ერთგვარი ხარკია ბიზნესის უსაფრთხოდ წარმოებისთვის.

რა თქმა უნდა, სამეწარმეო კანონში ამ ცვლილებებს ვერ მივიჩნევთ წინგადადგმულ ნაბიჯად საბაზრო ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წელს მინიჭებული თავისუფლების ხარისხისთვის ჩვენი კორპორაციული სამართალი მზად არ აღმოჩნდა. მეტი გამჭირვალობა კი მეტ რისკს ნიშნავს იმ ბიზნესისთვის, რომელსაც დღემდე ჩრდილში ყოფნა ურჩევნია".

ბიზნესი ჩქარა

- საკანონდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა და თუ ფირმის რეგისტრაცია აქამდე მხოლოდ დიდ ქალაქებში, საგადასახადოს ცხრა რეგიონულ სერვისცენტრში იყო შესაძლებელი, ახლა ამას საჯარო რეესტრის 68 ტერიტორიული ორგანო ემსახურება.

- ფირმის რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საჯარო რეესტრის 300-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან ან ინტერნეტის მეშვეობით.

- სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდა, მომსახურების მიღების ვადა კი ერთ დღემდე. დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება, ანუ განცხადების წარდგენისთანავე, 200 ლარი ღირს.