ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში: ლეგენდის დასასრული - კვირის პალიტრა

ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოში: ლეგენდის დასასრული

22 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ღია საჯარო სხდომაზე, ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომლის შემუშავებაში ევროპის საუკეთესო ექსპერტები მონაწილეობდნენ, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაუდგინა. კომპანიის საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი, ისევე როგორც "თელასისა" და "კახეთის ენერგოკომპანიისთვის" 2006 წელს დადგენილი ტარიფები თითქმის უცვლელი დარჩა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სემეკის მიერ 2006 წელს დამტკიცებული და 8 წლის განმავლობაში მოქმედი ტარიფები სწორად და სამართლიანად იყო დათვლილი.

საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებელ აბონენტთა 88,5%-ისთვის ტარიფი 9 ან 12,46 ან 12,98 თეთრია და მხოლოდ 11,5%-ისთვის არის 17,5 თეთრი. ისიც, შედარებით შეძლებული მოსახლეობისთვის, რადგან თვეში 300 კვტ/სთ-ზე მეტს, როგორც წესი, შედარებით შეძლებული და მდიდარი ოჯახები ხარჯავენ. ამდენად, აპელირება ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე ძვირ, 17,5-თეთრიან ტარიფზე, რომელსაც თურმე საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ახდევინებს "უსინდისო მთავრობა", იაფფასიანი პოპულიზმი ან მოსახლეობის უკმაყოფილების გამოსაწვევად და შფოთის დასათესად გამიზნული მცდელობაა.

ლეგენდას, რომ ელექტროენერგიის მაღალი ტარიფებით საქართველოს მსოფლიოში პირველი თუ არა, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი მაინც უკავია, კარგა ხანია მუდმივად იმეორებენ და გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიჯერა იგი. რეალობა კი დიამეტრულად განსხვავებულია. რადგან ყველაფერი შედარებისას უკეთ აღიქმება, წარმოგიდგენთ მონაცემებს ელექტროენერგიის ტარიფების დონეების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრებში გადმოყვანილს, 1აშშ დოლარი 1,74 ლარი, 2013/2014 წწ.). მკითხველმა თავად განსაჯოს, რამდენად წარმატებულია საქართველო ტარიფების სიძვირით როგორც ევროპის ყველა, 50 ქვეყანას (ცხრილი 1), ისე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს შორის.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ჩვენთან საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, საქართველოს, უკრაინასთან ერთად, არამცთუ პირველი, ბოლო ადგილი უკავია ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფის სიძვირით. სხვა სიტყვებით,მთელ ევროპაში ელექტროენერგიაზე ყველაზე იაფი ტარიფი საქართველოშია!

ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოში (იხ. ცხრილი 2). დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ მსოფლიოში ოფიციალურად აღიარებული 194 სახელმწიფოდან, ჩამოთვლილი 100-ის გარდა, სულ ცოტა, 50 სახელმწიფო კიდევ მოიძებნება, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში.

საქართველოზე იაფი ტარიფი ელექტროენერგიაზე აქვთ ქუვეითს, თურქმენეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, საუდის არაბეთს, სურინამს, ეგვიპტესა და კიდევ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ქვეყანას, რომლებიც, ასე ვთქვათ, "წვანან" ნავთობსა და გაზზე და სადაც ტარიფები სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია.

როცა ტარიფის სიძვირით ჩვენზე წინ 150 ქვეყანა მაინც დგას 194-დან, მტკიცება, რომ ტარიფების სიძვირით ერთ-ერთი მოწინავენი ვართ მსოფლიოში, მეტი რომ არ ვთქვათ, უწესობაა. არა სიძვირით, არამედ სიიაფით ვართ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მსოფლიოში და ვინც საპირისპირო აზრს ავრცელებს, მონაცემები წყაროების მითითებით დადოს!

ელექტროენერგიის ტარიფი რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, დიდი სიხარულის საბაბს არ უნდა იძლეოდეს. დაბალი ტარიფი ელექტროენერგიის დაბალ ხარისხს და მისი მიწოდება-მომსახურების დაბალ დონეს განაპირობებს. ლეგენდას (თუ ფაქტს) იაპონური ელექტროკომპანიის დირექტორის შესახებ, რომელსაც კაბინეტში თავზემოთ 3-ტონიანი ელექტრომაგნიტი უკიდია დამოკლეს მახვილივით, 48-თეთრიანი ტარიფი ამაგრებს. ვეჭვობ, იაპონიაში 12-თეთრიანი ტარიფის არსებობისას მას იქ ჯდომა გაებედა.

ელექტროენერგიის დაბალი ტარიფი პირდაპირ მიუთითებს, რომ დარგის განვითარებაში საჭირო ინვესტიციები არ იდება და ინვესტორებსაც უკარგავს სტიმულს ქვეყანაში შემოსასვლელად.

გამართული ენერგეტიკა კი იმდენად ძვირი სიამოვნებაა, დამოუკიდებლად, სხვა ქვეყნებიდან მოზიდული ინვესტიციების გარეშე მისი შენარჩუნება და განვითარება საქართველოზე გაცილებით ძლიერ და მდიდარ ქვეყნებსაც უჭირთ. ინვესტიციების გარეშე არამცთუ გენერაცია, ქსელური მეურნეობებიც ვერ განვითარდება სათანადოდ. ჩვენთან დაბალი ტარიფები იმის ხარჯზეა შენარჩუნებული, რომ ელექტროენერგიის წარმოებასა და ქსელების განვითარებაში შესაბამისი ინვესტიციები არ იდება.

მეტი სიცხადისთვის აქვე მინდა ვუპასუხო რამდენიმე ხშირად დასმულ შეკითხვას. პირველი: რატომ საფეხურებრივი ტარიფები?

ტარიფები სხვადასხვაგვარი არსებობს - ის შეიძლება იყოს საშუალო ან ზღვრული, სეზონური, პიკური, საფეხურებრივი, ინოვაციური, ზონური და სხვ. თითოეული მათგანის გამოყენების თავისებურებები, პრინციპები და გამოცდილება განსხვავებულია. თუ როგორი ტარიფები უნდა იყოს ქვეყანაში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებსა და ენერგეტიკის დარგის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე.

2006 წელს, როცა სემეკმა ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფები შემოიღო, მთავარი ამოცანა იყო დეფიციტის აღმოფხვრა ელექტროენერგიის ეკონომიის ხარჯზე (ენერგიის მატების სხვა გზა და ფინანსური რესურსები, უბრალოდ, არ არსებობდა), ხოლო მიზანი - 24-საათიანი ელექტრომომარაგების მიღწევა, თან ისე, რომ ნაკლებშემოსავლიან მოსახლეობასაც შესძლებოდა საფასურის გადახდა. ამისთვის კი აუცილებელი იქნებოდა მათთვის სოციალური შეღავათის გაწევა. საფეხურებრივი ტარიფები, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვა, სწორედ სოციალური შეღავათის შემცველი ტარიფებია. შედარებით დიდი მოცულობის მომხმარებელი (შედარებით შეძლებული და მდიდარი) სუბსიდირებას უწევს ენერგიის ნაკლები მოცულობის მომხმარებელს (მცირეშემოსავლიანსა და ნაკლებუზრუნველყოფილს). ქვეყნებში, სადაც მძაფრია შემოსავლებში უთანასწორობა, ასეთი მიდგომა გამართლებულია.

მეორე: მოყვარულ ექსპერტთა ერთი ნაწილი აღშფოთებას გამოთქვამს, რატომაა ტარიფში გენერაციის (წარმოების) კომპონენტი განაწილების (დისტრიბუციის) კომპონენტზე ნაკლები, თითქოს ამას სამომხმარებლო ტარიფის სიძვირე-სიიაფესთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

ტარიფში გენერაციისა და განაწილების კომპონენტებს შორის თანაფარდობას არავითარი კანონზომიერება არ გააჩნია. ის სხვადასხვა პროპორციითაა წარმოდგენილი ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის ენერგეტიკის დარგის სპეციფიკაზე. იმ ქვეყნებში, სადაც გენერაციაში ჭარბობს იაფი ჰიდროენერგიის წილი, სამომხმარებლო ტარიფში გენერაციის წილი შესაძლებელია განაწილების წილზე მეტი იყოს, მაგრამ არა ყოველთვის. სადაც გენერაციაში მეტი წილი ძვირ თბოენერგიას უკავია, ტარიფში გენერაციის კომპონენტი შესაძლებელია ჭარბობდეს განაწილების კომპონენტს, მაგრამ არა ყოველთვის. საერთოდაც, განაწილება მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება წარმოებას. ჰიდრო- და თბოსადგურებიდან ელექტროენერგია მომხმარებელს რომ მიეწოდოს, მან უნდა "გაიაროს" ათასობით კილომეტრი მაღალი და დაბალი ძაბვის სადენი და კაბელი, ასეულობით ქვესადგური და ათასობით სატრანსფორმატორო პუნქტი და ჯიხური, გარდაიქმნას მომხმარებლისთვის გამოსაყენებელ დენად და უსაფრთხოდ მიეწოდოს მას, რასაც საქართველოში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ემსახურება. პროდუქციის გადაზიდვა-გასაღების ხარჯები არცთუ იშვიათად რამდენჯერმე აღემატება წარმოების ღირებულებას - ასეთია თანამედროვე ეკონომიკა და ეს წესი ენერგეტიკაზეც ვრცელდება.

ტარიფს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. მან შესაძლებლობა უნდა მისცეს ენერგეტიკულ საწარმოებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას, საიმედო და უწყვეტ მომარაგებას, დარგის საწარმოების რეაბილიტაციასა და პერსპექტიულ განვითარებას, ბაზარზე ენერგეტიკული საწარმოების შეღწევას. ამისთვის რა სახისა და სიდიდის ტარიფია აუცილებელი, ამის გადაწყვეტა მხოლოდ სემეკის კომპეტენციაა და რაც ნაკლებად ჩაერევიან მის საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ტარიფისა და ქვეყნისთვის.

დასასრულ, ტარიფის თაობაზე გამოცდილი ადამიანის ხედვა მინდა გაგიზიაროთ: ხალხისთვის მისაღები ისეთი ტარიფი, ენერგეტიკას რომ არ დააზარალებს, არ არსებობს. არც ისეთი ტარიფი არსებობს, ხალხი რომ მარეგულირებელსა და ხელისუფლებას ხოტბას აღუვლენს. და თუ ასე მოხდა, ეს უტყუარი ნიშანი იქნება იმისა, რომ ტარიფი არასწორად არის დადგენილი. ამიტომ მთავრობა ტარიფებით ხალხის გულის მოგებას არ უნდა ეცადოს. ნურც მადლიერების სიტყვებს დაელოდება.

გიორგი თავაძე, ეკონომიკის

მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ცხრილი 1. ევროპის ქვეყნები ტარიფის სიძვირის მიხედვით (თეთრი)

1    დანია    68,5

2    გერმანია    67,4

3    კვიპროსი    60,6

4    იტალია    53,2

5    ვატიკანი    53,2

6    სან-მარინო    53,2

7    ესპანეთი    51,3

8    ანდორა    51,3

9    ირლანდია    50,9

10    პორტუგალია    48,7

11    ავსტრია    47,3

12    ბელგია    45,9

13    ჰოლანდია    44,7

14    სლოვაკეთი    41,4

15    შვედეთი    40,7

16    დიდი ბრიტანეთი    39,8

17    საბერძნეთი    37,7

18    მალტა    37,4

19    სლოვენია    37,0

20    ლუქსემბურგი    36,0

21    ჩეხეთი    35,8

22    შვეიცარია    35,2

23    ფინეთი    35,2

24    პოლონეთი    34,2

25    საფრანგეთი    33,7

26    თურქეთი    32,3

27    უნგრეთი    31,7

28    ესტონეთი    30,4

29    ლატვია    30,3

30    ხორვატია    30,2

31    ლიტვა    30,1

32    მონაკო    30,1

33    რუმინეთი    29,1

34    ისრაელი    26,8

35    ალბანეთი    25,4

36    ლიხტენშტაინი    24,0

37    ნორვეგია    23,5

38    ისლანდია    23,1

39    მონტენეგრო    22,4

40    მოლდავეთი    21,2

41    ბულგარეთი    20,3

42    მაკედონია    17,8

43    ბოსნია-ჰერცეგოვინა    17,6

44    სომხეთი    18,0

პიკის საათებში 19,5; ღამით 15,3

45     სერბეთი     15,8-30,9

46     აზერბაიჯანი     13,2

47     რუსეთი     12,9-20,0

მათ შორის მოსკოვში პიკში 22,5; ნახევარპიკში 18,5; ღამით 5,8

48     ბელორუსია     11,5-24,36

საშუალოშეწონილი 16-17; სამრეწველო საწარმოებისთვის 22,5

49.     უკრაინა     5,6-17,9

მოხმარების რაოდენობის მიხედვით. სამრეწველო საწარმოებისთვის 19,8

50.     საქართველო     9/12,98/17,5

რეგიონებისთვის საშუალოშეწონილი ტარიფი 11,2 თეთრი, თბილისისთვის 12,3; სამრეწველო საწარმოებისთვის 16. "ენერგო-პრო": 6/10 კილოვოლტზე 10,29 თეთრი, 35/110 კილოვოლტზე 9,67 თეთრი, ისიც დღგ-ის ჩათვლით. "თელასი" 110/35 კილოვოლტზე - 8,59თ.

ცხრილი 2. მსოფლიოს ქვეყნები ტარიფის სიძვირის მიხედვით (თეთრი)

1    ვირჯინიის კუნძულები    91,9    თეთრი

2    ტონგა    81,8

3    ახალი კალედონია    77,3

4    იამაიკა    77,8

5    ამერიკის სამოა    69,6

6    ჰავაი    64,3

7    ტუვალუ    63,6

8    ფილიპინები    62,9

9    სოლომონის კუნძულები    57,2

10    კირიბატი    56,9

11    აღმოსავლეთი სამოა    56,7

12    ავსტრალია    53,6

13    პაპუა-ახალი გვინეა    50,8

14    ტაიტი    50,5

15    იაპონია    48,2

16    გვიანა    46,6

17    ჩილე    40,2

18    ურუგვაი    37,9

19    ვანუატუ    36,5

20    სინგაპური    36,3

21    მექსიკა    33,5

22    არგენტინა    33,3

23    მარშალის კუნძულები    32,9

24    ახალი ზელანდია    32,3

25    კოლუმბია    32,2

26    კამბოჯა    31,9

27    ჰონკონგი    31,4

28    ნიკარაგუა    30,0

29    პანამა    28,7

30    დომინიკის რესპუბლიკა    23,6

31    ფიჯი    22,8

32    აშშ    20,7

33    კანადა, ონტარიო    19,4

34    მალაიზია    19,0

35    პერუ    18,2

36    კოსტა-რიკა    16,9

37    ნეპალი    16,0

38    სამხრეთი აფრიკა    15,8

39    ინდონეზია    15,2

40    ინდოეთი    8-40

41    ტაილანდი    10,4-22,6

42    ირანი     3,5-33,0

43    ლაოსი    8,5-20,8

44    კუბა    24,5

45    სამხრეთი კორეა    9,6-90,8(!)

46    იორდანია    8,7-57,4

47    ნიგერია    4,5-28,8

48    პაკისტანი    3,5-26,2

49    ჩინეთი    13,0-18,6

50.    არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი    10,9-18,0