"უცნაური" ტენდერები - მონაწილეობას ვერ მიიღებდა ის, ვისაც, ვარდისფერი დათვი ან შავი სპაიდერმენი არ ჰყავდა - კვირის პალიტრა

"უცნაური" ტენდერები - მონაწილეობას ვერ მიიღებდა ის, ვისაც, ვარდისფერი დათვი ან შავი სპაიდერმენი არ ჰყავდა

"სპექტაკლში უნდა მონაწილეობდეს არანაკლებ 15 კოსტიუმირებული გმირი-თოჯინა (სანტა კლაუსი, არანაკლებ 4 ელფი, სონიკი, კუნფუ პანდას ვეფხვი, ვარდისფერი დათვი, ფროუზენი, პრინცესა ანა, პრინცი, გლეხი ბიჭი, ჯადოქარი, შავი სპაიდერმენი, ყინულის დედოფალი); ღონისძიებაში ჩართული უნდა იყოს არანაკლებ 3 სახის მომხატველი; ილუზიონისტის შოუ, ცეცხლოვანი შადრევნები, ბოლის აპარატები, კოსტიუმირებული ოჩოფეხები; სასურათე კუთხე უნდა წარმოადგენდეს ადგილს, სადაც ტახტრევანში იჯდება სანტა კლაუსი და უკანა ფონზე წარმოდგენილი იქნება საკრებულოს ლოგო და საახალწლო ვიზუალი: ბუხარი, ნაძვები და ასე შემდეგ..." - ეს  ელექტრონული ტენდერის პირობებია, რომელიც თბილისის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებისთვის გამოაცხადა. შესაბამისად, ამ ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ის, ვისაც თავის დასში, მაგალითად, ვარდისფერი დათვი, კუნფუ პანდას ვეფხვი ან თუნდაც შავი სპაიდერმენი არა ჰყავდა.

სატენდერო დოკუმენტაციისთვის თვალის გადავლებაც საკმარისი აღმოჩნდა კიდევ რამდენიმე მსგავსი უცნაურობის აღმოსაჩენად. მაგალითად, იმავე თბილისის საკრებულოს გამოცხადებულ კიდევ ერთ ტენდერში, სადაც ქალაქის თვითმმართველობა რბილი ავეჯის შეძენის სურვილს გამოთქვამს, მითითებულია, რომ სავარძლის დაჯდომის სიღრმე უნდა იყოს 55 სმ, ზურგის სიმაღლე - 63 სმ, ხოლო სიმაღლე საყრდენი წერტილიდან ზურგის სიმაღლემდე - 94 სმ.

ეს ის შემთხვევაა, როცა ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა, ბიუჯეტის ხარჯზე კომფორტის მოყვარული საკრებულოს დეპუტატებზე მსჯელობა ამომრჩევლისთვის მიმინდვია.

ანა დაბრუნდაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი მკვლევარი: "სატენდერო დოკუმენტაციაში სპეციფიკური მოთხოვნების მითითება ბადებს ეჭვს, რომ ტენდერი კონკრეტულ პირზეა მორგებული.  ლოგიკურია დაისვას კითხვა: ხომ არ არის ეს ტენდერი კონკრეტულ პირზე მორგებული? მერიის ტენდერებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხშირია მაღალპროცენტიანი ავანსების გაცემა, რომელიც ზოგ შემთხვევაში ტენდერის ღირებულების 70%, 95% და 100%-საც კი აღწევს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"“ დაინტერესდა, რამ განაპირობა მერიის შესყიდვების პოლიტიკის ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება. თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურმა განგვიმარტა, რომ ავანსის გაცემის პრაქტიკის ფართოდ გამოყენების სურვილი მომწოდებლებისგან მოდიოდა, რადგან ბევრ მათგანს, შესაძლოა, მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად საჭირო რესურსი არ ჰქონდეს. მათივე განცხადებით, ავანსის გაცემით თბილისის მერია არაფერს კარგავს, რადგან წინასწარი გადახდის წინა პირობა საბანკო გარანტიაა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი თბილისის მერიას თანხას პირველივე მოთხოვნისთანავე უკან უბრუნებს. გაუგებარია, რატომ ფორმდება კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომელთაც სამუშაოების შესრულების მცირე რესურსიც კი არ გააჩნიათ.

2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრამდე გამართული 67 ტენდერიდან, რომლებიც ითვალისწინებდა ტენდერის ღირებულების 50%-ის ან მეტის ავანსად გაცემას, 10 შემთხვევაში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შეიქმნა. განსაკუთრებით გამოსაყოფია ის შემთხვევები, როცა გაიმარჯვეს ტენდერის გამოცხადების შემდეგ ან წინადადებების მიღების ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე დაარსებულმა კომპანიებმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" დაინტერესდა მერიის ახალი ადმინისტრაციის შესყიდვებით და 2014 წლის აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით არსებული პრაქტიკა შეისწავლა. 15 დეკემბრის მდგომარეობით, ამ პერიოდში მერიამ 226 ტენდერი გამოაცხადა, აქედან 53 შემთხვევაში ტენდერი არ გამართულა, 14 ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, 12 ტენდერი კი შეწყდა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ავანსების გადახდით ფორმალურად კანონი არ დარღვეულა, მერიის არგუმენტაცია შესყიდვებისას ავანსების გაცემის ახალი პრაქტიკის თაობაზე არადამაკმაყოფილებელია. ეს პრაქტიკა კითხვის ნიშნებს ბადებს, რამდენად სწორად განიკარგება სახელმწიფო სახსრები და რამდენად მართებულია მერიის სამსახურის ქმედებები ხარისხიანი მომსახურების მიღების თვალსაზრისით?

ასევე შევისწავლეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბოლო პერიოდის შესყიდვები, სადაც გამოვლინდა, რომ ხშირია გაფორმებული კონტრაქტების ვადის ცვლილება. ასევე, ხშირია გამარტივებული წესით შესყიდვა ტენდერების გვერდის ავლით. დეტალურად შევისწავლეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებიც. სამშენებლო სამუშაოებს, ძირითადად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იძენს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346,5 მილიონი ლარი შეადგინა. შესყიდვების უმრავლესობა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით ხორციელდებოდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა

ტენდერში გამარჯვებულებს შორის თანამდებობის პირების - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილისა და პარლამენტარ სერგო ხაბულიანის მფლობელობაში მყოფი კომპანიებიც არიან. 2013-2014 წლებში 400 ტენდერიდან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

2014 წელს ზოგიერთ ტენდერში სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა: "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" და "თუშეთგზამ" გაიმარჯვეს. 300-ზე მეტი გაფორმებული ხელშეკრულებიდან დაახლოებით 100 მომსახურების გაწევის ვადა შეიცვალა. ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები ეჭვს აღძრავს, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებზე".