ფოთის ნავთობტერმინალი - ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?! - კვირის პალიტრა

ფოთის ნავთობტერმინალი - ბიზნესაქტივი თუ პოლიტიკური იარაღი?!

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ამ გარიგებით ბევრი არაფერი შეიცვლება და ეს წმინდა ბიზნესინტერესებია"

გასული წელი ხმაურიანი და მასშტაბური ბიზნესგარიგებით დასრულდა, რომლის შემდეგაც ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა. რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძენს. გარიგების მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციისთვის. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა, თუმცა, ცნობილია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს დარჩება.

"როსნეფტი", რომელიც რუსეთის სტრატეგიული კომპანიების ნუსხაშია შესული, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი აქციების 69,5%-ს "როსნეფტეგაზი" ფლობს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა. "როსნეფტის" აქციების მხოლოდ 19,75% ეკუთვნის BP-ის, ხოლო დარჩენილი 10,75% თავისუფალ მიმოქცევაშია.

ბიზნესგარიგების მხარეებმა უკვე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ საქმიანობას ამიერკავკასიაში.

ფოთის ტერმინალის გამტარობა 8 მლნ ტონა ნავთობპროდუქტია წელიწადში.

ამ გარიგებას საქართველოს ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ არანაირი ბერკეტი არა აქვთ იმისთვის, რომ ეს გარიგება ჩაშალონ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საზოგადოებას შეახსენა, რომ "პეტროკასი" თავის დროზე წინა ხელისუფლების წევრების საკუთრება იყო.

თავის დროზე, "პეტროკას ენერჯი გრუპი", ისევე როგორც მისი შვილობილი "გალფი", იგივე შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია", საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა,  კეზერაშვილმა  განაცხადა, ჩემი წილი "გალფში" რუსეთში მცხოვრებ ებრაელ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მივყიდეო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაშინაც და ახლაც, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" 100%-იანი წილის მფლობელი, ამერიკაში რეგისტრირებული Energy Investment Venture Holdings-ია, რაც საეჭვოს ხდის, მართლაც დათმო თუ არა კეზერაშვილმა თავისი წილები ბიზნესში იაკობაშვილის სასარგებლოდ. გავრცელებული ინფორმაციით, "ვიმ ბილ დანის" ყოფილმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა კეზერაშვილის "პეტროკას ენერჯი გრუპში" აქციების საკონტროლო პაკეტი 2013 წელს შეიძინა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მფლობელების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის. არც საქართველოს სამეწარმეო რეესტრში იძებნება ამ სახელწოდების კომპანია, თუმცა, რეგისტრირებულია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია", რომლის 100%-ს, "გალფის" არ იყოს, ოფშორში, კვიპროსზე რეგისტრირებული "ნექსტრა სერვისიზ ლიმიტედი" ფლობს. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კომპანიას საქართველოში იურიდიული მისამართი ერთ შენობაში აქვთ.

მოკლედ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეპატრონეების ძებნა დაახლოებით იგივეა, რაც შავი კატის ბნელ ოთახში დაჭერა, თუმცა, კეზერაშვილი-იაკობაშვილის ტანდემი ბევრი ეჭვის საბაბს იძლევა და მეტი ყურადღებისკენ გვიბიძგებს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს შეეხება. სწორედ ფოთის ტერმინალის საშუალებით ხვდება ნავთობპროდუქტები საქართველოს ბაზარზე. არსებული ინფორმაციით, დავით იაკობაშვილმა რუსეთის ნავთობისა და გაზის სფეროში საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ 2014 წლის 19 სექტემბერს სოჭში გამართული საინვესტიციო ფორუმის კულუარებში მიიქცია, როცა ფოთის ნავთობტერმინალის სიმძლავრეების გაორმაგების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე: "როსნეფტმა", პუტინის უმთავრესმა ეკონომიკურმა იარაღმა, დასავლეთის მიერ სანქციადადებულმა კომპანიამ, ფოთის პორტი ჩაიგდო ხელში.

რუსეთი საქართველოს ეკონომიკური მომწყვდევის სომხურ სცენარს ავითარებს. შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება.

ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ გარიგების ბოლომდე მიყვანა. ამის იურიდიული საბაბი არსებობს. ეს კომპანია შავი ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს "აფხაზეთის მთავრობის" მიერ გაცემული "ლიცენზიის" საფუძველზე. იაკობაშვილმა თუ ეს ხელისუფლების ზურგს უკან გააკეთა, მისაღებია ზომები, თუ ხელისუფლების ნებართვით, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე! სასწრაფოდ უნდა განაცხადოს მთავრობამ, ეს გარიგება მის ზურგს უკან მოხდა, თუ მისი თანხმობით. ეს არის სამხედრო აგრესიის ტოლფასი აქტი. ეს არ არის უბრალო ყიდვა-გაყიდვა. ეს მიბმულია ვერაგ გეგმებზე: რკინიგზა, დაღესტნის გზა, კადიროვის წამოყრანტალება ტრანსკავკასიური რკინიგზის შესახებ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თემის წამოწევა აფხაზების მიერ, "აზოტის" მყიდველების ჩამოსვლა რუსეთიდან, თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელში ყაზახების დაბრუნება და მათი განცხადება, რომ მომავალ წელს აპირებენ მის გაყიდვას (რა თქმა უნდა, რუსებზე), რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლების თემის წამოწევა (თბილისში, რუსთავში). ნელ-ნელა მიდის მზადება ეკონომიკური მოგუდვის სცენარის ხორცშესასხმელად. გაიძვერა ადამიანები ამაში ფულს იშოვიან.

არ უნდა გატარდეს რეესტრში აქციების გადაცემა. გამოყენებულ უნდა იქნეს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". "როსნეფტი" აფხაზეთში უკანონოდ საქმიანობს. აქვს ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, ეწევა ნავთობის დაზვერვით სამუშაოებს შავ ზღვაში.

არათუ გარიგების გაუქმება, არამედ სანქციების დაწესებაც შეუძლია საქართველოს მთავრობას "როსნეფტისთვის", როგორც აფხაზეთში უკანონოდ მოქმედი სუბიექტისთვის; ანუ "როსნეფტი", ჩვენი კანონით, შავ სიაშია.

ასეთივე კანონი მიიღო უკრაინამ და წარმოიდგინეთ, რას იზამდა, ოდესის პორტი რომ ეყიდა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ მთავრობამ ეს არ იცოდა, ცუდ დღეშია ჩავარდნილი. მაგრამ მისი მოვალეობაა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. არ გამოვა ხელების დაბანა. ფოთის ნავთობტერმინალის გაკონტროლება ზეწოლის იარაღი იქნება აზერბაიჯანისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც მას იყენებენ.

არ არის გამორიცხული, რუსეთმა ანაკლიის პორტის ტენდერშიც მიიღოს მონაწილეობა შენიღბულად.

ეს რუსეთის იმ დოქტრინის ნაწილია, რომელიც ენერგეტიკული იმპერიის სახელითაა ცნობილი და რომელიც ჩუბაისმა მაშინ გაახმაურა, როცა რუსი დეპუტატების კრიტიკას უპასუხა, თუ რატომ უნდა ეყიდა რუსეთის ენერგოკომპანიას "თელასი". როგორც ამერიკულმა კომპანიამ მიჰყიდა "თელასი" რუსებს, ასე მიჰყიდა რუსმა ბიზნესმენმა იაკობაშვილმა ფოთის პორტი რუსებს. ჯერ 49 პროცენტი, მერე ორ - საკონტროლო პროცენტს ათმაგ ფასს დაადებს. მთავრობამ და უპირველესად ენერგეტიკის მინისტრმა, კარგად წაიკითხონ კანონი, სანამ რამეს იტყვიან".

ქართველ ეკონომისტთა დიდ ნაწილს ამ გარიგებაში განსაკუთრებული საფრთხე არ დაუნახავს.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მიუხედავად იმისა, რომ ამ გარიგების ერთ მხარეს დგას რუსეთის სახელმწიფო კომპანია, ხოლო მეორე მხარეს რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კომპანია "პეტროკასი", რომელიც მან საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისგან იყიდა, ვფიქრობ, ამ გარიგებით ბევრი არაფერი შეიცვლება და ეს წმინდა ბიზნესინტერესებია".