"ნავთობიზნესში კარტელური გარიგებაა" - კვირის პალიტრა

"ნავთობიზნესში კარტელური გარიგებაა"

ნავთობის ბაზრის შესწავლა და მასზე ზემოქმედება კონკურენციის სააგენტოს

ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

საწვავის ბაზარზე დასარეგულირებელია არა მარტო საცალო ფასების, არამედ საწვავის ხარისხის პრობლემაც

ნავთობის ფასი ბოლო ორწლიან პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.B გასული კვირის ბოლოს, მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 82-84 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მნიშვნელოვნად არის შემცირებული საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე, რაც საწვავზე ფასის დასაწესებლად ათვლის წერტილად მიიჩნევა საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიებისთვის. ბოლო მონაცემებით, 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 805 დოლარი იყო, დიზელის (L62) კი 757,5 დოლარი. საერთო ჯამში, მხოლოდ ბოლო ექვს თვეში "შავი ოქროს" ფასმა დაახლოებით მეოთხედით(!) დაიკლო. ადგილობრივ ბაზარზე კი საწვავი უმნიშვნელოდ გაიაფდა. ნავთობპროდუქტების რეალიზატორებმა საცალო ქსელში ფასები 3-5 თეთრით შეამცირეს.

1 ლიტრი საწვავი ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს საცალო ქსელში დაახლოებით 40-50 თეთრით გაძვირდა. 2007 წლის მონაცემებით, 1 ლიტრი სუპერის მარკის საწვავი 1,85 თეთრი ღირდა, დღეს უკვე საშუალოდ 2,25 ლარი ღირს. საწვავის ფასი საქართველოში განსაზღვრული პერიოდულობით 5-თეთრიანი ბიჯებით მიიწევდა ზემოთ, რასაც ნავთობიმპორტიორები საერთაშორისო ფასების ზრდით ხსნიდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტები კი ბაზარზე კარტელური შეთანხმებებით, დომინანტი კომპანიების სპეკულაციური ქმედებებითა და მეტი მოგების მიღების სურვილით.

"ბრენტის" ტიპის 1 ბარელი ნავთობი 2007 წელს საერთაშორისო ბაზრებზე დაახლოებით 80 დოლარი ღირდა, 2008-ში 140-145 დოლარამდე გაძვირდა, მომდევნო წელს ისევ დაიკლო და 80 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დაახლოებით 85-90 დოლარის ფარგლებში იცვლებოდა 2010 წელსაც. შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე არეულობის ფონზე, ნავთობმა გაძვირება დაიწყო და 95-110 დოლარის დიაპაზონში აღმოჩნდა. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 2008 წელს 1.010-1.150 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი 805 დოლარი ღირს. გამოდის, ნავთობი ყველაზე ძვირი 2008 წელს იყო, როცა საქართველოში 1 ლიტრი სუპერის მარკის ბენზინი დაახლოებით 2 ლარად იყიდებოდა, ახლა კი 25 თეთრით მეტი ღირს. ასეთ ვითარებაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა - თუ ნავთობიმპორტიორები ფასწარმოქმნისას საწვავის საერთაშორისო ფასებით ხელმძღვანელობენ, რატომ არ ამცირებენ ფასებს მაშინ, როცა ნავთობპროდუქტების ფასი მსოფლიო ბაზრებზე საგრძნობლად მცირდება.

ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, როცა 2008 წელს 1 დოლარი 1,40-1,45 ლარი ღირდა, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე საწვავი გაცილებით ძვირი იყო, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა ბენზინში უფრო მეტის გადახდა უწევდათ, ვიდრე დღეს, მაგრამ საცალო ქსელში საწვავი, სულ ცოტა, 20 თეთრით ნაკლებად იყიდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვებისას კომპანიები საწვავს 20-30 თეთრით იაფად აწვდიან, ვიდრე საცალო ქსელში. გასაგებია, რომ საბითუმო და საცალო ფასი ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს, მაგრამ სხვაობა მეტისმეტად თვალში საცემია.

2005 წლამდე საქართველოში საწვავი ასზე მეტ კომპანიას შემოჰქონდა. შემდეგ ბაზარზე ოლიგოპოლიური ვითარება ჩამოყალიბდა და დღეს საწვავის ბაზარს, ძირითადად, ხუთი კომპანია ინაწილებს: "სოკარი", "ვისოლი", "ლუკოილი", "რომპეტროლი" და "გალფი". ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა - ხომ არა გვაქვს საქმე კომპანიებს შორის  ფასზე კარტელურ შეთანხმებასთან, რადგან ამ თვალსაზრისით კონკურენცია სუსტია და მომხმარებელს არჩევანი, ფაქტობრივად, არც აქვს.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის" გენერალური დირექტორი: "ბოლო ექვს თვეში მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი დაახლოებით 25%-ით შემცირდა, საქართველოში კი ამ მასშტაბის კლება არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ სახეზე გვაქვს ქვეყანაში კარტელური გარიგების ყველა ნიშანი. ამ ბაზარზე რამდენიმე კომპანია საქმიანობს და მათ შორის კონცენტრაციის ხარისხიც მაღალია. ეს საშუალებას აძლევთ, შეთანხმებულად იმოქმედონ და იმაზე მეტი მოგება მიიღონ, ვიდრე ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.

როგორც ვიცი, ერთ-ერთი პირველი სფერო, რომელსაც კონკურენციის სააგენტო შეისწავლის, სწორედ ნავთობის ბიზნესი იქნება. იქ უკვე შესულია განაცხადები ამ ბაზრის კვლევის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, ამ ბაზრის კონტროლი აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ

ნავთობკომპანიები საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ, ჩემი აზრით, ეს ციფრი, სადღაც, 30-40 თეთრია. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეს მარჟა შეიძლება უფრო დაბალი ყოფილიყო.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კონკურენციის სააგენტოს ამ საკითხით დაინტერესება, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ფასი ვიღაცის დირექტივით ვერ შემცირდება. პრობლემა უნდა გამოასწოროს იმან, ვინც მას სწავლობს და ხედავს. ამ შემთხვევაში ეს კონკურენციის სააგენტოა, რომელმაც საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატაროს".

ვასო ურუშაძე, კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელი: "2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი დაპირება საწვავის ფასის მკვეთრი კლების შესახებ, ოცნებად დარჩა. საზოგადოებაში ამ საკითხისადმი ინტერესი კვლავაც დიდია, რადგან თითოეული მოქალაქის ხარჯებში დიდია საწვავის წილი.

დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ბენზინის ფასს არა მთავრობა, არამედ ნავთობზე საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს. მაგრამ ამჟამად რაც ხდება, ასეთი გაურკვევლობა არასდროს ყოფილა.

2014 წლის ივნისის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი 25%-ით შემცირდა, საქართველოში კი ბენზინი მხოლოდ 2,5%-ით გაიაფდა.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სანავთობე ბაზარზე სხვა დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელ ნავთობზე ფასის საგრძნობლად შემცირება შესაძლებლობას აძლევდა ნავთობიმპორტიორებს, საქართველოში საწვავი გაიაფებულიყო. არგუმენტი, რომ საქართველოში საწვავზე ფასებს ნავთობზე საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს, უკვე დაუჯერებელი ჩანს. ფაქტი ერთია, ივნისის ბოლოს 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ფასი 1.050 დოლარი იყო, ბოლო ერთი თვის მონაცემებით კი საშუალო ღირებულება 805 დოლარია. საქართველოში კი საწვავზე ფასმა მხოლოდ საშუალოდ 0,03 ლარით დაიკლო. ამ ყველაფრის უკან რა ინტერესებიც უნდა იმალებოდეს, გამოდის, ან ხელისუფლება არის ქმედუუნარო და კონკურენციის სააგენტო, ფაქტობრივად, უძლურია, ან თავად ხელისუფლების თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესებთანაც გვაქვს საქმე.

ნავთობის საერთაშორისო ფასიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში საწვავი მინიმუმ 20%-ით იაფი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის, დაზარალებული კი ისევ საქართველოს მოსახლეობაა".

ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "იყო დრო, საქართველოში დიდმა თუ პატარამ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა მეცხრე ბლოკი, ახლა კი ყველამ იცის, რა არის "პლატსის" ფასი.

სამი დიდი პრობლემა აქვს საქართველოში ნავთობბიზნესს: რაოდენობას იპარავენ და 100 ლიტრის ნაცვლად ასხამენ რამდენიმე ლიტრით ნაკლებს; ხარისხი ბევრად შორს არის იმ ხარისხისგან, როგორადაც ასაღებენ საწვავს, ამას განსაკუთრებით ისინი გრძნობენ, ვისაც მაღალ ხარისხზე მომუშავე მანქანები ჰყავთ და მესამე, ეს არის ფასი. მთავარი ის კი არ არის, რატომ ღირს ბენზინი 2,30 ლარი, არამედ ის, თუ რა ბენზინში ვიხდით ამ ფასს.

ხშირად გვაყვედრიან ნავთობიმპორტიორები: ევროპაში ამ ხარისხის ბენზინი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოშიო, მაგრამ არ აკონკრეტებენ, როგორ შეუძლიათ ევროპიდან შემოტანილი საწვავის იმაზე დაბალ ფასად გაყიდვა, ვიდრე იქ იყიდება. ხშირად აზერბაიჯანულ საწვავს ურევენ ევროპულ საწვავში და საწვავის მოცულობას ასე ზრდიან. ამიტომ პრობლემის მოგვარება ფასით კი არა, ხარისხის კონტროლით უნდა დავიწყოთ. სახელმწიფოს სათანადო ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა ჰქონდეს და ერთხელ რომ დასჯის კანონდამრღვევს, მეორე ამას აღარ გაბედავს".