მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
26-01-2015
მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის"  ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
სავარაუდოდ, სამ თვეში გაირკვევა, როდის აშენდება მეტროს სადგური "უნივერსიტეტი"." მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ამაშუკელის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის შესახებ განაცხადი სამმა კომპანიამ წარადგინა.

- მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის"  მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და მის დაშლასთან ერთად გაჩერდა. ამის შემდეგ დაკონსერვებული იყო. წლების წინ ხელისუფლებამ თითქოს სცადა პროექტის განახლება და მშენებლობის დასრულება, თუმცა, ეს მხოლოდ სურვილად დარჩა. "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ "პროექტზე" მუშაობა განახლდა, გამოცხადდა ტენდერი, თუმცა, ჩაიშალა,
რადგან მონაწილე კომპანიებიდან არც ერთს არ ჰქონდა მეტროს სადგურის მშენებლობის გამოცდილება. ახლა, როგორც კი ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება, მშენებლობას დავიწყებთ. 

- ვინ უნდა შეარჩიოს მშენებელი კომპანია?
- დონორმა ორგანიზაციებმა, ვინც მშენებლობას დააფინანსებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკმა. ტენდერში მონაწილე კომპანიები 70 დღის განმავლობაში წარმოადგენენ სატენდერო დოკუმენტაციას, წინადადებებს.
სამმა კომპანიამ უკვე წარადგინა განაცხადი. მათ წინადადებებს განიხილავს მუნიციპალური განვითარების ფონდი და ანგარიშს მიაწვდის აზიის განვითარების ბანკს. თუ კომპანიები გადალახავენ საკვალიფიკაციო შერჩევის პირველ ეტაპს, გაიხსნება მათი კონვერტები, სადაც მითითებული იქნება, რა ფასად შეუძლიათ პროექტის განხორციელება. გაიმარჯვებს ის, ვისი ფასიც მისაღები იქნება. სანამ ტენდერში გამარჯვებული არ გამოვლენილა, ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ან დასრულდება მშენებლობა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ახალი, 2,6 კმ სიგრძის მაგისტრალი, რომელიც გააადვილებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით სტუდენტებისა და მოქალაქეების გადაადგილებას.

სადგური "უნივერსიტეტი"

მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო შეწყდა. სპეციალისტების თქმით,  მშენებარე უბანზე სამუშაოების 90%-ზე მეტი შესრულებულია. "უნივერსიტეტის" გახსნასთან ერთად სრულად დაიტვირთება "ვაჟა-ფშაველას" ორივე გვირაბი, სადაც გაუქმდება ერთლიანდაგიანი მოძრაობა და მგზავრებს აღარ მოუწევთ შემადგენლობიდან შემადგენლობაში გადაჯდომა.

თბილისის მეტრო რიგით მეოთხე იყო საბჭოთა კავშირში

1951 წლის 29 სექტემბერს ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო. 1966 წლის 11 იანვარს ახალი სატრანსპორტო საშუალება ექსპლოატაციაში შევიდა. გაიხსნა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ხუთი სადგურით:  დიდუბე, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი. იმ დროისთვის თბილისის მეტრო, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რიგით მეოთხე მეტროს სისტემა იყო მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის მეტროების შემდეგ. ამჟამად დედაქალაქში 22 მოქმედი სადგურია, 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძე 26,4 კილომეტრია.
ñññ
30 იანვარი 2015 23:36
დაამატეთ სხვა სადგურებიც დაამატეთ,,,,,,,,,,,,,,,,
mzirali
26 იანვარი 2015 22:46
უნდა აშენდეს ახალი მეტროსადგურები, რომელიც არის ქალაქის განტვირთვის ერთადერთი რეალური საშუალება. მარტო ამ სადგურის მშენებლობით ფონს ვერ გავალთ

რედაქტორის რჩევით