უკრაინული სცენარით ისევ საქართველოში...
10-11-2014
უკრაინული სცენარით ისევ საქართველოში...
თრუსოს ხეობა, ჯავახეთი, ავარეთ-კახეთის გზა - აი, იმ ტერიტორიების არასრული ჩამონათვალი, სადაც შესაძლოა, ისედაც ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს ახალი პრობლემები შეექმნას...

ის, რაც უკრაინაში ხდება, იმ სცენარის გამეორებაა, რომელიც კრემლმა ორჯერ (ჯერ 1992-1993, ხოლო შემდეგ 2008 წელს) განახორციელა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

დღეს შეიძლება კრემლი ისევ საქართველოს მოუბრუნდეს და დაწყებული ოკუპაციის დამთავრება განიზრახოს. ახალი დაძაბულობის კერების მოძებნა პუტინის რეჟიმს არ გაუჭირდება. ეს შეიძლება იყოს თრუსოს ხეობა, სადაც მოსალოდნელია შეჭრა "ოსური" მიწების
"გასათავისუფლებლად", დაღესტნიდან კახეთისკენ მომავალი მუდმივმოქმედი გზა ან სულაც ჯავახეთი, რომლის დონბასის სცენარით აფეთქება ძალზე იოლია.
მოსკოვის უმთავრესი მიზანი კვლავ რუსეთიდან სომხეთამდე პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო გზების აღდგენაა. სარკინიგზო გზა ყველაზე იაფი და მოსახერხებელია და ტექნიკურადაცAAAA რთული არც არის სოხუმი-ინგირის მონაკვეთის აღდგენა. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა საქართველოს
ყოფილ და ახლანდელ ხელისუფალთა პოზიციაა, რომლის თანახმად, აფხაზეთში ქართველ დევნილთა დაბრუნებამდე რკინიგზის ამუშავება გამორიცხულია. მართალია, საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ საკითხზე მოლაპარაკებას, მაგრამ სომხეთის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა საჯაროდ დაადასტურა, რომ ასეთი მოლაპარაკებები იმართება და თანამოქალაქეები დააიმედა, რომ მალე სომხები რუსეთში კუპეებიანი ვაგონებით კომფორტულად იმგზავრებენ. თრუსოს ხეობა, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდ. თერგს ს. კობამდე ჩაჰყვება, ადრეც იყო ცხინვალელი სეპარატისტების ინტერესის საგანი და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ედუარდ კოკოითი კრემლს აქეზებდა, თრუსოს ხეობაში რუსული დანაყოფები შეეყვანა და ეს ხეობა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის" მიეერთებინა. რამდენიმეწლიანი სიჩუმის  შემდეგ სეპარატისტები ამ თემაზე კვლავ ალაპარაკდნენ და მათი გააქტიურება შემთხვევითი არ უნდა იყოს.

ერთდროულად რამდენიმე ცხელი წერტილის შექმნით (იქნება ეს თრუსოს ხეობა, ავარეთ-კახეთის გზა თუ ჯავახეთი) მეორდება 2008 წლის აგვისტოს სიტუაცია, როდესაც ჩვენს იმდროინდელ ხელისუფლებას ორ ფრონტზე მოუხდა ყურადღებისა და ძალების მობილიზება და ორივე მიმართულებით მარცხი იწვნია.
ზამთარში ნაკლებად არის მოსალოდნელი საქართველოში სავარაუდო ახალი ცხელი წერტილების შექმნა. რუსეთი გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში იწყებს ხოლმე საბრძოლო აქტიურობას, რათა ჯავშანტექნიკამაც დაუბრკოლებლად იაროს და ავიაციასაც მოწმენდილი ცა ჰქონდეს. ამიტომაც 2015 წლის გაზაფხულ-ზაფხული, შესაძლოა, ახალი დაძაბულობის დასაწყისად იქცეს.

მანამდე კი რუსეთმა დაამთავრა როკის გვირაბის კაპიტალური რემონტი, რათა ზამთარში ოკუპირებულ ცხინვალთან მისასვლელი გზა ჰქონდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით