მეორე ეკონომიკური შემოლაწუნება?!
01-12-2014
მეორე ეკონომიკური შემოლაწუნება?!
ბოლო 10 დღეში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 4%-ით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსმა ზრდა 21 ნოემბერს 1,7675-დან დაიწყო და 1,8386-მდე ავიდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) განაცხადეს, რომ პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა, 25 ნოემბერს კურსის მატების შესაჩერებლად 40 მილიონი დოლარი გამოიტანეს გასაყიდად. მოსახლეობაში კი მსუბუქი პანიკა შეინიშნება და ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შიშით სულ უფრო მეტი მოქალაქე ცდილობს დანაზოგის დოლარში გადანახვას. ბოლო რამდენიმე დღეში ფასი საგრძნობლად გაიზარდა ზოგ იმპორტირებულ პროდუქციაზეც.

კონომისტები და
ექსპერტები ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და მიმდინარე მოვლენებს გასულ წელს ადარებენ. მაშინაც, წლის ბოლოს, ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო. მიზეზად მთავრობის წინდაუხედაობა დასახელდა, როცა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესასრულებლად ერთბაშად დაიხარჯა ფულის დიდი მასა. იგივე პრობლემა წლეულსაც დგას და არსებობს ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელს
აძლევს მთავრობას, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისითაც.

ჩვენ გავაანალიზეთ ლარის კურსის დინამიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ყველაზე მაღალი ის 2004 წლის დასაწყისში იყო, როცა 1 დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარსაც კი მიაღწია, წლის ბოლოს კი 1,82 ლარამდე შემცირდა. ვერ ვიტყვით, რომ ლარი ყოველთვის უფასურდებოდა წლის ბოლოს, მეტიც, ეს უფრო წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. ამას გარდა, ლარის კურსი მნიშვნელოვნად და სხვადასხვა მიმართულებით იცვლებოდა წლის სხვადასხვა დროსაც. ბოლო 4 წელიწადში კი გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალი 2010 წლის ივნისში იყო (1,8875) და 1,80-იან ნიშნულს 2011 წელსაც გასცდა. გასული წლის ბოლოს 1 დოლარი 1,73 ლარამდე გაძვირდა.
იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "სეზონურობა უფრო ინფლაციას ახასიათებს, ვიდრე ლარის კურსს. ჩვენი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული სანედლეულო ბაზარზე, რაც სოფლის მეურნეობის წარმოებასა და მის გადამუშავებას გულისხმობს. ამიტომ ზაფხული უფრო დეფლაციურია, დანარჩენი დრო კი უფრო ინფლაციური. ეროვნული ვალუტის კურსზე კი გარე ფაქტორები უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე შიდა პროცესები. არც იმის თქმა იქნება სწორი, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მხოლოდ გარე პროცესებზე ვართ დამოკიდებული, რადგან სებ-ს აქვს ბერკეტები ლარის კურსზე ზემოქმედებისთვის, თუმცა, ეს მაინც შეზღუდული შესაძლებლობებია - ფულის მასის ამოღება, განაკვეთის აწევა და სხვ.

უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პირდაპირ შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ბოლო დროს ფულადი გზავნილების თითქმის მესამედი სწორედ რუსეთის წილად მოდიოდა. რუბლის გაუფასურების გამო ფულადი ტრანზაქციების მოცულობა საკმაოდ შემცირდა. ეს ტენდენცია ივლისიდან შეინიშნება და წელიწადზე გადაანგარიშებით, კლება 300 მილიონი დოლარი იქნება.

ყოველწლიურად საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტის აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს.
ლარის დევალვაცია იმპორტს გააძვირებს და პირდაპირ აისახება მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე.
დოლარის გამყარება მტკივნეული იქნება მათთვისაც, ვისაც სესხი დოლარში აქვს, შემოსავალი კი ლარში.
ხელისუფლება ნებისმიერი პროცესიდან ცდილობს, მიიღოს მინიმალური დანაკარგი და მაქსიმალური შემოსავალი.
მთავრობას შეუძლია სარგებელი ნახოს არა მხოლოდ ლარის გაუფასურებიდან, არამედ ინფლაციური პროცესებიდან, რადგან ამ შემთხვევაში გადასახადები, მათ შორის დღგ, საბიუჯეტო შემოსავალს გაზრდის.
თუმცა, მთავრობისთვის ახლა ყველაზე მთავარი სოციალური სიმშვიდის შენარჩუნება უნდა იყოს. ასეთ მცირე ეკონომიკაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შიდა და გარე ფაქტორები, არამედ საზოგადოების განწყობაც, თუ როგორ აფასებენ ისინი თავის მომავალს, ხვალინდელ დღეს. ამიტომ
ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი ხელიდან არ გაექცეს.
კურსის ცვლილება ვალუტებს ყოველთვის ახასიათებს. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ, რომ ვალუტის ცვლილება არ იყოს ძალიან სწრაფი, ზრდაც და შემცირებაც ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ უნდა ხდებოდეს".
რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე: - რომ არა შარშან დათესილი შიში, ამ რყევისთვის ზედმეტი ყურადღება შესაძლოა, არც მიგვექცია. მცურავი კურსის რეჟიმში ასეთი რყევები ბუნებრივია და მასში ჩარევა არც არის სასურველი. იგი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს და მისი დამახინჯება, საბოლოოდ, ეკონომიკის ზრდაზე იმოქმედებს უარყოფითად. მხოლოდ მკვეთრი რყევების დროს თუ იქნება მიზანშეწონილი ეროვნული ბანკის ჩარევა.  სამწუხაროდ, ეს ნაკლებად ჰგავს სეზონურ ან ტექნიკურ რყევას, მიზეზი უფრო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ახალ რეალიებში უნდა ვეძებოთ.

- რით აიხსნება გაუფასურების ეს ტენდენცია?
- ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დაკისრებული. არ ვგულისხმობ ამ დღეებს, მთელი წლის განმავლობაში სებ-ი ფულის მასას სრულად აკონტროლებდა. მას ყველა პარამეტრი დაცული აქვს. ბოლო 1 წელია, ფულის მასა ზომიერად იზრდება. უმნიშვნელოდ გაიზარდა ფულის ისეთი აგრეგატი, როგორიც  M2-ია (ფართო ფული, უცხოური დეპოზიტების გარეშე). პირიქით, ეს უფრო მეტადაც უნდა გადიდებულიყო. მას თუ დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რა მოხდა შარშან. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს  M2 იყო 4,069 მილიარდი ლარი, 2013 წლის ბოლოს კი 5,418 მილიარდს მიაღწია, ანუ  33%-ით გაიზარდა, თან ძირითადად, დეკემბერში. ამჟამად კი შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით 2,6%-ით არის გაზრდილი. ასეთივე მდგომარეობაა სხვა აგრეგატებშიც.

ეროვნულმა ბანკმა 500-დან 330 მილიონამდე შეამცირა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირებით გაცემული ერთკვირიანი სესხები. კიდევ შეიძლებოდა შემცირება, რომ არა მთავრობის მიერ ბანკებიდან 1,3 მილიარდამდე ლარის ამოქაჩვა სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით - ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად.
მომავალი წლის ბიუჯეტშიც 400 მილიონი ლარის კრედიტის აღება აქვს მთავრობას დაგეგმილი და ბანკებიდან აღებული შიდა ვალი 1,7 მილიარდ ლარს მიაღწევს.

მხოლოდ პროცენტების სახით ბანკებს 68 მილიონი ლარი უნდა გადაუხადონ. თუ ლარი არ დასტაბილურდა, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო აიწევს და ბიუჯეტიც მეტს დაკარგავს. ამ თანხების გასესხების გამო კომერციულ ბანკებს წარმოექმნებათ მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემა და ეროვნულ ბანკს მიმართავენ ერთკვირიანი კრედიტისთვის. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს რეფინანსირების გზით დაკრედიტება და აქედან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმაც უნდა მოუკლონ მთავრობისთვის ასე გულუხვად ფულის სესხებას. ეს ფული ბიზნესს უნდა მოხმარდეს და არა სახელმწიფო ხვნა-თესვას. სებ-მა რეფინანსირების განაკვეთიც ასწია 4%-მდე, ყველა ბერკეტი გამოიყენა, რაც ჰქონდა. დანარჩენს მთავრობამ უნდა მიხედოს. კანონით სებ-ის სამიზნე არის ფასები და არა კურსი. მას არ უნდა აინტერესებდეს, იმპორტიორებს აძლევს ხელს, ექსპორტიორებს თუ ვინმე სხვას. მისი მიზანი ფასების სტაბილურობაა, რაც მთელი ეკონომიკისა და თითოეული ადამიანის ინტერესებშია.

- შარშან  დეკემბერში  რა იყო  ლარის გაუფასურების მიზეზი და იგივე ფაქტორები მოქმედებს თუ არა ახლა?
- წლევანდელი ვითარება მასშტაბით ჯერჯერობით არ ჰგავს შარშანდელს, თუმცა, მსგავსება მაინც შეიმჩნევა. ნაკლებად, მაგრამ მაინც არსებობს განმეორების რისკი. იმედი ვიქონიოთ, რომ მთავრობა არ გაიმეორებს შეცდომებს. შარშან ხარჯვა ხდებოდა არათანაბარზომიერად. ძირითადი დატვირთვა მოდიოდა ბოლო, მეოთხე კვარტალზე, რამაც ფულის მასის ერთბაშად ზრდა და ლარის დევალვაცია გამოიწვია. მისი მკვეთრი დაცემის თავიდან ასაცილებლად სებ-ს მხოლოდ დეკემბერ-იანვარში მოუწია 470 მილიონი დოლარის გაყიდვამ. ეს განაპირობა ნოემბრის ბიუჯეტის შემოსავლების 632 მილიონი ლარის დანაკლისით შესრულებამ, რომელიც წინა პერიოდში დაგროვილი თანხებით გადაიფარა. იმ ნაშთიდან, რომელიც 2012 წლის დასაწყისისთვის ბიუჯეტში იყო დარჩენილი წინა მთავრობის დროიდან (თითქმის 900 მილიონი ლარი), ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე წლის ბოლოს მხოლოდ 287 მილიონი დარჩა. შარშან მთავრობამ ბიუჯეტი დაგროვილი ნაშთებით დააბალანსა, წლეულს ამას შიდა ვალის მკვეთრი ზრდით ახერხებს.

- გამოდის, პრობლემა უფრო სიღრმისეულია, ვიდრე "ტექნიკური", ანუ შარშანდელი?
- ასეა. წლეულს უფრო გაუარესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა. 10 თვეში, მართალია, ექსპორტი 5%-ით გაიზარდა, მაგრამ იმპორტმა მოიმატა 11%-ით. უარყოფითი სალდო შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით 600 მილიონი დოლარით გაიზარდა.

დამაფიქრებელია, რომ ზედიზედ სამი თვეა - აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი - ექსპორტის მოცულობა იკლებს წინა წლის იმავე პერიოდებთან შედარებით.
ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანსა და სომხეთში მანქანების რეექსპორტის შემცირებაც გახდა.

- და ეს დაეტყო სავალუტო ბაზარს?

- დეფიციტი ვერ დააბალანსა ჩვენმა "კოზირებმა": ტურიზმიდან შემოსავალი უმნიშვნელოდ გაიზარდა. გაუაზრებელმა სავიზო პოლიტიკამაც ნაყოფი გამოიღო. შემცირდა ტვირთების გადაზიდვა, შემცირდა რუსეთიდან გადმორიცხვები, თუმცა, მთლიანი მოცულობა ჯერჯერობით არ იკლებს ამერიკიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატების გამო. თუმცა, ნოემბერ-დეკემბერში მოსალოდნელია რუსეთიდან კვლავ დაკლება. სეზონურობასაც თავისი წვლილი შეაქვს - მეტია სავალუტო გადარიცხვები გაზის, ელექტროენერგიისა და სხვა საქონლის შესაძენად...

არასრული ოდენობით შემოვიდა ბიუჯეტში აგრეთვე საგარეო კრედიტები, ინფრასტრუქტურული მშენებლობების შეფერხების გამო.  მოკლედ, მიზეზები უკვე არა დროებით, არამედ ფუნდამენტურ ხასიათს იღებს. ეს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კორექციის შედეგია, რომელიც მეტ რეგულირებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაზეა ორიენტირებული. მეტი სუბსიდია, ნაკლებად ეფექტური საბიუჯეტო მხარდაჭერა ბიზნესისთვის და დაუბალანსებელი სოციალური პოლიტიკა, საბოლოოდ ფასების ზრდაში, ლარის დევალვაციასა და ეკონომიკური ზრდის შეფერხებაში იჩენს თავს.
aragus
03 დეკემბერი 2014 12:53
ვისაც საბანკო სესხი დოლარში აქვს იმან რა უნდა ქნას ? მე მაგალითად 240 დოლარს ვიხდი და ბოლო დროს ამისათვის დაახლოებით 40-50 ლარით მეტი მჭირდება. ეროვნული ბანკი კი პრობლემას ვერ ხედავს ლარის გაუფასურებაში. ხალხის ფეხზე დაკიდებაც ასეთი უნდა
kaxi
01 დეკემბერი 2014 20:33
ხადური ფინასთა მინისტრი უნდა იყოს? კაცი გაგებაში არ არის რა ხდება. მაგან მარტო ჭამა იცის და გაისქელა კისერი. ლარის დაცემა იქნებ ნაცებსაც დაბრალდეს, მაგათ თავიანღი ცოდვებიც ეყოფათ. მოკლეთ ლარი ეცემა, პროდუქტები ძვირდება, მოსახლეობას უფრო უჭირს ეკონომიურათ და ნოდარის ღაბაბმა მოიმატა.
aleko
01 დეკემბერი 2014 15:03
რაც იმედის ეთერში ხადურმა მიზეზი დაასახელა ლარის კურსის დაცემაზე,რომ თურმე საბერძნეთიდან მოხუცების მომვლელებმა შეამცირეს დოლარის გადმორიცხვებიო და ეს აისახა ლარზეო......კომენტარსაც ვერ გააკეთებ-ყოჩაღ მინისტრო!

რედაქტორის რჩევით