რა გვიჯდება მთავრობა?
08-12-2014
რა გვიჯდება  მთავრობა?
"რა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმეა გარგარის მოყვანა და გაყიდვა?"

"როგორ შეიძლება ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და ამავე დროს ეფექტურად მართო ქვეყანა?!"


კოლოსალური ხელფასები, პრემიები და დანამატები - საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება არაერთხელ და არაერთი მთავრობის დროს გამხდარა საჯარო განსჯის საგანი. ფაქტია, რომ ამ მხრივ მადას არც ყოფილი ხელისუფლება უჩიოდა და ვერც მოქმედმა გაუძლო ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების ცდუნებას. ვინ ვისზე მეტი ხელფასი და პრემია გამოიწერა? ვის ეკუთვნოდა და ვის არა? -
ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვებია აქტუალური, არადა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებული ფულით ივსება და კიდევ ის, თუ რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად სახელმწიფო სალაროდან საჯარო მოხელეთა ხელფასების ასანაზღაურებლად.


მიმდინარე წლის 9-მილიარდიან ბიუჯეტში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ხელფასებისთვის დაახლოებით 1 მილიარდ 318
მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი - 428 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროზე მოდის, სადაც ჯამში 43 475 კაცია დასაქმებული. სახელფასო ბიუჯეტის მოცულობით თავდაცვის უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსდევს 398,9 მლნ ლარით, სადაც 28 533 კაცია დასაქმებული. ხელფასების მოცულობით მესამე ადგილზეა ფინანსთა სამინისტრო, მეოთხეზე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო... საერთო ჯამში კი
1,3 მილიარდი ლარი დაახლოებით 105 000 საჯარო მოხელეზე ნაწილდება, მაშინ, როცა დაახლოებით ამდენივე - 1,326 მილიარდი ლარია გაწერილი ბიუჯეტში თითქმის 700 ათასი პენსიონერისთვის 150-ლარიანი პენსიის გასაცემად.

სახელმწიფო ბიუჯეტში საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა 2009 წელს დაახლოებით 942 მლნ ლარი იყო, 2010 წელს 1 მილიარდ ლარს მიაღწია, 2011-ში კი 1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, 2012-შიც გაიზარდა მცირედით და 2013-ში უკვე თითქმის 1 მილიარდ 200 მილიონი შეადგინა.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მთავრობის რეალური შენიღბული პოლიტიკა გახლავთ -  კეთილდღეობა მაღალჩინოსნებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ასე დიდხანს მანდ არავინ ამყოფებთ! ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელს მთავრობის შენახვა ძვირი უჯდება, ისედაც ნათელი იყო, როცა მაღალჩინოსანთა წრეგადასული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდებოდა. მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში ამ მაჩვენებელს დიდ ყურადღებას აქცევენ და მაქსიმალური საშუალო ხელფასი მინიმალური საშუალო ხელფასის მხოლოდ ათმაგი ოდენობის შეიძლება იყოს. ჩვენთან კი ეს თანაფარდობა ასსაც კი აღემატება. ამას ემატება საჯარო მოხელეთა მივლინებებსა და ფუფუნების საგნებზე ბიუჯეტიდან დახარჯული სხვა ხარჯები. მოკლედ, "ძვირი" მთავრობა გვყავს, მისი მუშაობის შედეგი კი არ შეესაბამება იმ ხარჯს, რასაც ჩვენ მთავრობის შესანახად ვწევთ.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაბალია, სამუშაო ადგილები ორი წელია არ შექმნილა. ცალკეული ღონისძიებები ტარდება, მათ შორის დაზღვევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესდეს. ამიტომაც იწვევს უკმაყოფილებას საჯარო მოხელეთა ის პრემიები და დანამატები, რომელსაც ბოლო არა აქვს. ჯერ კიდევ კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე ვმუშაობდით კონცეფციაზე და შევთავაზეთ კიდეც მათ მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა მთავრობის მუშაობის მაღალ კონტროლს საზოგადოებისგან. ეს იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფორმაციის სამინისტრო და ყველა სახელმწიფო უწყების დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილება - გადარიცხვა იქნებოდა, განკარგულება თუ ბრძანება, რაც კანონის შესაბამისად შეიძლება რომ გასაჯაროვდეს, ღია და ხელმისაწვდომი  უნდა ყოფილიყო. ეს არის სწორედ ის კონტროლი, რომელიც ჩინოვნიკს ძალაუფლების ჩარჩოებს უზღუდავს. დღეს ჩინოვნიკები მოქალაქეების წერილებსაც კი არ კითხულობენ.
როგორ შეიძლება ეფექტურ მთავრობაზე ლაპარაკი, როცა სამინისტროში შესულ წერილებს მინისტრი არ ეცნობა. ეს არის განუკითხაობა!

როგორ შეიძლება ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და ამავე დროს ეფექტურად მართო ქვეყანა?!
იცით, როგორი კატასტროფულია საჯარო უწყებებში დასაქმებული მოქალაქეების სტატისტიკა? სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა 76% ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერია. დასაქმებულთა 11%-ს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები წარმოადგენენ და მხოლოდ 13%-ია, ვინც ჯერ კიდევ გადაურჩა ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის გავლენას. სახელმწიფო უწყებებში ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ პროფესიონალურ და ეფექტურ საქმიანობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული სახელმწიფოში. ჩვენთან კი ასე არ ხდება. ჩვენთან სახელმწიფო კერძო გავლენების სფეროა. ნეპოტიზმის ზეიმია დღეს საქართველოში, მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და არც იმის პერსპექტივა ჩანს უახლოეს 4 წელიწადში, რომ უმუშევრობას ქვეყანაში რამე ეშველება".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ადმინისტრაციული ხარჯები და სახელმწიფო ჩინოვნიკების აპარატის შენახვა დღეს პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის მიჩნეული. არადა, მანამ, სანამ ეს მმართველი ძალა ხელისუფლებაში მოვიდოდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად მცირე ხელისუფლების - მცირე მთავრობის იდეა სახელდებოდა. მცირე მთავრობის იდეა არ ნიშნავს მხოლოდ ადმინისტრაციული აპარატის შემცირებას. ეს ნიშნავს უფლებების დელეგირებას არასამთავრობო და კერძო სექტორზე. ძალიან ბევრი საკითხი დღეს ხელისუფლებას თავის Yთავზე აქვს აღებული - ის ერევა ეკონომიკაში პირდაპირ და თავად არის გარკვეული სამეურნეო საქმიანობის შემოქმედი. ამ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირდაპირ ჩაჩეხის მეთოდით შევამციროთ ადმინისტრაციული აპარატი, ეს გარკვეული ფუნქციების შეუსრულებლობას გამოიწვევს. ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს თავისი უფლებების დელეგირება. მაგალითად, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან ბევრი სიპ-ი და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლებიც რეალურად სამეურნეო საქმიანობით არიან დაკავებული, მაგრამ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო უწყებებისგან. ბევრი მათგანი გაჩერებულია, საერთოდ არ ფუნქციონირებს, მაგრამ ძველი ინერციით ეს დაფინანსება მაინც გრძელდება. ბუნებრივია, ეს მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს. 9 მილიარდში 1,3 მილიარდი მხოლოდ ხელფასებზეა გაწერილი.

2015 წლის ბოლოს 160 ლარი უფრო ნაკლები მსყიდველობითი უნარის იქნება, ვიდრე დღეს არის 150 ლარი. გამომდინარე აქედან, ამ პირობებში უფრო მორალის საკითხია, თავს უფლება მისცე, რომ ამხელა ადმინისტრაციული ხარჯი გქონდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად რაციონალური და სწორია ეს ეკონომიკური თვალსაზრისით. საჭიროა პრიორიტეტების გადახედვა და კომპეტენციების გამიჯვნა. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს გეზ-ი (განბაჟების ეკონომიკური ზონა) საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მტვირთავი, რომელიც სამინისტროს ამ სიპ-ში მუშაობს სახელმწიფო მოხელეა და მისი ხელფასიც სახელმწიფო ბიუჯეტშია ასახული. არადა, ის, რა მომსახურებასაც ეს პირი ეწევა, რეალურად ბიზნესის კომპეტენციაა. ან მაგალითად, რა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმეა გარგარის მოყვანა და გაყიდვა? ბუნებრივია, ეს ყველაფერი ვალდებულებების სახით აკიდებული აქვს სახელმწიფოს და ამ ფონზე რთულია ვისაუბროთ მცირე მთავრობის იდეის განხორციელებასა და ეკონომიაზე ბიუჯეტის სახელფასო ფონდში. ასეთი რამ ფაქტობრივად შეუძლებელია იმ სახელმწიფო მენეჯმენტის პირობებში, რაც დღეს საქართველოშია". 
ალექს
12 იანვარი 2015 19:29

უკანსკნელი არანაკლებ 100 წელია, (75 ძალით და 25 ნებით) რაც ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივად გამაგრებული და კანონმდებლობით აღიარებული პრინციპით -სახელმწიფო მაღლა დგას მოქალაქეზე.
ამ პრინციპის მქონე ერებმა შესაბამის პერიოდებში წარმოშვეს შოვინიზმი,ფაშიზმი,დიქტატურები,ტოტალიტარიზმი,რელიგიური ფანატიზმი , ტერორიზმი , გენოციდები ....

ჩვენთვის დამახასიათებელი აღმატებულებითი შტრიხი შევიტანეთ იმ ფილოსოფიურ პრინციპში, და დავძინეთ ,რომ სახელმწიფო ეს სახელმწიფო მოხელეა ,რაც მაღალი ჩინისაა მეტად მაღალი სახელმწიფო პატრიოტული მისიითაა მოვლენილი ჩვენს თავს და კლანურ დიქტატურამდეც მივედით !! ჩვენ ოთხჯერ შევუცვალეთ ამ 25 წელიწადში ფასადი ამ მახინჯ სისტემას და შიგნიდან უცვლელი დავტოვეთ.
ის ჩვეულებრივი კლანური დიქტატურის კარგად გაპიარებული ფსევდოდემოკრატიული ფორმაა, ეკონომიკის კი ფსევდოსაბაზრო,სინამდვილეში ოლიგოპოლიური ,ელიტარული სამოხელეო კაპიტალიზმის უსახური ნაზავი.
ვმართავთ მას პოლიციურად,რეპრესიულია ჩვენი ადმინისტრირება ,იგი ეყრდნობა ძალოვანებს ,ხოლო მოჩვენებით დემოკრატიას ვქმნით გაყალბებული არჩევნებით,ხალხს ვკვებავთ ილუზიებით და პიარკამპანიებით,ძალაუფლებას ინარჩუნებს ხელისუფლება ძალმომრეობით და ვათმობინებთ რევოლუციებით-ანუ ვბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ.
დღევანდელი ,ადრინდელიც,სახელმწიფო მოხელეთა და „გამარჯვებულ პარტიათა“ აქტივის ერთობლიობა უმრავლეს შემთხვევაში ხალხის ნაშრომის მითვისების სისტემური რგოლია ,კანონმდებლობა უზრუნველყოფს მათ დაუსჯელად პარპაშს,თავად სწერენ და აღასრულებენ ამ კანონს, ამიტომაც მთელი ერი სახელმწიფო სკამის მიღების რიგში დგას და არავინ თოხნის ,არავინ ბარავს ,ეს იწვევს მასის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნიჰილიზმს,ურთიერთ აგრესიას ,რომ დასრულდეს ეს კოშმარი,შესაცვლელია ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის მოდელი,6 თვე უნდა ამ საქმეს ყოველგვარი მიტინგების,აქციების ,ვადამდელი არჩევნების და გადატრიალებების გარეშე თუ მოვინდომებთ.
ჭეშმარიტება
14 დეკემბერი 2014 11:41
maxo მართალი ხარ!
saxelmtsipo
10 დეკემბერი 2014 03:51
არსებობს რორი სისტემა სახელმწიფოს სტუკტურის:
ერთი სტილი სახემწიფოსი არის ამერიკის მოდელის, ანუ სახელწიფო ხალხისთვის. სხვათაშორის, ეს სიტყვა სადღაც პუტინმაც კი თქვა, შეადარა რუსეთისას. მეორე სახელმწიფო სისტემაა, როდესაც ხალხი, სახელწიფოსთვის არის, ზრუნავს. პუტინმაცცცცც სხვათა შორის ზუსტად ამ ფორმატში გაიმეორა, ანუ სიტყვიერად როგორც იტყვიან დღეს საქართველოში, გააპრავა.
საქართველო რომელშია, არ ვიცი, ვინც იცის, დაწეროს.

რედაქტორის რჩევით