მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ბიზნესს კი პუტინის...
22-12-2014
მოსკოვს ცრემლების არ სჯერა,  ბიზნესს კი პუტინის...
"კრიზისს რუსეთის გიგანტური რეზერვებიც კი ვერ უმკლავდება"

გასულ კვირას რუსული რუბლი დოლარისა თუ ევროს მიმართ მკვეთრად გაუფასურდა. მართალია, შემდეგ შედარებით გამყარდა, მაგრამ რუსეთის ეროვნული ვალუტა ნდობას, ხოლო ეკონომიკა - ზრდის ტემპს, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ დაიბრუნებს. რუსეთში ორნიშნა ინფლაციაა, ფული - მსყიდველობით უნარს, ხოლო ადგილობრივი ბიზნესი შემოსავლებს კარგავს...

გასულ კვირას  რუსეთს მძიმე ორშაბათი გაუთენდა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 10,5%-დან 17%-მდე გაზარდა, რუბლის კურსმა მორიგი კატასტროფა განიცადა.
"შავ სამშაბათს" 1 დოლარის ფასმა - 80 რუბლს, 1 ევროს ღირებულებამ კი 100 რუბლს გადააჭარბა. სავალუტო გადამცვლელ პუნქტებში ევროსა და დოლარის დეფიციტი შეიქმნა, კომერციული ბანკები კი კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, სესხებზე განაკვეთს 20-25%-მდე გააძვირებენ. ეკონომიკა კი ასეთი განაკვეთის პირობებში ვერ იმუშავებს, ამიტომ
რეალური სექტორისთვის ეს ვითარება კატასტროფის ტოლფასია.

ქვეყანა, ფაქტობრივად, დეფოლტისა და სახალხო მღელვარების საფრთხის წინაშე დგას. კურსის ცვალებადობის გამო სავაჭრო ობიექტები ფასების ცვლას ვერ აუდიან. რამდენიმე ცნობილმა ბრენდმა რუსეთში გაყიდვა შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უცხოური ვალუტით ვაჭრობა კანონით აკრძალულია, ზოგიერთმა მაღაზიამ პროდუქციის გაყიდვა დოლარში დაიწყო.

პრეზიდენტი პუტინი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ამისთვის, უარეს შემთხვევაში, ორი წელი მაინც დასჭირდება. თუმცა, სანამ პუტინი ამას თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ამბობდა, რუსეთის ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა - 20 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 60,68 რუბლი, ხოლო 1 ევრო კი 74,57 რუბლი ღირდა.
თუ ნავთობზე ფასი არ გაიზრდება, სხვადასხვა შეფასებით, რუსეთი 40-60 მილიარდ დოლარს დაკარგავს, ეს თანხა კი უკვე გათვალისწინებულია 2015 წლის ბიუჯეტში, სადაც ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარის ფარგლებშია ჩადებული.

შემცირებული იმპორტიდან შემოსავლის დაკლებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპის შემცირებით კი რუსეთის ბიუჯეტი საერთო ჯამში 1 ტრილიონ რუბლს დაკარგავს. ანალიტიკოსების აზრით, ამის კომპენსირება მხოლოდ რეზერვების ხარჯზე შეუძლებელი იქნება და რუსეთის ბიუჯეტს ხარჯების შეკვეცა მოუწევს.
ნავთობის ექსპორტიდან სახელმწიფო დოლარსა და ევროს იღებს, შემდეგ ამ ფულის კონვერტირებას რუბლში ახდენს. ამიტომ რუსეთი ბიუჯეტს პროფიციტით კი შეასრულებს, მაგრამ მოსახლეობასა და კერძო სექტორს გაუფასურებული ვალუტა მძიმე ტვირთად დააწვება. რუბლის ხანგრძლივმა ვარდნამ შესაძლოა ჰიპერინფლაცია გამოიწვიოს.

ცენტრალურ ბანკს აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი რუბლის გასამყარებლად, მათ შორის, დოლარის გაყიდვა სავალუტო ბირჟაზე, მაგრამ რუბლის სიმყარის შესანარჩუნებლად დღეში საშუალოდ 5 მლრდ დოლარი უნდა გაყიდოს, საამისო რესურსი კი რეზერვში არა აქვს.

რუსეთის სავალუტო რეზერვი, 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, 418 მლრდ დოლარია. სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, რომ სავალუტო რეზერვების შემცირებამ რუსეთის ცენტრალური ბანკი შეიძლება აიძულოს, ოქროს რეზერვების გაყიდვა დაიწყოს.

ვარდნას განაგრძობს ნედლი ნავთობის ფასიც. ბოლო ვაჭრობის შედეგად, "ბრენტის" მარკის ნავთობი ბარელზე 59 დოლარამდე დაეცა. არადა, ნავთობის ფასის 1 დოლარით შემცირება რუსეთის ბიუჯეტისთვის წელიწადში დაახლოებით 2 მლრდ დოლარის დანაკარგს ნიშნავს. ეკონომისტების შეფასებით, რეზერვები რუსეთს თავის გასატანად, უკეთეს შემთხვევაში, ორი წელიც არ ეყოფა. "ბლუმბერგთან" საუბრისას ექსპერტები "ბრენტის" ნავთობის ფასის 50 დოლარამდე გაიაფებას ვარაუდობენ. კლება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მიწოდება მოთხოვნაზე მაღალი იქნება. იმავე სააგენტოს გათვლებით, რუსი უმდიდრესი ბიზნესმენების ქონება წლის დასაწყისიდან 63 მლრდ დოლარით შემცირდა.

დასავლეთის დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე დაბალი ფასების გამო, რუსეთის ბიუჯეტმა წლის განმავლობაში დაახლოებით 130 მლრდ დოლარი უკვე დაკარგა. "ბლუმბერგის" შეფასებით,
რუბლის რყევის გამო, 2 დღეში რუსეთის 20 უმდიდრესი ადამიანი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით "გაღარიბდა".

მეწარმეების თქმით, კრიზისმა მნიშვნელოვნად შეარყია მათი ბიზნესი, გაიზარდა ფასი ნედლეულზე, საბანკო კრედიტებზე, რთულად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსები, გაძვირდა საწვავი, რის გამოც პროდუქციაზე ფასების გაზრდა უწევთ. მთავარი კი ის არის, რომ ამ ვითარებაში ყველაზე მეტად მომხმარებელი ზარალდება. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან ის მეწარმეები, რომლებიც იმპორტიორებთან კონკურენციაში იყვნენ და ახლა საკუთარ პროდუქციას მათთან შედარებით იაფად ყიდიან. მაგრამ ადრე თუ გვიან, მათაც მოუწევთ ევროსა თუ დოლარში საწარმოო ტექნიკის ყიდვა, გადაიარაღება ან სხვა ხარჯების გაღება.
რუსეთის კერძო სექტორს პუტინის ოპტიმიზმის არ სჯერა,
შიშობენ, რომ გაისად გაძვირდება კრედიტები, შეწყდება ინვესტიციების შემოსვლა და ბიზნესს გადარჩენის რეჟიმში გადასვლა მოუწევს.

მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები. ექსპერტების გათვლით, მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები ჩვენზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს, რადგან რუსეთის წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არცთუ დიდია, მაგრამ გაურკვევლობაში არიან ღვინის მწარმოებლები და ექსპორტის მოცულობის პროგნოზს ვერ აკეთებენ. ბევრი კომპანია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე მუშაობდნენ და ახალი კონტრაქტების გაფორმებას აპირებდნენ, მოლოდინის რეჟიმშია, რადგან იქაური დისტრიბუტორების მდგომარეობას პოზიტიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ყველაზე მძიმე პერიოდი, ანალიტიკოსების გათვლით, რუსეთს 2015 წლის მეორე ნახევარში დაუდგება, როცა ცენტრალურ ბანკს რეზერვები, ფაქტობრივად, გამოელევა. რუბლი კონტროლიდან გამოვა და ქვეყანაში სავალუტო პანიკა დაიწყება.

რუსეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ალექსანდრე ჯაფარიძე - 2,1 მილიარდი დოლარი
რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბურღი კომპანია Eურასია Dრილლინგ ჩომპანყ-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და აქციების 32,24%-ის მფლობელი. თავის დროზე, ეს კომპანია ჯაფარიძემ "ლუკოილის" ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე შექმნა, დღეს კი "ლუკოილის" წილი მის დაკვეთებში 57%-ია. რუსეთის საბურღ სექტორში კომპანიის საბაზრო წილი 30%-ია. ბოლო ერთ წელიწადში მისი ქონება დაახლოებით 200 მილიონი დოლარით შემცირდა.

დავით იაკობაშვილი - 1,2 მილიარდი დოლარი
მისი პირველი ბიზნესი, არც მეტი, არ ნაკლები, ღორების გაზრდას უკავშირდება. დამწყები ბიზნესმენი თანდათან ავტობიზნესზე გადაერთო - აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანა და მათი გაყიდვა დაიწყო. დღეს მისი კაპიტალის ჩამონათვალშია აქციების სოლიდური წილი კომპანია Pეტროცას Eნერგყ Gროუპ-ში, რომელიც აერთიანებს 140 ავტოგასამართ სადგურს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში და ორ ნავთობტერმინალს ფოთსა და ბათუმში. "ფორბსის" გათვლებით, დავით იაკობაშვილის ქონება, გასულ წელთან შედარებით, პირიქით, დაახლოებით 250 მლნ დოლარით გაიზარდა.

მიხეილ ხუბუტია - 1,5 მილიარდი დოლარი

მიხეილ ხუბუტია მოსკოვში მსხვილი საგამოფენო ობიექტების, "მანეჟისა" და "გასტინი დვორის", იარაღის მაღაზიათა ქსელ "კოლჩუგასა" და ამავე სახელწოდების რესტორნების ქსელის მფლობელი და რამდენიმე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელია. მოსკოვის თითქმის ყველა ელიტურ რაიონში სხვადასხვა ობიექტს სწორედ ხუბუტიას კუთვნილი კომპანია აშენებს.

სოსო ორჯონიკიძე - 1 მილიარდი დოლარი
სოსო ორჯონიკიძე წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ამბობენ, რომ ის რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი და მდიდარი ადამიანია, თუმცა, მისი რეალური ქონების შესახებ ცოტამ თუ იცის. რუსული პრესა მას ოფიციალურ მილიონერებს შორის ასახელებს, ქართულმა მედიამ კი რამდენიმე წლის წინ მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ვიაჩესლავ მირილაშვილი - 0,95 მილიარდი დოლარი
მამისგან, გასული საუკუნის 90-იანი წლების პეტერბურგელი მაგნატისგან, მიხეილ მირილაშვილისგან ნასესხები 30 ათასი დოლარით სოციალური ქსელი "ვ კონტაკტე" დააფუძნა, 2013 წელს კი თავისი აქციების 40% United Capital Partners-ს 700 მილიონ დოლარად მიჰყიდა. რუსეთში მცხოვრებ უმდიდრეს ქართველებს შორის ვიაჩესლავი ყველაზე ახალგაზრდაა, ის 30 წლის არის.
ანა
27 დეკემბერი 2014 15:27
david67
აგაშენათ ღმერთმა. მესმის, რომ ჩემი მსჯელობა ზედმეტად მიამიტური გამოვიდა, მაგრამ ეს საგაზეთო ფორმატიც არ იძლევა მეტის საშუალებას, აქ ეს თემა გაიშალოს. მე იმას ვჩივი, რომ საქართველოს ე.წ.მთავრობა რომელიც მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას ატარებს/აკონტროლებს, ამ მთავრობას კიდევ სხვა რომ აკონტროლებს, თან აშკარად ჩემი ქვეყნის არაკეთილისმსურველი. თორემ ჩვენზე პატარა ქვეყნებიც არსებობენ, და ბედნიერადაც ცხოვრობენ უარყოფითი სავაჭრო ბალანსითაც. მოკლედ ქართულად მოაზროვნე მთავრობა მინდა და არა სჩანს. მე ჩემდათავად უკრაინას და ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ, ბევრი საერთო გვაქვს და თუ მოვახერხებთ რუსეთს ჭაობში არ ჩავყვეთ, დარწმუნებული ვარ ნორმალურ სახელმწიფოებად ჩამოვყალიბდებით.
ერთი რამ დარწმუნებით ვიცი, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მე რამე გულით მესურვოს და არ ამხდენოდეს. ვიცი, რომ ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებ. დამიჯერეთ, ჩემი სურვილი პუტინის და ნებისმიერი რუსი მმართველის საცოდავ გეგმებზე ბევრად ძლიერია.
david67
26 დეკემბერი 2014 18:36
ანა! საბაზრო ეკონომიკას სამი მიმართულება აქვს.დაფუძნებული კერძო ბიძნესზე. სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.სასაქონლო ფულის ურთიერთობები, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს.თითოეულის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, დამიჯერე როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს.სადოქტორო არ დამიმტკიცეს არ გეკუთვნისო მითხრეს))).ის რაც უნივერსიტეტში გვასწავლეს მე და თქვენ ჩათვალე რომ არაფერი უსწავლებიათ. თქვენს ძალიან ზედაპირულად მსჯელობთ, ამავე დროს მიამიტი ბრძანდებით.რას ნიშნავს,კომერციული კომპანიები მოგებაზე არიან ორიენტირებულიო? ნავთობის ბიზნესი რა წაგებაზეა ორიენტირებული? თუ კომერციული კომპანიები არაა? რამხელა ზარალია უკვე.!საქმე იმაშია რომ ამას მთავრობა აკონტროლებს და როგორც ის გასცემს მითითებას, ისე იქნება.საქართველოსთან შემთხვევაში ვინაა დომინანტი, თავადაც ხვდებით.კი რათქმა უნდა ლარის კურსი არაფრითაა დამოკიდებული რუბლზე, მაგრამ ეკონომიკურად თვითონ ქვეყანაა დამოკიდებული.ის რასაც ომარი ამბობს რომ მილიარდამდე ფული ირიცხებაო და რასაც თქვენ ამბობთ რომ ჩვენი პროდუქტი ექსპირტზე გადისო, ეს უბრალოდ სასაცილოა.გაესაუბრეთ საშუალო ეკონომისტს, ჩემიი თუ არ გჯერათ.მოკლედ გეტყვით.ქვეყანას რომელსაც არაა აქვს ბუნებრივი წიაღისეული ან ძალიან მცირეა, ნავთობი გაზი ოქრო ხე ტყე .ის ყოველთვის იქნება დამოკიდებული სხვაზე.ასევე დიდ როლს თამაშობს საბანკო სექტორი.საქართველოს აქედან არაფერი არ გააჩნია. ბორჯომი და ღვინო არაფერს არ ნიშნავს, ჩილე და არგენტინა ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდის და მერე რა?
მე მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება თუ მომავალში რა მოხდება.არც ბატი ბუტით თავის გართობას ვაპირებ, გინდა შაქრით იყოს და გინდა მარილიანი))
omar
26 დეკემბერი 2014 15:41
ანიკო,"ტექსტის სწორად აღქმის პრობლემა" ჩემი შენ უნდა გითხრა:მე მილიარდობით დოლარი არ მითქვამს,მე ვთქვი "მილიარდამდე დოლარი".ამბობ,"როგორმე გადავიტანეთ მაგათი ემბარგოც და ენერგეტიკული ბლოკადაც"-ო.მაგრამ ნაგავში ქექვა და მათხოვრად ქცევა - გადატანაა?!ეს,ჩანს,პირადად შენ არ გეხება:"ჩემი გამთბარი ოთახიდან მშვიდად დავაკვირდები მოვლენებს სადო-მაზოხისტური გამოვლინებების გარეშე ბატი-ბუტის ხრაშუნში"-ო და არ განაღვლებს,რომ ბევრ შენს თანაქალაქელს ცივი ოთახიც არა აქვს.ეხლა ბინებს აღარ აძლევენ,ბინებიდან ქუჩაში ყრიან.მაგრამ ქართველების უმრავლესობას ზოგადის გაგება არა გაქვთ."ათასეული წლები დასჭირდა იმას,რომ ზოგადის გაგებას ადამიანის გონებაში შეეღწია"-ო და,ასე თუ გააგრძელეთ,ათასეული კი არა,საეჭვოა,ათეულებს გაუძლოთ.

რედაქტორის რჩევით