"შეიძლება 40-50 თეთრი მოუმატო, მაგრამ გააორმაგო?!"
23-02-2015
"შეიძლება 40-50 თეთრი მოუმატო, მაგრამ გააორმაგო?!"
რა გავლენა იქონია ლარის გაუფასურებამ მომხმარებელთა ბიუჯეტზე, ამის გასაგებად "კვირის პალიტრა"  თბილისელებს გაესაუბრა:

ციალა ჯაფარიძე, პენსიონერი:
"ლარის გაუფასურებამ ჩემი ოჯახის ბიუჯეტს  დიდი დარტყმა მიაყენა. სესხი დოლარში გვაქვს აღებული. ამიტომ იძულებული ვართ, დოლარი ვიყიდოთ და კრედიტი გადავიხადოთ. რაც შეეხება პროდუქტების ფასს, ვერ ვიტყვი, რომ აქ კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენს ოჯახს ბანკის სესხმა უფრო გაუძვირა ხარჯები".“   

ვაჟა ტაბატაძე, პენსიონერი: "სესხი არა მაქვს, მაგრამ ბაზარში პროდუქტის ფასმა აიწია და ეს ჩემს ბიუჯეტს უკვე
დაეტყო. ყველაფერი 20-30 თეთრით გაძვირდა. საერთო ჯამში კი ეს თანხა საკმაოდ სოლიდური გამოდის და ოჯახის ბიუჯეტს ურტყამს. მედიკამენტების ფასმაც ძალიან მოიმატა.  წამალი, რომელიც 2 ლარი ღირდა, 4 ლარი გამხდარა. შეიძლება 40-50 თეთრი მოუმატო, მაგრამ გააორმაგო?!"    

მარიამ ბაინდურაშვილი, დიასახლისი: "დოლარის კურსის აწევამ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს დიდი
დარტყმა მიაყენა. სესხი დოლარში მაქვს აღებული, ძვირფასეულობა ლომბარდში დავაგირავე, ისიც დოლარში, და უფრო მეტის გადახდა მიწევს.  პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე აღარაფერს ვამბობ. თუ კურსი არ დასტაბილურდა, არ ვიცი, რა გვეშველება".“

დოდო უბირია, პედაგოგი: "დოლარის კურსის აწევამ ოჯახში ხარჯები გაგვიზარდა. ყველაფრის ფასი გაიზარდა. მართალია, კომუნალური გადასახადი არ გაზრდილა, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთს ემატება და საერთო ჯამში, თვის ბოლოს, ოჯახს დიდი ფინანსური დარტყმა ადგება. აბიტურიენტი შვილი მყავს და რეპეტიტორებთან მომზადების ფასიც გაიზარდა". 

სალომე გოგოხია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით