კახეთში რქოსანი პირუტყვი უცნობი დაავადებით იხოცება - კვირის პალიტრა

კახეთში რქოსანი პირუტყვი უცნობი დაავადებით იხოცება

"კლინიკური ნიშნებით, დაავადება  ყვავილის ტიპის უნდა იყოს"

"ავადმყოფი საქონლისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები საშიში არ არის"

კახეთში უცნობი დაავადებით პირუტყვი ეცემა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირუტყვი რამდენიმე დღე უარს ამბობს ჭამაზე, არანაირი წამალი არ შველის, შემდეგ კი ეცემა. მოსახლეობა რძის პროდუქტების მოხმარებისგან თავს იკავებს...

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ვერიკო გულუა ამბობს, დაავადების ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ არის: "ჩვენმა სპეციალისტებმა აიღეს ნიმუშები დაავადებული ცხოველებისგან და ამჟამად ლაბორატორიული კვლევის დასკვნას ველოდებით, რათა ზუსტად დადგინდეს, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე".

იმის გასარკვევად, რამდენად გავრცელებულია ამ ეტაპზე დაავადება და საშიშია თუ არა დაავადებულ საქონელთან შეხება, ან მისი ხორცი და რძის პროდუქტები,  სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქურდოვანიძეს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, დაავადება მიმდინარეობითა და კლინიკური ნიშნებით, სავარაუდოდ, ყვავილის ტიპის დაავადებაა. "ახლა მისი ქვეტიპის დადგენა მიმდინარეობს. ეს არის ნოდულარული დერმატიტი. თუმცა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის დადებამდე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით".

მისივე თქმით, ეს დაავადება მოსახლეობისთვის საშიში არ არის. დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გადამტანი მწერები არიან. "ჩვენ ვატარებთ საჭირო ღონისძიებებს სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა მწერები არ გავრცელდეს. ასევე ვამუშავებთ საქონელს საჭირო საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს".

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დაავადებულია საქონლის 2%-დან 10%-მდე. დაახლოებით ასეთია პირუტყვის დაცემის მაჩვენებელიც.

ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ პირუტყვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდება. ვაქცინა საქართველოში არ არის, მის შემოსატანად მიმდინარეობს მოლაპარაკება.

დაავადება პირველად დედოფლისწყაროში გამოვლინდა. მისი გაჩენის მიზეზებზე საუბრისას გიორგი ქურდოვანიძე სხვადასხვა ფაქტორზე აკეთებს აქცენტს: "ძალიან დიდი გვალვა იყო, ფართობების გაუდაბნოება მიმდინარეობს, კლიმატი შეცვლილია და ისეთი ფლორა და ფაუნა გაჩნდა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო. რაც შეეხება საქონლის ხორცის რეალიზაციას,

დაავადებული საქონლის ხორცი სარეალიზაციოდ ვერ გავა, რადგან საქონელი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ხორცის რეალიზაციის ყველა ობიექტი ვალდებულია, არ მიიღოს ის  ფორმა #2-ის გარეშე. ეს დოკუმენტი გარანტიაა იმისა, რომ საქონელი დაკლულია სასაკლაოზე, დაკვლის წინ შეამოწმა ექიმმა და სარეალიზაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ავადმყოფი საქონლისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტები საშიში არ არის.

ლაბორატორიული დასკვნის დადების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო უფრო დეტალურად განიხილავს იმ რისკებს, რაც ავადმყოფობის კერების ზონებში შეიძლება არსებობდეს და საჭირო ზომებს მიიღებს".

თამარ კორკოტაშვილი