თუ ხელისუფლება ვერ მოახერხებს სიღარიბის დამარცხებას, ვერც გარეშე მტრების მოგერიებას შევძლებთ - კვირის პალიტრა

თუ ხელისუფლება ვერ მოახერხებს სიღარიბის დამარცხებას, ვერც გარეშე მტრების მოგერიებას შევძლებთ

ხელისუფლების უფლება-მოვალეობები კონსტიტუციაში არის გაწერილი: უფლებები - უფრო მკაფიოდ, მოვალეობები - ცოტა ბუნდოვნად, ზოგადი ფრაზებით: "სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში"; "სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას" და ა.შ., მაგრამ ეს არაფერი, ამას არა უშავს. როგორც ახლახან გავარკვიეთ, ხელისუფლებას ისეთი ვალდებულებაც ჰქონია, რომლის შესახებ კონსტიტუციაში არც მკაფიოდ და არც ბუნდოვნად არაფერი წერია და რომლის შესახებ მოქალაქეების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს. თურმე ხელისუფლებას ევალება, გაამდიდროს საკუთარი მოქალაქეები!

ვინ თქვა? ჰობსმა. დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა თომას ჰობსმა, ჯერ კიდევ 365 წლის წინ. თავის ცნობილ "ლევიათანში" მან ასე გამოკვეთა ხელისუფლების ვალდებულებები:

"ხელისუფლება ვალდებულია:

1. დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები გარეშე მტრისაგან.

2. შეინარჩუნოს შინაგანი მშვიდობა სახელმწიფოში.

3. გაამდიდროს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები".

ჰობსის ნააზრევის პირველმა და მეორე პოსტულატებმა შემდგომში ასახვა პოვა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაშიც. ჩვენი ქვეყნის ძირითად კანონში მესამე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ჩაწერას კი კონსტიტუციის მამებმა, ვფიქრობ, შეგნებულად აარიდეს თავი. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის რჩებოდა ხელისუფლების ვალდებულებად. ვნახოთ, როგორ ისახელეს თავი დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა გენიალური ინგლისელის დანაბარების შესრულებაში და როგორ მოიტეხეს წელი საკუთარი მოქალაქეების გამდიდრებისათვის ზრუნვით.

სტატისტიკის ექსპერტების ემპირიული შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის 2-3% მდიდარია, 7-8% - შეძლებული, 8-10% შეიძლება საშუალო ფენას მივაკუთვნოთ, ხოლო 80% Qღარიბი ან ღატაკია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე არსებულ ხელისუფლებებს ჰობსის დანაბარების შესასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიმდიდრე-სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე განზოგადებული მაჩვენებლის - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით საქართველოს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 3.600 აშშ დოლარით 116-ე ადგილი უკავია მსოფლიოში.

და არაფერი რომ არ ვთქვათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე (იხ. ცხრილი 1), აღნიშნული მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით, როგორიცაა ტუვალუ ან სამოა, ხოლო ის, რომ ცოტათი ვუსწრებთ სომხეთსა და ვანუატუს, ქართველების ლომურ თავმოყვარეობას, ვფიქრობ, მალამოდ ვერ დაედება (იხ. ცხრილი 2). ამ მაჩვენებლის მიხედვით, არ ვადარებ რა ჩვენს სამშობლოს აშშ-ს ან გერმანიას, აღარაფერს ვამბობ შვეიცარია-ნორვეგიაზე (იხ. ცხრილი 3), ვნახოთ, რა მდგომარეობაა ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნობით დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებში (იხ. ცხრილი 4). აქ არის ურუგვაი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საცოდავ ქვეყნად ითვლება, აგრეთვე ბარბადოსი, პალაუ და სენტ-კიტსი და ნევისი(!) ვეჭვობ, ბევრს არც გაუგონია ეს ქვეყნები. ასე შეასრულეს ჩვენმა ხელისუფლებებმა თავიანთი ვალდებულებები მოქალაქეების გამდიდრების ნაწილში.

კიდევ უფრო კარგად რომ გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ვიტყვი, რომ 2012 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მხოლოდ 16,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ტერიტორიით ჩვენზე ორჯერ პატარა ბელგიაში ის 508 მილიარდი დოლარის ტოლია (31-ჯერ მეტი!), ავსტრიაში - 416 მილიარდის (26-ჯერ მეტი), დანიაში - 331 მილიარდის (20-ჯერ მეტი), ისრაელში 291 მილიარდის (18-ჯერ მეტი) და ა.შ.

ერთი უბედურებაა, რომ ღვთისმშობლის რჩეულ ქვეყანას გადახრუკული ეკვატორული გვინეა გვისწრებს ცხოვრების დონით და მდიდარ ქვეყანაში ღარიბი სახელმწიფო გვაქვს. მეორე ის, რომ რაც გვაქვს, ისიც მეტად უსამართლოდაა გადანაწილებული. წარმოების საშუალებების - ფაბრიკა-ქარხნების, მიწების, ბანკების, სხვადასხვა ბიზნესის - 90-95% მდიდარი და შეძლებული 5-10%-ის ხელშია. შესაბამისად, მათია შექმნილი ერთობლივი პროდუქტის 90-95% და მხოლოდ 5-10% რჩება 90% ღარიბ-ღატაკს, რაც გაუთავებელი დაძაბულობის წყაროა. გულახდილად რომ ვთქვათ, ოცდახუთწლიან ქიშპსა და დაპირისპირებას სოციალურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ქვეყანაში არა მაღალი იდეალებისადმი (დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა...) ერთგულება, არამედ ქონების უსამართლო განაწილებით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირე და უკმაყოფილება უდევს საფუძვლად და სანამ ის მეტ-ნაკლებად სამართლიანად არ გადანაწილდება, არც ეს დაპირისპირება დამთავრდება, არც სიღარიბეს ეშველება რამე.

სიღარიბე კი არც ისეთი უწყინარი რამეა. გარდა იმისა, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ის სირცხვილად ითვლება, სიღარიბე სახელმწიფოს საშინელი მტერია, უფრო საშინელი, ვიდრე გარეშე მტერი. სიღარიბე ადამბლავებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ააქტიურებს კორუფციულ, კრიმინალურ და დესტრუქციულ ძალებს. ღარიბ სახელმწიფოში ადვილია მოსახლეობის უკმაყოფილების გამოწვევა, რადგან დიდი გასაქანი აქვს პოპულისტურ და რადიკალურ რიტორიკას, რაც ძაბავს პოლიტიკურ სიტუაციას და შინააშლილობის წინა პირობაა.

ასეთ ვითარებაში ბიზნესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა არასტაბილური პროცესების მიმართ, საჭირო ოდენობის ინვესტიციებს არ განახორციელებს, ინვესტიციების გარეშე კი ვერც ერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება.

ამიტომ, ჰობსის დანაბარების მეორე პოსტულატის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია, აღკვეთოს შფოთი და შეინარჩუნოს სამოქალაქო მშვიდობა ქვეყანაში, ვინაიდან, იმავე ჰობსის მიხედვით, "სამოქალაქო მშვიდობა ჯანმრთელობაა, შინააშლილობა (შფოთი) - ავადმყოფობა, ხოლო სამოქალაქო ომი - სიკვდილი". სამწუხაროდ, შფოთისა და შინააშლილობის ავადმყოფური ნიშნები ზოგიერთს უკვე სახეზე აწერია და სანამ ყველაფერი ეს სამოქალაქო დაპირისპირების სასიკვდილო სიმპტომებში გადაიზრდება, ხელისუფლება ვალდებულია, დაამყაროს შინაგანი მშვიდობა და იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების გამდიდრებაზე.

თუ ხელისუფლება ვერ მოახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და საშინელი მტრის - სიღარიბის - დამარცხებას, ვერც გარეშე მტრების მოგერიებას შევძლებთ და მაშინ მართლა მოგვიწევს გამომშვიდობება როგორც დროებით დაკარგულ ტერიტორიებთან, ისე ოცნებებთან, ქართული იქნება ის თუ ზოგადსაკაცობრიო!

ცხრილი 1     (დოლარი)

ესტონეთი     18480

რუსეთი     14610

ლიტვა     14170

ლატვია     13950

ყაზახეთი     13170

აზერბაიჯანი     7810

ბელორუსია     7575

უკრაინა     3900

ცხრილი 2     (დოლარი)

ტუვალუ    3850

გვიანა     3850

კაბო-ვერდე    3785

სამოა    3650

საქართველო     3600

სომხეთი    3505

გვატემალა    3480

ვანუატუ    3300

ცხრილი 3     (დოლარი)

ნორვეგია    100580

შვეიცარია    80480

აშშ    53150

გერმანია    45085

საფრანგეთი    41690

ინგლისი    39350

ცხრილი 4     (დოლარი)

დანია    59130

ჰოლანდია    50000

ფინეთი    49000

ავსტრია    49000

ირლანდია     48600

ბელგია    45540

ისრაელი    36900

სლოვენია    23300

პორტუგალია    21000

ეკვატორული გვინეა    20605

ჩეხეთი    18860

სლოვაკეთი    16890

ურუგვაი     16350

ბარბადოსი    14920

სენტ კიტსი და ნევისი    13700

პალაუ     11810

გიორგი თავაძე, ეკონომიკის

მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი