სასურსათო მაღაზიები ფასების ზრდის მორიგ ტალღას ელოდებიანი - კვირის პალიტრა

სასურსათო მაღაზიები ფასების ზრდის მორიგ ტალღას ელოდებიანი

ფასების ზრდის აგორებულ ტალღას დოლარის კურსის ცოტათი შემცირება ვერ შველის

გასულ ოთხშაბათს ლარის კურსი დოლარის მიმართ მოულოდნელად ერთბაშად რამდენიმე პუნქტით დაეცა. კვირის განმავლობაში კომერციულ ბანკებში იყო მომენტი, როცა დოლარის გაცვლითი კურსი 1,7910 ლარამდეც ავიდა, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსს მთელი 6 პუნქტით აღემატებოდა. ხუთშაბათს პანიკა ოდნავ ჩაცხრა, დოლარმა მცირედ დაიწია, მაგრამ ფასების ზრდის აგორებულ ტალღას ამან ვეღარ უშველა. დოლარის გაძვირება იმპორტიორებმა ფასებში მომენტალურად ასახეს. პირველები ნავთობიმპორტიორები იყვნენ, რომლებსაც უცხოეთის ბაზარზე საწვავი მომატებულ ფასში ნაყიდი ჯერ არც ჰქონდათ, რომ ტარიფებს ერთბაშად 10-15 თეთრი მოუმატეს. ფასებმა მოიმატა სხვა პროდუქტებზეც. უკვე გაძვირდა გაყინული ხორცპროდუქტები, ყავა, თევზის კონსერვები, შაქარი, საცალო ქსელში მომატებულ ფასს დღეიდან ბურღულეულს, ტომატ-პასტას, შოკოლადსა და ჩიპსებსაც დაადებენ.

პირველად ლარის გაუფასურება საკუთარ თავზე ბენზინგასამართ სადგურზე მისულმა მძღოლებმა იგრძნეს. ლარი დოლარის მიმართ ერთ პუნქტზე მეტად არ იყო გაუფასურებული, რომ ლიტრი საწვავი ერთბაშად 10-15 თეთრით გააძვირეს. ნავთობკომპანიებმა სცადეს დაერწმუნებინათ მომხმარებლები, რომ ამ "მტკივნეულ" გადაწყვეტილებაში დამნაშავე ისინი კი არ იყვნენ, არამედ დოლარი.

მაგრამ მათი აღიარებების მომხმარებელს უკვე აღარ სჯერა. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბევრჯერ შემცირდა, მაგრამ საწვავის საცალო ბაზარს ეს არ დასტყობია, ამ დროს ნავთობკომპანიები ტაბლოებზე ფასებს ყინავენ, თუმცა საკმარისია მსოფლიო ბირჟაზე ბარელის ფასი 1 დოლარით გაიზარდოს, რომ საქართველოში ლიტრი ბენზინი 5 თეთრით მაინც იმატებს. როცა მომხმარებლები საწვავის გაძვირების უსიამოვნო ამბავს ინელებდნენ, ნავთობკომპანიებმა გასულ სამშაბათს "ქორთიარდ მერიოტში" მათ მიერვე დაფინანსებულ საზეიმო ღონისძიებაზე ჯილდოები ჩამოირიგეს. ნომინაციებს შორის იყო ჯილდო "საზოგადოებაზე მზრუნველი კომპანიისთვის", რომელიც ერთ-ერთ გამძვირებელს გადაეცა. კომპანიების საზეიმო შეკრებას ავტომფლობელებმა თავისუფლების მოედანზე საპროტესტო სიგნალებით უპასუხეს. საზოგადოების პროტესტის გამო იყო, თუ უბრალოდ ფასების კიდევ გაზრდაზე ნამუსმა აღარ გაუჭრათ, გასულ კვირას საწვავის გაძვირება შეჩერდა. მაგრამ როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ფასები ერთ ნიშნულზე ალბათ დიდხანს არ გაჩერდება. როგორც ნავთობიმპორტიორები ამბობენ, თუ ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს და ერთი დოლარი 1,80 ლარის ნიშნულს მიაღწევს, ისინი საწვავს კიდევ გააძვირებენ.

საწვავის გაძვირება, როგორც წესი, ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის, ამიტომ ამას ყოველთვის პროდუქტის გაძვირება მოსდევს. ამჯერადაც ასე მოხდა, გაორმაგებულ დაწოლას ვეღარც პროდუქტის ფასმა გაუძლო. სასურსათო მაღაზიები ფასების ზრდის მორიგ ტალღას ორშაბათიდან ელოდებიან. მომწოდებლებმა, რომლებსაც პროდუქტი უცხოეთიდან შემოაქვთ, ისინი წინასწარ უკვე გააფრთხილეს, რომ ორშაბათიდან შეკვეთები ახალ პრაისლისტებიდან უნდა გააკეთონ, სადაც პროდუქტებზე საშუალოდ 10%-ით მაღალი ფასები იქნება. დღეიდან გაძვირდება შაქარიც, რომელზეც ფასმა ყველაზე მეტად მოიმატა ორი მიზეზით - საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებისა და ლარის კურსის კლების გამო. იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდება, როცა ძველი მარაგები გამოილევა და ახალი პარტიების შემოტანა მოუწევთ უკრაინიდან, თურქეთიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც საქონელს დოლარით ყიდულობენ.

მაია გუმბერიძე (სუპერმარკეტების ქსელ "იბისის" ადმინისტრატორი): "ერთი კვირაა, ლარის კურსის გამო ფასებმა მოიმატა შაქარზე, შოკოლადზე, თევზის კონსერვებზე. მომწოდებლებმა გაგვაფრთხილეს, რომ საშუალოდ 10%-ით ძვირად შემოიტანენ გაყინულ ხორცპროდუქტებს, ჩიპსებს, სათამაშოებსაც კი".

ვაჟა დვალიშვილი (სუპერმარკეტების ქსელ "ულევის" მფლობელი): "პროდუქტის ნაწილზე მომწოდებლებმა ფასი გაგვიზარდეს, განსაკუთრებით, გაყინულ თევზსა და ქათამზე; გაგვიძვირეს ტომატი-პასტა - მთელი 50 თეთრით, გაზარდეს საბითუმო ფასი ბურღულეულზე - ბრინჯზე, წიწიბურაზე, მაკარონზე - 8-10 თეთრით, ასევე შაქარზე.

ამის მიუხედავად, ფასების შენარჩუნებას ვცდილობთ, კლიენტი რომ არ დავკარგოთ, რადგან მყიდველი მცირეოდენ ცვლილებაზეც რეაგირებს. ყველა მაღაზიას დატოვებული აქვს 5% მარჟა და ამ ფარგლებში ფასის შენარჩუნების საშუალება გვაქვს. ჯერჯერობით მოგების შემცირების ხარჯზე ფასებს უცვლელად დავტოვებთ, მაგრამ თუ ლარის ვარდნა გაგრძელდა, მერე იძულებული ვიქნებით, გავაძვიროთ".

სავალუტო პანიკა პარასკევს ოდნავ ჩაცხრა, როცა დოლარი ლართან 0,0033 პუნქტით დაეცა და ოფიციალური კურსი 1,7446 ლარის ნიშნულზე აღირიცხა. ტრადიციულად უფრო მაღალი იყო კურსი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. ეროვნული ვალუტის გაუფასურება პოლიტიკურად არამომგებიანი თემაა, ამიტომ ამაზე საუბარს მთავრობა ყოველთვის ერიდება. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბაზარზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება და არ გამორიცხავს, რომ არსებული დინამიკა შეიცვალოს და ლარმა გამყარება დაიწყოს. რაც შეეხება ფასების ზრდას, სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ კურსის მცირეოდენი ცვლილება ამის საფუძველს არ იძლევა და იმპორტიორებს არითმეტიკის უკეთ ცოდნას ურჩევს. ექსპერტები კი კურსის ცვლილებას კომერციული ბანკებისა და მათი კლიენტების მხრიდან დოლარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. იანვარში ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე სავალუტო რეზერვებიდან 70 მილიონ დოლარამდე გაყიდა, რაც წინა თვეების საშუალო მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

კახა ბაინდურაშვილი (ფინანსთა მინისტრი): "დოლარი ხან მყარდება, ხან ეცემა, ეს ბუნებრივი პროცესია, ამაში ცუდი არაფერია. შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვს საქართველო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, დოლარი ჩვენი ვალუტა არ არის. ის მერე კვლავ დაეცემა. ფასებს რაც შეეხება, მეკითხებიან როდემდე გაგრძელდება გაძვირებაო? ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვანგა არ ვარ, მკითხაობა რომ დავიწყო, მაგრამ ექსპერტები, რომლებიც ნავთობის ფასებს იკვლევენ, ამბობენ, რომ წლის ბოლომდე შეიძლება 60 დოლარამდე ჩამოვიდეს, ზოგი ვარაუდობს, რომ ბარელის ფასი შეიძლება 40 დოლარამდეც დაეცეს. ეს როგორ გადაითარგმნება ქართულ სინამდვილეში, ვერ გეტყვით. ვიღაცას შეუძლია დაწიოს ფასი, ვიღაცას შეუძლია არ დაწიოს და მეტი მოგება მიიღოს, ეს უკვე ბიზნესზეა დამოკიდებული. ძალიან განსხვავებულ გარემოში ვცხოვრობთ, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო. მსოფლიო შეიცვალა და ძნელი ხდება პროგნოზების კეთება. დღეს მსოფლიო ეკონომიკაში გაცილებით მეტი პოლიტიკოსია ჩარეული, ვიდრე ბიზნესმენი. ეს არ არის სტაბილური წელი, გარდამავალი წელია, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს სტაბილიზაციამდე 2011-ში".

დავით ასლანიშვილი (საინვესტიციო კომპანია "GIG+"-ის დამფუძნებელი): "დოლარი სეზონურად ზამთრის პერიოდში ყოველთვის დეფიციტურია. თანაც წლის ბოლოს ბიუჯეტიდან დიდი მოცულობით გაიცა თანხები, მოსახლეობაში არსებული დანაზოგები სააახალწლოდ დაიხარჯა. მიმოქცევაში ლარის მასა გაიზარდა, რამაც მის კურსზეც იმოქმედა. ამასთან, დოლარი უცხოეთის ბაზარზეც მყარდება სხვა ვალუტების მიმართ. ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გაუგებარია, ახსნას ვერ მოუძებნი. ალბათ შუალედურ კურსს ირჩევენ დოლარსა და ევროს შორის. ორივე ვალუტას უყურებენ, მაგრამ ამ დერეფნის ცნებაში რა აქვთ ჩადებული, არ ამბობენ. იმის მიუხედავად, რომ მთავრობას ლარის გაუფასურება აწყობს, მიმაჩნია, ლარის ვარდნა ჯერ არ დაწყებულა. ლარი ერთ-ერთი მყარი ვალუტაა მსოფლიოში, რაც ხელს ბევრს რამეს უშლის, მათ შორის, ექსპორტს. ექსპორტი იმდენად შემცირდა, რომ ალბათ იძულებული გახდნენ, ლარი გაეშვათ. ლარის გაუფასურებით ადგილობრივი წარმოების ექსპორტით წახალისება ხდება, რაც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ძვირი ლარი ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლისთვისაც დამაბრკოლებელია. ინვესტორმა ძვირი ლარით უნდა უხადოს დაქირავებულ მუშახელს ხელფასი, ამიტომ შემოსვლა არ აწყობს. მთავრობამ შუალედური პოლიტიკა უნდა აირჩიოს. შეუძლია გახარჯოს სავალუტო რეზერვებიც, რომელიც 2 მილიარდ დოლარს აღემატება".

ექსპერტები დოლარის კურსთან დაკავშირებით ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მიუთითებენ, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა უფრო სწრაფად გამოდის კრიზისიდან, ქვეყანა დიდ სავალუტო რეზერვებს ფლობს და დოლარს საზღვარგარეთ ამყარებს. ვარაუდობენ, რომ წლის განმავლობაში დოლარის კურსი მერყეობას განაგრძობს. რაც შეეხება ნავთობს, ექსპერტები ამბობენ, რომ წლეულს ნავთობის ფასი 55 დოლარს ქვემოთ არ ჩამოვა, თუ წლის განმავლობაში კატაკლიზმები არ მოხდა, ახლო აღმოსავლეთში ომი არ დაიწყო ან დიდმა ქვეყნებმა სტრატეგიული მარაგები არ შეამცირეს. რაც შეეხება ევროს კურსს, საბერძნეთისა და პორტუგალიის მძიმე ფინანსური პრობლემების გამო უცხოელი ექსპერტები მას დაცემას უწინასწარმეტყველებენ.

ნონა ქვლივიძე