საწვავის ფასებით ცეცხლთან თამაში საშიშია - კვირის პალიტრა

საწვავის ფასებით ცეცხლთან თამაში საშიშია

"თუ კონკურენციის სააგენტო ერთხელ შეისწავლის ბაზარს და ვერაფერს დაადგენს, ის ამ თემას მეორედ ვერ მიუბრუნდება(?!)"

საწვავს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ პოლიტიკური ფასი აქვს. პრემიერის განცხადების შემდეგ, როცა მან კონკურენციის სააგენტოს ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა დაავალა, რამდენიმე საათში კომპანიებმა ბენზინის ფასი რამდენიმე თეთრით შეამცირეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასები მსოფლიო ფასების არაადეკვატურია.

ბექა კემულარია, საწვავის ბაზრის ანალიტიკოსი: "ჩვენი ორგანიზაციის სამი მოთხოვნიდან (კონკურენციის სააგენტომ მოგვაწოდოს საწვავის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში; დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნავთობიმპორტიორების მიერ ხალხის ძარცვა და დაიწყოს მოკვლევა ავტოგაზის ფასებზე) ერთ-ერთი, ფაქტობრივად, თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმიანა. კანონში პირდაპირ წერია, რომ კონკურენციის სააგენტო მოკვლევას ვერ დაასრულებს 3 თვეზე ნაკლებ ვადაში და ვერ გაახანგრძლივებს 10 თვეზე მეტხანს. შესაბამისად, 10 დღეში კონკურენციის სააგენტო შედეგს ვერ დადებს, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, მოკვლევის რა ეტაპზე არიან. კანონში ისიც წერია, რომ თუ კონკურენციის სააგენტო ერთხელ შეისწავლის ბაზარს და ვერაფერს დაადგენს, ის მეორედ ვერ მიუბრუნდება ამ თემას. ანუ თუ ასეთი შედეგი დადგება, კონკურენციის სააგენტო კომპანიებს მათ მონოპოლიურ ფასს "გაუპრავებს".

დღეს კომპანიები დაახლოებით 50-70-თეთრიანი მოგებით ყიდიან 1 ლიტრ საწვავს. 2012 წელს, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, კომპანიებმა მოგების მარჟა 1 ლიტრზე 20 თეთრამდე შეამცირეს. ნავთობიმპორტიორებმა არ იცოდნენ, როგორ პოლიტიკას გაატარებდა ხელისუფლება მათ მიმართ. შემდეგ, რომ დაინახეს, ხელისუფლებამ საწვავის ბაზრის შესწავლის მიზნით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ხალხის ძარცვას ძველებურად მიჰყვეს ხელი. მარტივ მაგალითს მოვიყვან: 15 დეკემბრის ვალუტის კურსის და საწვავის საერთაშორისო ფასის გათვალისწინებით, კომპანიები 1 ლიტრ პრემიუმის ტიპის ბენზინზე 87-თეთრიან მოგებას მიიღებენ. რამდენით შეიძლება შეამცირონ საწვავზე ფასები ერთ თვეში - 10-20 თეთრით? ეს მაინც არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი კლება, როგორიც დღეს საწვავის ფასებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ხდება. მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ საცალო და სატენდერო ფასებს შორის 30%-იან სხვაობას. ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 40%-ით არის გაიაფებული საწვავი. საბოლოო ფასი შესაძლოა მაინც მეტი იყოს აქაურთან შედარებით, მაგრამ იქ აქციზის გადასახადია 1 ლიტრისთვის 1 ლარამდე, ჩვენთან კი 19 თეთრია.

დღეს ფასები 3, 5 და 8 თეთრით მცირდება, მაგრამ ეს არ არის რეალური კლება. გავიხსენოთ, რა ხდებოდა ამ ბაზარზე 2010 წლამდე, სანამ ჯანსაღი კონკურენციის ელემენტები არსებობდა. იყო შემთხვევები, როცა რომელიმე კომპანია ახალ პარტიას დაბალ ფასში შემოიტანდა და სხვებიც ცდილობდნენ ამ ფასებისთვის ფეხის აწყობას, ახლა კი არაადეკვატურად ამცირებენ ფასებს. მაგალითად, თუ 1-ლი სექტემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე საწვავის ფასის კლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, ამ დროის განმავლობაში 16 თეთრით არის შემცირებული პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი საცალო ქსელში. ბოლო შემცირებასაც თუ დავუმატებთ, რომელიც პრემიერის განცხადებას მოჰყვა, მაქსიმუმ 20-თეთრიან კლებას მივიღებთ. ამ დროს კი სახელმწიფოს, როგორც შემსყიდველს, კომპანიები 40 თეთრით იაფად აწვდიან საწვავს, ვიდრე რიგით მომხმარებელს. შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო მსხვილი შემსყიდველია და, რა თქმა უნდა, მას კომპანიები უფრო დაბალ ფასად აწვდიან საწვავს, მაგრამ შემცირების დიაპაზონი ხომ ერთნაირი უნდა ყოფილიყო საცალო და საბითუმო შემსყიდველისთვის... 1-ელ იანვრამდე სახელმწიფოს კიდევ 20 თეთრით შეუმცირდება ფასები საწვავზე და ჯამში 60-თეთრიანი შემცირება გამოვა სექტემბრის შემდეგ. კონკურენციის პირობებში ფასს ბაზარი განსაზღვრავს, მაგრამ როცა ჩვენთან კონკურენცია არ არის, დამოკიდებული ვართ ამ ოლიგოპოლისტების მადაზე. არსებული ფასებითა და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსით, 1 ლიტრი პრემიუმის მარკის საწვავი იანვარში მაქსიმუმ 1,5 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს".

ციფრების ენით

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის სარეალიზაციო ფასი ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მიხედვით დგება. 18 დეკემბრის მონაცემებით, ბენზინის საერთაშორისო ფასი ტონაზე 527,25 დოლარი იყო. მაგალითად, ოქტომბრის დასაწყისში ტონა ბენზინი 805 დოლარი ღირდა. ხოლო 2008 წელს ბენზინის საერთაშორისო ფასი 1010-1150 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და მაშინ საქართველოს საცალო ქსელში სუპერის მარკის ბენზინი ლიტრი 2 ლარის ფარგლებში იყიდებოდა, ახლა კი 2,10-2,17 ლარი ღირს.

18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში Bრენტ-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 59,27 დოლარი ბარელზე. ნიუ-იორკში Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 54,11 დოლარი ბარელზე.