"წესით, დღეს-ხვალ უნდა გაჩერდეს ლარის გაუფასურების პროცესი" - კვირის პალიტრა

"წესით, დღეს-ხვალ უნდა გაჩერდეს ლარის გაუფასურების პროცესი"

"ჩვენი ბიუჯეტი დორიან გრეის პორტრეტივით განიცდის ტრანსფორმაციას"

ლარმა გაუფასურების ახალი ეტაპი დაიწყო და ათწლიანი რეკორდიც მოხსნა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი უკვე 1,9935 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. მთავრობა ამის ერთ-ერთ მიზეზად უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას ასახელებს, თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის ეს არგუმენტი საკმარისი არ არის.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ლარის კურსის მკვეთრ დაცემას საზოგადოების ლამის პანიკური რეაქცია მოჰყვა. ახლანდელი ვითარება კი შედარებით განსხვავებულია - ეროვნული ვალუტა უფასურდება, მაგრამ ეს არასასიამოვნო პროცესი უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს(?!).

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "იანვრიდან ლარმა დევალვაცია დაიწყო. ჩემი აზრით, საგარეო ფაქტორი მთავარია ამ პროცესში, სწორედ მისი შედეგია ფულადი გზავნილების შემცირება. ნოემბერ-დეკემბერში რუსეთიდან გზავნილები 60 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ასევე იანვარში აშშ დოლარი, სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ, 4,5%-ით გამყარდა. ლარი კი დოლარის მიმართ გაუფასურდა 6,5%-ით, შესაბამისად, მისი წილი ამ პროცესში მაღალია. ვფიქრობ, მინიმალურია საბიუჯეტო ხარჯების წილი.

ეროვნულ ბანკს შეუძლია ინტერვენციებით დააბალანსოს კურსი. აგრეთვე, არის საშუალება, რომ მიმოქცევაში შემცირდეს ფულის მასა, თუმცა, ეს ეკონომიკური ზრდისთვის იქნება შემაფერხებელი. ფულადი ტრანსფერებისა და საექსპორტო ნაკადების შემცირება საგარეო ფაქტორების ბრალია - რუსეთ-უკრაინის კრიზისისა და აზერბაიჯანის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების. მთავრობამ უნდა გაააქტიუროს საინვესტიციო პროექტები და მათი განხორციელება დაიწყოს სავალუტო შემოდინების შემცირების საკომპენსაციოდ. სწრაფად უნდა ამოქმედდეს "პანორამა თბილისის", ხუდონისა  და სხვა პროექტები. მთავარია, პროცესი კონტროლირებადია და არსებობს ყველა ბერკეტი, რათა კურსი არ "გაიქცეს".

ჩემი აზრით, საშუალო კურსი წლეულს იმ ნიშნულზე დაბალი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს. თუმცა, დამოკიდებული ვართ დოლარის კურსის მოძრაობაზეც. რუსეთში კრიზისის პიკი, ალბათ, გაზაფხულზე მოუწევს და უნდა დავაკვირდეთ ამ ქვეყანაში საექსპორტო ნაკადებისა და ფულადი გზავნილების დინამიკას.

მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პოლიტიზებული განცხადებებისგან და ტერმინები "კურსი გაიქცა", "ლარის კუპონიზაცია" და მსგავსი შეფასებები ლექსიკონიდან ამოიღონ, რადგან ასეთი განცხადებები ხალხზე ზეგავლენას ახდენს.

საქართველოში, სადაც იმპორტირებული პროდუქციის წილი დიდია, ლარის დევალვაცია ფასებზეც ახდენს ზეგავლენას, თუმცა, ამ ეტაპზე ინფლაციური ზეწოლა არ აღინიშნება. დეკემბერში წლიური ინფლაცია მხოლოდ 2%-ია, სასურსათო ფასები კი 2,5%-ით არის გაზრდილი. მდგომარეობას ამსუბუქებს მსოფლიოში ფასების კლება საწვავზე, ხორბალზე, შაქარსა და სხვა სასურსათო პროდუქციაზე. განსაზღვრულ სასაქონლო ჯგუფზე ფასები, ალბათ, შეიცვლება, მაგალითად, ტექნიკაზე, მედიკამენტებზე და სხვ., თუმცა, მთლიანობაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები სტაბილურია".

რომან გოცირიძე, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე: "ახლა ჩვენი ეკონომიკა იმუნიტეტგამოცლილი ადამიანივითაა - ყოველი გაციება აგონიაში აგდებს. ლარის ზედიზედ ერთსა და იმავე პერიოდში, ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაუფასურების მიზეზი ეკონომიკურ პოლიტიკაში ცვლილებებია: სხვადასხვა ე.წ. წამახალისებელი ხარჯი - სუბსიდიები, ბიზნესპროგრამები, ხვნა-თესვის დაფინანსება, მოსავლის დაზღვევაც კი, მეორე მხრივ, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, უფასო წიგნები, სოციალური შემწეობების მიმღებთა წრის გაფართოება; ასევე სახელმწიფო აპარატის მუდმივი ზრდა როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალურ სამთავრობო დაწესებულებებში. აგერ, კიდევ ერთი უაზრო კანონის მიღებას აპირებენ, - უცხოელი სპეციალისტები არ შემოვუშვათ, თუ ამ საქმის გაკეთებას ქართველი  შეძლებსო. არადა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობისას "სვარშჩიკები"“ ვერ მოიძებნა. მერე ვიღაცამ ნებართვები უნდა აძლიოს, ვიღაცამ უნდა ამტკიცოს, ამის შემსრულებლები გვყავს თუ არა. მოკლედ, ბიუროკრატიაა.

რასაც მთავრობა გვაძლევს ცალი ხელით, მეორით გვართმევს და უპირველესად კი ყველაზე მეტს დაბალშემოსავლიან ფენას, ანუ იმას, ვისზე ზრუნვითაც არის ნაკარნახევი ბევრი სოციალური პროექტი.

ასეთმა პოლიტიკამ რა უყო საბერძნეთსა და კვიპროსს, დავინახეთ. 50 მილიარდზე მეტი მისცეს საბერძნეთს და დღეს ისევ აქტუალურია მისი ევროზონიდან გაძევების საკითხი.

ჩვენი ბიუჯეტი დორიან გრეის პორტრეტივით განიცდის ტრანსფორმაციას. მეორე მხრივ, 2013 და 2014 წლებში ბიუჯეტის არათანაბარზომიერმა შესრულებამ განაპირობა ლარის ვარდნა, დეკემბრის ბოლოს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის გაშვებამ მიმოქცევაში. მერე ცოტა აჟიოტაჟი დაემატა, ცოტაც ასე სათუთად მოსახსენიებელი საგარეო ფაქტორებიც და მივიღეთ დევალვაციის მეორე ტალღა.

წესით, დღეს-ხვალ უნდა გაჩერდეს ლარის გაუფასურების პროცესი, მერე კი უნდა ველოდოთ შემდგომ „გარღვევას“ თუ გაციებას".