"მთავრობა ან შეუსრულებელ ბიუჯეტს უნდა შეეგუოს, ან გაუფასურებულ ლარს" - კვირის პალიტრა

"მთავრობა ან შეუსრულებელ ბიუჯეტს უნდა შეეგუოს, ან გაუფასურებულ ლარს"

შარშანდელმა საბიუჯეტო ჩავარდნამ გასულ დეკემბერ-იანვარში სავალუტო რეზერვებიდან 470 მილიონი დოლარი შეიწირა

გასული კვირის მიწურულს ლარს "შავი პარასკევი" დაუდგა - დოლარის მიმართ კიდევ გაუფასურდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 1 დოლარზე 1,9527 ლარი შეადგინა. გაცილებით მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასმა უკვე 2 ლარს გადააჭარბა. ბოლო ერთი კვირაა, ლარი უფასურდება ევროს მიმართაც და 1 ევრო სავალუტო ჯიხურებში უკვე 2,5 ლარად იყიდება.

ლარი უფასურდება, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ყველა ელოდება, რომ ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე გასაყიდად კიდევ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გამოიტანს. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ რეზერვები კრიტიკულ ზღვარზეა, რადგან შარშანდელმა საბიუჯეტო ჩავარდნამ გასულ დეკემბერ-იანვარში 470 მილიონი დოლარი შეიწირა. მთავრობა და ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება.

გასულ კვირას ხელისუფლებამ დუმილი დაარღვია და ერთმანეთის მიყოლებით კომენტარები გააკეთეს როგორც ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა, ასევე მთავრობის ყოფილმა მეთაურმაც და დაგვამშვიდეს, დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან შედარებით მყარდება და მთავრობა კარგად მუშაობსო. ფინანსთა მინისტრმა ჯერ განაცხადა, რომ ლარის კურსი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, შემდეგ კი გარე ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროვოცირებაში საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი დაადანაშაულა. ამაზე სოციალურ ქსელებში ხუმრობაც გავრცელდა: იქნებ თბილისის ქუჩებში გახშირებული საცობებიც აჟიოტაჟის ბრალიაო.

ნოდარ ჭიჭინაძე, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი: "ვფიქრობ, კურსის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი მაქსიმალურად შერბილებული მონეტარული პოლიტიკაა. ეს არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკია დამნაშავე ლარის კურსის ცვლილების მიმდინარე ტენდენციაში, თუმცა, არც გამორიცხავს ამას. შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ეკონომიკის წახალისებას დაკრედიტების ზრდის გზით.

თუ დავდგებოდი არჩევანის წინაშე, ამერჩია "დაჭერილი" ლარი და მარწუხებში მოქცეული ეკონომიკა თუ "მიშვებული" ლარი და წახალისებული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტს მივემხრობოდი.

ეროვნული ბანკის მთავარ მისიად ამ შემთხვევაში (და სხვაშიც) მიმაჩნია, რომ ინტერვენციები მოახდინოს იმ დროს, როცა გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია და არა მაშინ, როდესაც მკვეთრი ცვლილება უკვე მოხდება. ეროვნულ ბანკს ეს რომ პროცესის გამწვავებამდე გაეკეთებინა, მოხდებოდა არა მკვეთრი გაუფასურება, არამედ წონასწორულ მდგომარეობაში ეტაპობრივად, არა ნახტომისებურად გადასვლა".

დუმილი დაარღვია სებ-ის პრეზიდენტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ამოცანა ფასების სტაბილურობაა.  მან გააფრთხილა ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ლარის დოლარში კონვერტაციაზე - ისინი, როგორც წესი, დაზარალებული დარჩებიანო. მიუხედავად ამისა, სავალუტო ჯიხურებში დოლარის დეფიციტი უკვე შეინიშნება, რაც მზარდ მოთხოვნაზე მეტყველებს.

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: "ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად, ადგილზე გვაქვს შიდასავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებსაც ვაკვირდებით ბოლო დღეებში, ეს დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟით, რაც დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლას.

ამის მიზეზი კი არის ორი: პირველი - ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი, ზეთი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ფასების მნიშვნელოვანი კლება. მეორე მიზეზი არის მონეტარული აგრეგატების ფაქტორი, უფრო მარტივად - შარშანდლისგან განსხვავებით, ფულის მასა არ გაზრდილა. მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ უფრო შეასუსტებს ინფლაციურ ზეწოლას".

არადა, ბიუჯეტის ინტენსიურად გახარჯვის წინა პირობა მართლაც არის, რადგან სახელმწიფო უწყებების ნაწილს 10 თვეში წლიური ბიუჯეტის ნახევარიც არ აუთვისებია. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯმა 10 თვის განმავლობაში 40,4 მილიონი ლარი შეადგინა, წლიური გეგმით დარჩენილი 48,45 მილიონი ლარი კი დარჩენილ ბოლო ორ თვეში ასათვისებელი რჩებოდა. ხარჯვით ნაწილში ჩამორჩენა აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს: წლიური გეგმით გაწერილი 916,5 მილიონი ლარიდან 10 თვეში 630,8 მილიონი ლარი აქვს ათვისებული და ნოემბერ-დეკემბერში 285,6 მილიონია დასახარჯი.

46,9 მლნ-დან 10 თვეში მხოლოდ 13,1 მლნ გახარჯა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს 2,4 მლნ ლარიდან წლის ბოლო 2 თვეში 1,38 მლნ დარჩა დასახარჯი. საგარეო ვალდებულებების კუთხით 10 თვეში შესრულება დაახლოებით 54%-ია, რაც ნიშნავს, რომ წლიური გეგმის 1,036 მლრდ ლარიდან შესრულებულია 0,565 მლრდ.] საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლში შესრულება 50%-ია, ანუ 600 მლნ ლარიდან დაახლოებით ნახევარია მიღებული. ცნობისთვის, ამ კრედიტებით, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას, მათ შორის ხარჯვით ნაწილში, საფრთხე არ ემუქრება. ეროვნული ბანკი კი გვაიმედებს, მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნებაო. მთავრობა ან შეუსრულებელ ბიუჯეტს უნდა შეეგუოს, ან გაუფასურებულ ლარს - არჩევანი მართლაც მძიმეა.