2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს
15-12-2014
"დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. მაგრამ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, სრულიად სხვა სურათი წარმოგვიდგება"

დაუბეგრავი მინიმუმის თანხა 2016 წლიდან ფიზიკურ პირებს უკან აღარ დაუბრუნდებათ. მოქმედი წესით, მათ, ვისი წლიური ხელფასიც 6000 ლარს არ აღემატება, მომდევნო წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო უკან უბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის (ანუ 1 800 ლარის) 20%-ს. პირველად ეს თანხა დაბალხელფასიანებს 2014 წელს დაუბრუნეს, რაშიც 130 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2015 წელს ამას 140 მილიონამდე დასჭირდება. თუმცა, მომდევნო, 2016
წლიდან ეს წესი გაუქმდება.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოთავისუფლებული თანხა მთლიანად სოციალურად დაუცველებს მოხმარდებათ. იქმნება სოციალური დახმარების ახალი სისტემა - 2015 წლიდან ამოქმედდება შეფასების ობიექტური მეთოდოლოგია და შემწეობას ისინი მიიღებენ, ვისაც მართლა სჭირდება. კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. არაერთგვაროვანია ქართველი ეკონომისტებისა და ექსპერტების
შეფასებები.
პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი: - ამ წამოწყებას თავიდანვე არ ვეთანხმებოდით. საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირების ნაცვლად, რაც ყველას შეეხებოდა, პრაქტიკულად, საზოგადოება მდიდრებად და ღარიბებად დაყვეს. ამჯერად კი დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება უკვე მეორე უმართებულო ნაბიჯია. ბევრად სამართლიანი იქნებოდა, დაუბეგრავი მინიმუმი ყველაზე გაევრცელებინათ. გამოდის, გადასახადებს უზრდიან ყველაზე დაბალშემოსავლიან ფენას. როგორ შეიძლება, კაცს 200 ლარი ჰქონდეს ხელფასი, მისი 20% წაართვა და უთხრა, დარჩენილი თანხით ისევ შენ მოგემსახურებიო? ეს არის სოციალურად ორიენტირებული პროექტი? ყველაზე ღარიბს დამატებითი დახმარება სჭირდება, შენ კი წილში უჯდები? იქნებ არ მინდა შენი მომსახურება და ფულს რატომ მახდევინებ?

ვაჟა კაპანაძე, ექსპერტი მაკროეკონომიკის საკითხებში: - ეკონომიკაში არ არსებობს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის სასარგებლო ან საზიანო იქნება. თუ ფინანსთა სამინისტროს პოზიციიდან შევხედავთ, დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. მაგრამ სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, სრულიად სხვა სურათი წარმოგვიდგება. სამინისტროს არგუმენტები გასაგებია: მომავალში ეს თანხა შეიძლება ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო პროექტებში დაიხარჯოს. იმ ხალხისთვის, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის თანხას იღებდა, შეიძლება ეს ცვლილება სასიკეთო არ იყოს, მაგრამ სასიკეთო იყოს ქვეყნისთვის.
გია ხუხაშვილი, საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: - გააჩნია, სად ვიქნებით 2016 წლისთვის. თუ მივაღწევთ დაბალშემოსავლიანი ფენის შემოსავლის გაზრდას, ეს გადაწყვეტილება ცუდი არ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურად უპასუხისმგებლო გამოდგება. საბიუჯეტო ხარჯის შემცირება კარგია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ვერ აიგება. ეკონომიკური თუ სოციალური გარემო ქვეყანაში მარტო ბიუჯეტით არ იზომება. სააკაშვილიც სულ იმეორებდა, ბიუჯეტი ათჯერ გავზარდეო, მაგრამ არც სოციალური რისკები შემცირებულა და არც ეკონომიკის რეალურ სექტორს დასტყობია წინსვლა. ბიუჯეტი არ არის ერთადერთი ღერძი, რომელზეც სახელმწიფოს ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკა უნდა აიგოს.

ხათუნა ჩიგოგიძე
...
06 აპრილი 2017 15:55
Cels ikneba daubegravi minimumi
MARIAMI
20 აპრილი 2016 17:08
ამ ნაბიჯით ძალიან ბევრს დაკარგავს ქართული ოცნება . თვითონ იცხოვრონ 200 ლარით თვიდან თვემდე . ლამის ერთმანეთი დაჭამონ და ხალხისთვის გაიმეტებენ რამეს?ხალხი სულ არ კიდიათ?
me
19 აპრილი 2016 21:08
რა უჯიშოები ხართ?

რედაქტორის რჩევით