რატომ გადავადდა ტექდათვალიერება - კვირის პალიტრა

რატომ გადავადდა ტექდათვალიერება

"საქართველოს ავტოპარკში დაახლოებით მილიონი ავტომობილია და მისი დიდი ნაწილი გაუმართავია"

ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება, სავარაუდოდ, ორი წლით გადაიწევს და 2015 წლის ნაცვლად, 2017 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექდათვალიერების მსგავსად, შესაძლოა, გადავადდეს სავალდებულო ავტოდაზღვევაც.

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებაზე თავდაპირველად ეკონომიკის სამინისტრო და შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობდნენ. პირობები არ გახმაურებულა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ავტოტრანსპორტის ტესტირებისთვის გერმანული კომპანია "ტუვ რაილანდი" უნდა შემოსულიყო, მომსახურების საფასური მაქსიმუმ 48 ლარი იქნებოდა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით სარგებლობა არ შეიზღუდებოდა.

სპეციალისტების მოსაზრებით, საქართველოს ავტოპარკი იმდენად მოძველებულია, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების მოთხოვნებს მანქანების 80%-ც ვერ დააკმაყოფილებდა. მთავრობაც სოციალურ მღელვარებას მოერიდა და მრავალჯერ გადავადებული კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ვასილ ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი: "წლების განმავლობაში სავალდებულო ტექდათვალიერება კორუფციის ბუდე იყო და ყოფილმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ ვალდებულების გაუქმებისკენ გადადგა, რითაც მოსახლეობის გული მოიგო. თუმცა, კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ" ჩაიწერა, რომ ავტომობილების სავალდებულო ტესტირება 2013 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდებოდა.

რადგან არც კანონმდებლობა არსებობდა და არც ტექნიკური ბაზა, მთავრობის დადგენილებით ტექდათვალიერების ამოქმედება ახალი მთავრობის მიერ კიდევ ერთი წლით გადავადდა. შეიქმნა უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ტექდათვალიერების აღდგენის გეგმა და სტრატეგია. ჩვენი ორგანიზაცია მუდმივ მონიტორინგს უწევდა ამ პროცესს, რამდენჯერმე მივმართეთ კომისიას, კანონის შემუშავებაში ჩავერთეთ როგორც დაინტერესებული მხარე, რათა ჩვენი რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ. ვცდილობდით, გამოგვეთხოვა ინფორმაცია მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ამაოდ.  მოგვიანებით, ყოველგვარი საჯარო კონკურსისა და ტენდერის გარეშე, ცნობილი გახდა გერმანული კომპანია "ტუვ რაილანდის" შემოსვლის განზრახვის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ ამ ფირმის ხელში ტექნიკური სერვისის მონოპოლია გადავიდოდა.

ჩვენს კითხვაზე, უკონკურსოდ და უტენდეროდ რატომ შემოდიოდა კომპანია, მთავრობას მხოლოდ ერთი არგუმენტი ჰქონდა - ამ სფეროში "ტუვ რაილანდის" საქმიანობის დიდი გამოცდილება.

ხელისუფლება ამბობდა, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. თუმცა, იმ დოკუმენტში არსად წერია, რომ 2015 წელს საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის უნდა აღდგეს.

ხელშეკრულება გვეუბნება, რომ როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და წევრ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი ავტოპარკი მზად უნდა იყოს, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ ავტომობილით ევროპის ქვეყნებში. ანუ მანქანამ ტექდათვალიერება იმ ევროსტანდარტის მიხედვით უნდა გაიაროს, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში მოქმედებს.

შემდეგ არგუმენტად ხელისუფლება ავტოავარიების შემცირებას ასახელებდა, არადა, სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ავარია გამართული და სწრაფი მანქანების წილად მოდის. ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად მძღოლის დაუდევრობას, ალკოჰოლურ თრობას ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებას მოსდევს.

კიდევ ერთ არგუმენტად მთავრობას მძიმე ეკოლოგიური სურათი მოჰყავდა. თუმცა, ეს არა იმდენად ავტომობილის გაუმართაობას უკავშირდება, არამედ საწვავის ხარისხს.

ახლა, როგორც ჩანს, დაფიქრდა ხელისუფლება, რომ ამ რეგულაციის აღდგენა მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა (2016 წელს კი არჩევნებია) და ტექდათვალიერების აღდგენის კიდევ ერთხელ გადავადება გადაწყვიტა. არადა, საქართველოს ავტოპარკში დაახლოებით მილიონი ავტომობილია და მისი დიდი ნაწილი გაუმართავია. ადრე თუ გვიან, რეფორმები უნდა გატარდეს, ეს რეგულაცია ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა ამოქმედდეს. ჯერ შეიძლება დავიწყოთ ავტომობილის კატალიზატორით, შემდეგ ცეცხლმაქრით, საავტომობილო აფთიაქით და ა.შ.".

შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის თავმჯდომარე: "ბედის ირონიით, 2004 წელს მე გახლდით იმ ფორმით არსებული ტექდათვალიერების შეჩერების ინიციატორი. ამის შემდეგ მუდმივად, ყოველ წელს ხდებოდა ტექდათვალიერების გადავადება. სამწუხაროდ, ეს მიდგომა გაგრძელდა.

მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება ჰაერის დაბინძურების გამო სხვადასხვა დაავადების გამოვლენის რიცხვიც. ამიტომ საკითხი ასე უნდა დავსვათ: ამ მონაცემების ზრდა უნდა გაგრძელდეს და საქართველო გადაიქცეს ერთ დიდ "დაშლილების ბაზრობად", თუ ოდესმე გავხდებით ევროპული და კანონზომიერებებს დაქვემდებარებული ქვეყანა.

ტექდათვალიერება აუცილებელია, მაგრამ ამ საკითხზე საზოგადოებრივი კონსენსუსია მისაღწევი, რასაც უნდა ახლდეს პოლიტიკური ნება. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონს არ ჰქონდეს უკუქცევის ძალა. მას აუცილებლად უნდა ახლდეს ე.წ. დედლაინი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, რა პერიოდში წარმოებულ ავტომობილებზე გავრცელდება რეგულაციები და არ უნდა გავრცელდეს ამჟამად ექსპლუატაციაში არსებულ ავტომობილებზე.

ვფიქრობ, რომ ტექდათვალიერების გადავადება მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რეგულაცია 2017 წელს უნდა ამოქმედდეს, როცა 2016 წლის არჩევნები უკვე გადაგორებული უნდა იყოს".