გამოცხადებული მოწამვლის ქრონიკა - კვირის პალიტრა

გამოცხადებული მოწამვლის ქრონიკა

მომხმარებელთა ინფორმაციით, თბილისის (და არა მარტო თბილისის) მარკეტებსა და სუპერმარკეტებში ვადაგასული პროდუქტები მომრავლდა. მათი თქმით, ასეთი პროდუქტის უკან მიბრუნების შემთხვევაში, მარკეტის ადმინისტრაცია დისტრიბუტორ კომპანიას ადანაშაულებს და გაფუჭებულ საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ცვლის, თუ ჩეკს მიუტანთ...

მეტიც, მომხმარებლები მოგვითხრობენ, რომ ლამის ყოველდღე აწყდებიან სურსათს, რომელიც შენახვის არასათანადო პირობების გამო უკვე გაფუჭებულია, მიუხედავად იმისა, რომ შენახვის ვადა ჯერ არ გასვლია.

რამაზ ნადირაძე, მომხმარებელი:

- სამი წლის ტყუპი მყავს და კვირაში 3-4 ბოთლი რძე მჭირდება. ჩემს სახლთან, მარკეტში ვყიდულობ, რომელსაც ქსელი მთელ ქვეყანაში აქვს. მეგონა, მათი პროდუქტი სანდო იყო. მეუღლემ რამდენჯერმე შენიშნა, რომ ვადაგასული რძე მიყიდია და რომ მივუბრუნე, ბოდიში მიხადეს... ამას წინათ მარკეტში იმ დროს შევედი, როცა დისტრიბუტორი იყო მოსული. ჯერ ახლად მოტანილი შეალაგეს, წინა ხაზზე კი, რაც მანამდეც ეწყო, ისინი ჩამოამწკრივეს. ეჭვი გამიჩნდა. ამჯერად ვადას დავხედე - ვადაგასული იყო... კონსულტანტ გოგონებს ვკითხე, ვადაგასულ პროდუქციას ყიდით-მეთქი?.. შეგვშლიაო, მითხრეს და ახალი მომაწოდეს. რომ არ შემენიშნა, რა მოხდებოდა?.. ხან ეჩქარება ადამიანს, ზოგი უსათვალოდ ვერც ხედავს, ზოგი უბრალოდ ენდობა მაღაზიას ან კომპანიას, ათასი მიზეზია იმისთვის, რომ ვადა არ შეამოწმოს მომხმარებელმა.  მარკეტის ადმინისტრაცია დისტრიბუტორ კომპანიას ადანაშაულებს, ვადა არ გასვლია და მაინც გაფუჭებულიაო ან ახალში ვადაგასულებიც შეაპარაო. ჩვენ, მომხმარებლებმა, რა დავაშავეთ?.. ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს ჩვენს უფლებებზე.

ქეთი დარჩია, მომხმარებელი: - ქობულეთში ჩემს შვილებს ენტეროვირუსი შეეყარათ და სასწრაფოდ თბილისში დავბრუნდით. შინ მისვლამდე ვერაზე, მარკეტში, იოგურტები ვიყიდე, უსაფრთხოა და ბავშვებს ვაჭმევ-მეთქი. შინ მივედით თუ არა, გავხსენით, - იოგურტს თითის სისქე ობი ჰქონდა მოდებული. შეკვრაში ოთხი ცალი იდო - ორი ობიანი და ორიც საღი.

იმ დღეს ბავშვები სიცხიანი მყავდნენ და იქ მისვლისა და აყალმაყალის თავი არ მქონდა, ისღა მოვიფიქრე, ფოტოები გადამეღო. მაცივარში შევინახე ეს დაობებული იოგურტი და შემდეგ მივუტანე, ჩეკთან ერთად. მშვიდად შემომთავაზეს, გადაგიცვლითო.

თამუნა ხუჭუა, მომხმარებელი: - ჩემს კორპუსთან მარკეტში ვიყიდე გაყინული ხორცის კატლეტი. ვადას რომ დავხედე, 6 თვე იყო გასული...…ეს რა არის-მეთქი? უი, შეგიცვლითო და უკან დაიბრუნეს.

არაერთხელ შემხვედრია ვადაგასული ქართული წარმოების წვენები და როცა გამყიდველ გოგონებს ვეუბნებოდი, ვადაგასულია-მეთქი, ღიმილით მპასუხობდნენ, - არა უშავს, ვადის გასვლიდან 1 თვე კიდევ შეიძლება მისი დალევა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არისო...

მივხვდი, რომ ჩხუბს აზრი არა აქვს, უბრალოდ, ვადას ვამოწმებ ყველაფერზე. თუმცა, ამას წინათ მითხრეს, კონსულტანტებს ძველ ვადაზე ახალს აკვრევინებენო და აღარ ვიცი, ჩემს სიფრთხილეს მაინც  თუ აქვს აზრი.

ლალი ხუბულავა, ლაგოდეხის მკვიდრი: - რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მარკეტში, სადაც ადრეც ვყიდულობდი, პური ვიყიდე. მე და ჩემი ფეხმძიმე რძალი ვსაუზმობდით. პურის დაჭრისას ჯერ 4 ცალი ჭია გადმოვარდა, შემდეგ - 2 მატლი... თავზარდაცემულმა მივიტანე იმ მარკეტში და გამყიდველმა მითხრა, აქამდე მსგავსი რამ არავის უთქვამსო.

თამუნა, ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ოპერატორი:

- როცა შემწვარ ქათმებს, ტაბაკებს, ვადა გაუვიდოდა (შემწვარი ქათმის შენახვის ვადა 24 საათია), მისგან ქათმის სალათს ამზადებდნენ.

საერთოდ, სხვა სალათებიც შიდა წარმოების, ანუ კომპანიის იყო. ამგვარად მომზადებული სალათები დილას დახლ-მაცივრებში უკვე იდო. მათი ნაწილი შუადღემდე იყიდებოდა, გაუყიდავი სალათი კი საღამოსთვის მოწითალო ხდებოდა. ადმინისტრატორი კონსულტანტ გოგონებს აფრთხილებდა, ხშირად მოერიათ, რათა "ძველის ფერი" არ ჰქონოდა... მომხმარებლებს ხშირად მოჰქონდათ აჭრილი რძე, ობიანი მაწონი, ამჟავებული და დაობებული იოგურტები, რომელთაც ვადა გასული არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც გაფუჭებული იყო.

ნახევარფაბრიკატებს ქარხნული ვადა გარედან აქვს მიკრული. კონსულტანტები ვალდებული არიან, ვადა ამოჭრან და ზედ დაადონ, რათა მომხმარებელს მისი შემოწმების საშუალება პირადად ჰქონდეს. მაგრამ იყო ასეთი შემთხვევებიც: სოიის სამარხვო კატლეტს, რომელიც კომპანიის დისტრიბუციას აწონილი და დაფასოებული მოაქვს, ვადა გაუვიდა. ადმინისტრატორმა "გამოსავალი" იპოვა - კატლეტები ხუთ-ხუთად დააწყო პლასტმასის თეფშებზე, "დაგრინა" (ულუფაზე ცელოფანის გადაკვრა) და "ვადაც" დააკრა.

- ვადა საიდან მოიტანა?

- დაგრინვის შემდეგ ავწონეთ. სასწორიდან ამობეჭდილ ფასზე, თარიღიც ეწერებოდა და ის დააკრეს, ანუ ფასის ქაღალდზე ამობეჭდვის თარიღი გამოშვების ვადად უნდა ჩათვლილიყო. ასევე ხდებოდა შოკოლადებზე, განსაკუთრებით, სუფლეზე. რამდენჯერმე მომხმარებელმა ჩეკიც უკან მოიტანა და აყალმაყალიც ატეხა, რის შემდეგაც გაფუჭებული პროდუქტი საღზე გადავუცვალეთ... რადგან კულუარებში არსებული სიტუაცია ვიცი, პლასტმასის თეფშებზე დაგრინული ნებისმიერი საკვების შეძენას ვერიდები და სხვებსაც ვაფრთხილებ.

ელენე, 24 წლის, მომხმარებელი: - ფასდაკლებები იმ პროდუქტებზე ცხადდებოდა, რომელთაც ვადა ორ-სამ დღეში გასდიოდათ. ძალიან დიდი მოთხოვნა იყო კარაქზე, რომელიც 2,10 ღირდა, ფასდაკლებით კი 1 ლარი ხდებოდა და უფრო მეტად მოხუცები ყიდულობდნენ. ცხადია, მომხმარებელი 500-გრამიან კარაქს 2-3 დღეში ვერ მიირთმევდა. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ვადაგასული პროდუქტის ჭამა უწევდა...

ვადაგასული პროდუქცია, განსაკუთრებით რძის ნაწარმი, ე.წ. ფილფაკის რძე და ხაჭო, "გადამუშავების" შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა. რაც შეეხება ძეხვეულს, რომელსაც ვადის გასვლის შემდეგ ფერი ეკარგება და შავდება, მისი "განახლება" ამგვარად ხდებოდა - წყლით სავსე არაჟნისთვის განკუთვნილ პლასტმასის ვედროში 3-4 საათით ვდებდით და შემდეგ ისევ მაცივარში ვაბრუნებდით. ვადაგასული ძეხვებისგან მზადდებოდა ჰოთ-დოგიც, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო.

გიგა ქურდოვანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: - საქართველოში, ოფიციალურად, 50 ათასზე მეტი ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული, არარეგისტრირებულიც ამდენივეა და მათი ყოველდღიურად გაკონტროლება შეუძლებელია, ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.

ბოლო ორი წელიწადია, რაც სურსათის კონტროლი მიმდინარეობს, მანამდე წინა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ბიზნესი ამ პრობლემას თავად მოაგვარებდა. არადა, სახელმწიფო კონტროლი ყველა ქვეყანაში არსებობს. მხოლოდ 2013 წელს იმდენ საწარმოს ჩაუტარდა ინსპექტირება, რამდენსაც წინა სამ წელიწადში ერთად. სააგენტო უფრო ხშირად ამოწმებს მაღალი რისკის შემცველ პროდუქტებს.

- დახლზე ხშირად დევს ვადაგასული პროდუქტები...

- ამ შემთხვევაში თავად მაღაზიამ, ბიზნესოპერატორმა არ უნდა დაუშვას, რომ მის თაროზე ვადაგასული პროდუქცია ეწყოს. როცა მარკეტში ან სუპერმარკეტში მომხმარებელი ასეთ ფაქტს წააწყდება, ცხელ ხაზზე უნდა შეგვატყობინოს (291-91-67) და ობიექტზე ჩვენი აგენტი ოპერატიულად გამოცხადდება.

საერთოდ, საზოგადოების აქტიურობის გარეშე სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. თავის მხრივ, მომხმარებელმაც არ უნდა იყიდოს სადღაც ღობის ძირში დახლზე დადებული ხორცი და ყველი. როცა მყიდველი არ იყიდის, გამყიდველიც არ გამოიტანს და ასეთი ტიპის პრობლემები თანდათან მოგვარდება.

ლალი პაპასკირი