სურსათის ფასების ინფლაცია არასასურსათო საქონელზე 2,5-ჯერ მეტია
27-10-2014
სურსათის ფასების ინფლაცია არასასურსათო საქონელზე 2,5-ჯერ მეტია
"სოფლის მეურნეობა ჯერჯერობით ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება, ჯაჭვის სიმყარე კი სწორედ ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება"

ბოლო დროს ადგილობრივი წარმოების რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის, გვალვიანი ზაფხული და მწირი მოსავალი. აგრეთვე, სეზონურობა, რომლის დროსაც ადგილობრივად მოყვანილი სურსათის მარაგი ილევა. ფასების ზრდას განაპირობებს რუსეთში ექსპორტის გაზრდაც. ფასების ზრდა ყველაზე დიდ ტვირთად დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აწვება, რომლის შემოსავლები არ იზრდება პროდუქციის გაძვირებასთან ერთად.


"კვირის პალიტრამ" ადგილობრივ
ბაზარზე რამდენიმე ძირითადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის ფასებს გადაავლო თვალი. მაგალითად:


1 კგ კარტოფილის ფასი 1-1,40 ლარია ხარისხის მიხედვით და შარშანდელთან შედარებით, 20-30 თეთრით  ძვირი ღირს.

ის კი ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია მოსახლეობის დიდი ნაწილის რაციონში. გამყიდველები კიდევ ელოდებიან კარტოფილის გაძვირებას, რადგან საქართველოში მოსავალი წლეულს მწირი
იყო და მარაგები მალე ამოიწურება.

შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ვაშლის ფასიც, დაახლოებით 20-40 თეთრით და 1 კგ 1,50-2 ლარი ღირს. წლეულს ძვირია ყურძენიც, რის მიზეზადაც ღვინის ქარხნების გაზრდილ მოთხოვნას ასახელებენ, ამის საფუძველი კი ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაა.
უკვე თითქმის მოილია პამიდორი და მისი ფასი 1 კგ-ზე 4-6 ლარს აღწევს. საკმაოდ ძვირი ღირს ლობიოც, მისი ფასი, სხვადასხვა ხარისხისა და ჯიშის გათვალისწინებით, 3-6 ლარის ფარგლებშია.
გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები რძის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ყველი გაძვირდა და კილოგრამზე 9,50-დან 11 ლარამდე მერყეობს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ჩვენს სამომხმარებლო ბაზარსა და ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სეზონური ფაქტორი. ეს ტრადიციულად ასეა, რადგან ჩვენი წარმოების, ეკონომიკის, სამომხმარებლო კალათის პროფილი ისეთია, რომ სურსათს მაღალი წილი უკავია. იყო დრო, როცა ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი თითქმის 60%-ს აღემატებოდა, შემდეგ ნელ-ნელა მცირდებოდა და ახლა 30%-ის ფარგლებშია, მაგრამ ეს მაინც დიდი წილია. ევროზონაში ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება. ამიტომ სურსათზე ფასების ზრდა ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება.

იმის გამო, რომ ბოლო დროს აგროსასურსათო საქონლის ექსპორტი გაიზარდა, შიდა ბაზარზე კი ამ საქონელზე მოთხოვნა არ გამქრალა, შესაბამისად, იზრდება ფასებიც. ეს აისახება ისეთ ეკონომიკურ ინდიკატორებში, როგორიცაა საარსებო მინიმუმი და ინფლაციის მაჩვენებელი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკე სასურსათო სფეროში ინფლაციამ თითქმის 2,5-ჯერ გადააჭარბა არასასურსათო საქონლის ინფლაციას, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ამა წლის სექტემბრისთვის სურსათი დაახლოებით 8,4%-ით გაძვირდა შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, ხოლო არასასურსათო საქონელი და მომსახურება ჯამში მხოლოდ 3,3%-ით გაგვიძვირდა. იმავდროულად, საარსებო მინიმუმი გაიზარდა მხოლოდ 5,5%-ით, რაც ნიშნავს, რომ სურსათის ფასების ზრდამ გადაუსწრო საარსებო მინიმუმის ზრდას.

ამ თითქოსდა მშრალი ციფრების მიღმა ჩანს, რომ ფასების ზრდისა და ინფლაციის ტვირთი ყველაზე მძიმედ სწორედ დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა და შინამეურნეობების ბიუჯეტს აწვება. თუ მაღალშემოსავლიან ოჯახებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი 18%-ია, ღარიბებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ს აღწევს. ასეთი ოჯახებისთვის ფასების თითო პროცენტით ზრდაც კი უმძიმეს გავლენას ახდენს მსყიდველობითი უნარის შემცირებაზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს შიდასამომხმარებლო ბაზარზე გავლენას  ახდენს არა მხოლოდ ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. სურსათის იმპორტის მოცულობაც დაახლოებით შეესაბამება საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილ დამატებულ ღირებულებას - ანუ რამდენ სურსათსაც ვაწარმოებთ, იმდენივე შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან.

ბოლო წლებში სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებისთვის და მისი დაფინანსება გაზარდა, თუმცა, ამ გზით მოქმედების შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. პირდაპირი დახმარების ნაცვლად, ალბათ, უფრო ეფექტური იქნებოდა საკანონმდებლო, რეგულირების ფორმების შემოღება და იმ ცოდნის,  გამოცდილების გაზიარება, რაც აგრარულად დაწინაურებულმა ქვეყნებმა დააგროვეს. აგრეთვე, საჭიროა წვრილი მეურნეობების ხელშეწყობა კოოპერატივებში გაერთიანებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ყოველწლიურად იმ 1 მილიარდ დოლარზე მეტი, რომელსაც იმპორტზე ვხარჯავთ, ქვეყნის შიგნით უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ და ადგილობრივი პროდუქციის შესაძენად დავხარჯოთ. მაგალითად, ჩვენთან აგრარულ სექტორში დასაქმებულ ერთ ადამიანს შეუძლია იმდენი პროდუქცია შექმნას, რომ გამოკვებოს საშუალოდ 2,5 ადამიანი მაშინ, როცა ევროპელს შეუძლია 63 ადამიანის, ამერიკელს - 69-ის, ხოლო ისრაელში მცხოვრებს - 95-ის გამოკვება. ასე რომ, აგრარული სექტორი ჩვენთან, სამწუხაროდ, კვლავაც ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება. ჯაჭვის სიმყარე კი, მოგეხსენებათ, მისი ყველაზე სუსტი რგოლით განისაზღვრება. ამიტომ, რა წარმატებასაც უნდა მივაღწიოთ საფინანსო სექტორში, გადამმუშავებელ მრეწველობაში ან სხვა მიმართულებით, აგრარული სექტორი ჩვენი აქილევსის ქუსლად დარჩება. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების დონეზე მისი აყვანის გარეშე, ყოველთვის ვიქნებით რისკების, კრიზისებისა და მუდმივი დაუკმაყოფილებლობის რეჟიმში მყოფი ქვეყანა".
teimuraz lolomadze
28 ოქტომბერი 2014 12:54
თითქმის ყოველდღე ვყიდულობ 2-3 კილოგრამ კარტოფილს ნავთლუღის ბაზარში და ბოლო ერთ თვეზე მეტია არის სტაბილური ფასი 0,7-1ლარი ხარისხის მიხედვით,უფრო ზომის მიხედვით,თორემ ხარისხს სანამ არ გათლი ვერ გაიგებ.სექტემბერში იყო რამდენიმე დღე როცა ე.წ. პიკასო ღირდა 1,2 ლარი.ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გუშინაც და დღესაც სპეცილურად შევიარე ნავთლუღის ორივე ბაზარსი და წერილში არნიშნული ფასები ვერ აღმოვაჩინე.მეტრო დელისთანაც კი,სადაც მე მგონი თბილისში ყველაზე მაღალი ფასებია,სავაჭრო წერტებში 1ლარზე ძვირი კარტოფილი სპეციალურად უნდა ეძებოთ,1,4ლარზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.რაც შეეხება ვაშლს,იმავე ნავთლუღის ბაზარში დღეს მისი ფასი 0,5-1ლარია ხარისხის და სახეობის მიხედვით და არა 1,5-2ლარი,დიდი ძებნა დამჭირდა რომ ორ ადგილზე მეპოვა 1,5ლარიანი ცარსკი.საუკეთესო ბროცკიც კი 1ლარი ღირს.15 წელზე მეტია თითქმის არ ვტოვებ კვირის პალიტრის არცერთ ნომერს და ასეთმა უმნიშვნელო უზუსტობამაც კი გული დამმწყვიტა.იქნებ მიმითითოთ სად იპოვა ასეთი ფასები ავტორმა,თუ საფირმო მაღაზიებში მაშინ ბაზარი რა შუაშია.

რედაქტორის რჩევით