იაფი საწვავის "ბალიში" იფუშება?!
09-03-2015
იაფი საწვავის  "ბალიში" იფუშება?!
"ამ ეტაპზე მარაგები იწურება და როცა ახალ პარტიებს შემოიტანენ იმპორტით, იძულებული იქნებიან, საცალო ბაზარზე ფასს გადახედონ"

შეიძლება ითქვას, ეს ის შემთხვევაა, როცა რეალობა სტატისტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია. "საქსტატის" მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები მხოლოდ 0,1%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვა - 0,9%-ით, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 1,5%-ით. თუმცა, ის, რაც სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა, გვარიანად დაეტყო ჩვენს ჯიბეს.

მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები რომ გაიზარდა, ამას მარტივად, ყოველგვარი სტატისტიკური გათვლების
გარეშეც ვხვდებით, როცა ბოლო დროს ერთი და იმავე რაოდენობის პროდუქტის შეძენისას ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტის გადახდა გვიწევს. ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ინფლაცია კიდევ გაიზრდება. ასეთ პროგნოზს აკეთებენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის (სსფ) განცხადებით, თებერვალში
ინფლაცია მხოლოდ 1,3% ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ ნავთობის ფასმა იკლო, თუმცა, სამომავლოდ ინფლაციის ზრდას პროგნოზირებენ.
ლარი-დოლარის არსებული გაცვლითი კურსისა და ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატების გამო, საწვავზე ფასების ზრდას არ გამორიცხავენ ნავთობიმპორტიორები. ცნობილია, რომ საწვავის ფასი თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ფასის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, თუ ეროვნული ვალუტის კურსი თუნდაც არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ განვითარდება მოვლენები მხოლოდ საწვავის გაძვირების შემთხვევაშიც. 

ზაალ იაკობიძე, კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი: "ძალიან მალე ნავთობპროდუქტების ფასებიც გაიზრდება, სხვაგვარად შეუძლებელია. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტები უკვე გაძვირდა, ამას დაემატა ისიც, რომ გაუარესდა ლარის კურსი დოლარის მიმართ. ორივე ამ გარემოებამ მკვეთრად გაზარდა საწვავის თვითღირებულება. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების შესყიდვა დოლარში ხდება. შესაბამისად, ლარის კურსის გაუფასურება აუცილებლად აისახება საცალო ბაზარზე. საბითუმო ბაზარზე ფასები უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ლიტრზე დაახლოებით 25-30 თეთრის ფარგლებში ორივე პროდუქტზე, როგორც დიზელზე, ისე ბენზინზე. ახლა ლიტრი დიზელის საბითუმო ფასი 1,50 ლარია, ბენზინისა კი - დაახლოებით 1,55 ლარი. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ პრემიუმკლასის საწვავზე.

ამის შემდეგი ეტაპი ფასის საცალო ბაზარზე გაზრდაა. საწვავი საცალო ქსელში აქამდე რომ არ გაძვირდა, იმის დამსახურებაა, რომ დიდ კომპანიებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ განსაზღვრული ნაშთი და, ჯერჯერობით, აქედან გამომდინარე არ გაზარდეს ფასი. შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ
სამთავრობო წრეების თხოვნა იყო, ნავთობპროდუქტების რეალიზატორებს ამ ვითარებაში ფასები არ გაეზარდათ. მაგრამ ასეთ ფასებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებენ.

შესაძლოა, რამდენიმე დღე თვითღირებულების ფასად გაყიდონ საწვავი, მერე კიდევ რამდენიმე დღე თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, მაგრამ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ამ ეტაპზე კომპანიები მოგების ძალიან დაბალ მარჟებზე მუშაობენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან საცალო, არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურები. ისინი, ძირითადად, დაბალ ფასზე მუშაობდნენ და ამით უწევდნენ კონკურენციას ბრენდირებულს. იმის გამო, რომ მსხვილმა კომპანიებმა საწვავზე ფასები არ გაზარდეს, არაბრენდირებულები ფასით კონკურენციას ვეღარ უწევენ, რადგან მათი ფასი, ფაქტობრივად, გაუტოლდა ბრენდირებულთა ფასს და გაყიდვა ძალიან შეუმცირდათ".
გიორგი კოტრიკაძე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე:
"იანვრის შუა რიცხვებიდან დღემდე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი (საინფორმაციო სააგენტო Plattს-ზე დაყრდნობით) 1 ტონა ბენზინზე გაიზარდა 160 დოლარით, ხოლო 1 ტონა დიზელზე - 110 დოლარით.

მიუხედავად იმისა, რომ ნედლ ნავთობზე ფასი მერყეობს, ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი სწორედ "პლატსის" მიხედვით განისაზღვრება. საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების მიუხედავად, ნავთობ­იმპორტიორმა კომპანიებმა არ გაზარდეს საწვავზე ფასები, არსებული მარაგების ხარჯზე. მოგეხსენებათ, დიდ კომპანიებს, მცირე მოთამაშეებისგან განსხვავებით, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საწვავის დიდი მარაგები შექმნან. მაგრამ ამ ეტაპზე მარაგები იწურება და როცა ახალ პარტიებს შემოიტანენ იმპორტით, იძულებული იქნებიან, საცალო ბაზარზე ფასს გადახედონ. წარმოიდგინეთ, არსებული პარტიები კომპანიებმა მომწოდებლებისგან მაშინ შეიძინეს, როცა 1 დოლარი 1,78 ლარი ღირდა.
მიმდინარე კურსით ნავთობპროდუქტების ახალი პარტიების შეძენისას კი საცალო ქსელში ძველი ფასების შენარჩუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

დღეს საქართველოში დაახლოებით 50 კომპანია ოპერირებს ნავთობპროდუქტების სექტორში. დაახლოებით 800 ავტოგასამართი სადგურიდან ბრენდულთა წილად მოდის 500, დანარჩენი 300-ზე მეტი კი არაბრენდულია. კომპანიებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოაქვთ საწვავი იმპორტით როგორც აზერბაიჯანიდან, ისე ევროპიდან.
ბაზარი აბსოლუტურად გახსნილი და კონკურენტულია, შესაბამისად, ფასების ზრდა მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით, ლარის კურსითა და საერთაშორისო ფასებით იქნება განპირობებული".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით