ბიზნესი "მავთულხლართების ფარდის" გაღმა-გამოღმა - "სოხუმში პროდუქტი ქართველებსაც შეაქვთ" - კვირის პალიტრა

ბიზნესი "მავთულხლართების ფარდის" გაღმა-გამოღმა - "სოხუმში პროდუქტი ქართველებსაც შეაქვთ"

ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობაა. ე.წ. საზღვრების მიღმა ბევრი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა გზით ხვდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მაგალითად, შარშან ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია   International Alert-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, აფხაზეთში "იმპორტის" 40% სწორედ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან შედის.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა ეკრძალებათ. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი შედის როგორც ენგურის ხიდის გავლით, ასევე, შემოვლითი გზებით. ცხინვალის რეგიონთან კი სავაჭრო ურთიერთობის დამაკავშირებელი გზა ლარსის საბაჟოს გავლით, ჩრდილოეთ ოსეთზე გადის. ამ საქმიანობაში ჩართული არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ, თუმცა, მათი თხოვნით, რათა კვლავაც შეძლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლა, მათი გვარ-სახელები შეცვლილია.

ნანი ლაკირბაია, გალის რაიონის მკვიდრი: "ოფიციალური აკრძალვა ვაჭრობაზე არ ასახულა. აფხაზეთიდან ენგურის ხიდის გავლით, ძირითადად, თხილი გადმოაქვთ, საპირისპირო მიმართულებით კი ბევრი სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადის. ოფიციალურად ვაჭრობის ფაქტი გასაიდუმლოებულია, თუმცა, რეალურად ყველამ ყველაფერი იცის. აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან შეტანილი პროდუქციის დაახლოებით 80% ენგურის ხიდის გავლით ხვდება, 20% კი - შემოვლითი გზებით. ყოველ კვირას აფხაზეთში დაახლოებით 50 ტონა ტვირთი გააქვთ. ძირითადად, საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ავეჯიც კი. უკვე წლებია, ლილოდან მომაქვს საქონელი და სოხუმში ჩამაქვს. საკმაოდ მომგებიანი საქმეა. ამ ბოლო დროს თურქებმა აფხაზეთში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გახსნეს, ძირითადად, ტექსტილის ნაწარმი შეაქვთ, მანამდე კი სოხუმი თითქმის მთლიანად ლილოს ბაზრობიდან მარაგდებოდა.

უფრო გამკაცრებულია კონტროლი აქეთ, ზუგდიდში პროდუქციის გადმოტანაზე და ეს განსაზღვრულ ბიზნესინტერესებს ემსახურება. მაგალითად, თუ აფხაზ გლეხს შესაძლებლობა არ ექნება, თხილი ან ციტრუსი ზუგდიდში ჩამოიტანოს და შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს, იძულებული იქნება, გალში კაპიკებად ჩააბაროს გადამყიდველს, რომელიც შემდეგ მის მოსავალს ბევრად ძვირად გაყიდის რუსეთში. სწორედ ამ პროდუქციის გადმოსატანად იყენებს აფხაზეთის მოსახლეობა შემოვლით გზებს, რის გამოც ხშირად გალის იზოლატორში ხვდებიან. ე.წ. მესაზღვრეები წაართმევენ ტვირთს, დააკავებენ, დააჯარიმებენ, გადაიხდიან ჯარიმას და რაღაც დროის შემდეგ მაინც იმავეს აკეთებენ, რადგან სხვა გზა, ფაქტობრივად, არა აქვთ - მოსავალს ხომ არ გადაყრიან.

ვიცი, რომ სამეგრელოდან ხალხი მშენებლობაზე სამუშაოდაც მიდის აფხაზეთში, მაგრამ ამას ლამის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ. ასეთ დროს გამყოლი უნდა გყავდეს, რომელიც შენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს და ამაში სოლიდურ გასამრჯელოსაც გამოგართმევს, აფხაზეთიდან თბილისში კი ხშირად ჩამოდიან სამკურნალოდ.

კვების პროდუქტები აფხაზეთში, ძირითადად, რუსეთის წარმოებისა იყიდება, მაგრამ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა იმერულ ბოსტნეულზე და აფხაზი მოვაჭრეები ქუთაისში ხშირად ჩადიან ბითუმად პროდუქციის შესაძენად.

ისეც ხდება, რომ სოხუმში პროდუქტი ქართველებს შეაქვთ. მთავარია, საბუთები გქონდეს წესრიგში და სეპარატისტებისა და რუსი მესაზღვრეებისთვის "წილი" გქონდეს გამზადებული. თუ აფხაზი არა ხარ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე "მფარველი" გჭირდება და მოგებიდან წილი მასაც უნდა მისცე... ასე რომ, ჩვენ შორის აქტიური მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობაა, უამისოდ წარმოუდგენელი იქნებოდა თავის გატანა და ვფიქრობ, ამას არ უნდა შეუშალოს ხელი არც ერთმა მხარემ, რადგან ეკონომიკური ურთიერთობა ერთმანეთთანაც გვაახლოებს".

ელზა მუზაევა, გორის რაიონის მკვიდრი: "რამდენიმე წელიწადია, თბილისიდან ცხინვალში პროდუქცია შემაქვს და ამით ვირჩენ თავს. ტანსაცმელს, წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სხვადასხვა საჭიროების პროდუქტებს ლილოს ბაზრობაზე ვყიდულობ და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით შემაქვს ცხინვალში. უკვე ჩემი მომხმარებელი მყავს და, ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ. იქ ასეთი პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ საქართველოდან ჩატანა ხელსაყრელია. ცოტა ხნის წინ ცხინვალში ჩემს დასაც ვუშოვე სამსახური - რესტორანში მუშაობს, სადაც ქართულ კერძებს ამზადებს და კარგ გასამრჯელოსაც უხდიან. ჩვენ ეთნიკური ოსები ვართ და ბევრი ნათესავი გვყავს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე გორში. შესაბამისად, მიმოსვლაც არ გვიჭირს. ისე კი, იქ ბიზნესის წარმოება ძნელია, თუ "მთავრობაში" მფარველი არა გყავს.

აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში კიდევ უფრო რთული გახდა ბიზნესსაქმიანობა, თითქმის ათჯერ გაიზარდა კომერციული და სავაჭრო ობიექტების საიჯარო თანხა. ერგნეთის ბაზრობის დახურვამაც დიდად დააზარალა აქაურები, უჭირთ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაბალშემოსავლიანია, ამიტომ სქელტანიანი ვალების რვეული მეც მაქვს, ე. წ. ნისიები.

აქეთა მხარეს, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებშიც მყავს ახლო ნათესავები. ერთ-ერთი, მაგალითად, ყოველდღე გადადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. არა ჰყავთ თურმე კადრები და ხშირია შემთხვევა, როცა გამოღმა დარჩენილ მოსახლეობას სამსახურს სთავაზობენ. იქიდან მოსახლეობა აქეთ საყიდლებზეც გადმოდის. მავთულხლართებს აქეთ გადმოსვლა მათთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე, მაგალითად, პროდუქტების შესაძენად ცხინვალში ჩასვლა. ვიცი, რომ ხშირად გორშიც ჩადიან და საბითუმო ფასებად ყიდულობენ პროდუქტებს. რუსი მესაზღვრეები კი უშლიან, მაგრამ მაინც ახერხებენ გადმოპარვას".

ვაჟა ბერიძე, ექსპერტი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში: "ოფიციალურ დონეზე ამ მარიონეტულ რეჟიმებთან, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დასვეს ხელისუფლებაში, არც მოლაპარაკება და არც რამე სხვა ურთიერთობა ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს. ბუნებრივია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე საუბარი ოფიციალურ დონეზე შეუძლებელია - ამას "ოკუპაციის შესახებ" კანონი გამორიცხავს, მაგრამ ასეთი ფაქტები მაინც ხდება. გადმოდიან და აქედან მიაქვთ პროდუქცია პირადი მოხმარებისთვის ან სავაჭროდ, რასაც შეიძლება ეკონომიკური საქმიანობაც დავარქვათ, თუმცა, ეს ყველაფერი არალეგალურად ხდება და ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ვიცით, რომ ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ მიდის საუბარი, ახლახან ერთდღიანი ბაზრობაც გაიმართა და ახალი ხელისუფლება ასეთ ურთიერთობებს ახალისებს, მიუხედავად ჩვენი ოკუპაციის კანონიდან გამომდინარე ფაქტობრივი ბლოკადის რეჟიმისა. ვფიქრობ, თუ ეს სპონტანური პროცესი მეტ-ნაკლებად სისტემატურ ხასიათს მიიღებს, საბოლოოდ, ეს წაადგება პერსპექტივაში დასაწყებ დიალოგს აფხაზებსა და ოსებთან, თუნდაც მათ მარიონეტულ და სეპარატისტულ რეჟიმებთან.

ერგნეთი ერთი დღით

ახალი წლის წინა დღეებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა გაიმართა. ბაზრობის ორგანიზატორი კავშირი "მომავლის ცხინვალი" იყო. როგორც ბაზრობის ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, ამ ერთდღიან აქციას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამავე სოფელში 11 წლის განმავლობაში მოქმედ სავაჭრო სივრცესთან, რომელიც ერგნეთის ბაზრობის სახელით იყო ცნობილი და კონტრაბანდული ტვირთების ბრუნვასთან ასოცირდებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ერგნეთის ბაზრობის წლიური ბრუნვა დაახლოებით 150 მილიონი დოლარი იყო.

ერთდღიანი ბაზრობა ჰუმანიტარული აქცია იყო და ომით დაზარალებული მოსახლეობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვაში ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ბაზრობაზე მხოლოდ საქართველოს თავისუფალ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ვაჭრობდა. რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, ვინაიდან იმ მონაკვეთზე გამარტივებული მიმოსვლა დაშვებული არ არის, ერგნეთში გადმოსვლის შესაძლებლობა არ მისცემიათ.