რისგან დაგვიცავს შეფუთული ხორცპროდუქტი? - კვირის პალიტრა

რისგან დაგვიცავს შეფუთული ხორცპროდუქტი?

საქართველოში ზოგიერთ ბაზარსა თუ არაქსელურ მაღაზიაში ხშირად შეხვდებით დახლზე დაყრილ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის - ხორცის პროდუქტებს, რაც, ცხადია, მომხმარებლის უნდობლობას იწვევს. ზოგჯერ ეს პროდუქტები ვადაგასულიცაა, რაც, შესაძლოა, ვიზუალურად არ ჩანდეს, მომხმარებელი კი მოტყუებული და დაზარალებული რჩება. სასწორებით წონის რეგულირებაც ხომ წლების განმავლობაში აღმოუფხვრელი პრობლემაა. ზოგან იმასაც კი კადრულობენ, რომ ძველ პროდუქტს ახლად დათარიღებულ ეტიკეტს აკრავენ.

შეუფუთავი ხორცი და ხორცპროდუქტები - სოსისი, სარდელი, ძეხვი, მით უფრო, თუ ტემპერატურული რეჟიმიც დარღვეულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახალიც იყოს, ბაქტერიებისა და ჭუჭყისაგან დაუცველია.

ეს პროდუქტები საწარმოდან ჩვენს სახლებში მოხვედრამდე დიდ გზას გადის და არაერთი დაბინძურებული ხელი ეხება, უკვე დახლზე მოხვედრილი პროდუქტის სისუფთავის დაცვა კი ისევ და ისევ გამყიდველის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული - იყენებს თუ არა ის სუფთა ხელთათმანს, ასუფთავებს თუ არა მაცივარს და რომელი ქიმიური საშუალებებით და ა.შ.

ქართველი მომხმარებელი წლების განმავლობაში მიჩვეულია ასაწონი ხორცპროდუქტების შეძენას და ალბათ, არასდროს დაფიქრებულა, რა ნაკლი აქვთ მათ შეფუთულთან შედარებით. მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა შეფუთული პროდუქციის უპირატესობა დიდი ხანია გააცნობიერეს და ასაწონი პროდუქტი წარმოებიდან ამოიღეს. უცხოურ ბაზარზე ასეთ პროდუქტს ოჯახური, მცირემასშტაბიანი წარმოების გარდა თითქმის ვერსად ნახავთ. დიდია დაფასოებულ პროდუქტზე მომხმარებლის მოთხოვნა და ზოგან სალათებიც კი ამგვარი სახით გვხვდება.

საქართველოს ბაზარზეც უკვე გამოჩნდა შეფუთული რძის პროდუქტები, თევზეული, ქათამი, ყველის არაერთი სახეობა.

ალბათ, სოსის-სარდელის კატეგორიის პროდუქციის შეფუთვაც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ გამყიდველთან რიგში დგომა არ მოგვიწევდა და სასურველი რაოდენობის პროდუქტი ჩვენს კალათში რამდენიმე წამში მოხვდებოდა.

შევეცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია, თუ რა უპირატესობა აქვს შესაბამისი პირობების დაცვით სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებულ პროდუქციას.

შეფუთვის დროს შენარჩუნებულია პროდუქტის საგემოვნო თვისებები, არომატი და ხარისხი. პროდუქტს არ სჭირდება კონსერვანტების დამატება, რადგან შეფუთვაში არსებული სპეციალური ატმოსფერო ხელს უწყობს მის უსაფრთხოდ შენახვას, იცავს  მიკრობებისგან. დაცული ატმოსფერული შეფუთვით დაფასოებული პროდუქტი შემადგენლობას, ვიტამინებს, თავის სითხეს ინარჩუნებს, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებებია და მას გამოშრობისგან იცავს.

ასე შეფუთული პროდუქტი პიკნიკზე ან აგარაკზე წასაღებადაც მოსახერხებელია, რადგან მათზე ფიზიკური ზემოქმედება ნაკლებია და არ დაისრისება.

სასურველი იქნებოდა, დროთა განმავლობაში ქართულ ბაზარზეც დამკვიდრდეს პროდუქტის დაცული ატმოსფერული შეფუთვა,  რათა მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ წარმოებიდან დახლამდე მისული პროდუქცია გარე ზემოქმედებისაგან დაცულია. ამგვარმა შეფუთვამ, შესაძლოა, ფასის ოდნავი მომატება გამოიწვიოს, მაგრამ როგორც გავარკვიე, ეს თანხა დიდი არ იქნება და მომხმარებელს მხოლოდ რამდენიმე თეთრით მეტის გადახდა მოუწევს, სამაგიეროდ, პროდუქტი დაცული იქნება და წონაში მოტყუების საფრთხეც - შემცირებული.

ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახალი და უსაფრთხოა ხორცპროდუქტები. დაფასოებულს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა აწერია (მაგალითად, სოსისის და სარდელის შემთხვევაში ვადა ორ კვირაზე მეტი არ უნდა იყოს), ასაწონის ყიდვისას კი (მათი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ რამდენიმე დღეა) იმ მაღაზიების მენეჯერებისა და მომსახურე პერსონალის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული, სადაც მას შევიძენთ.

რაც შეეხება შენახვის ტემპერატურას - ის +6 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. ბაზრებსა და ძალიან ბევრ მარკეტში (სადაც ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ხშირად მაცივრებს თიშავენ) კი ტემპერატურას არავინ აკონტროლებს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცული ატმოსფერული გარემოთი შეფუთული პროდუქტი გახსნის შემდეგ მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ.

დაცული ატმოსფერული შეფუთვისას გამოიყენება რამდენიმეშრიანი შესაფუთი მასალა. მაგალითად, სამი შრე პროდუქტს იცავს მექანიკური დაზიანებისაგან, გარემოში არსებული მავნე ქიმიური კომპონენტებისგან, გამონაბოლქვისაგან, ულტრაიისფერი სხივებისა და სინათლის შეღწევადობისგან. შეფუთული პროდუქტი სხვა პროდუქტის სუნსა და გემოს არ იღებს.

მოკლედ, იმედია, ქართველი მწარმოებლები და მომხმარებლები ამ საკითხით დაინტერესდებიან, მომხმარებლის ინტერესებს გაითვალისწინებენ და თვითონაც მოგებული დარჩებიან.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გემრიელი",

ნოემბრის ნომერი