"ქვეყანაში იდეების შიმშილია"
15-12-2014
"ქვეყანაში იდეების შიმშილია"
"დღეს ქვეყანაში არსებული გარემო ყველაზე სტაბილურია, რაც კი ბოლო 22-24 წლის განმავლობაში მინახავს"

ცოტა ხნის წინ ის "წლის მეწარმედ" დაასახელეს და ახლა უკვე "მსოფლიო მეწარმის" ტიტულისთვის მოუწევს ბრძოლა. ყველაფერი კი 22-23 წლის წინ დაიწყო რამდენიმე წარუმატებელი მცდელობითა და ბევრი წარმატებული ნაბიჯით. დღეს მის სახელს ისეთი მსხვილი კომპანიები უკავშირდება, როგორიც "თიბისი ბანკი" და "ბორჯომია". მამუკა ხაზარაძე ბპნ.გე-ს საკუთარ ბიზნესგამოცდილებაზე, გეგმებსა და ბიზნესპროცესებზე გვესაუბრება.

მამუკა ხაზარაძე, ბიზნესმენი, "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
- რაც თავი მახსოვს, "თიბისიში" ვარ... მანამდე მე და ჩემს მეგობრებს კომპანია გვქონდა, რომელსაც ერქვა "შანსი", და კიდევ სამხატვრო სალონი. არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და რატომღაც კულტურით, მხატვრებთან ურთიერთობით დავიწყეთ. საინტერესო ბიზნესმოდელი იყო, მაგრამ არ იყო მომგებიანი. თუმცა, მაშინ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა დასაბამი
დაუდო იმ ურთიერთობას, რომელიც დღეს "თიბისის" აქვს საზოგადოდ კულტურასთან.
თავის დროზე ბანკი გავაკეთეთ იმიტომ, რომ გვქონდა მაღაზია და გვინდოდა, შემოსული ფული სადმე შეგვენახა. იმ დროს საქართველოში 250-300 ბანკი მაინც დარეგისტრირდა ძალიან მცირე კაპიტალით, მათ შორის - ჩვენიც. მახსოვს, ჭავჭავაძეზე მდებარე სხვა მაღაზიების მეპატრონეებმაც მოგვმართეს\: ფულის ჩვენც თქვენთან შევინახავთო. მაშინ მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენი ფინანსების მიმართ კი არ გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, სხვისი ფულიც გვებარა.

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირველი წარმატება ბიზნესში "თიბისი ბანკია"?
- ფრაგმენტულად ვიზრდებოდით, ისე, როგორც ქვეყანა გვაძლევდა ამის საშუალებას... წარმატებაა "თიბისი ბანკიც", სადაც ყველაზე დიდი მონაპოვარი ის ხალხია, ვინც ამ ბანკში მუშაობს. სამი თვის წინ უცხოეთიდან სამი პროფესიონალი ქართველი ჩამოვიყვანეთ. საზღვარგარეთ ძალიან მაღალ პოზიციებზე მუშაობდნენ, მაგრამ მოვახერხეთ მათი დაბრუნება. "თიბისიში" იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენთან 10 წელზე მეტხანს მუშაობენ, სპეციალური საათით ვასაჩუქრებთ, რომელიც დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ დაგვიმზადა. ასეთი დაახლოებით 250 თანამშრომელი გვყავს. როცა ამდენი ადამიანი ერთად 10 წელია მუშაობს, ეს უკვე ბირთვია. მათგან დაახლოებით 50 უკვე 15 წელია ჩვენი გუნდის წევრია.

- რა იყო თქვენი მამოძრავებელი ძალა - რისკი, აზარტი თუ ალღო?
- როცა ყველაფერი დაინგრა, მივხვდი, ყველას თავისი თავისთვის უნდა ეშველა.
ბიზნესი იყო ადგილი, სადაც მე უფროსი არ მეყოლებოდა და საკუთარი თავის რეალიზაციას შევძლებდი - ჩემი თავის პატრონი ვიქნებოდი და ეს მომწონდა ყველაზე მეტად, თანაც, ბიზნესი ისეთი "ხილი" იყო, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა...

ბიზნესი ჩემთვის არასდროს ყოფილა კონკრეტული ციფრი. ყველაფერი წლებზეა გათვლილი. როცა შედეგს ვაღწევ, სიცარიელე დგება და ვხვდები, ამ საქმემ შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემთვის თავი ამოწურა და გადავდივარ სხვა თემაზე. ამიტომაც ბევრი საინტერესო ბიზნესის ავტორები ვართ.

- პიროვნული თვისებებიც თუ არის საჭირო ბიზნესში წარმატებისთვის?

- უპირველესად ლიდერი უნდა იყო. ბიზნესში ორი კატეგორიის ადამიანები არიან: ისინი, ვინც ქმნიან ბიზნესს, და ისინი, ვინც მას ყოველდღიურად მართავენ.

- რა უფრო რთულია?
- ორივე რთულია, თუმცა, მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქმნის ბიზნესს, რადგან ამას ვერ ისწავლი, შინაგანად უნდა გქონდეს. ლიდერის თვისებები უნდა გქონდეს, რომ წახვიდე რისკზე და წაიყოლო ადამიანები, რადგან მარტო ვერაფერს მიაღწევ.

- წაგიგიათ ბიზნესში?

- წაგვიგია არა იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც დრამატული შეცდომა დავუშვით, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ გვიწყობდა ხელს. 1992 წელს, როცა ბანკი დავაფუძნეთ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო და ამ პირობებში გვიწევდა ბიზნესის კეთება.

- თუმცა, ამას შეგვიძლია მეორე მხრიდანაც შევხედოთ - მაშინ საქართველოში ბიზნესსექტორი აუთვისებელი იყო და უფრო იოლი იყო თავისუფალი ნიშის პოვნა.
- მცდარი წარმოდგენაა, რადგან ბიზნესი ვითარდება მაშინ, როცა კონკურენტული გარემო არსებობს და არა მაშინ, როცა მარტო ხარ.

- ახლა რომ იწყებდეთ ბიზნესს, რას გააკეთებდით? არც კაპიტალი გაქვთ და არც ბანკი გაძლევთ სესხს...
- უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვარ  22 წლის. ჯერ რომელიმე დიდ კომპანიაში დავიწყებდი მუშაობას. ერთია, რომ 22 წლის ხარ და გაქვს მთების გადატრიალების სურვილი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხვდე შესაბამის გარემოში - გემში უნდა ჩაჯდე. ისეთ კომპანიაში დავიწყებდი მუშაობას, სადაც იქნებოდა ბევრი ინფორმაცია ბიზნესზე და 2-3 წელს მოვახმარდი იმას, რომ ბიზნესუნარები ამეთვისებინა. ჩამოვყალიბდებოდი, რომელი სფეროა ჩემთვის საინტერესო. შევქმნიდი კომპანიას, დავწერდი ბიზნესგეგმას და ამ იდეას გავყიდდი. მივიდოდი მამუკა ხაზარაძესთან, პაატა კურტანიძესთან, სოსო ფხაკაძესთან და ვეტყოდი, რომ ჩაედოთ ამ საქმეში ასე, ათას-ათასი დოლარი, რაშიც შემდეგ მე ავიღებდი სამენეჯმენტო პროცენტს. თუ ეს მოდელი გაამართლებდა, ისევ მივიდოდი ამ ხალხთან, ან უფრო დიდ წრესთან და გადავიდოდი ბიზნესის უფრო დიდ მასშტაბებზე...

- ხელსაყრელი ბიზნესგარემო თუ არის ქვეყანაში?
- დღეს ქვეყანაში არსებული გარემო ყველაზე სტაბილურია, რაც კი ბოლო 22-24 წლის განმავლობაში მინახავს.
თუმცა, ვფიქრობ, ქვეყანას შეიძლება განვითარების უკეთესი ტემპი ჰქონდეს. უნდა წახალისდნენ გარე ინვესტორები, რომ საქართველოში ფული ჩადონ. საკმაოდ დიდი ბარიერია ის, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს საფონდო ბირჟა. როგორ შეიძლება მე მქონდეს იდეა, მცირე თანხა, რომლითაც დავიწყებ ბიზნესს და შემდეგ მისი გაზრდის შესაძლებლობა არ მომეცეს? ჩემი იდეა თუ არ გავყიდე და ფული არ მოვიზიდე, ისე არაფერი გამოვა. შედარებით მცირე თანხებზე ვლაპარაკობ, 500 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე, რაც არის, ძირითადად, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. გასაკეთებელია საპენსიო რეფორმა, რომ გაჩნდეს ე.წ. "გრძელი ფული". ეს გაცილებით ადრე უნდა გაკეთებულიყო. 

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია კონკურენტული ვიყოთ, ეს ჩვენი ინტელექტია, რომელიც მწირად არის დარჩენილი საქართველოში და დანარჩენი გასულია უცხოეთში.

- ხშირად ამბობენ, რომ ბანკებს კოლოსალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და ამის გამო ბევრი მოქალაქე ზარალდება.

-  სხვადასხვა პროექტისთვის ჩვენ ევროპის ბანკებიდან აღებული გვაქვს კრედიტები, რომლის საპროცენტო განაკვეთი ხშირად იმაზე მაღალია, ვიდრე ქართული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე არსებული.

- ძნელი დასაჯერებელია...
- მე, მამუკა ხაზარაძეს, როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ამ ბანკიდან კრედიტის აღების უფლება არა მაქვს. "საქართველოს ბანკში" მქონდა კრედიტი, ბანკ "რესპუბლიკაში", "პროკრედიტ ბანკსა" და ბანკ "ქართუშიც" მაქვს. ზუსტად იმ პროცენტს ვიხდი, რაც დღეს ბაზარზეა და იმ პროცედურას გავდივარ, რასაც სხვა კლიენტები. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თუ ნახავთ, რა მოცულობის იყო სესხზე საპროცენტო განაკვეთი ორი წლის წინ და რამდენია დღეს, აღმოაჩენთ, რომ ასეთი რადიკალური შემცირება არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა.

ორი წლის წინ იყო წლიური 15-16%, დღეს კი არის 9% და ქვემოთ. კარგი და მსხვილი კლიენტები ჩვენთან 7,5-8%-შიც იღებენ უკვე სესხს.
ჩვენ ერთ-ერთი პროექტისთვის აღებული გვაქვს სესხი, რომელშიც წლიურ 12%-ს ვიხდით. ასევე შემცირდა სადეპოზიტო განაკვეთები.  
ბანკები ფულს კი არ აკეთებენ, არამედ იმ პროცენტს იღებენ დეპოზიტსა და გაცემულ კრედიტს შორის, რასაც ყოველთვის იღებდნენ, ეს არის 4-4,5%.
ბანკებში დაგროვილია საკმაოდ დიდი ლიკვიდურობა და არ არის საკმარისი სიჩქარე ეკონომიკაში, პროექტების რაოდენობა, რომ ბანკმა დააფინანსოს. დღეს ქვეყანაში კარგი პროექტების, იდეების შიმშილია.

- რა განცდა გაქვთ, როცა იპოთეკარებს, რომლებსაც თქვენს ბანკში ბინა აქვთ ჩადებული, სესხის გადაუხდელობის გამო სახლიდან ასახლებენ?
- როცა ადამიანებს ასახლებენ, მაშინვე ბანკთან ხდება ამ ამბის დაკავშირება, რაც არასწორია. არც ერთი ის მოქალაქე, ვისაც ჩვენს ბანკში იპოთეკით დატვირთული ჰქონდა ერთადერთი საცხოვრებელი ბინა, სესხის გადაუხდელობის გამო ქუჩაში არ დარჩენილა.

დღეს დაახლოებით 30 იპოთეკარი გვყავს, ვისი ბინებიც, წესით, ბანკს ეკუთვნის, მაგრამ არავის გამოუსახლებია.
ყველა კრედიტი არის რესტრუქტურიზებული, ჯარიმები მოხსნილი აქვთ და ამ ხალხს მიცემული აქვს შანსი, რომ ბანკთან წარმოქმნილი პრობლემები ბინის დაკარგვის გარეშე მოაგვარონ. ყველას ვეუბნები, რომ ბინა, რომელშიც ცხოვრობ, ბანკში არ უნდა ჩადო.

არც ერთი ბიზნესი არ ღირს იმისთვის, რომ შენი ოჯახის წევრების სიმშვიდე რისკის ქვეშ დააყენო.

(იბეჭდება შემოკლებით. ვრცლად იხ. bpn.ge)
George
22 დეკემბერი 2014 11:13
რა ხდება მერაბ კოსტავას ცემასთან დაკავშირებით? რაო, ხაზარაძემ, მე არ მიცემიაო?
jingo
21 დეკემბერი 2014 14:38
ჯერ ერთი ეს ნიუ-იორკი არ არის:)))))

და იდეების გენერატორები არც ნიუ-იორკში ყრიან ქუჩებში :))))

ვურჩევ თავი ლაბორატორიაზე დახარჯოს ზედმეთი ფული ... თუ საერთოდ რაიმის შექმნა უნდა :)))

რა ფუქსავატობაა ეს ინტერვიუ :))))

jemali
19 დეკემბერი 2014 14:17
შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, ტუ უცოდინრები ვართ ქართველები, რაც გაჰფუჭებიათ უცხოელებს მე გამიკეთებია, მაგ, ესტაკადა რომ შენდებოდა ტექნიკის ელექტროობა, ყველაფერი ჩემთან მოჰქონდათ, ტრასა კეთდებოდა ჩინელებიც მოსულან და გერმანელებიც, ომის დროს რუსები შემოვიდნენ და განცვიფრებულები დარჩნენშეანისთანა სპეციალისტი უმუშევარიაო,ბორჯომშიც ჩემი ახლობელი მუშაობს, ასე რომ თუ პატრონი არ გყავს ვერაფერს ეღირსები, იმიტომ მიდის საქმე ჯანდაბისკენ და არა იდეების შიმშილის გამო.

რედაქტორის რჩევით