მკითხაობის ეკონომიკა - კვირის პალიტრა

მკითხაობის ეკონომიკა

"უმეტესობას, პირად ბედნიერებაზე მეტად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება აინტერესებს"

როცა მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა უარესდება, უმუშევრობასთან ერთად მეტი თავისუფალი დრო ჩნდება, სამაგიეროდ, ქრება საკუთარი ძალების რწმენა. ასეთ ვითარებაში ბუნებრივად იზრდება "მოთხოვნა" იღბალსა და უეცრად, "არსაიდან" თავს დამტყდარ წარმატებაზე. ადამიანები ინტერესდებიან, რა ელით მომავალში: ექნებათ თუ არა სამსახური, გამოუსწორდებათ თუ არა ფინანსური მდგომარეობა და ამის გასაგებად მკითხავებს, ნათელმხილველებსა და ასტროლოგებს მიმართავენ. სამკითხაო ბიზნესი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავ მასშტაბებს გასული საუკუნის 90-იან წლებში მიაღწია, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რაღაცის იმედით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ბოლო ეკონომიკური კრიზისის ტალღა საქართველოსაც გადაევლო, სამკითხაო ბიზნესმა კვლავ გამოცოცხლება დაიწყო და ხელიც მოითბო კლიენტის გულუბრყვილობის ხარჯზე.

დიანა მელქაძე (უმუშევარი): "ექვსი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში დამლაგებლად ვმუშაობდი. საქართველოს პირობებში საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება მქონდა, თვეში დაახლოებით 500 დოლარს მიხდიდნენ. ჯანმრთელობის დაზღვევას მთლიანად დამქირავებელი ანაზღაურებდა და დღესასწაულებზე პრემიებითაც გვანებივრებდა. უკვე ნახევარი წელია, კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა დახურა და უმუშევარი დავრჩი. მას შემდეგ სამსახურს ვეძებ და ვერაფერი ვიპოვე. ძალიან სასოწარკვეთილი ვარ, ამიტომ ახლობელმა მირჩია, მის ნაცნობ მკითხავთან მივსულიყავი. უკანასკნელი ხუთი ლარი გადავუხადე, სამაგიეროდ მისმა ნაამბობმა იმედი მომცა, რომ ახლო მომავალში ჩემს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი".

ქალბატონი ნანა (მკითხავი): "ყავაზე მკითხაობა ბებიამ მასწავლა, ისიც ამ საქმით შოულობდა ფულს. ჩემთან უამრავი გაჭირვებული, აცრემლებული ადამიანი მოდის, აქედან კი იმედიანად მიდიან. კლიენტს რომ შევხედავ, ვიცი, რამდენის გადახდის თავი აქვს და რამდენი უნდა გამოვართვა, ღარიბისა და ღატაკისთვის კი უფასოდაც მიმკითხავია. ვერ ვიტყვი, რომ მკითხაობამ მილიონები მომიტანა (თუმცა ისეთებიც არიან, ვინც ამ საქმით სოლიდური ფული იშოვა), მაგრამ სხვა სამსახური ნამდვილად არ მიძებნია. არ დაგიმალავთ, 90-იან წლებში მკითხაობით უფრო მეტი ფულის შოვნა იყო შესაძლებელი. ახლა ხალხი უფრო ეკლესიური გახდა. ბოლო დროს კლიენტების მომრავლება ისევ შეინიშნება და უმეტესობას, პირად ბედნიერებაზე მეტად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება აინტერესებს".

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "როცა ქვეყანაში ზოგადი ვითარება რთულდება - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური, ადამიანს ყოველთვის უჩნდება კითხვა: რა ვქნა? მატულობს ინტერესი იდუმალისადმი, რადგან ვერ ხვდება, რა მოიმოქმედოს. მაგალითად, უმუშევრობაა მაღალი - უნდა ჩაუღრმავდეს და გაარკვიოს, რატომ აქვს მეზობელს სამსახური, მას კი არა. იქნებ ის თავისი კარმული მისიით რამე შეცდომებს უშვებს, რისი გამოსწორებითაც შესაძლოა მდგომარეობა გაუუმჯობესდეს? ბუნებრივია, ადამიანი მაშინ მოდის ჩემთან, როგორც ასტროლოგთან, როცა სტკივა, როცა თანამდებობას კარგავს, ოჯახი ენგრევა. დალხენილი ადამიანი იშვიათად მოდის. მოდის ის, ვისაც უკვე შეექმნა პრობლემა, თვითონ გამოსავალს ვერ პოულობს და ეძებს დახმარებას, თუნდაც ასტროლოგიური კუთხით, რათა საკუთარ თავსა და პრობლემაში გაერკვეს და გამოსავალი იპოვოს.

- შეიძლება თქმა, რომ ეკონომიკური კრიზისი თქვენს საქმიანობაზე დადებითად აისახა?

- დადებითად ერთი მხრივ, მაგრამ უარყოფითად - მეორე მხრივ. ინტერესი ჩემი მომსახურების მიმართ დიდია, მაგრამ ადამიანებს ამაში არ შეუძლიათ მინიმალური თანხის გადახდაც კი. არ აქვთ სამსახური, შემოსავალი. მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი 10-20 ლარსაც კი ვერ იხდის. ხშირ შემთხვევაში არჩევანის წინაშეც კი დგება - ამ თანხით შეუძლია ერთი დღის საზრდო იყიდოს, თუმცა ისიც ძალიან აინტერესებს, რა იქნება მომავალში.

სხვათა შორის, ეკონომისტებს ვურჩევ, პირველ რიგში ასტროლოგებს მიმართონ ხოლმე. არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა წარმართონ სწორად, არამედ იმიტომ რომ უკეთ ვხედავთ და ვგრძნობთ, როგორი სოციალური ფონია მოსახლეობაში. რაც უნდა ამტკიცონ, რომ ქვეყანა აღმშენებლობის გზაზეა და ყველაფერი კარგად არის, საზოგადოების ქცევა ამ სფეროში ლაკმუსის ქაღალდივით გვაჩვენებს, როგორია ფინანსური მდგომარეობა.

- ბიზნესმენები თუ მოგმართავენ, რათა მათი საქმის წარმატება ან წარუმატებლობა განჭვრიტოთ წინასწარ?

- მეტწილად უცხოელი ბიზნესმენები ჩამოდიან ჩემთან, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან. თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მომმართავს, ქართველი საქმოსნების გარდა. ქართველი ბიზნესმენი განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც გარკვეულ ზღვარს ვერ ლახავს. მაგალითად, თუ მოვა ათი უცხოელი ბიზნესმენი, შესაძლოა ერთი ქართველი მოვიდეს. ამიტომ გვაქვს კარგად ბიზნესის საქმე. ქართული ბიზნესი ალბათ ფიქრობს, რომ მას არ სჭირდება არც ასტროლოგია და არც სხვა დამხმარე ძალები.

- კრიზისის პირობებში რატომ არ გადახედავთ მომსახურების საფასურს?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მომსახურების ღირებულებას მოსახლეობის ჯიბე სწვდებოდეს, მაგრამ ჩვენც ხომ გვჭირდება ელემენტარული თანხები ბიზნესის საწარმოებლად. ჩემ გარდა აქ კიდევ არის სხვა მომსახურე პერსონალი. გარდა ამისა, საქმის წარმოებისთვის გვჭირდება ქაღალდი, კომპიუტერი და ბევრი სხვა რამ, რაც ითხოვს ხარჯებს. მომსახურების საფასურის შემცირება შეგვიძლია იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საერთო სამომხმარებლო ფასები ჩვენთვისაც ხომ იზრდება. გვაქვს საქველმოქმედო პროგრამებიც, მაგალითად, უსასყიდლოდ ვეუბნებით ადამიანებს, როდის არის უმჯობესი მათთვის ოპერაციის გაკეთება...

- საინტერესოა, თქვენი ბიზნესი რა სახის ანგარიშსწორებას აწარმოებს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურებთან?

- ბიზნესი, როგორც ასეთი არ მაქვს. არანაირი ორგანიზაცია არ მაქვს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ძალიან გაუჭირდა და უნდა, რომ დახმარებისთვის მომმართოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვუწევ მომსახურებას. ეს არ არის ყოველდღიური სამუშაო. მე სამედიცინო აკადემიის პროფესორი ვარ და ჩემი საქმიანობა ლექციების კითხვაა ბიოქიმიაში. ეს უბრალოდ ჰობია, რომელსაც ადამიანების დასახმარებლად ვიყენებ.

- მკითხველები არ მაპატიებენ არ გკითხოთ, როგორ ხედავთ ქართული ეკონომიკის მომავალს?

- წლის პირველ ნახევარში, აგვისტოს ჩათვლით, სირთულეები იქნება. მოსალოდნელია პრობლემები ვალუტასთან დაკავშირებით, რადგან დოლარი-ლარის კურსი მეტად არასტაბილური იქნება. არასტაბილურობა იქნება სამომხმარებლო ფასების თვალსაზრისითაც. წლის მეორე ნახევარში, სექტემბრიდან, მოსალოდნელია ბაზრის შედარებით სტაბილურობა, მაგრამ არ არის გამორიცხული, დეკემბერში კვლავ ვიხილოთ არასასიამოვნო მოულოდნელობები.

პლანეტები და კრედიტები

- ფინანსური კრიზისი დადებითად აისახა სამკითხაო ბიზნესზე ლიტვაში. მკითხავების თქმით, ტრადიციულ თემებთან ერთად, კლიენტებს ახლა უკვე ისიც აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა ისინი საბანკო კრედიტის გადახდას.

- ფასების საერთო ზრდის ფონზე ლიტვაში გაძვირდა მკითხავების მომსახურებაც და ზოგ შემთხვევაში მისი საფასური 150 ლიტს (დაახლოებით 105 ლარს) აღწევს.