"მხუთავი გაზი" ეკონომიკისთვის? - რა მოჰყვება გაზის გაძვირებას - კვირის პალიტრა

"მხუთავი გაზი" ეკონომიკისთვის? - რა მოჰყვება გაზის გაძვირებას

"ტარიფი მაღალი და დაბალი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს იმდენი, რაც ღირს"

შეძლებს თუ არა მთავრობა, რომ კომერციულ ორგანიზაციებს გაზის საფასური არ გაუზარდოს, ალბათ, 2 კვირაში გახდება ცნობილი, მანამდე კი სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არადა, ცოტა ხნის წინ კომერციულმა ორგანიზაციებმა "ყაზტრანსგაზისგან" შეტყობინება მიიღეს, რომ 1-ლი მარტიდან ბუნებრივი აირის საფასური 1 კუბმ-ზე 0,75-დან 0,90 ლარამდე გაეზრდებათ. ბუნებრივი აირის ფასის ზრდას გეგმავდა "სოკარ გაზიც", რომელიც გაზს, ძირითადად, რეგიონებს აწვდის.

გაზის სადისტრიბუციო კომპანიებმა ბუნებრივ აირზე ფასის მოსალოდნელი ზრდა ლარი-დოლარის კურსის ცვლილებით ახსნეს - კომპანიები ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ, მომხმარებელი კი გახარჯული აირის საფასურს ლარში იხდის.

იმთავითვე ითქვა, რომ გაზის საფასური არ გაეზრდებოდა მოსახლეობას, თუმცა, კომერციული ობიექტებისთვის ბუნებრივი აირის ფასის მომატების გადაწყვეტილებამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა: ხომ არ გაძვირდებოდა ის პროდუქციაც, რომლის წარმოებისას გაზი გამოიყენება? მაშინვე ითქვა, რომ ბუნებრივი აირის შეღავათიანი ტარიფი შეუნარჩუნდებოდათ პურის ქარხნებს, რათა ამას მოსახლეობისთვის უმთავრესი პროდუქტის, პურის ფასის ზრდა არ გამოეწვია. მაგრამ ვერავინ აკონკრეტებს, რამდენი ხნით შეიძლება გადავადდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის მომატება, მით უფრო, რომ ლარი დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის სიმყარეს ვერ ინარჩუნებს.

მთავრობა რამდენსაც უნდა ეცადოს, კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებებით ფასის შენარჩუნებას, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი მაინც ეკონომიკის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რომელიც ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსითაც გამოიხატება. არის სხვა, გვერდითი ეფექტებიც - იაფი ენერგორესურსები კარგია, მაგრამ ეკონომისტების შეფასებით, როცა ხელისუფლება სატარიფო პოლიტიკაში იწყებს ჩარევას, იწყება პრობლემებიც. არადა, გაზის გაძვირების მოლოდინში უკვე თბოსადგურებიც ლაპარაკობენ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე, თუმცა, ისინი, მოსახლეობის მსგავსად, გაზს სოციალური ფასით ყიდულობენ.

ფაქტია, თუ გაზის ტარიფი გაიზარდა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და საბოლოოდ, პირდაპირ თუ ირიბად, მოსახლეობას დააწვება ტვირთად.

რევაზ არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი: "სადისტრიბუციო კომპანიებს კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული აქვთ პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ლარი-დოლარის კურსი მინიმუმ 10%-ით შეიცვლება, მათ აქვთ უფლება, ბუნებრივი აირის საფასური გაზარდონ. საქართველო 100%-ით იმპორტირებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ამ ენერგორესურსს დოლარში ყიდულობს. ამდენად, მოსალოდნელიც იყო, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიები წაგებაზე არ იმუშავებდნენ და ტარიფის გაზრდის საკითხს წამოჭრიდნენ. თბოელექტროსადგურებიც გაზს სოციალურ ფასად, მაგრამ დოლარში ყიდულობენ, ხოლო წარმოებულ ელექტროენერგიას მომხმარებელს ლარში აწვდიან და შესაბამისად, ტარიფის გაზრდის საკითხი მათაც დასვეს. თბოელექტროსადგურების წილად გამომუშავებული ელექტროენერგიის 20% მოდის და თუ ელექტროენერგიის ტარიფს ისინი გაზრდიან, ამ მოცულობით გაიზრდება ელექტროენერგიაზე საერთო შეწონილი ტარიფიც".

მურმან მარგველაშვილი, ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში: "საქართველოში გაზის წლიური მოხმარება 1,9-2 მილიარდი კუბური მეტრია. ქვეყანა გაზს რამდენიმე წყაროსგან იღებს. სამხრეთკავკასიური მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) და ხელშეკრულებით, აქედან საქართველოს ეკუთვნის დაახლოებით 700 მილიონი კუბმ გაზი წელიწადში. ამ მილსადენს საერთაშორისო კონსორციუმი BP მართავს, აზერბაიჯანული გაზი თურქეთში გადის გასაყიდად და იქიდან საქართველოს განსაზღვრული რაოდენობა რჩება ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ოღონდ არა როგორც საჩუქარი, არამედ როგორც იაფად შესაძენი გაზი, დაახლოებით 65 დოლარის ფარგლებში 1000 კუბმ-ზე. მეორე წყარო რუსეთიდან სომხეთში, ჩრდილოეთიდან სამხრეთით გამავალი გაზსადენია. რუსეთი რასაც სომხეთს მიაწვდის, 10% საქართველოს რჩება, როგორც ტრანზიტის საფასური და ეს დაახლოებით 200 მილიონი კუბმ-ია. დევდარაკის მოვლენებს თუ გავიხსენებთ, საკმაოდ ძვირი ჯდება ამ მილსადენის მომსახურება. ბუნებრივი აირის ნაწილს კი საქართველო კომპანია "სოკართან" ხელშეკრულებით ყიდულობს სხვა, შეწონილი ფასით. ამ შემთხვევაშიც ფასი ორია - ერთია ე.წ. სოციალური გაზი, რომელიც მიეწოდება მოსახლეობასა და თბოსადგურებს ელექტროენერგიის გენერაციისთვის. თავისთავად არასწორია, რომ ამ გაზს სოციალური ჰქვია, რადგან სოციალური საკითხები გაზის იაფად მიწოდებით არ და ვერ წყდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ თბოსადგურების მფლობელები არიან, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო კომპანია "რაო ეესი", მეორე კომპანია ბეჟუაშვილებს ეკუთვნით და სხვ. დანარჩენ კომერციულ საწარმოებს კი ე.წ. კომერციული გაზი მიეწოდება.

სოციალური გაზი მიეწოდება დაახლოებით 143 აშშ დოლარად 1000 კუბმ-ზე, ხოლო კომერციული 750 ლარი ღირს.

ამას იმით ამართლებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ უნდათ. ტარიფი მაღალი და დაბალი არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს იმდენი, რაც ღირს. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

როცა გვეუბნებიან, რომ რაღაცას იაფად მოგვცემენ, გამოდის, მანამდე გვაწვდიდნენ რაღაცას ძვირად და უნდა მოვიკითხოთ, სად წავიდა ის ფული.

ან რასთან შედარებით გვაწვდიან იაფად? რაღაცით ხომ უნდა აუნაზღაურონ მომწოდებელს ფასთა სხვაობა? გამოდის, ბიუჯეტის ფულით უნდა დაფარონ, რომელიც ისევ მოსახლეობის ჯიბიდან ივსება. გაზის ფასის დადგენისას გასათვალისწინებელია ასევე დოლარის კურსი და ინფლაციის მაჩვენებელი.

თუ დოლარის კურსი ლარის მიმართ გაიზარდა და ტარიფს ისევ ძველ დონეზე დატოვებ, მაშინ გამოვა, რომ უნდა იზარალონ გამანაწილებელმა კომპანიებმა. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ ის აღარ ჩადებს ინვესტიციას, გააუარესებს მომსახურებას და შესაბამისად, მაინც ზარალში ვართ".

გვესაუბრება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი თავაძე.

- რამდენად არსებობდა გაზის გაძვირების მიზეზი?

- რამდენადაც ცნობილია, ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა საამისო მიზეზი სამწუხაროდ, ნამდვილად არსებობს. ლარის კურსი დოლარის მიმართ შემცირდა 22 თეთრით, 12%-ით, "ყაზტრანსგაზიც" და სხვა მიმწოდებელი კომპანიები კი გაზს დოლარებში ყიდულობენ. რაშიც ადრე 178 ლარს იხდიდნენ, ის ახლა 22 ლარით მეტი ღირს.  საბედნიეროდ, იმპორტირებული გაზის ფასი დოლარებში არ გაზრდილა.

- რა კავშირია  ნავთობისა და გაზის ფასებს შორის?

-  საერთაშორისო ვაჭრობაში გაზის ფასი მიბმულია ნავთობის ფასთან.  არსებობს  გადამყვანი საბაზო კოეფიციენტი, რომლის საშუალებით  ნავთობის ღირებულებიდან მიიღება გაზის საბაზო ფასი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი - გაზს ხშირად პოლიტიკური მოსაზრებებითაც ადებენ ფასს.

- საინტერესოა, ცვლილებები როგორ აისახება შაქრის და პურის ფასზე?

- რა თქმა უნდა, აისახება, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად. ეს დამოკიდებულია იმაზე, პურისა და შაქრის თვითღირებულებაში რამდენი პროცენტი უკავია მოხმარებულ გაზს. ვთქვათ, თუ

პირობითად 1 პურის თვით-ღირებულებაში (60 თეთრი) გაზის წილი 40%-ია (24 თეთრი), მაშინ მატება მოხდება 24 თეთრის 12%-ით (2,88 თეთრით). +ასევე იქნება შაქრის ღირებულებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ფასების ნებისმიერი მატება არასახარბიელო და არასასიამოვნოა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვითარება არცთუ კატასტროფული.

საქართველოში ბუნებრივი გაზი სხვადასხვა გზით შემოდის და  ფასებიც განსხვავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოში შესყიდული გაზი გაცილებით იაფია, ვიდრე რუსეთი ყიდის ევროპაში.

- უსამართლოდ მაღალი ხომ არ არის ტარიფი კომერციული ობიექტებისათვის?

-  უსამართლოდ მაღალი რას ნიშნავს, მოსახლეობასაც იგივე ტარიფი უნდა დაუწესდეს, როგორიც კომერციულ ობიექტებს? გაზის შესასყიდი ფასი სემეკის მიერ არ რეგულირდება. მას ბაზარი ადგენს და გაზი მიმწოდებელ და შემსყიდველ კომპანიებს შორის თავისუფალი  ყიდვა-გაყიდვის საგანია. კომპანიამ თვითონ უნდა აირჩიოს, ვისგან უკეთესი პირობებით შეიძლება გაზის შესყიდვა. მაგრამ არსებობს გაზის საბაზრო ფასებიც, რომელსაც ვერავინ გაექცევა. საქართველოში შემოსული გაზის 55% ე.წ. კომერციული, საბაზრო ფასით შემოდის, რომლებიც ევროპულ ფასებზე მაინც დაბალია.