სუბსიდირება სოფლის მეურნეობისთვის - რით ვართ ევროპაზე მეტი? - კვირის პალიტრა

სუბსიდირება სოფლის მეურნეობისთვის - რით ვართ ევროპაზე მეტი?

ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს მთავრობა სუბსიდირების გარეშეც არღვევს

ახლა წლის ის დროა, როცა ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამურნეო პროდუქციის მარაგი თითქმის ამოწურულია და ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტით ხდება. არადა, საბაჟო განაკვეთების გადახედვის შემდეგ, საქართველოში მთელი რიგი პროდუქტების იმპორტი გაძვირდა. ადრე თუ მომხმარებელი, გასაგები მიზეზების გამო, იაფისა და უხარისხოს სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს, ახლა უხარისხოს ყიდვაც ძვირად უწევს, არჩევანის შესაძლებლობა კი ალბათ შემოდგომამდე არ ექნება.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან "ეკოპალიტრას" მკითხველები დაუკავშირდნენ და სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი ხედვები გაგვანდეს. გლეხები ირწმუნებიან, რომ თუ სახელმწიფო მათ პროდუქციის გასაღებაში დაეხმარება, მოსავლის მოცულობებს გაზრდიან. ამით თავადაც დააღწევენ გაჭირვებას თავს და იმპორტსაც გაუწევენ კონკურენციას. "რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზა გლეხებს: რაც შეიძლება მეტი კომბოსტო და სხვადასხვა ბოსტნეული მოიყვანეთ და ჩვენ შევისყიდითო. იმ წელს მართლაც კარგი მოსავალი მოვიდა, მთავრობამაც შეასრულა პირობა, სატვირთო მანქანებით დადიოდნენ მინდორ-მინდორ და გლეხებისგან ადგილზე, ერთიანად ყიდულობდნენ მოწეულ მოსავალს.

გლეხისთვის დიდი შეღავათია, მყიდველი ადგილზე რომ მოგივა და ტრანსპორტირების ხარჯი არ გექნება გასაწევი. მას შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა და რაც მოგვყავს, წვალებით ვყიდით ბაზარზე. ამასობაში ბევრიც გვიფუჭდება, ყინვამ თუ მოგვისწრო ხომ საერთოდ გადასაყრელი გვიხდება სიმწრით მოწეული მოსავალი. ამით მაინც წაახალისოს მთავრობამ ადგილობრივი სოფლის მეურნეობა. იმპორტირებულის ნაცვლად ადგილობრივი ბოსტნეული აჭამოს, მაგალითად, არმიას. თუ გარანტირებული გვექნება, რომ მოწეულ მოსავალს გავყიდით, უამრავი ადამიანი დაუბრუნდება სოფელს", - გვითხრა გლეხმა შიდა ქართლიდან და ისიც დაამატა: თურქული ხახვის იმპორტი გაძვირდა და ადგილობრივს კონკურენციას ვეღარ უწევს, ამიტომ გაზაფხულისთვის 250 კილოგრამი ხახვის დათესვას ვაპირებო.

დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "ასეთი პრეცედენტები იყო, როცა თავდაცვის სამინისტრო ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივი მოსახლეობისგან კარტოფილს ყიდულობდა. ასეთი რამ ახლა არ ხდება, ამას კრძალავს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. კანონის თანახმად, ვისაც წლიურად 100 ათას ლარს ზემოთ ღირებულების საქონლის შესყიდვა სჭირდება, ტენდერი უნდა გამოაცხადოს. ეს ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, მეორე კი უკავშირდება თავისუფალი და ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს. როცა რომელიმე სამინისტრო პირდაპირ გლეხისგან შეიძენდა პროდუქციას, იჩაგრებოდა მეწარმე, რომელსაც შეეძლო, იგივე პროდუქცია უფრო იაფად მიეწოდებინა, ვიდრე პირდაპირი მოლაპარაკების შემთხვევაში აწვდიან გლეხები. თუმცა ისეთი შემთხვევაც ბევრია, როცა რომელიმე სახელმწიფო უწყება უფრო ძვირადაც ყიდულობს პროდუქტს, ვიდრე შეიძლება ის მიაწოდოს გლეხმა.

ეს იმიტომ, რომ ცალკეულ ფიზიკურ პირებს არ შეუძლიათ შესთავაზონ სამინისტროს, არ არსებობს კოოპერატივები, საიდანაც შესაძლოა ერთობლივად შესთავაზონ პროდუქცია, წინადადებები არ შედის, 3-4 კომპანია მონაწილეობს და არჩევანიც მათ შორის კეთდება. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო უშუალოდ არ ყიდულობს გლეხებისგან. იქ ხდება სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და შემდეგ ეს სუბსიდირებული პროდუქცია ბაზარზე იყიდება. ამას ევროკავშირის ქვეყნებიც მიმართავენ და თან ძალიან აქტიურადაც. მთავრობას უფრო ძვირი დაუჯდება უშუალოდ გლეხებისგან საქონლის შესყიდვა. ცალ-ცალკე, სოფელ-სოფელ ჩამოვლა-შეძენის, მოგროვებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები ძალზე დიდია.

- ტენდერის მოგების რა შანსი აქვთ გლეხებს?

- გამორიცხული არაფერია, შესაძლოა არსებობდეს ფირმა, რომელთანაც წინასწარ ხდება მოლაპარაკება პროდუქციის ფასზე. მაგრამ აქ სხვა საკითხიც არის, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს იმდენად დიდი მოცულობით სჭირდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომ ფიზიკურად ვერ იყიდის ერთი ადამიანისგან, და არც ერთი სოფლის რესურსი იქნება საკმარისი. ხშირად შევსება ხდება იმპორტირებულით, რადგან ის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ადგილობრივი გლეხების მიერ მოყვანილი, მაგალითად, კარტოფილი ან ხორცი.

- შესყიდვების რომელიმე მექანიზმი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ გამოსავლად სოფლის მეურნეთათვის?

- უნდა განვიხილოთ სხვადასხვა გამოსავალი და მათ შორის ესეც, თუმცა უფრო სხვა რამ მოიგებდა. მაგალითად, ჩვენთან ძირითადად მონოკულტურებზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობაა - კახეთში - ყურძენი, ქართლში - ვაშლი და სხვა. ჯერ ქვეყანამ უნდა განსაზღვროს, სხვა ქვეყნებთან შედარებით რაში აქვს უპირატესობა, რისი მოყვანა შეუძლია სხვაზე იაფად, ან ისეთი რამის, რაც სხვებს ვერ მოჰყავთ, რით შეიძლება ბაზარზე დაიკავოს საკუთარი ნიშა. ასეთ შემთხვევაში, სანამ სქემა დალაგდება, შესაძლოა სუბსიდირებაც განახორციელოს ხელისუფლებამ.

სუბსიდირება არ ნიშნავს გლეხებისთვის ფულის ჩუქებას. ის გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდის ქვეყნის შემოსავალს, პლუს სოციალურ ფონს აუმჯობესებს, რადგან ადამიანებს ასაქმებს და ამცირებს სიღარიბეს. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ბევრ სხვადასხვა თანმდევ მომენტებს იწვევს.

ხელისუფლება ამბობს, რომ ლიბერალური ეკონომიკის მომხრეა და ამიტომ არ ახორციელებს სუბსიდირებას. თუმცა ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაც ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, არიგებს დიზელის საწვავს, სასუქს. ცოტა უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ მაინც აჯობებს, არსებობდეს სუბსიდირების მექანიზმი, შეიქმნას ხარისხის კონტროლის სამსახური, რათა სოფლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იწარმოებოდეს. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამის გაკეთება... ჩვენთან კი საერთოდ სოფლის მეურნეობის სტრატეგიაც არ არსებობს. დღეს მხოლოდ ყურძენი და მანდარინია სტრატეგიული. ასე კი რამე სერიოზული პოლიტიკის გატარება ძნელია".

"ქატო იქა, ფქვილი აქა"

- 2009 წელს აგროსასურსათო ექსპორტი საქართველოდან, 2008 წელთან შედარებით, 25,4%-ით გაიზარდა.

- უმსხვილეს პოზიციებს იკავებს თხილი (24,3%), სპირტიანი სასმელები (14,3%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (10,9%), ზეთოვანი კულტურების კოპტონი და ფქვილი (9,5%), გაზიანი მინერალური და მტკნარი წყლები (8,6%), ცხვარი (6,1%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (5,9%), უალკოჰოლო სასმელები (3,7%)

- შარშან 19%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი

- იმპორტში უმსხვილესი პოზიციები ერგო ხორბალს (14%), თამბაქოსა და თამბაქოს ნედლეულს (10,1%), ლერწმისა და შაქრის ჭარხალს (6,8%), შოკოლადის ნაწარმს (5,6%), ფრინველის ხორცს (5%), მცენარეულ ზეთებს (3.9%), თევზს (3,5%)