"არსენას არშინით" მოზომილი პრემიები და სახელფასო დანამატები
29-12-2014
"არსენას არშინით" მოზომილი პრემიები და სახელფასო დანამატები
საჯარო მოხელეები საკუთარ მუშაობას სულაც არ ზომავენ "არსენას არშინით"

მაღალჩინოსანთა ხელფასები და დანამატები 2014 წელს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების განმავლობაში ითხოვს სხვადასხვა სახის ინფორმაციას საჯარო დაწესებულებებისგან, მათ შორის საჯარო მოსამსახურეების პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ. რადგან 2014 წლის ინფორმაცია სრულად მხოლოდ 2015 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი, რეკორდსმენი ორგანიზაციის გარკვევას დღეს არსებული მონაცემებით შევეცადეთ.


გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის ანალიტიკოსი: "საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში მოვუწოდებდით რეგულაციების
დაწესებისკენ, რაც გამორიცხავდა საჯარო მოსამსახურეებისთვის არალოგიკური ოდენობის თანხებით დაჯილდოებას და წახალისების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებას შეუწყობდა ხელს.

2013 წლის 15 მარტს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მინისტრებს ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუწესდათ - 4.335 ლარი. საზოგადოებას განუმარტეს, რომ ყოველთვიური პრემიებით მინისტრების დასაჩუქრების პრაქტიკა გაუქმდებოდა, მათი ყოველთვიური
შემოსავლები განისაზღვრებოდა თანამდებობრივი სარგოთი და აღნიშნული დანამატით თვეში სულ 7.875 ლარი იქნებოდა. 2014 წლის 21 იანვარს ამოქმედდა ცვლილება და მინისტრის სახელფასო დანამატი 2.710 ლარამდე შემცირდა.
მაგრამ ამ ბრძანებით მხოლოდ მინისტრების შემოსავალი დარეგულირდა. მაგალითად, 2013 წელს მინისტრებზე მაღალი შემოსავლები მიიღეს (პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების სახით) სამინისტროების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, მათ შორის: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ - 66.840 ლარი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებმა, მარიამ ვალიშვილმა და ილია ელოშვილმა, თითოეულმა პრემიად - 65.280 ლარი, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ხუტა პაჭკორიამ - 77.605 ლარი, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ჯანელიძემ - 60.106 ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ - 59.840 ლარი, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ჯანდიერმა 57.520 ლარი.
კიდევ უფრო მაღალი პრემიები აიღეს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების წევრებმა თუ სხვადასხვა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა. მაგალითად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს პრემიის სახით მიღებული აქვთ: აკაკი სიხარულიძეს - 120.988 ლარი, ირაკლი მოსეშვილს - 120.158 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკს - 120.156 ლარი, კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილს - 95.693 ლარი. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაშიც.

2013 წელს პრემიების თუ სახელფასო დანამატების ოდენობით გამორჩეული არიან აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კირთაძე - 88.968 ლარი, ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე - 80.700 ლარი, "საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე - 80.450 ლარი.

შემდგომი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებით, რომელიც პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესს არეგულირებს. თუმცა, რეგულირდება მხოლოდ პრემიის ოდენობა და არა მისი გაცემის პერიოდულობა, ხოლო სახელფასო დანამატების შესახებ არაფერია ნათქვამი. ამასთან, დადგენილება ვრცელდება მხოლოდ უშუალოდ მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებზე და არა ყველა საჯარო დაწესებულებაზე. ცხადია, მხოლოდ ამ დადგენილებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის სისტემური პრობლემა ვერ დარეგულირდება. მაგალითად, დადგენილება არ ვრცელდება ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებზე, თუმცა, ქალაქ თბილისის საკრებულოში 2014 წელს პრემიების გაცემა ამ საჭიროებას ცხადყოფს. საკრებულოს თავმჯდომარემ 2014 წლის პირველ 6 თვეში პრემიად 40.710 ლარი მიიღო, ხოლო საკრებულოს სხვა წევრების პრემიები დაახლოებით 30.000 ლარს შეადგენს.

არაერთ დაწესებულებაში კი ყოველთვიური პრემია ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატებით. მაგალითად, 2014 წლის პირველ 6 თვეში მთავრობის კანცელარიის თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები ყოველთვიურად გაიცემა. კანცელარიის უფროს მაია ცქიტიშვილს 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 26.010 ლარი, ხოლო დეპარტამენტების უფროსებს, მაია ბიგვავასა და აკაკი ჩხენკელს, თითოეულს - 30.450 ლარი.
ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ აუცილებელია პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის ერთიანი წესი. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეებისთვის პრემიის თუ სახელფასო დანამატის მინიჭების კრიტერიუმები და რაოდენობრივი ფარგლები, ანაზღაურება თანამდებობრივი რანგირების მიხედვით, აგრეთვე, საჯარო სამსახურში შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებული პირების ფინანსური გარანტიები.

ალექს
16 იანვარი 2015 20:07
ზოგადად ,ჩვენი სახელმწიფო სისტემა ეყრდნობა სხვისი ქონების მითვისების ლეგალიზებულ მექანიზმს.
ბლეფია,რომ ჩვენთან გადასახადები ყველაზე თუ არა ,ერთერთი დაბალია მსოფლიოში,სიცრუეა,რადგან იმ ჯარიმათა და საურავთა გათვალისწინებით,რომელთა თავიდან აშორება პრაქტიკულად შეუძლებალია,ის ყველაზე მაღალია და რაც მთავარია მისი გათვლა და პროგნოზირებაა შეუძლებელი,სისტემა მუშაობს ისე,რომ 6 წლიან პერიოდს გიმოწმებს საგადაასახადო უწყება და უნებურ შეცდომას ,ან ორმაგი გაგების კანონით გამოწვეულ სადავო ,მაგრამ ჩინოვნიკისათვის უდავო დარღვევას ,ხშირად თუ ყოველთვის ა ინსპირირებულს-გიჯარიმებს,გადებს საურავს და მინიმუმ 6 წლის ნაშრომს ,თუ არა მთელი ცხოვრებისას გინგრევს.
სწორედ ამიტომ მთავრდება ყველა საინვესტიციო პროექტი კრახით იმ საკრალურ 6 წელიწადში,გარდა იმ ერთი ორი შემთხვევისა ,როცა ხელისუფალი თავადაა ფარული ინვესტორი და ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოსტს,ან ის ჩაანაცვლა მეპატრონის ამპლუაში სხვა მოქმედმა ხელისუფალმა.
წინასაინვესტიციო პიარს ორი დანიშნულება აქვს,ერთი მიტყუება გაუთვითცნობიერებელი უცხოელის ,რომელსაც პერსპექტივაში გატყავება არ ასცდება,მეორე - პროპაგანდით შეფუთვა ბიუჯეტიდან გატანილი ფულის უკან ქვეყნის ბრუნვაში ინვესტიციის სახით შემოტანის დასაფარავად,იქ უცხოეთში, ამ ფულს იმ უნარჩვევების მქონე ჩვენი ჩინოვნიკები ვერ ამუშავებენ,ისე კი გართობა სასტუმრო- სასტუმრო მეძავტურიზმის ,ვილა იახტები და ბოტუქსები შეუძლიათ ისიამოვნონ,მაგრამ რამდენი?!
ისევ ვუბრუნდები თემას,რომ ფსევდო სახელმწიფო ინტერესის დაცვით კეთდება ეს,ანუ აპრიორში საკანონმდებლო დონეზე აღიარებულია,რომ გადამხდელი იპარავს შეგნებულად,ის წინასწარაა ცნობილი დამნაშავედ,ხოლო ჩინოვნიკი პატრიოტია ,სამართლიანობის სადარაჯოზე დგას და მომპარავი გადასახადის გადამხდელის "დასჯისას" სამართალს აღასრულებს,ამ დროს კი ითვისებს შენს ნაშრომს რბილად რომ ვთქვათ, და სინამდვილეში გძარცვავს, თუ კარგად დაუკვირდები ასეა.
ტელეფონის სამართლის ქვეყანაში,როცა მოსამართლე ჩვეულებრივი კლერკია და არა ხელისუფალი,დავა უაზრობაა ,დაცვის მექანიზმი ნულის ტოლია.
luxo
05 იანვარი 2015 10:18
ეძებენ. . .
მეოცე საუკუნის ბოლოს და მეოცდაერთის დასაწყისში პენსიონერებს,
( როცა უკვე მათი დანაზოგი იუდამ და მისმა ხროვამ მთლიანად მიითვისა),
თოთხმეტ ლარს აძლევენ, საპესიო ფონდის ზედამხედველებს-- ხუთიათასს.
ერთს აძლევთ თოტხმეტ ლარს, ასჯერ მეტს მეორეს,
ხუთასჯერ მეტსაც და თვლაც კი ამერია,
ამიტომ მეასედ მეც გაგიმეორებთ,
თქვენ ყაჩარები ხართ, და არცა გცხვენიათ.
თავსაც კი იწონებთ ურიცხვი პათოსით,
ხალხის წყევლა-კრულვა მადლობა გგონიათ,
შეხედეთ ღირსებას, ყინვისგან გათოშილს,
დამბლა დასცემია, სტანჯავს აგონია.
შეხედეთ, ჭაღარა მოხუცებს, შეხედეთ,
ჯოხზე დაყრდნობილებს, უსასო ფიქრებით,
შეხედეთ! შეხედეთ! შეხედეთ! შეხედეთ!
რაღაცას, რაღაცას ეძებენ თითებით,
თქვენ კი მათ დასცინით, ისეთი ხარხარით,
ისეთ მონდომებით, ისეთი ხვთის წყრომით,
ფრთხილად ბატონებო! მშიერთა ლაშქარი.
კოჟრიან თითებით სასხლეტებს იპოვის.
• 2005წელი
marina
02 იანვარი 2015 13:15
კარგი იკნებოდა ხალხის პენსიებსა და ხელფასებზე ეფიკრატ, მაგრამ ხალხი ვის ედარდება?სირცხვილი სადაა?

რედაქტორის რჩევით