შარშან "მოურჩენელი" პრობლემები - 2014 წლის ეკონომიკური პროცესები - კვირის პალიტრა

შარშან "მოურჩენელი" პრობლემები - 2014 წლის ეკონომიკური პროცესები

"პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებამ არ ისურვა ადრე ჩამოყალიბებული სისტემის შეცვლა... ის

ნელ-ნელა იწყებს მთავრობის "ჭამას", მისი ავტორიტეტის განადგურებას"

2014 წელი ეკონომიკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. მათ შორის იყო ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება და ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ. გასული წლის შეფასება ეკონომიკის ექსპერტებს ვთხოვეთ.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "2014 წლის მთავარ ეკონომიკურ მოვლენად მიმაჩნია ევროპასთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც პროდუქციასა და სერვისებს სატარიფო და არასატარიფო ბარიერებისგან ათავისუფლებს. ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარზე უკვე წარმოდგენილი კომპანიებისთვის, ასევე, ეს იქნება გზავნილი ინვესტორებისთვის, პროდუქცია საქართველოს გავლით გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობას გაზრდის რიგით მეორე ქართული ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებაც. საინტერესო და წარმატებული პროგრამებია საყოველთაო დაზღვევა, აგროდაზღვევა, იაფი აგროსესხები და "აწარმოე საქართველოში".

კარგი წელიწადი იყო ღვინის ინდუსტრიისა და რიტეილის (საცალო ვაჭრობის) სექტორებისთვის. ღვინის ექსპორტისგან შემოსავალმა 200 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ზრდის მთავარი ლოკომოტივი არის რუსეთის ბაზარი. უკრაინის ბაზარზე საგრძნობი შემცირებაა, თუმცა, მას სხვა ბაზრების ზრდა აბალანსებს.

დადებითი ფაქტორია ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე. მართალია, ქვეყნის ნავთობბაზარზე კონკურენცია დაბალია, მაგრამ კლება ინფლაციურ რისკებს მეტ-ნაკლებად აბალანსებს.

მთავარი პრობლემა 2014 წელს რუსეთსა და უკრაინას, საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის კონფლიქტი იყო. ეს განსაკუთრებით აისახა უკრაინაში ექსპორტზე, აგრეთვე, ფულად გზავნილებზე. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში გზავნილები რუსეთიდან 30%-ით შემცირდა, უკრაინიდან კი თითქმის განახევრდა. ამან კიდეც იმოქმედა საქართველოს საგადამხდელო ბალანსსა და ლარის კურსზე.

რუსეთ-უკრაინის კრიზისი 2015 წელსაც საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დარჩება.

მართალია, ლარის კურსის მერყეობაში მთავარი საგარეო ფაქტორები იყო, საბიუჯეტო ხარჯების გავლენა კი მინიმალური და არც 8%-იან დევალვაციას მოუხდენია ფასებზე დიდი გავლენა, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის მაინც არასტაბილურობის განცდა შეიქმნა. იყო ჩავარდნებიც, განსაკუთრებით, საგარეო წყაროების მობილიზებისა და ხარჯვით ნაწილში. უარყოფითად შევაფასებ ასევე აქციზის ზრდას, განსაკუთრებით ლუდის ინდუსტრიისთვის, რაც კომპანიებისთვის რენტაბელურობის გაუარესებასა და განვითარების შეფერხებას ნიშნავს.  უარყოფითად აისახა სავიზო რეგულაციების გამკაცრება ტურისტულ ნაკადსა და საქართველოში მოქმედი უცხოური ბიზნესების მუშაობაზე.

2014 წლის ნეგატივად მიმაჩნია  ანტიბიზნესური ფონის გაძლიერება. ქვეყანაში სტიმულირებულია უარყოფითი განწყობები და სპეკულაციური თემები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგ,

რაც საკმაოდ არასასურველ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის".

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "2014 წელი, ისევე როგორც 2013, მთავრობამ ხელიდან გაუშვა, რადგან ვერ შეძლო იმ პოლიტიკაზე კონცენტრირება, რომელიც ქვეყანას თანდათან გამოიყვანდა კრიზისიდან. ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, ზრდის ტემპი (5-5,5%) ცუდი არ არის, მაგრამ ინფლაცია დაახლოებით 4%-მდე იქნება, ეს უკვე შედარებით ცუდია. მოსახლეობა ვერ გრძნობს ცალკეული ღონისძიებების ეფექტურობას, მათ შორის, დაზღვევის პროგრამისას, როცა ათასობით ადამიანს შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიეცა ექიმთან მისვლის შესაძლებლობა. ცუდი არც ის არის, რომ ბიზნესს არავინ ატერორებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებამ არ ისურვა ადრე ჩამოყალიბებული სისტემის შეცვლა.

ეს გახლავთ მსხვილ ოლიგარქიულ ჯგუფებზე აგებული ე.წ. სახელმწიფო კორპორაციის მოდელი, რომელიც პირთა ვიწრო წრისთვის არსებობს, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ მომხმარებელია.

ამან რა მოუტანა წინა ხელისუფლებას, კარგად ვიცით. არსებული სისტემა ნელ-ნელა იწყებს მთავრობის "ჭამას", მისი ავტორიტეტის განადგურებას.

უმსხვილესი ბიზნესის ბრუნვა თითქმის გაორმაგდა და 9 მილიარდს მიუახლოვდა. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც დასაქმებისა და საშუალო კლასის განვითარების საფუძველია, როგორც სულს ღაფავდა 2 წლის წინ და 1 მილიარდი დოლარი ჰქონდა ბრუნვა, დღესაც იმავე დღეშია.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვთქვი, რომ 2014 წელი წინა წელზე არაფრით უკეთესი არ იქნებოდა. მეტიც, უარესიც კი გამოვიდა, განსაკუთრებით, ლარის კურსის რყევის გამო. შემიძლია თამამად და სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 2015 წელი წლევანდელზე უარესი იქნება. არ გაიზრდება შემოსავლები და ეკონომიკის ზრდა ამჟამინდელს ვერ გადააჭარბებს".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "2014 წელი 2013 წელს დაწყებული სირთულეების გაგრძელება იყო. მთავარი პოზიტივი ის შესაძლებლობებია, რომლებსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღებს საქართველო.

ერთხელ და სამუდამოდ მთავარ პრიორიტეტად უნდა ვაღიაროთ, რომ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ალტერნატივა ქვეყანას, ფაქტობრივად, არ გააჩნია. საქართველოდან გაცილებით მეტი დოლარი გადის, ვიდრე შემოდის და ამ დიდი დისპროპორციით გამოწვეული არასტაბილურობის ერთადერთი დამბალანსებელი არის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

აქცენტებიც არასწორად დაისვა - სავიზო რეჟიმის გამკაცრება, მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვაზე. ჩაკეტილი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს ვერ გახდის მიმზიდველს პირდაპირი ინვესტიციებისთვის.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თვალსაზრისით 2015 წელი ყველაზე მძიმე იქნება, თუ რამე კარდინალური გარღვევა არ მოახდინა ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სამწუხაროდ, 2014 წელს ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ 2013 წლის შეცდომები და ლარის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია ამ წელსაც გაგრძელდება".