საქართველოს ნავთობრესურსების "ანატომია"
10-11-2014
საქართველოს ნავთობრესურსების "ანატომია"
საქართველო 100%-ით იმპორტირებულ საწვავს მოიხმარს, რომლის დიდი ნაწილი მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოდის და ბიზნესის მოგების მარჟას რომ თავი დავანებოთ, გასაყიდ ფასში დიდი წილი ტრანსპორტირების ხარჯსაც უჭირავს. არადა, საქართველო თავადაც მოიპოვებს "ბრენტის" ტიპის ნავთობს და მისი მთელი მოცულობა ექსპორტზე გადის, რადგან ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა არა გვაქვს. რამდენიმე უცხოური კომპანია საქართველოში ნავთობს უკვე თითქმის 20 წელია მოიპოვებს, ზოგი შედეგიანად, ზოგიც უშედეგოდ და წლიდან წლამდე მხოლოდ კვლევა-ძიების სამუშაოებს სჯერდება. არადა, მათი წარმოება მილიონობით დოლარი ჯდება...
ჩვენ დავინტერესდით საქართველოში არსებული ნავთობის საბადოებითა და მისი რესურსებით. აღმოჩნდა, რომ საქართველოს საკმაოდ იმედისმომცემი პოტენციალი აქვს, თუმცა, ეს თემა ყველა ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება.

სოსო ღუდუშაური, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის, ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი-მთავარი გეოლოგი: "საქართველოში ბევრია ნავთობის ზედაპირული გამოსავლები (მიწის
ზედაპირზე ნავთობის გამონაჟონი) და ამ მაჩვენებლით ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. გამონაჟონები არის მთიან კახეთში, გომბორის ქედზე, გურიაში, თბილისის მიდამოებში. ნავთლუღი თბილისის ერთ-ერთ უბანს სწორედ ნავთობის ზედაპირული გამონაჟონების გამო უწოდეს.

შედარებით სისტემატური ყურადღება ამ დარგს XIX საუკუნეში დაუთმეს, როცა საქართველოში ძმები სიმენსები შემოვიდნენ. ნავთობის ზედაპირული გამოსავლების უბნებზე პატარა ორმოებს თხრიდნენ და კუსტარულად მოიპოვებდნენ. XIX საუკუნის მიწურულს ნავთობის მოპოვებამ ათასობით ტონას მიაღწია, რაც საკმაოდ დიდი მოცულობა იყო იმდროინდელი მსოფლიოსთვის. საბჭოთა პერიოდამდე ნავთობს ძირითადად უცხოური კომპანიები მოიპოვებდნენ, მისგან ნავთს ხდიდნენ განათებისთვის, თუმცა, დარგი მნიშვნელოვნად არ განვითარებულა.

- ყველაზე მეტ ნავთობს როდის მოიპოვებდნენ?

- 1929 წელს საქართველოში შეიქმნა სპეციალიზებული სახელმწიფო დაწესებულება "საქნავთობი" და მას გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ექსკლუზიური უფლება. დაახლოებით იმავე პერიოდში აშენდა ბათუმის ნავთობის გადამმუშავებელი ქარხანა, რომლის წარმოებულ ნავთობპროდუქტებს ისევ საქართველოში მოიხმარდნენ. 1974 წლამდე საქართველოში წელიწადში დაახლოებით 15-30 ათას ტონა ნავთობს მოიპოვებდნენ. მას შემდეგ კი, რაც სართიჭალაში, მსოფლიო მასშტაბით საშუალო სიდიდის საბადო აღმოაჩინეს, დარგში გარდატეხა მოხდა. თუ მანამდე თითო ჭაბურღილიდან დღეში ერთ, ხუთ ან თუნდაც ათ ტონა ნავთობს მოიპოვებდნენ, ახალაღმოჩენილ საბადოზე გაბურღული ჭაბურღილებიდან უკვე ასეულობით ტონას იღებდნენ.

3-4 წელიწადში საქართველოში ნავთობმოპოვებამ მილიონ ტონას მიაღწია, მაქსიმუმი კი 1980-1983 წლებში აღირიცხა - წელიწადში 3-3,3 მლნ ტონა. 1983 წლიდან მოპოვების მოცულობამ ნელ-ნელა შემცირება დაიწყო. საბადოების აღმოჩენა და გამოყენება კანონზომიერებებს ექვემდებარება, განსაზღვრული მოცულობის მოპოვების შემდეგ საბადო ბერდება, იფიტება. მოპოვების მოცულობის შესანარჩუნებლად, ან უკეთეს შემთხვევაში, გასაზრდელად, აუცილებელია ახალი საბადოების აღმოჩენა. 1983 წლის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ისეთი მასშტაბის საბადო, როგორიც სამგორის სამხრეთი თაღისა და თელეთის საბადოებია, არ აღმოუჩენიათ.

- დამოუკიდებლობის წლებში ამ დარგს რა ბედი ეწია?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნავთობის მოპოვება შენელდა, ბოლოს საერთოდ შეწყდა როგორც ბურღვითი სამუშაოები, ისე არსებულ საბადოებზე ნავთობის ეფექტურად მოპოვება. საბჭოთა პერიოდის შემდეგ მინიმალური წლიური მოპოვება 1995 წელს იყო - 42 ათასი ტონა. შემდეგ მოხდა  უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, 1999 წელს მიიღეს კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ", 2000 წელს შეიქმნა ნავთობისა და გაზის სააგენტო, მუშაობდა ნავთობის კომპანია "საქნავთობიც", შეცვლილი ფუნქციებით.  დღეს საქართველოში 7-8 უცხოური კომპანია მოიპოვებს ნავთობს და აწარმოებს კვლევა-ძიებით სამუშაოებს, მათზეა გადანაწილებული არსებული სალიცენზიო ბლოკები. საქართველოს მთელი ტერიტორია და ზღვის შელფიც დაყოფილია ბლოკებად, რომლებზეც მუშაობის უფლება დაინტერესებულ ფირმებს ტენდერის საფუძველზე გადაეცემათ. ყველაზე დიდი ტერიტორია ინდურ კომპანია "ჯინდალს" უჭირავს, გარე კახეთში მუშაობს ამერიკული "ფრონტერა", თბილისთან ახლოს მუშაობს "კანარგო" და ა.შ. ამჟამად საქართველოში წლიური მოპოვება დაახლოებით 50 ათასი ტონა ნავთობია.

-  საქართველო ნავთობის მოპოვების ადრინდელ მასშტაბს რომ დაუბრუნდეს, რა არის ამისთვის საჭირო?
- ყველა ის 16  საბადო, რომლებზეც ახლა მოპოვება მიმდინარეობს, საბჭოთა პერიოდშია აღმოჩენილი. ყველა მათგანი დაბერებული და გამოფიტულია. ახალი არ აღმოუჩენიათ. საბადოს აღმოჩენა დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს, სამუშაოები მრავალი მილიონი დოლარი ჯდება.  ამიტომ ჩვენი კონტრაქტორები საძიებო სამუშაოებისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ. თუ კონტრაქტორები მაქსიმალურად გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ისინი შედეგიანი აღმოჩნდება, ჩვენს გეოლოგიურ პირობებში, უკვე არსებულ საბადოებზე არის წლიურად 150-200 ათასი ტონა ნავთობის მოპოვების პოტენციალი.

ჯერ საბჭოთა სამეცნიერო და შემდეგ უცხოური კომპანიების კვლევების თანახმად, ჯამურად 40-ზე მეტი პერსპექტიული ფართობია, სადაც, თუ გავბურღავთ, შესაძლოა, ახალი საბადოები აღმოჩნდეს, მათ შორის - შავი ზღვის შელფზეც. აღსანიშნავია, რომ შელფზე წლების განმავლობაში საძიებო სამუშაოებს წარმართავდა კომპანია "ანადარკო", შედეგად მოინიშნა რამდენიმე ადგილი, სადაც ნავთობი უნდა იყოს. თუმცა, მიზეზთა გამო, კომპანიამ საქართველო დატოვა. ახლა, ფაქტობრივად, ყველაფერი მზად არის, რომ სხვა კომპანიამ  შელფზე მოპოვება წამოიწყოს. გარდა ამისა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს მანავისა და ნორიო-მარტყოფის მონაკვეთებზე,  აქ რამდენიმე უბანზე ჭაბურღილები უკვე გაბურღულია და იყო პირველადი ნიშნები, რომ იქ ნავთობი არის. \თუ მოლოდინი გამართლდა, შესაძლოა, საქართველოში რამდენიმე წელიწადში ნავთობის მოპოვება მკვეთრად გაიზარდოს.

- სულ რა რესურსებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ამოსაღები მარაგი დარჩენილია ძველ, გამოფიტულ საბადოებში - ნავთობის დაახლოებით 7,3 მილიონი ტონა, ხოლო გაზი - 7 მილიარდი კუბური მეტრი. მეორე კატეგორია პირობითი რესურსებია, რომლებიც ბურღვით აღმოვაჩინეთ, მაგრამ მათი კომერციულობა ჯერ არ არის დადასტურებული. ასეთი რესურსები საქართველოში გვაქვს ნავთობის 51 მილიონი ტონა, ხოლო გაზის დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი. დაბოლოს, ნაკლებად დასაბუთებულ, პერსპექტიულ რესურსებს გეოლოგები აფასებენ ისეთ უბნებზე, სადაც ჯერ არ გაბურღულა, მაგრამ წინასწარ ვცდილობთ შეფასებას, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ასეთი რესურსები შეფასებული გვაქვს ნავთობის დაახლოებით 680 მილიონი ტონა, ხოლო გაზის - 150 მილიარდი კუბური მეტრი. ეს მონაცემი მხოლოდ პერსპექტიულობის მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. საქართველო დღეს წლიურად მოიხმარს დაახლოებით 1,8-2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ნავთობპროდუქტებს - 900 ათასიდან მილიონ ტონამდე. მსოფლიო მასშტაბით საშუალო ზომის ახალ საბადოს თუ აღმოვაჩენთ, გაზსა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას ადვილად დავაკმაყოფილებთ".


irma
12 ნოემბერი 2014 18:23
Xalxo xma amoiget sul ragac 4 milioniani sakartvelo marto am navtobit unda cxovrobdes ga xedavt ra sigaribis zgvarzea misuli xalxi, nutu ar movida dro rom amovisuntkot cota mainc, da im vai patriot chinovnikebsik magla rom sxedan pasuxi movtxovot?!!!
gavazeli
12 ნოემბერი 2014 14:45
გაუდით და გვყვლეფავენ. მე ის მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ მოუმატებიათ. ალბატ მერე ისევ აიწევს ნავთობის ფასი, ესენიც აყაყანდებიან, მსოფლიო ფასი გაძვირდაო და გახდება ბენზინი 2,5-3 ლარი. ვაი ჩვენს პატრონს, ჩვენ ვიდარდოთ თვარა.....
ანდროიდი
11 ნოემბერი 2014 12:59
ფოტო, ვიზუალურ დანრთების დადებას როდის ისწავლით? ზრდილობისთვის დევს ეს რუქა? ფერები კი ჩანს, მაგრამ მთავარი რაც არის - განმარტებები - როგორ უნდა წავიკითხოთ?

და ფოტო სურათებს, მინაწერი ჭირდება საერთოდ, ვინ ან რა არის ფოტოზე. ეს ნებისმიერ ინტერნეტ სტატიას ეხება.

რედაქტორის რჩევით