დაუმუშავებელი მიწის მფლობელებს გადასახადები გაეზრდებათ?!
26-01-2015
დაუმუშავებელი მიწის მფლობელებს  გადასახადები გაეზრდებათ?!
"თანაბარ პირობებში არ უნდა იყოს ის მოქალაქე, ვინც სავარგულებს ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს და ის, ვისაც შესაძლოა, ნანახი არ ჰქონდეს საკუთარი მიწა"

თებერვლიდან მცირემიწიან ფერმერებს დაურიგებენ ბარათებს, რომელთა საშუალებითაც ისინი სავარგულების დამუშავებას უფასოდ შეძლებენ. ამით დასრულდება სამეტაპიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ამის შემდეგ მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რომლის ფარგლებშიც დაუმუშავებელი ფართობების მფლობელებს, შესაძლოა, გადასახადები გაეზარდოთ.


ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი: "მცირემიწიანი ფერმერების საგაზაფხულო
სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში მონაწილეობას 800 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. მათ, ისევე როგორც გასულ ორ ეტაპზე, ხვნის ბარათები და აგრობარათები გადაეცემათ, რისთვისაც დაახლოებით 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ხვნის ბარათით 1 ჰა ფართობზე 140 ლარია გათვალისწინებული, აგრობარათზე დარიცხული ქულები კი 50 ლარის ეკვივალენტურია.

ამით დასრულდება მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის
სამწლიანი პროგრამა.  ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ გლეხს დაუბრუნდა მუშაობის სტიმული და ორ-სამჯერ მეტი ფართობები დამუშავდა. ფაქტობრივად, სავარგულები მიტოვებული იყო, რადგან გლეხს ამისთვის არც ფინანსური რესურსი ჰქონდა და არც ტექნიკური საშუალებები. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა პროგრამის ამოქმედების შემდეგ, შედეგად, საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ჰექტარი მიწა დამუშავდა, მაგრამ ახლა იმ დანარჩენ 350 ათას ჰექტარს უნდა მივხედოთ, რომელიც სხვადასხვა მიზეზით მაინც არ მუშავდება. ფაქტობრივად, ეს მიძინებული რესურსია და სწორედ ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფიქრი დავიწყეთ, როგორ შეEვძლოთ დაუმუშავებელი ფართობების ათვისება. 

ეს არ შეეხება მცირემიწიან გლეხებსა და ფერმერებს, ვისაც 5 ჰექტრამდე ფართობი აქვს. საუბარია მიწის გაცილებით ვრცელ მასივებზე, რომლებიც დარგისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მიზეზთა გამო დაუმუშავებელია.
ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, რა მაჩვენებლები, პოტენციალი გვაქვს სოფლის მეურნეობაში, იმპორტ-ექსპორტის ბალანსის შესაძლებლობები, სასურსათო უსაფრთხოების კომპონენტები და ამ კალათაში შემავალი პროდუქტები და სხვ. თუმცა, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა მიწის დაუმუშავებლად, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მესამე წელია მიწის დამუშავების ხელშეწყობის პროგრამას ვახორციელებთ და მაინც, ფართობების მესამედი დამუშავებული არ არის. ამიტომ მიწის დამუშავება უნდა წავახალისოთ.

- ანუ სანქციები, ჯარიმები დაეკისრება მას, ვინც მიწას არ დაამუშავებს?

- არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ევროპის ქვეყნებში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს  ასეთი წამახალისებელი მიდგომები: ვინც ამუშავებს მიწას, ნაკლებ გადასახადს იხდის, ვინც არ ამუშავებს - მეტს.
თანაბარ პირობებში არ უნდა იყოს ის მოქალაქე, ვინც სავარგულებს ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს და ის, ვისაც შესაძლოა, ნანახი არ ჰქონდეს საკუთარი მიწა. ჩვენ შევთავაზებთ მათ, ან დაამუშაონ სავარგულები, ან იჯარით გასცენ, ანდა, სულ ცოტა, მოვლილ აგრარულ მდგომარეობაში ჰქონდეთ, რომ მომიჯნავე ნაკვეთები არ დააზიანონ. რა თქმა უნდა, იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შესაძლოა ტექნოლოგია ითხოვს მიწის დასვენებას ერთი-ორი წლით და ამის მონიტორინგი ძალიან მარტივია.

- ფიქრობთ, რომ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამიერიდან თავად დაამუშაონ მიწა და აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია?

- ყოველი წლის შეჯამებისას განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობისთვის. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი კოოპერაცია და მიწის ფართობების გაერთიანებაა, რათა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება უფრო რენტაბელური გახდეს. სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ შეიძლება ამა თუ იმ სამთავრობო პროგრამას რაღაც კომპონენტი მოვაკლოთ, მაგრამ ვამატებთ სხვა მიმართულებით. უკვე ამოქმედდა აგროდაზღვევა, ვნერგავთ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემას, გვაქვს სხვა პროექტებიც. მაგალითად, დავიწყებთ სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების სტიმულირებას, რათა შესაძლებელი იქნეს პროდუქციის დასაწყობება და დანაკარგი მინიმუმამდე დავიდეს. დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის არასწორად შენახვის გამო პროდუქციის დაახლოებით 30%-ს ვკარგავთ.

- ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების თემა, ითქვა, რომ უნდა აიკრძალოს სუბსიდირებული იმპორტის შემოტანა.

- ჩვენი პამიდორი შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს და ექსპორტზეც გავიდეს. სხვა ქვეყნის პროდუქციაც უნდა შემოვიდეს, რადგან ასეთია საბაზრო ეკონომიკა. თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ 1 ჰა მიწის დამუშავება ბევრად არარენტაბელურია, ვიდრე 100-ისა და სამომავლოდ ქართული სოფელი-კოოპერატივი საუკეთესო ვარიანტია. რაც შეეხება სუბსიდირებულ იმპორტს, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან უნდა ვიმოქმედოთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმებების შესაბამისად. მაგალითად, ბოლო დროს ორჯერ შევხვდი თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება, რომ ქართველი და თურქი მეწარმეები თანაბარ პირობებში იყვნენ, კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოოთ და ის საქართველოში არათანაბარი პირობებით არ უნდა შემოვიდეს. ვგეგმავთ ქართული თხილის მოშენების წახალისებას, რადგან თხილი ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტია. საინტერესო პერსპექტივა აქვსL ლურჯ მოცვს და მისი წარმოების განვითარებასაც შევუწყობთ ხელს.

- რა შედეგებით დაბრუნდით ბერლინიდან, სადაც საქართველო მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენაში "მწვანე კვირეული 2015"?
- უპირველესად ველოდებით თანამშრომლობის გაღრმავებას. მაგალითად, ახლა ქართული კივი გადის ევროპაში, საქმიანი მოლაპარაკება გვაქვს თაფლისა და თევზის გატანის თაობაზე. ევროპის ბაზარზე დიდია მოთხოვნა ქართულ ყველზე და ახლა ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. ბერლინში პირველი ღვინის გალერეა გავხსენით. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ქართულმა პავილიონმა გამოფენაზე, რომელსაც დაახლოებით 500 ათასი სტუმარი დაესწრო. გერმანულმა მხარემ შემოგვთავაზა, მომავალი "მწვანე კვირეულის" ფარგლებში, მათი პარტნიორი ქვეყანა გავხდეთ. ასეთი მასშტაბის ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ჩვენი მეწარმეების პროდუქციის წარმოსაჩენად.
bebilo
01 თებერვალი 2015 22:41
კანონების გამოცემა ადვილია.
ჯერ მისასვლელი გზები, წყალი და სინათლე გაიყვანონ, დანიშნონ ავტობუსები ნაკვეთებამდე მისასვლელად და მერე ნახავთ დაამუშავებს ხალხი მიწას თუ არა.
გერმანიაში, სოფლები ისევე არის წყალმომარაგებით, სინათლით და გზებით უზრუნველყოფილი, როგორც ქალაქში.
შეისწავლონ გერმანიის სოფლის მაცხოვრებელთა პირობები და გადმოიტანო ვინ უშლით!?
გარდა ამისა, გერმანიაში კანონებს არ გამოუშვებენ მანამდე სანამ, ხალხის ჭირ-ვარამს არ გაითვალისწინებენ. ჯერ პირობებს შეუქმნიან მერე, ავალდებულებენ გლეხებს. საქართველოში კი პირიქით ხდება, ყველანაირად ხელ-ფეხ შებოჭილ გლეხებს ანდა მიწის პატრონებს, დამუშავებას ავალდებულებენ. თქვე, დალოცვილებო, რაღაცით ხომ უნდა მივიდეს ნაკვეთამდე ადამიანი,წყალი ხომ უნდა ქონდეს დასალევად და მოსარწყავად, სინათლეც ხომ სჭირდება რომ რომელიმე ტექნიკა აამუშაონ....?! პირობები შეუქმენით ხალხს, პირობები...!
ñññ
30 იანვარი 2015 23:32
მარ92 ს ვპასუხობმ,რომ ამბობ ქალაქში გარბიანო და მიწები მიტოვებული აქვტო.მეც თვილისში ვცხოვრობ ,მაგრამ მაქვს საგვარეულო მიწა რომელსაც ვერ ვამუსავებ ,არ მიღირს.რა ვქნა იქნებ მირჩიო გავყიდო და ინდოელებმა იყიდონ? სოფელი სავსეა. ჩასაფრებულები არიან რომ კვლავ იყიდონ და როგორც ჩვენთან საუბარსი ამბობენ კვლავ ჩამოიყვანონ სხვები.ასე მოვიქცე?
ñññ
30 იანვარი 2015 23:22
ეხლა ეს მოიგონეს .გვკითხონ ის მიწა დამუშავების რა ხარჯებს მოითხოვს.ზოგჯერ არ გვაქვს ამის საშუალება,ამის გამო მიწ აგავყიდო თუ იჯარით გავცე.ევროპას რატომ ბაძავენ ,მათთან ბიბაძვა გამოგვადგება ჩვენ ? ისეთ რამეში მიბაძონ რაც ჩვენს სასიკეთოდაც რომ იქნება.

რედაქტორის რჩევით