პენსია კეთილი სურვილებით არ იზრდება
17-11-2014
პენსია კეთილი სურვილებით არ იზრდება
"ყოველი დასაქმებულის საბიუჯეტო შენატანები, აზერბაიჯანში უფრო ნაკლებ პენსიონერზე ნაწილდება, ვიდრე საქართველოში"

2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსიონერის პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარი გახდება. ხელისუფლება გვპირდება, პენსიების ზრდა 2016 წელსაც გაგრძელდებაო, მაგრამ რამდენით და როდის გახდება დაპირებული 220 ლარი, ჯერ უცნობია. ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოში პენსია 14 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ეს თანხა ჯერ საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში
დაახლოებით 700 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.


სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "სანამ პენსიის სიდიდე საარსებო მინიმუმზე ნაკლები იქნება, ასაკით პენსიონერებისთვის სახელმწიფოს მიერ მიცემული 150 ლარი რეალურად იქნება არა პენსია, არამედ სოციალური შემწეობა. იმის გამო, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი პენსიონერია, ვიდრე ეკონომიკურად აქტიური, დაქირავებით დასაქმებული პირები, პენსიის
თითო ლარით გაზრდაც კი, განსაკუთრებულად დიდი თანხის მობილიზებას საჭიროებს. მაგალითად, პენსიის თვეში 10 ლარით გაზრდა მოითხოვს წელიწადში დამატებით თითქმის 100 მლნ ლარს.

ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის ეს საკმაოდ დიდი ციფრია. განსაზღვრული შეღავათია ბიუჯეტისთვის ის, რომ 10 ლარით პენსია 1-ლი სექტემბრიდან იზრდება და პენსიების გასაცემად მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებითი 100 მლნ ლარის მოზიდვა კი არ მოგვიწევს, არამედ მისი მესამედისა. თუმცა ეს 10 ლარით მომატებული პენსიაც კი ნაკლები იქნება იმ საარსებო მინიმუმზე, რომელიც გაისად სექტემბერში გვექნება, რადგან მოსალოდნელია დაახლოებით 5%-ით ფასების ზრდა. ამიტომ მომატებული პენსიის დიდი ნაწილი ინფლაციის დაბალანსებას მოხმარდება. შესაბამისად,
დღევანდელი პენსიის 10 ლარით გაზრდის შემთხვევაშიც მისი რეალური მსყიდველობითი უნარი მაინცდამაინც არ შეიცვლება.

- რთულია შეადარო საქართველოს პენსიონერის ყოფა რომელიმე დაწინაურებული ქვეყნის პენსიონერისას, რადგან იქ ჩვენგან განსხვავებული საპენსიო სქემები მოქმედებს...
- რთულია, რადგან ჩვენ მხოლოდ ახლა ვაპირებთ რეალური ნაბიჯების გადადგმას საპენსიო სისტემაში კორექტივების შესატანად და ეკონომიკურად აქტიური პირების დაინტერესებას, რათა მომავალში თანამონაწილეობა მიიღონ საპენსიო ფონდების ფორმირებაში. სტრატეგია ასეთია:
არა მარტო სახელმწიფომ, არამედ ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც იზრუნონ სამომავლო პენსიის სიდიდესა და კეთილდღეობაზე.

ჩვენთან 2008 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ სოციალური შენატანები გაუქმდა და გაერთიანდა საშემოსავლო გადასახადთან. ამას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. მაგალითად, ევროკავშირში სოციალური შენატანების წილი საბიუჯეტო შემოსავლის 33-35%-ს აღწევს, რაც მშპ-ის თითქმის 17%-ია. ეს კოლოსალური თანხაა და იქ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა კანონმდებლობით უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენთან. დღეს ბიზნესი იხდის მოგების ან დამატებული ღირებულების გადასახადს - იმის მიხედვით, თუ რა ფორმით წარმართავს საქმიანობას, რა სახის პროდუქციას აწარმოებს და ყიდის. დასავლეთში, ამის გარდა, დამქირავებელი ვალდებულია, ყოველი დაქირავებული მუშაკისთვის გადახდილი ხელფასიდან განსაზღვრული პროპორციით შეიტანოს შესაბამის ფონდებში სახსრები - მომავალში პენსიონერთა შედარებით მაღალ დონეზე უზრუნველსაყოფად. ჩვენთან პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან არის 17-18%, ხოლო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40%-ს აღემატება.

- ჩვენთან მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც დაბალია პენსიის ოდენობა...
-  თუ ეკონომიკა უფრო განვითარებულია, სახელმწიფოს მეტი რესურსი აქვს პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ანუ ეს მხოლოდ სურვილზე არA არის დამოკიდებული. კიდევ ერთი გარემოება მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურაა. მაგალითად,  აზერბაიჯანში მოსახლეობის მედიანური ასაკი (რომელთან შედარებით მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი უმცროსი), საქართველოს მოსახლეობის მედიანურ ასაკზე დაახლოებით 8 წლით ნაკლებია. ჩვენთან ის 38 წელია, აზერბაიჯანში - 30 წელი. შესაბამისად, ყოველ 1 ათას კაცზე იქ უფრო მეტია ეკონომიკურად აქტიური, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ვიდრე საქართველოში. ამიტომაც რესურსების შექმნისა და ბიუჯეტში შენატანების პოტენციალი აზერბაიჯანს ჩვენზე უკეთესი აქვს, ანუ აზერბაიჯანში ყოველი დასაქმებულის საბიუჯეტო შენატანები უფრო ნაკლებ პენსიონერზე ნაწილდება, ვიდრე საქართველოში და პენსიაც უფრო მაღალია. ამიტომ მხოლოდ სურვილი არ კმარა პენსიის თუნდაც იმდენად გასაზრდელად, რომ აზერბაიჯანს დავეწიოთ.
kaxi
19 ნოემბერი 2014 21:45
აზერბაიჯანს უფრო მეტი დასაქმებული ჰყავს ვიდრე ჩვენთანაა. მათთან ასეთი შედარება არასწორია, საქართველოში პენსია ასეთი დაბალი ტემპით იზრდება. 10 ლარით იმატებს პენსია და უკვე დაიწყეს ლაპარაკი ლარის გაუფასურებაზე, ე.ი.ლარს ხელოვნურათ დააგდებენ და ბიუჯეტს ამით გაზრდიან.ბიუჯეტი ხომ ლარშია.იმ გაზრდილი ბიუჯეტიდან გაიცემა პენსიები.მერე ამ გაუფასურებელი ლარით რა იყიდოს პენსიონერმა? ყველაფერზე მოიმატებს ფასი, ჩვენ ხომ ძირითადათ შემოტანილი პროდუქციას ვყიდულობთ რადგან საკუთარი არ გვაქვს. ჩვენი წყალ-წყალა ეკონომიკა უკან წავა.ეს არის რეალობა სამწუხაროთ.

რედაქტორის რჩევით