კიდევ ერთი დარტყმა მზადდება?! - ენგურჰესზე ისევ თვალი უჭირავთ...
19-01-2015
კიდევ ერთი დარტყმა მზადდება?! - ენგურჰესზე ისევ  თვალი უჭირავთ...
"1996-1997 წლების შეთანხმება აფხაზებისთვის საკმაოდ მომგებიანია და მისი ჩაშლა, წესით, ხელს არ უნდა აძლევდეთ"

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, აფხაზური მხარე ენგურჰესის კუთვნილების საკითხზე კვლავ ალაპარაკდა. ამჯერად განცხადება კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა გააკეთა და განაცხადა, რომ ჰესის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის მხარეს არის, "კანონიერად უნდა გადავიდეს" მათ საკუთრებაში. ასლან ბასარიამ ისიც თქვა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია, რაც საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო. ფაქტია, რომ რუსეთს უკვე დიდი ხანია თვალი უჭირავს
საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ენერგოობიექტზე და მის ხელში ჩაგდებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს...

დაახლოებით ერთი თვის წინ ენგურჰესზე პრეტენზია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გამოთქვა. მისი თქმით, "ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აფხაზეთის საკუთრება უნდა იყოს". ხაჯიმბამ მაშინ ისიც თქვა, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დოკუმენტებს შეიმუშავებს, რომლებიც ამ
ობიექტის საკუთრების საკითხს გადაწყვეტს. მაშინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხაჯიმბას განცხადებას "გაუგებარი" უწოდა იმ ფონზე, რომ ოკუპირებული რეგიონი ენგურჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიას უსასყიდლოდ იღებს. მართლაც, ენგურჰესს ექსპლუატაციას ქართული მხარე უწევს და გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს აფხაზეთი იღებს. აფხაზური მხარისთვის ეს საკმაოდ მომგებიანი შეთანხმებაა, ამიტომაც საკუთრების უფლებაზე მათ მიერ გამოთქმული განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ წყლის ამღვრევას რუსეთი ცდილობს, რათა შემდეგ "მომრიგებლის" მანტია მოისხას.

სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებით რუსეთი მანამდეც იყო დაინტერესებული.
ყოფილი ხელისუფლების დროს რუსულ "ინტერ რაოსთან" ჩუმად მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის თანახმად, ენგურჰესი რუსულ და ქართულ მხარეებს ერთობლივად უნდა ემართათ. ამ ამბავს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და შეთანხმებაც აღარ გაფორმებულა.
ამჯერად რამდენად შორს წავა რუსეთი, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პრინციპულობაზე.

რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: - ენგურჰესი საქართველოს საკუთრებაა, ისევე როგორც აფხაზეთია ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ეს არის ერთი ელექტროსადგური და მისი გაყოფა დაუშვებელია, იმის მიუხედავად, სად მდებარეობს ესა თუ ის ნაწილი. ენგურჰესის სამანქანო დარბაზი არის ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, სოფელ საბერიოში და იქიდან ელექტროენერგია 500 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით მოდის საქართველოსკენ, ხოლო 220-კილოვოლტიანით - ოკუპირებული მხარისკენ. დაახლოებით 15 წლის წინ სიტყვიერი მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის 40%-ს აფხაზეთის მხარე მიიღებდა, 60% კი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას მოხმარდებოდა. რეალურად, 10%-ზე მეტი არ ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფონდების 35% იქით მხარეს არის, ელექტროენერგია გამომუშავდება მდინარე ენგურის წყლით, რომელიც ჩვენს მხარესაა. ამის გათვალისწინებით, აფხაზური მხარის წილი შეიძლება 10%-ზე მეტი გამოვიდეს. შესაბამისად,
შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის 1996-1997 წლებში შედგა, აფხაზური მხარისთვის საკმაოდ მომგებიანია და მისი ჩაშლა ხელს არ უნდა აძლევდეთ.

ხშირად ისმის შეკითხვა - რა ბერკეტები აქვს აფხაზურ მხარეს, რომ რამე ზიანი მოგვაყენონ? რადგან ჰესის აგრეგატები საბერიოშია, მათ აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი გამოგვირთონ. თუ ისინი გამორთავენ ამ ელექტროგადამცემ ხაზს, წყალსაცავი ჯვართან, წალენჯიხის რაიონშია და ჩვენ შეგვიძლია ფარები ჩავკეტოთ და წყალი აღარ მივაწოდოთ ელექტროსადგურს, რაც მის პარალიზებას გამოიწვევს.  
თავის დროზე, კომპანია "ჩერნომორენერგო" რუსების ხელდასხმით შეიქმნა. მათ შორს მიმავალი ზრახვები ჰქონდათ - აფხაზეთიდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანსპორტირება, იქიდან კი ლამის ისრაელში ექსპორტირება. ეს ამბავი არ გამოვიდა და "ჩერნომორენერგო" ახლა ჩვეულებრივი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ფაქტობრივად უფასოდ იღებს "ენგურჰესზე" გამომუშავებულ ელექტროენერგიას და ყიდის. მხოლოდ საექსპლუატაციო ხარჯები აქვთ, კარგი შემოსავალი რჩებათ და ასეთი სასათბურე პირობების დარღვევა წესით, არც უნდა აძლევდეთ ხელს. მაგრამ აქ ძაღლის თავი სხვაგან მარხია. წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა რუსეთს საიდუმლო ჩანაფიქრი, რომ "ინტერ რაოს" გადასცემოდა სამართავად 10 წლით ეს ობიექტი, შემდეგ ეს ამბავი გასკდა და ფაქტია, რომ საბოლოოდ ჩანაფიქრი ჩაიშალა. ზოგადად კი დიდ სისულელედ მიმაჩნია, თუ რამე სხვა მიზნები არ ამ@ოძრავებს, სახელმწიფომ ასეთი მომგებიანი ობიექტი სამართავად კერძო კომპანიას გადასცეს. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ცნობილია ადამიანების განსაზღვრული წრისთვის.
ე.წ. აფხაზეთის ომის დროს, როცა სეპარატისტების მხარეს მებრძოლმა საჯარისო ნაწილებმა ქართული ჯარის შევიწროება დაიწყეს, მაშინ სეპარატისტები უნდა გაჩერებულიყვნენ და გალის რაიონი ჩვენს კონტროლქვეშ დარჩენილიყო. სწორედ რუსეთის მითითებით გადმოვიდნენ ენგურამდე, რათა ენგურჰესის ნაწილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეულიყო.

ეს რუსეთის გაკეთებულია თავის დროზე და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ცდილობდეს, სხვა საშუალებებით მიაყენოს ზიანი საქართველოს. ეს კამპანიაც, ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რომლის აგორებას აფხაზების საშუალებით ცდილობს, რუსეთის მიზნებს ემსახურება. ჯერ საკუთრებაზე აქვთ პრეტენზია, შემდეგ იტყვიან, გამომუშავებული ენერგიის 40% არ გვყოფნის და მეტი გვინდაო, შემდეგ კი შეიძლება ჩვენ მიერ გამომუშავებული ენერგია აქეთ მოგვყიდონ.

ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი: - ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციასა და განხეთქილებას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ამის ორგანიზატორი, ჩემი აზრით, რუსეთია, რადგან ისინი დასვამენ საკითხს ასე: თქვენ ერთმანეთში ვერ რიგდებით, მუდამ გექნებათ კამათი ამ თემაზე, ამიტომ ჯობია მართვაში ეს ობიექტი გადმოგვეცეს და იმის მიხედვით, როგორი იქნება ინტერესები საქართველოს თუ აფხაზეთის მხრიდან, ჩვენ დავარეგულირებთო.

როცა ლაპარაკობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ენგურჰესის ნაწილი თითქოს არის აფხაზეთის, "ავიწყდებათ", რომ აფხაზეთი ჩვენთვის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს. ენგურჰესი აშენების დროიდან იყო, ფაქტობრივად, საერთო საქმე ქართველებსა და აფხაზებს შორის და ეს თანამშრომლობა დღესაც წარმატებით გრძელდება. საქართველოს სინამდვილეში აფხაზეთი ერთადერთი რეგიონია, რომელიც მთლიანად ელექტროფიცირებულია და აქვს მისი სიჭარბეც.
რუსეთის ოცნებაა, მართვაში აიღოს ენგურჰესი, რადგან ის ძალიან სარფიანი და მომგებიანი ობიექტია მისი ენერგოსისტემისთვის.

ენგურჰესის პარამეტრები, მისი მონაწილეობა დატვირთვის გრაფიკის დაფარვაში, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთს სამხრეთ ნაწილში სიმძლავრის დეფიციტი აქვს და თუ ენგურჰესს ხელში ჩაიგდებს, პრობლემას მოიხსნის. საბჭოთა დროს, როცა ენგურჰესი შენდებოდა, არსებობდა შეთანხმება, რომ ენერგიის პიკური ნაწილი უნდა წასულიყო რუსეთის ტერიტორიაზე 2-3 საათის განმავლობაში, სამაგიეროდ, ბაზისურ ნაწილში რუსეთი აქეთ გვაძლევდა ელექტროენერგიას და ასე ხდებოდა კომპენსირება გადადინება-გადმოდინების ხარჯზე. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს გეგმა არ განხორციელდა, თუმცა, ახლაც შეგვიძლია მივყიდოთ რუსეთს მისთვის საჭირო ელექტროენერგია 4-ჯერ უფრო მაღალ ფასად, მაგრამ თუ თავად დაეპატრონება ამ ენერგოობიექტს, მისთვის უფრო სარფიანია.

თუ აფხაზური მხარე აგრეგატებს გათიშავს, ჩვენ წყალი ძველ კალაპოტში უნდა გავუშვათ, ამის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ქვეყანა მიიღებს ძალიან დიდ დანაკარგს, რადგან მთელი გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-45% ენგურჰესზე მოდის. შეგვიძლია წყლის ეს რესურსი სხვა ობიექტის აშენებით გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ორივე მხარისთვის წამგებიანი იქნება. აფხაზები იძულებული იქნებიან, ხელებში უყურონ რუსეთს, რომლის მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი არ იქნება მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, რუსების წაქეზებით პრობლემებს თუ შეიქმნიან, ეს ისევ მათ დააზარალებს. ვითარების ყოველი გამწვავება შედეგად იმას მოიტანს, რომ რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. დაპირისპირებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სასაზღვრო ობიექტების მართვა ხდება, ასეთი კონფლიქტები არ ხდება და ობიექტები შეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ინტერესების დაცვით იმართება. რუსეთი კი ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.


ენგურჰესი

ენგურის ჰიდროელექტროსადგური უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. მისი მშენებლობა 1961-1978 წლებში მიმდინარეობდა. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი და ვარდნილჰესი. ენგურჰესის კაშხალი ჯვარშია, ელექტროსადგურები - კონფლიქტის ზონაში.
საპროექტო მონაცემებით, ენგურჰესი წელიწადში 4,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას უნდა გამოიმუშავებდეს, თუმცა, ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური გამომუშავება 4 მლრდ კვტ/სთ-ია. საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ-ია. აფხაზეთისთვის ნაწილის დათმობის შემდეგ, ენგურჰესისგან მოწოდებული ელექტროენერგია საქართველოს საერთო მოხმარების დაახლოებით 25-30%-ს შეადგენს.  


"ჩერნომორენერგო"


"ჩერნომორენერგო" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც რუსულ კომპანია "კუბანენერგოსთან" ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციასა და მომსახურებას ახორციელებს. მის ერთგვარ მმართველობაში შედის ენგურჰესის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

2000-2004 წლებში "ჩერნომორენერგოს" აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება "ჩერნომორენერგოს" კორუფციული სქემები, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის იმ 40%-დან, რასაც კომპანია ქართულ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე იღებდა, ნაწილს ისევ უკან ყიდდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ფასთა სხვაობიდან მიღებული შემოსავალი კი კომპანიის ხელმძღვანელების ჯიბეში ილექებოდა.

სისხლის სამართლის საქმეა აღძრული "ჩერნომორენერგოს" ამჟამინდელი გენდირექტორის, ასლან ბასარიას წინამორბედის მიმართაც. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა რეზო ზანთარიას დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ემიგრანტი
20 იანვარი 2015 13:58
ქართველებს რომ ჭკუა გქონოდათ ენგურჰესიც თქვენ ხელში იყო და მთელ რუსეთშიც ბაირამობდით როგორც გინდოდათ,
დღეს კი აფხაზიც და ოსიც რუსეთის ხელით თავიანთ საქმეებს აგვარებენ,მიწებს გართმევენ,თქვენ კი მიჩერებიხართ ამერიკასა და ევროპას,რომელთაც მხოლოდ რუსეთთან კონფრონტაციისათვის სჭირდებით.
daviti
20 იანვარი 2015 11:57
ენგურჰესის მთავარი ნაწილი, ანუ კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, მაგრამ აგრეგატების ხელახლა გაკეთება ცვენს მხარეზე ჯერ ძალიან ძვირი დაჯდება და მეორეც პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, რადგანაც რუსეთმა თუ ამ სადგურის მიმართ ინტერესი დაკარგა, ისეთივე დღე ელის როგორც ცხინვალის მახლობელ სოფლებს, საიდანაც გამოგვაძევეს და მთლიანად დავკარგავთ. საერთოდ უნდა ძალიან ფრთხილი ვიყოთ. აფხაზები თუ რაიმეს იპარავდნენ, ჩვენ რა, იმათი პრობლემაა. ენგურჰესისნაირ ობიექტს საქართველო თავისი ძალებით კი არა ინვესტორის დახმარებითაც ვერ ააშენებს კაი ხანს
zviadi
20 იანვარი 2015 10:26
რუსეთისათვის ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს,დაქოქავს ტანკებს და საზღვარს გადმოწევს 15-20 კმ-ით,ვინმე დაუშლის თუ რა,ევროპა შეშფოთდება,ამერიკა წყალს გამოგვიგზავნის,ჩვენები მისგან ღვინოს დააყენებენ,შემდეგ რუსეთში გაყიდიან და იმ ფულით ენგურჰესის გამომუშავებულ დენს შევიძენთ,ასეა ჩემო კარგებო ეს სცენარი დაწერილია და ახლა განხორციელების დროც მოდის

რედაქტორის რჩევით