"ეკონომიკური დიქტატორების" წინააღმდეგ
19-01-2015
"ეკონომიკური დიქტატორების" წინააღმდეგ
კონკურენციის სააგენტო შესაძლო დარღვევების გამოსავლენად 5 კონკრეტულ ბაზარს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო, რომელიც გასული წლის მარტში ქვეყანაში მონოპოლიების გამოსავლენად შეიქმნა, ბიზნესის რამდენიმე სექტორში არსებულ მდგომარეობას სწავლობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა დაიწყო და შუალედური ანგარიშიც წარმოადგინა. ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის გარდა, კონკურენციის სააგენტო კიდევ რამდენიმე ბიზნესსექტორით დაინტერესდა, მათ შორის არის ყავისა და თერმულ-მინერალური წყლების ბაზარი.

გიორგი ბარაბაძე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე: - ამ ეტაპზე სააგენტოში მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შემოსულია 4
განცხადება და 1 საჩივარი. კერძოდ, საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალაგრომ" მოგვმართა განცხადებით, საქართველოში ფქვილის ბაზარზე შესაძლო დარღვევის ფაქტზე "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოში შემოსულია სააქციო საზოგადოება "ჯანმრთელობის" განცხადება, ასევე კონკურენციის შესახებ
კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, წყალტუბოში თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე. კიდევ ერთი განცხადების ავტორია "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი", სადაც საუბარია სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე. ამას გარდა, სააგენტო სწავლობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტის განცხადებას "ავტოგაზის" ფასების მომატებასა და ამ სფეროში შესაძლო ანტიკონკურენტული შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით. შემოსულია შპს "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციაფოთის" საჩივარიც და ეხება შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალზის" მიერ სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში კონკურენციის წესების შესაძლო დარღვევას. განცხადებები და საჩივრები, ძირითადად, ეხება ეკონომიკური აგენტების მიერ კონკრეტულ ბაზრებზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ანტიკონკურენტულ შეთანხმებებს - ე.წ. კარტელებს.

- კონკურენციის სააგენტო ბიზნესის რომელ სექტორებში არსებულ ვითარებას სწავლობს ამ ეტაპზე?
- კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე ხუთი საქმის მოკვლევას აწარმოებს. მაგალითად, სააგენტო იკვლევს ნავთობპროდუქტების ბაზარს (ბენზინი, დიზელი, ნავთი) კონკურენტული მდგომარეობის შეფასებისა და შესაძლო ანტიკონკურენციული ქმედებების გამოსავლენად. დაწყებულია მოკვლევა ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობის, წყალტუბოს თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე არსებული ვითარების, სარკინიგზო გადაზიდვების სფეროსა და სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. რაც შეეხება "ავტოგაზის" ფასების მომატებასა და ამ სფეროში შესაძლო ანტიკონკურენტული შეთანხმების არსებობის საკითხს, ამ ეტაპზე სააგენტო განიხილავს ამ განცხადების დასაშვებად ცნობისა და მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს.

გარდა ზემოხსენებული სეგმენტებისა, სააგენტო ახორციელებს საქართველოში ყავის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს, რაც, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და ახლო მომავალში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ.
მოკვლევის ჯგუფი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას როგორც სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე კონკრეტულ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან, მიღებულ მონაცემებს აანალიზებს. რაც შეეხება მოკვლევის დასრულების ვადებს, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრულია 3-დან 10 თვემდე.

- კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შესახებ შუალედური ანგარიში უკვე წარადგინა. რა გამოიკვეთა ამ ანგარიშის თანახმად?
- დიახ, პრემიერ-მინისტრს შუალედური ინფორმაცია წარედგინა, თუმცა, მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. სააგენტო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კომპეტენტურობისა და ობიექტურობის მაღალ სტანდარტებს უპასუხებს. ეს შედის როგორც საზოგადოების, ასევე ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ინტერესებში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რამე ინფორმაციის გამჟღავნება სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით დააზიანებს მოკვლევის ინტერესებს და მის საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სააგენტოსა და თანამშრომლებს კანონი ავალდებულებს, ეკონომიკური აგენტების კომერციული და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი მონაცემები გამჟღავნებისგან დაიცვან.
მოკვლევის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება კი (კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი მონაცემების გამოკლებით) საჯაროა და გამოქვეყნებას ექვემდებარება.

- კიდევ რომელ ბიზნესსექტორებზე არსებობს  შუალედური ანგარიში, წარუდგენს თუ არა სააგენტო ფართო საზოგადოებას კვლევის შედეგებს?
- რამდენიმე საკითხთან დაკავშირებული მოკვლევა ახლო მომავალში დასრულდება და საზოგადოებისთვის სააგენტოს ყველა გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით